ზამურ ჭითანავა: ჩემი ძირითადი გზავნილი ბოლნისის განვითარებაა

ზამურ ჭითანავა: ჩემი ძირითადი გზავნილი ბოლნისის განვითარებაა

გვესაუბრება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  ბოლინისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა

- რა არის ის ძირითადი გზავნილი, რის გამოც ბოლნისმა უნდა აგირჩიოთ? 
- ჩემი ძირითადი გზავნილია ბოლნისის განვითარება ხალხთან ერთად. მჯერა, რომ თითოეული გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კეთილმოწყობილი, ეკონომიკურად ძლიერი და სოციალური თვალსაზრისით დაცული მუნიციპალიტეტი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ პერსპექტივა, ხოლო ხანდაზმულებს - ღირსეული გარემო.
- ყველაზე მეტად რა აწუხებს რაიონს და რა პრობლემის გადაჭრას აპირებთ? 
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, გამოწვევები ჯერ ისევ გვაქვს რიგ დასახლებებში. ბოლნისის მოსახლეობის აწუხებს დასაქმების, ინფრასტრუქტურისა და გზების მდგომარეობა, სასმელი წყალი და სოციალური მხარდაჭერის საკითხები. პირველ რიგში, ვიმუშავებთ ამ გამოწვევების გადაჭრაზე - ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, სარწყავი და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით და სოციალური პროგრამების გაფართოებით.
- თქვენი გეგმები რით არის განსხვავებული სხვა პრეტენდენტების გეგმებისგან?
- ჩემი ხედვა მოსახლეობასთან პირდაპირ კავშირს ეფუძნება. ყოველ სოფელში, ყოველ უბანში ვისმენთ ადამიანების რეალურ საჭიროებებს და გეგმებს ვქმნით კონკრეტული პრობლემების გადაჭრისთვის, არა ზოგადი დაპირებებით. ჩვენი სტრატეგია არის შედეგზე ორიენტირებული - დავიწყოთ საქმეები, რომლებიც ხვალ და ზეგ უკვე აისახება ადამიანების ცხოვრებაში. ბოლნისი გამორჩეულია თავისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ჩვენ უნდა შევეცადოთ, ეს მრავალფეროვნება უფრო მეტად წარმოვაჩინოთ და დავიცვათ. განვაახლოთ ცენტრალური პარკი და რეკრეაციული ზონები. შევქმნათ თანამედროვე, კომფორტული და სიცოცხლით სავსე სივრცეები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. 
-„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში თქვენს რაიონში რა საკითხს/გამოწვევას გამოარჩევთ, რომელიც უკვე გადაწყდა?
- ბოლო წლების განმავლობაში ბოლნისში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი - სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, გზების მშენებლობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ის შედეგებია, რომლებიც აშკარად ცვლის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და ქმნის საფუძველს, რომ მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური ნაბიჯები გადავდგათ.
ესაუბრა
ლევან ჭიღლაძე