ნეიტრალიტეტი - „რა ჩემი საქმეა, თვითონ მორიგდებიან...“

ნეიტრალიტეტი - „რა ჩემი საქმეა, თვითონ მორიგდებიან...“

საერთო გაზეთის“ რომელიღაც ნომერში ვწერდი, რატომ მოიკითხა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე ტრამპმა გამორჩეულად ფინეთის ლიდერი, მოგვიანებით ვიტყვი-მეთქი და „საერთო გაზეთის“ წინა ნომერში ვთქვი; ახლა, გამოდის, რომ მესამედ უნდა ვთქვა ფინეთზე, ოღონდ სხვა რაკურსით, ანუ იქამდე უნდა ვიმეორო, სანამ ჩვენს ხელისუფლებამდე და არა მხოლოდ მასთან, არ მივიტან?
რა საჭიროა?
გასულ კვირას თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდორანის ნეიტრალურ პოზიციაზე მიმდინარე გლობალურ კონფლიქტებთან დაკავშირებით და დასძინა, ამ ეტაპზე თურქეთი ძალიან ნეიტრალურია _ მეც მომწონს ნეიტრალურობა და მასაცო.
პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, დიპლომატიისგან კი ისეა დაშორებული ტრამპი, როგორც ცა დედამიწისგან. ასე რომ, თავისებურად არ უთვალთმაქცია, მას ნამდვილად მოსწონს ნეიტრალური მდგომარეობა, საყველპურო ენაზე რომ ვთქვათ, „რა ჩემი საქმეა, თვითონ მორიგდებიან“ პოლიტიკა.
ერდოღანთან გამართულ ერთობლივ კონფერენციამდე ტრამპმა ესეც დაწერა წინა კვირას საკუთარ სოციალურ ქსელში, _ ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას წარმატებას ვუსურვებო. ჩვენ განვაგრძობთ იარაღის მიწოდებას ნატო-სთვის, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონო. წარმატებები ყველასო, ანუ სხვა მხრივ პირდაპირ გამოხატა აშშ-ის პოზიცია, მე თქვენი ომის (რუსეთ-უკრაინის, რეალურად, რუსეთ-ნატო-ს) საქმეში ხელი დამიბანია, ვაჭრობას რაც შეეხება, კი ბატონო, იარაღს მივყიდი მისი შეძენის მსურველ ნატო-სო. 
ტრამპს, შესაძლოა, იმპერიული სიხარბის გამო პანამის არხიც უნდოდეს, კანადაც, გრენლანდიაც, მსოფლიო ნავთობიცა და თვით მსოფლიოც, მაგრამ აშკარაა, რომ ომი არ ხიბლავს, ომის მოყვარე არ არის. რამდენჯერაც დავხედავ ტრამპის ახალგაზრდობის ფოტოებს, ისეთი ფიზიონომია შემომცქერის, მჯერა, რომ ნამდვილად ასეთია, მით უმეტეს, მისი ბიოგრაფიიდან მის ახალგაზრდულ ვნებებსაც თუ დავურთავ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ტრამპი განზე კი არ დგება, არამედ, დაბალანსებული პოლიტიკის გატარებისკენ აქვს აღებული გეზი _ თუ პირადად მას და მის აშშ-ს არ დაემუქრება სერიოზული საფრთხე, ყველასთან იმეგობრებს და ყველას გაუწევს პარტნიორობას.
ნატო-ში, აშშ-ის შემდეგ, თურქეთი უმსხვილესი სამხედრო ძალაა, რომელიც აშშ-მა შეუქმნა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ მის სამხრეთ საზღვრებთან და დღეს ის თურქეთია პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიოში, პირადად მე კარგად რომ მახსოვს, რა ჩამოძონძილი გლახაკიც იყო, მთელი საქართველო თურქეთში რომ ეზიდებოდა სპილენძის ქვაბ-ტაფას და ჩრჩილნაჭამ ხალიჩებს... 
ამ ორი ქვეყნის, აშშ-ისა და თურქეთის, ერთმანეთის გვერდიგვერდ მჯდომმა პრეზიდენტებმა, ნატო-ს წამყვანმა ძლიერი სამხედრო ძალის მქონე პირებმა გარკვევით დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ხაზი გაუსვეს ნეიტრალურ ხედვას. ვფიქრობ, ეს ერთობლივი პრესკონფერენცია სწორედ იმის გამო დაიგეგმა და შედგა, რომ ოფიციალურად გაცხადებულიყო ძლიერი სამხედრო ძალის მქონე ამ ორი ქვეყნის დამოკიდებულება მსოფლიოში შექმნილი დაძაბულობის ფონზე მისი განმუხტვის მიზნით.
სხვათა შორის, ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებამ შეცვალა აშშ-თურქეთის ერთმანეთთან დამოკიდებულება, თორემ რანაირად არყევდა თურქეთს შიგნიდან აშშ და არა მხოლოდ ის, სრულიად კრებსითი დასავლეთი, აგერ ახლახან ვხედავდით და იმასაც ვხედავდით, როგორც ახეთქებდა ერთმანეთს ამ ქვეყნების ელჩებს ერდოღანი _ პერსონა ნონ გრატას „დოკუმენტი“ ჰქონდა ცხრა ქვეყნის ელჩს არტყმული შუბლზე... 
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური მეხსიერების გამო შეუცნობელი აუტანლობა მაქვს ისტორიული მტრისა, ფაქტებს ვერ გავექცევი _ ერდოღანს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ქურთებთან სამარადისო პრობლემა აქვს და წაიკინკლავებს ხოლმე მათთან როგორც თურქეთის შიგნით, ისე გარეთაც, ზოგადად, სამეზობლოში, წლებია, შეძლებისდაგვარად დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს. 
სწორედ ასეთი ხედვის გამო იყო, ვგულისხმობ ნეიტრალიტეტს, რომ ფინეთის ლიდერის მოკითხვით ტრამპმა მინიშნება მისცა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც პრობლემა „ომი თუ მშვიდობის“ წინაშე დგას.
ურყევი გასათვალისწინებელი თეზაა: თუ დარწმუნებული არ ხარ საკუთარ ძალებში, სხვის იმედად ფართე ლოგინი არ უნდა დაიგო ფანტაზიებში და შენზე ბევრად ძლიერს არ უნდა აუხირდე _ ტვინი თუ არ გყოფნის, ინსტინქტმა მაინც უნდა გიკარნახოს, თუ მთლად ფუტურო არ ხარ. 
ეს რომ არ გაითვალისწინა ფინეთმა და საბჭოთა კავშირის მიერ წართმეული მიწების დასაბრუნებლად ფაშისტურ გერმანიას შეუერთდა საბჭოთა კავშიის წინააღმდეგ ომში, იმიტომაც მოუწია შემდეგ, 1944 წლის სექტემბერში, როცა გერმანია უკვე გამოკვეთილი მარცხის პირზე იდგა, მოსკოვში, საბჭოთა კავშირთან ზავზე ხელის მოწერამ, უფრო ვრცელი ტერიტორიების დათმობამაც და კიდევ ბევრი რამის ვალდებულებამაც.
აბა, ჰკითხონ იმ ასაკოვან ფინელებს აზრი, ვინც საბჭოთა კავშირის დროს შეესწრო: ფინეთი რომელ მოცემულობაში ურჩევნიათ, რომ იყოს, რომელშიც ახლა არიან, თუ რომელშიც საბჭოთა კავშირის დროს იყვნენ?
რომ ვიცი პასუხი, ამიტომ ავეკიდეთ ერთმანეთს მე და ტრამპი ამ საკითხშიც...
ომის შემდეგ ფინეთმა მიიღო განსაკუთრებული სტატუსი. ფინეთი დამოუკიდებელი დარჩა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში იძულებული იყო, საბჭოთა კავშირის ინტერესები გაეთვალისწინებინა. ფინეთი არც საბჭოთა ბლოკში და არც ნატო-ში არ გაწევრიანდა _ დასავლეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ინარჩუნებდა, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში სსრკ-ს არ ეწინააღმდეგებოდა. ასე გაატარა ფინეთმა 80 წელი ფაქტობრივ ნეიტრალიტეტში, სანამ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა.
ტრამპმა ამაზე მიანიშნა აბეზარ სტუმრებს მაშინ; ნეიტრალიტეტს გაუსვა ხაზი ახლა, ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მაგრამ მათ, ვინც უნდა გაიგოს, რას ამბობს პწკარებსშუა ეს კაცი, ნეტავ, გაიგეს რამე?
როგორც ყველაფერ ფასეულს დაუგდეს ფასი, ისე დაუგდეს ნეიტრალიტეტსაც, თორემ იდეალური იქნებოდა კლასიკური ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის, რომელიც გეოგრაფიულად სწორედ რომ სხვადასხვა ცივილიზაციების დამაკავშირებელ გზაშესაყარზეა, მაგრამ საქართველოს „თავებს“ რომ რატომღაც არ უნდათ ნეიტრალიტეტი და მუდამ სადღაც შეძვრომაზე არიან გაფაციცებულები, რა ვქნათ? 
ნეიტრალიტეტი _ „არც ერთი, არც მეორე“!
საერთაშორისო სამართალში _ ომში მონაწილეობა გამორიცხულია, მშვიდობიან პერიოდში კი საომარ ბლოკებში გაერთიანებაზე უარს ამბობს.
ნეიტრალიტეტის სტაჟიანი ქვეყნები შვეიცარია (1815 წლიდან) და სან-მარინო (1862 წლიდან) არიან. შვეიცარიის ფართობი 41,285 კვ.კმ-ია, სან-მარინოსი _ 61, 2 კვ.კმ, საქართველოსი კი _ 69, 700 კვ.კმ. 
რატომ აქვს ამ ჩვენს ხალხს არასრულფასოვნების კომპლექსი ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ ევროპა, ევროპელი და ყველაფერი ევროპული საქართველოსა და ქართველზე აღმატებულია, ვერ ვხვდები;
ვინ ჩაუდო ტვინის ადგილზე უტვინობა, რა სახის გენეტიკური დაავადებაა საკუთარის დამცირებისა და დაკნინების ფორმით გამოხატული ავადობა, ვერ ამიხსნია ვერაფრით, გარდა ერთისა _ არაქართული გენი ვისშიც ჭარბობს ქართულს, ქვეცნობიერის მეხსიერების ქართულისგან განდგომილობით, ის არის არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი და ქართულის დამაკნინებელი!
ყველაფერი გვაქვს, რაც ნეიტრალიტეტისთვის არის საჭირო, სურვილისა და ნების გარდა... არ შეგვეძლო, ნეიტრალური ქვეყანა ვყოფილიყავით და ამდენი სისხლი არ გვენთხია?
არ მახსოვს, რომელი წელი იყო, რუსეთმა თქვა ორიოდე სიტყვა ჩვენს ნეიტრალიტეტზე _ მხარს დავუჭერო. ატყდა გნიასი, რას ჰქვია ნეიტრალიტეტი, გადაგვყლაპავენ დანარჩენი მეზობლები, გავქრებით საერთოდო _ მსგავსი სიბრიყვე, დედას ვფიცავარ, არც მანამდე გამეგო და არც მას შემდეგ გამიგია. 
მაშინ ვერ მივხვდი, რატომ ჩაკლეს საფუძველშივე ნეიტრალიტეტის იდეა, მაგრამ მერე ცხადი გახდა – რა ნეიტრალიტეტი, ზოგს საბურთაოდ უნდა საქართველოს ტერიტორია, ზოგს სულაც ბურთად, ვიღაცებს თავისთვის და ამდენი მსურველის ამდენი მსტოვარი ერთად რომ აყვირდებოდა ერთ ხმაში, „რა ნეიტრალიტიო“, რაღა თქმა უნდა, ჩაკვდებოდა ნეიტრალიტეტის იდეა ადგილზევე...
„პატარა საქართველო“ რომ გაუდის ამაყად საქართველოს ყველა ხელისუფალს, „უთავო პატარა საქართველო“ მაინც თქვან დარცხვენილებმა...
რა ნეიტრალიტეტი! _ გეკითხებით, რა გვიწერია კონსტიტუციაში, სად გვინდა თავით შეძვრომაო?
მთლად სამარცხვინო კი ის არის, რომ შენ კი უძვრები, მაგრამ არ გიძვრენენ, ხელს და წიხლს ერთნაირად გირტყამენ, მომშორდიო და მაინც უძვრები...
პირადად მე, ისე რომ არ შემომხედოს ადამიანმა, როგორც მე მისგან მოველი, შემდგომი შეხვედრისას გამარჯობას არ ვეტყვი...
მოკლედ, არ ვიცი! _ თუ საქართველოს ხელისუფლებას გრძელვადიანი ეროვნული ინტერესი აქვს საკუთარი სამშობლოს საკეთილდღეოდ, რამენაირ ნეიტრალიტეტზე კი არ უნდა იფიქროს მორიგი 13 წელი, „ფინური თუ კლასიკურიო“, არამედ ცამეტ წამში უნდა გამოუტყდეს უპირველესად საკუთარ თავს, რეალურად რა უნდა, მისი „სწორება საქართველოზე!“ თვალის ასახვევად დაწყებული თამაშის ნაწილია თუ შინაგანი ხმა...

მაია ჭელიძე