თამარ ჩიბურდანიძე: მიგრაცია ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს დარტყმას
გვესაუბრება პარტია
„ხალხის ძალის“ წევრი,
პროფესორი
თამარ ჩიბურდანიძე:
_ ქალბატონო თამარ, რას ფიქრობთ პრემიერისგადაწყვეტილებაზე ქვეყნის არალეგალი მიგრანტებისგან სრულად გაათავისუფლების შესახებ.
_ მივესალმები პრემიერის ინიციატივას. მიგრაცია ნამდვილად დიდი პრობლემაა, რადგან ის პირდაპირ ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს დარტყმას. საქართველოში შემომსვლელ უცხო ეთნოსს _ იმიგრანტებს რაც შეეხებათ, მათი შემოსვლა ვერ კონტროლდება (საერთაშორისო კავშრებიდან გამომდინარე, საქართველო საზღვრებს ვერ ჩაკეტავს), რადგან საზღვრები აღარ არის იმ დონეზე ჩაკეტილი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. თუმცა, სახელმწიფომ ქვეყნის შიგნით უნდა აამუშაოს ძლიერი მექანიზმი, რათა საქართველო არალეგალი იმიგრანტებისგან დაიცვას. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას. სამწუხაროდ, ქართველი ერი, სომხებისგან და აზერბაიჯანელებისგან განსხვავებით, ადვილად ასიმილირდება, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს. დიახ, სხვა ოჯახებთან შეჯვარება ხდება და ამასობაში ქართული გენიც იკარგება. თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, შეიძლება ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ეთნოსთან მიმართებით, გენოფონდი სერიოზული პრობლემების წინაშე დგება.
იმიგრანტების შემოსვლის პარალელურად, მოსახლეობა საქართველოდან ემიგრაციაში მიდის. თუმცა, ემიგრანტები აშშ-ში საფრანგეთიდან მიედინებიან და საქართველოდანაც რომ წავიდნენ, რა გასაკვირია. ჩვენი მიზანი თანამოქალაქეებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა იყოს, რათა საკუთარი ოჯახებისთვის სოციალური პირობების შექმნა ადგილზე შეძლონ. ანუ ის, რის გამოც სამშობლოს ტოვებენ. ქვეყანაში შემოსული თუნდაც არაბული ინვესტიცია, ჩინეთთან ურთიერთობა, აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამყარება, იმის საწინდარი იქნება, რომ სოციალური პრობლემების გამო ხალხს ქვეყნიდან მასობრივად გასვლა აღარ მოუწევს, საქართველო საკუთარ მოსახლეობას შეინარჩუნებს და, შედეგად, ერიც გამრავლდება.
ქვეყანაში სულ 3,7 მილიონი მოქალაქეა, ამიტომ ჩვენი შთანთქმა ნებისმიერი ეთნოსისგან, ძალიან მარტივია. რისკები საკმაოდ ბევრია. საქართველო ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი სახელმწიფოა. მიგრანტები, ძირითადად, განვითარებულ სახელმწიფოებში მიდიან, რომელსაც მეტი შემოსავალი, წინსვლა აქვს. აქაც იგივე მიზეზით შემოდიან და სახელმწიფო რაც მეტად განვითარდება, ეკონომიკა გაძლიერდება, მშვიდობის, უსაფრთხოების კუთხით დაცული იქნება, აქ შემოსვლას მით მეტი მიგრანტი დააპირებს. ისინი უსაფრთხო ქვეყანას ეძებენ, სადაც შემოსავალი და უსაფრთხო ცხოვრებაა.
ჩვენ სახელმწიფო კანონების გამკაცრებით უნდა დავიცვათ. მაგალითად, უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ. სამაგიეროდ, ამ კუთხით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის, კანონმდებლობა უნდა შევამსუბუქოთ. უცხოეთში დაბადებული ქართველები ჩვენი რესურსი, გენოფონდის ნაწილია, რადგან ერთი საქართველო, ფაქტობრივად, საზღვრებს მიღმა გვაქვს. ამიტომ, არ შეიძლება, საქართველოს მომავალი მათთან ერთად არ მოვიაზროთ.
_ პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
_ არალეგალური შრომითი მიგრაცია _ სამუშაოს მაძიებლებისთვის ქვეყანაში შემოსვლა უნდა გამკაცრდეს. ჩვენი ბაზარი ქვეყნის შიგნით უნდა გავაკონტროლოთ. როცა გარე მიგრანტების შემოსვლას გავაკონტროლებთ, მინიმუმამდე დავიყვანთ, ისინი საქართველოში ბაზარს ვეღარ გააიაფებენ.
აქვე საინტერესოა ერთი გარემოებაც. გარდა იმისა, რომ არალეგალი მიგრანტები შრომის ბაზარს აიაფებენ, ეთნოკულტურის მხრივ პრობლემებს გვიქმნიან. ასევე, მათი შემოსვლით, ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია უარესდება. ისინი მესამე კატეგორიის ქვეყნებიდან შემოდიან, ამიტომ, ბუნებრივია, კრიმინალი იზრდება, რასთან ბრძოლაც სახელმწიფოს ძვირი უჯდება. არადა, საქართველო კრიმინალთან ბრძოლის კუთხით, მოწინავე ადგილზეა. ევროპაში სადაც კი ჩავედი, ყველგან გამაფრთხილეს, ათი საათის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით ქუჩაში გასვლისგან თავი შემეკავებინა. ეს ეხება საფრანგეთს, საბერძნეთს და სხვას. იქ დღისითაც კი სიფრთხილეა საჭირო. საქართველოში მსგავსი საფრთხე არ არსებობს, აქ კრიმინალი მინიმუმზეა, რაც სახელმწიფოს ავტორიტეტზე მიუთითებს. დიახ, ახლახან ათენში რომ ვიყავი, გამაფრთხილეს, ქალაქის ცენტრში ტელეფონით დღისითაც კი არ მესაუბრა.
საქართველო რიგ ევროპულ სახელმწიფოებს ბევრი კრიტერიუმით უსწრებს. პირველ რიგში, უსაფრთხოების კუთხით. აქ ცხოვრების დონეც მაღალია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, იმ ევროპული სახელმწიფოების რიგებში არ აღმოვჩნდეთ, რომელთაც მიგრანტების უზარმაზარი ტალღა მიაწყდათ, რამაც მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
საქართველოში, წლების წინათ, დემოგრაფიულთან ერთად, მიგრაციულ პოლიტიკაზეც დავიწყეთ მუშაობა. სააკაშვილის დროს ეს პოლიტიკა ძალიან ლიბერალური იყო. მან პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, რამდენიმე ათას უცხოელ შრომით მიგრანტს მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ეს ხალხი აქ დემოგრაფიულად მრავლდება, ჩვენ კი, ამ კუთხით, უკუსვლა გვაქვს და ვითარება თუ არ გამოსწორდა, რამდენიმე წელში პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ ეს ეროვნული სახელმწიფოებრივი თემაა. ჩვენი ეროვნული ხელისუფლება ამ პრობლემის დასაძლევად ყველა ღონეს ხმარობს. რადგან თავის დროზე, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე კი არა, ახლაც სხვის ინტერესებზე მუშაობენ, მტრობა, ღალატი ჩაიდინეს. ამით მიშამ საფრთხე შექმნა _ საქართველოში უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ამომრჩეველი მოგვემატება. შედეგად, პრობლემები შეგვექმნება იმ კუთხით, რომ ქვეყნის მომავალი თავად ავირჩიოთ. მიგრაციული პოლიტიკა უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკას წყვეტს. ყველა მიმართულება ფრთხილად უნდა გავამკაცროთ. საქართველო, რომელიც ეკონომიკურად, პოლიტიკურად წინ მიიწევს, უნდა დავიცვათ, რათა ის ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს და არა უცხოტომელებისთვის.
_ აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2017 წელს ხელისუფლებამ კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა და უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება აკრძალა.
_ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. სამწუხაროდ, მიწების გასხვისება ისევ უპასუხისმგებლო ქართველების მხრიდან გრძელდებოდა. თუმცა სისხლის სამართლის კანონი ამოქმედდა და მოქალაქეები პასუხისგებაში მიეცნენ. ქართველი ქალები მეუღლეებთან შეთანხმებით ირანელებთან ხელს აწერდნენ, მერე მიწებს ყიდულობდნენ, ხუთი წლის შემდეგ, თითქოს, ერთმანეთს ეყრებოდნენ და ქონებას იყოფდნენ. ასე, ირიბი გზით ქართული მიწების გასხვისება ხდებოდა. უცხოელები ასეთ „მეუღლეებს“ ამ საქმეში 35 ათას დოლარს უხდიდნენ. დღეს უცხოელებთან ქორწინების საკითხს სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. ეს მეტადაც უნდა გამკაცრდეს _ როცა მოქალაქე სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს, იგი სამშობლოს ყიდის.
_ დასაწყისში უცხოეთში ქართველების გადინება ახსენეთ. მათ უკან დასაბრუნებლად რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს?
_ რაც უნდა ძლიერი რეინტეგრაციის პროგრამა შევიმუშაოთ, ქართველებს მასიურად ასე მარტივად ვერ დავიბრუნებთ. ამ მიმართულებით გამოსავალი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რათა ხალხის დასაქმება ადგილზე მოხდეს. და მეორე, ეს არის განათლების ხარისხის ამაღლება. ახალგაზრდების დიდი ტალღა საქართველოდან უცხოეთში განათლების მისაღებად გადის და იქვე რჩება, შესაძლოა, უკან მხოლოდ, 10% დაბრუნდეს. ჩვენ გონებრივ რესურსს, ადამიანურ კაპიტალს ვკარგავთ. ამ რესურსის აქ დასატოვებლად, სწორედ განათლების ის რეფორმა _ ძირფესვიანი რეორგანიზაციაა საჭირო, რისი განხორციელებაც დღეს სახელმწიფომ დაიწყო. როცა ქვეყანაში 3,7 მილიონი მაცხოვრებელი ვართ, 62 უმაღლესი სასწავლებელი საჭირო არ არის. ლიეტუვაში, სადაც 3,6 მილიონი მოსახლეა, 24 უმაღლესი სასწავლებელია. ფინეთში კი რომელიც ასევე ევროკავშირის წევრია, ხუთ მილიონამდე მოქალაქე და 37 უმაღლესია. მე ხარისხიანი უმაღლესი განათლების მომხრე ვარ. ჩვენთან თუ ხარისხიანი უმაღლესი განათლება იქნება, ახალგაზრდა სხვაგან განათლების მისაღებად აღარ წავა. მიგრაციას მხოლოდ ასე თუ შევაჩერებთ.
ესაუბრა
თამარ შველიძე

