ელიზბარ ჯაველიძე: ჩვენი ქვეყანა მაშინ გადარჩება, როცა სწავლა ეროვნულ იდეოლოგიაზე იქნება აგებული
გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:
_ ბატონო ელიზბარ, ხელისუფლება განათლების მასშტაბური რეფორმის განხორციელებას იწყებს. გაუთავებელი „რეფორმების“ მერე, ამჯერად რა მოლოდინი გაქვთ?
_ განათლების ამჟამინდელი მინისტრი გივი მიქანაძე კარგი ახალგაზრდა, წესიერი კაცია. მას გაცხადებული აქვს, რომ სკოლამდელი, სკოლის თუ უმაღლესი განათლება, ეროვნულ პრინციპებზე უნდა აიგოს. მისი დევიზია _ გავზარდოთ ქართველი, რომელსაც საქართველო ეყვარება. სწორედ ეს არის მთავარი. განათლების მასშტაბური რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა უფასო სწავლებას უკავშირდება, რასაც დადებითად ვაფასებ. სტუდენტებს სტიპენდიებსაც თუ დაუნიშნავენ, ორმაგად სასიხარულო იქნება. მაგალითად, მე სახელობით სტიპენდიას ვიღებდი, რაც საკმაოდ დიდი თანხა იყო.
ჩემთვის „ქართული ოცნება“ ფასეული, უპირველესად, იმიტომაა, რომ მყარად იცავს ილიას სამ ძირითად პოსტულატს: „ენა, მამული, სარწმუნოება“. თუ ამას ბოლომდე დავიცავთ, საქართველო გადარჩება. დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. მსოფლიოში დაძაბულობაა. ევრობიუროკრატია გვიტევს. ეს ძველი ევროპა კი აღარ არის, არამედ სიბილწის ჭაობია. ჩვენ ევროპისკენ მაშინ მივილტვოდით, როცა ის ქრისტიანულ ფასეულობებს, კულტურას პატივს სცემდა.
_ განათლების რეფორმას დავუბრუნდეთ. ორი დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?
_ რა თქმა უნდა, განათლების მასშტაბური რეფორმა წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სიმართლე გითხრათ, რეფორმის განხორციელების დაწყება ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანებით, მართებულად არ მიმაჩნდა. ვფიქრობ, გაერთიანება, ამ უნივერსიტეტებს, მნიშვნელოვანს არაფერს შესძენდა. თანაც, ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულნი ის ადამიანები, რომელთაც ამ სფეროზე გული შესტკივათ და ესმით, რა არის განათლება და მეცნიერება. არ შეიძლება, განათლება მეცნიერების გარეშე არსებობდეს.
თავის დროზე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის განვითარებას დიდი რესურსები დაახარჯა. ტექნიკურ უნივერსიტეტსაც მრავალწლოვანი ისტორია აქვს. მათი გაერთიანება ურთულესი პროცესი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ პროფესურაც გაერთიანების წინააღმდეგი იყო. თითოეულ საკითხს ღრმად შესწავლა და კარგად დაფიქრება სჭირდება. ამიტომ, მივესალმები პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ეს ორი უდიდესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. დიდი მადლობა მას ამ პრობლემის გულთან ახლოს მიტანისთვის და მართებული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მისი თქმით, მთავარი მიზანია, ჯავახიშვილის და ტექნიკურმა უნივერსიტეტებმა ისეთი მომზადებული, სათანადო ცოდნამიღებული, ღირსეული, თაობები გამოზარდონ, რომლებიც ნებისმიერ დასავლურ პრესტიჟულ უნივერსიტეტებს, კონკურენციას თამამად გაუწევენ, რასაც სავსებით მივესალმები.
_ როგორ ფიქრობთ, თავდაპირველად, გაერთიანების საკითხი იმიტომ ხომ არ წამოიჭრა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოლოგიის, არქიტექტურის, საინჟინრო და სხვა ფაკულტეტები ჰუმანიტარული საგნების სწავლებამ ჩაანაცვლა?
_ დიახ, ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული დარგები არ უნდა ისწავლებოდეს და ძირითადი დრო სტუდენტებისთვის ტექნიკური საგნების შესწავლას უნდა ეთმობოდეს. დიახ, „გეპეი“-მ პროფესიონალი გეოლოგები, ინჟინრები, მშენებლები, მეტალურგები უნდა გამოზარდოს.
მახსენდება პერიოდი, როცა სააკაშვილი, რომელიც განათლების პირველი მტერი იყო, მეცნიერების მოსპობაზე ფიქრობდა და მაშინ დიდმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა გადაგვარჩინა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, ლომაიას „რეფორმის“ წყალობით, ერთდროულად 1500 ღირსეული მეცნიერი გააგდეს. თუმცა, როცა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული დარგები _ ისტორიის, ფილოლოგიის კათედრები შეიქმნა, მაშინდელ მთავრობას ხმა არ გაუღია. კი ბატონო, ჰუმანიტარული დარგები ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ამის გამო უნივერსიტეტის გაუქმება სწორი არ იქნებოდა. პრემიერმა ბრიფინგზე აბსოლუტურად მართებულად აღნიშნა, რომ ამიერიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ იმ დისციპლინების სწავლება მოხდება, რაც 1990 წლებამდე იყო. ანუ უნივერსიტეტი თავის პირვანდელ ფუნქციას დაუბრუნდება. ასევე, მომდევნო წლიდან, არატექნიკურ მიმართულებებზე, მიღება აღარ გამოცხადდება, რაც სავსებით სწორი გადაწყვეტილებაა.
ჩემი პოზიცია მარტივია: მე, როგორც განათლების ყოფილ მინისტრს მიმაჩნია, რომ სწორი, ეროვნული განათლების სისტემის დანერგვით, საქართველოს გადარჩენას შევძლებთ. დიახ, ჩვენ ქვეყნის გადარჩენას მაშინ შევძლებთ, როცა სწავლება, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული, ხაზგასმით ეროვნულ იდეოლოგიაზე იქნება აგებული. აი, ეს არის უმთავრესი. ბოლო წლებში განათლების სისტემაში ბევრი პრობლემა დაგროვდა. სჯობს, „ილიაუნს“ მივხედოთ, რომელიც სიბილწის ჭაობი, სოროსის ბუდეა. მის რექტორად გასულ წელს ნინო დობორჯგინიძე დაინიშნა, რომელიც აზროვნებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. როგორც კი რექტორად დაინიშნა, იმავე დღეს გავარდა და რუსთაველის გამზირზე მიტინგს შეუერთდა. პირველ რიგში, სწორედ ეს სოროსის ბუდეა მოსაშლელი. ასევე, ალასანიას უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას უვითარებს, ლექციების ნაცვლად ახალგაზრდებს ტრენინგები უტარდებათ, თუ როგორ უნდა დაამხონ ძალადობრივი მეთოდებით საკუთარი სამშობლო! დღეს რუსთაველის გამზირზე ვინც დგას, ლექტორებიან, ნჯო-ებიან, სტუდენტებიანად, უმეტესობა საქართველოს მტერია. მათ „მიხუინებს“ ვეძახი. სწორედ მიხო და არა მიშა, იყო და არის საქართველოს დაუძინებელი მტერი. უნივერსიტეტში დღემდე შემორჩა სამასამდე მიშას მიმდევარი ლექტორი, რომელიც ყოველდღე მიტინგებზე დადის და საოცარ „სიბრძნეებს“ აფრქვევს. ვინ დამაჯერებს, იქ იმისთვის დგანან, რომ სამშობლოს სიყვარულით იწვიან და მისი გადარჩენა უნდათ?! ვაი, მაგათ პატრონს! გამიხარდა, რომ პრემიერმა უნივერსიტეტების გაერთიანების თემასთან დაკავშირებით სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თორემ ისეთი დაძაბული ფონი იყო, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე უარყოფით აზრს თუ დააფიქსირებდი, ამით ჩვენი მტერი რადიკალები ბოროტად სარგებლობდნენ. ამიტომ, ბევრი ადამიანი აზრის დაფიქსირებას ერიდებოდა. უნივერსიტეტების გაერთიანების თემის წამოწევით წყალს ოპოზიციის _ ამ ნაძირლების წისქვილზე ვასხამდით და მას კრიტიკის საბაბს ვაძლევდით. საბედნიეროდ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ მე არასდროს ვიქნები მათი მომხრე, ვისაც საქართველო სძულს და ვინც სამშობლოს, დედას, მამას, სინდისს, ნამუსს, მორალს ორ კაპიკად ჰყიდის. ახალგაზრდა გოგონები ისეთი სიტყვებით იგინებიან, რასაც სოლოლაკელი „შოფრებიც“ არ კადრულობენ. როგორ შეიძლება, პატივი ვცე მათ, ვისაც თავისი უცოდინრობით, უწიგნურობით თავი მოაქვს.
_ ზემოთ ახსენეთ, ტექნიკურ საგნებში უზარმაზარი ჩამორჩენა გვაქვსო.
_ დიახ, ასეა, ტექნიკურ საგნებში დიდი დეფიციტი გვაქვს. მეტალურგია და სხვა მნიშვნელოვანი დარგები გაქრობის პირასაა. ადრე გეპეი არაჩვეულებრივ ინჟინრებს, არქიტექტორებს ზრდიდა. ხელისუფლებას ვთავაზობ, ის დარგები, რაც გეპეი-ში მივიწყებულია, წინ წამოვწიოთ და უფრო გავაძლიეროთ. აი, ამას ორივე ხელით მხარს დავუჭერ. დღეს პროფესიონალი გეოლოგების, ინჟინრების, მეტალურგების დეფიციტია, ფაქტობრივად, პროფესიონალი ტექნიკური მუშაკები აღარ გვყავს. აი, სწორედ ამ დარგების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ მიმართულებით მეტი ვიფიქროთ.
_ ხელისუფლებამ ახლახან ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა.
_ მივესალმები სკოლებში ფორმების შემოღებას. ჩემს დროსაც იყო ფორმები არამარტო მეშვიდე კლასამდე, არამედ სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში. ასე ბავშვების სოციალურ მდგომარეობაზე ხაზგასმა აღარ მოხდება. ზოგი მათგანი ღარიბია, ზოგიც მდიდარი და ახალგაზრდებში ეს განსხვავება მძაფრად აღიქმება. როცა ყველა ფორმას ჩაიცმევს, ეს პრობლემა გადაიჭრება. ზემოთაც ვახსენე და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ხელისუფლების მართებულ გადაწყვეტილებაზე, უფასო სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სწავლა საბავშვო ბაღიდან დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული, ყველგან უფასო უნდა იყოს. დღეს ხშირად ვსაუბრობთ სპორტულ მიღწევებზე, ვამაყობთ აშენებული ახალი სპორტული მოედნებით, რაც ძალიან კარგია. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანი სხეულისა და სულისგან შედგება. როცა სხეული და სული ჰარმონიაშია, ადამიანი ძლიერია. საკმარისია, სული გავაქროთ და სხეული მაშინვე მძორად იქცევა. ამიტომ ჩვენ სული უნდა განვავითაროთ. რა აჯანსაღებს სულს? _ განათლება, ხელოვნება, მუსიკა. ჩვენ უნდა ვიამაყოთ შოთა რუთაველით, დავით გურამიშვილით, თანამედროვე მწერლებით. დღეს გამოდის ვიღაც მომღერალი და ამბობს: ტექსტიც მე დავწერე და სიმღერაცო. სიმღერის ტექსტი პოეტმა უნდა დაგიწეროს და მუსიკა _ კომპოზიტორმა, რათა სიმღერა პროფესიონალურად შეასრულო. საქმისადმი არაპროფესიონალური მიდგომა ძალიან გახშირდა.
ბოლოს ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ქუთაისის უნივერსიტეტი თავისი დანიშნულებით უდიდესია და მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. მაგრამ იქ სწავლება მხოლოდ ინგლისურ ენაზე ხდება. ეს ქართულ ცნობიერებას ანადგურებს. დავიმახსოვროთ, რომ, სანამ ქართული ენა იარსებებს, საქართველოც იარსებებს. სანამ სამშობლოსადმი სიყვარული გვექნება, საქართველოც იარსებებს. სანამ შენს ქვეყანას პატივს სცემ, საქართველო იარსებებს. თუ ენის სიყვარული დაიკარგა, სამშობლოც დაიკარგება. ახლა რომ ვაკვირდები, მავანი ოჯახს, დედ-მამასაც აღარ სცემს პატივს. უღირსობამ დაისადგურა. ღირსების ორდენებით ჯილდოვდებიან, მაგრამ მათში უღირსი ადამიანი მეტია, ვიდრე ღირსებით მოსილი. ქართველმა კაცმა ღირსება არ უნდა დაკარგოს. ღირსება ნიშნავს, რომ სამშობლოს წინაშე პირნათელი ხარ.
ესაუბრა
თამარ შველიძე

