მგლის თავზე სახარების კითხვა
ქართველებს ქრისტიანული იდეოლოგია თითქმის ოცი საუკუნის წინათ აქვთ შესისხლხორცებული და სახარების კითხვა ან მისი შინაარსის მოსმენა, ასევე ოცი საუკუნის განმავლობაში მათი ყოველდღიურობის აუცილებელი ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ, ჩვენში შექმნილი სენტენცია უაზრო და უშედეგო საქმიანობის შესახებ, - მგლის თავზე სახარების კითხვის თაობაზე, - უდავო ჭეშმარიტებად უნდა მივიჩნიოთ, თუ ახირებულები არ ვართ და ურწმუნო თომასავით არაფერი გვჯერა. ასეთი ახირებულების სიმრავლე იმ ათეისტური სახელმწიფოს ზეგავლენის შედეგიც არის, სადაც სამოცდაათი წელი ვიცხოვრეთ. თუმცა, რაშიც დიდი ხანია, დარწმუნდნენ ჭკვიანი კაცები, ქართველისათვის მხოლოდ ორი აზრი არსებობს – საკუთარი და მცდარი. ეს კი, მაგრამ ამდენ ჭირგადანახად ქვეყნას ის მაინც უნდა შეეგნო, რომ მგლის თავზე სახარების კითხვა არა მარტო უაზრობაა, არამედ დიდ საფრთხესაც შეიცავს.
ამდენი იმიტომ გელაპარაკე, ძვირფასო მკითხველო, რომ მეთქვა, ახლაც დიდი მონდომებით კითხულობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ,,სახარებას ,,მგლების“ თავზე. სიტყვა ,,მგელი“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ეს ცხოველი ბევრად უფრო კეთილშობილი და პროგნოზირებადია, ვიდრე ის სატანისტები, რომელთა არული (შაბაში!) თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრში.
ყველაზე მეტად რა მიკვირს, იცით? სახელმწიფოს უშიშროების წარმომადგენლები ტელევიზიით რომ გამოდიან და მე და ჩემნაირებს გვისაბუთებენ, მავანი და მავანი ქვეყნების ელჩები სისტემატიურად ხვდებიან ოპოზიციის ლიდერებს და ხელისუფლების ბოიკოტისაკენ მოუწოდებენო; უცხო ქვეყნების ელჩები ოპოზიციის მიტინგებზე გამოდიან და არეულობისაკენ მოუწოდებენო; ყველა ვიცით, ვინ რას, როდის და რა იარაღით აპირებენ ტერაქტის მოწყობასო! ვავა, ჩქიმ ცოდა!
როდესაც ქალაქის ცენტრში ათი ხელიხელჩაკიდებული ადამიანი პროსპექტს გადაკეტავს და შეჩერებული ტრანსპორტის პატრონები საყვირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ქუჩის გადამკეტ ათ სულიერს დედას აგინებენ, მაგრამ შიშით მანქანებიდან ვერ გადმოდიან, სამართალდამცავებს კი მოქმედების ბრძანებას არავინ აძლევს, რა უნდა ვთქვა რესურსის დეფიციტზე? _ ,,აქტიური უმცირესობა ახდენს რევოლუციას, როცა უმრავლესობა დუმს“, _ ასე იყო 1917 წლის 25 ოქტომბერსაც, პეტროგრადში!
ამ უმცირესობას მიტინგებსა და დემონსტრაციებზე უცხოეთის ელჩები თუ უდგანან გვერდში, ან სულაც ავანგარდში, რომელთა ზურგს უკან ევროპის ძლიერი ქვეყნების მმართველები დგანან, პრემიერის განცხადება: ჰოლანდიის ელჩს (თუ რომელიმე სხვა ქვეყნის ელჩს) ეს არ ეკადრებაო, სასაცილოა...
ევროპას აღარაფერი ეშველება, მაგრამ არც ჩვენებს უშველის ნამუსზე შეგდება და დამუნათება. ნაციონალურ-სატანისტური პარტიის შტატიანი ლიდერები ბარამიძე და ბოკერია სატანისტურ ინგლისში რომ წავიდნენ, ბუკინგემის სასახლის დათვალიერება ჰქონდათ განზრახული ვითომ? თუ იქაური პოლიტიკური მაღალჩინოსნებისაგან ინსტრუქციების მიღებისათვის დაიბარეს ეს შტატიანი მსტოვრები ,,ურდოში“? რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ, ეს ყველა საღი გონების მოქალაქემ იცის, ხოლო ის, თუ როგორ უნდა მოექცე ელჩს, როგორ ,,ბუა“ სახელმწიფოსაც უნდა წარმოადგენდეს, დიპლომატიის ანბანის მცოდნემ კი უნდა იცოდეს, _ იგი დაუყოვნებლივ უნდა გააძევოს ქვეყნიდან. ელჩს უფლება არ აქვს სხვა ქვეყნის შინაურ საქმეში ჩარევისა ან სხვა ქვეყნის ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების მიცემისა, თუ ეს მის სუვერენულ უფლებებში ჩარევას გულისხმობს.
ასე უნდა მოიქცე, თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე ლიდერი თუ ხარ!
ჩვენს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ,,თმენის“ განსაკუთრებული უნარი აქვთ. სიტყვა ,,თმენა“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ქვეყნის მეთაურისათვის თმენა არ არის ის, რასაც მათ ბრიფინგებზე ვუცქერ – ე. წ. ჟურნალისტების ბრბოს რომ ხვდებიან, ასე მგონია ფსიქიატრები არიან, რომლებიც შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების კოლექტიური ქცევის ფსიქიკურ მიზეზებსა და ულოგიკო აზროვნების მექანიზმების გამოკვლევას ცდილობენ. არადა, საქმე აშკარად გამოკვეთილ პროვოკაციასთან გვაქვს, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელი თითქოს ვერ ამჩნევს და მხიარულობს კიდეც, რითაც ცდილობს, ალბათ, რომ ამ მოთმინებით ,,მშვიდობიანად“ დაამთავროს ბრიფინგი და კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნას.
რაც შეეხება იმის მუდმივად მტკიცებას, რომ აშშ-ში ტრამპის ,,დიპ სტეიტზე“ გამარჯვება იმის პირობას შექმნის, რომ ამერიკასთან ნორმალური სტრატეგიული მეგობრული ურთიერთობა აღდგეს, რომელიც არასოდეს ყოფილა _ ,,დიფ სთითიც“ მუდამ არსებობდა და ის აშშ-ის დაშლის შემდეგ შეწყვეტს არსებობას. მხოლოდ იმის მტკიცება დღევანდელი ევროპისა და აშშ-ისთვის, რომ საქართველო არაფერს აშავებს და ის თავისი წესიერებით წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს ბევრ წევრ ქვეყანას, იმას ჰგავს, უმწეო კრავი რომ უმტკიცებდა კბილებდაკრეჭილ მგელს თავის უდანაშაულობას, რაზეც მგელმა ,,გულწრფელად“ უთხრა: ,,შენი ჩაკვნეტა რომ მინდა, მიზეზად ესეც კმარაო“. ამას, ფაქტობრივად, უკვე ეუბნებიან ჩვენს ხელისუფლებას დასავლეთელი „ბატონები“, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ჯიუტად განაგრძობს ,,სახარების კითხვას“ შინაური თუ გარეული „მგლების“ თავზე.
მგლების თავზე სახარების კითხვის დრო და კარგ საქციელში პოლიტპარტიების ვარჯიში ძალიან დაგვიანებულია.
ხელისუფლებას ნუ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ მგლებს კრავის არგუმენტებით ნუ ელაპარაკება. ახლო სამეზობლოში ისეთი დათვი დაიმეგობროს, რომელსაც ჩვენი დაცვის დიდი გამოცდილება აქვს.
ადამიანების დიდ ნაწილს იმის განცდა გაუჩნდა, რომ ხელისუფლება უსუსურია და იმედიანი რიტორიკის გარეშე სხვა იარაღი არ აქვთო. ერთ ანდაზას გაგახსენებთ: ,,სანამ ჭკვიანი ფიქრობდა, გიჟმა ხიდი გადიარაო“. ჭკვიანი რას ფიქრობდა, იცით: ე, მანდ, ხიდი არ ჩამენგრეს და აქაფებულ მდინარეში არ ჩავვარდეო; გიჟს ამის ფიქრი არ აქვს, გიჟია და იმიტომ! რევოლუციების აქტივისტები სწორედ გიჟები იყვნენ, მათი წამქეზებლები კაბინეტებში ისხდნენ და იმის მერე გამოდიოდნენ, რაც ხელისუფლება უკვე ქუჩაში ეგდო! აი, ასეთია ისტორიის გაკვეთილები! თუმცა, ერთი დიდი ისტორიკოსისა არ იყოს, ამ გაკვეთილებს არავინ სწავლობს!
იმის იმედზე ყოფნა, რომ ტრამპი „დიფ სთეითს“ (,,სახელმწიფოში სახელმწიფოს“) დაამარცხებს და მერე აღდგება ჩვენსა და აშშ-ს შორის მეგობრობაო და უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ლიბერასტული ევროპა ისევ ჩვენი ,,ისტორიული“ ძმა გახდებაო, ძალიან სახიფათო ილუზიაა. არავის დაავიწყდეს, რომ ამერიკის კონტინენტზეა შექმნილი ანდაზა - ,,აშშ-სთან მტრობა სახიფათოა, მეგობრობა კი _ დამღუპველი“.
ის ურჩევნია სახელმწიფოს, შინაურ მტრებს ,,მოუაროს“ და მეგობრებს მიხედოს. ისე ნუ იზამს, რომ მართლა მტრის ვერმცნობი და მოყვარის მგმობი გახდეს, თორემ, ღვთის რისხვა არ აგვცდება და გვიანი იქნება თითზე კბენანი...
ზურაბ ცუცქირიძე
განათლების მეცნიერებათა დოქტორი


