სუსტი ადამიანები მძიმე ცხოვრებას ქმნიან

სუსტი ადამიანები მძიმე ცხოვრებას ქმნიან

დუბაის დამაარსებელ შეიხ რაშიდს ჰკითხეს:
_ შეიხო რაშიდ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ქვეყნის მომავალი?
_ პაპაჩემი დადიოდა აქლემით; მე დავდივარ „მერსედესით“; ჩემი შვილი და შვილიშვილი დადიან „ლენდროვერით“, მაგრამ ჩემი შვილთაშვილი ივლის აქლემით. 
_ აქლემით? რატომ?
_ იმიტომ, რომ რთული ცხოვრება ქმნის ძლიერ ადამიანებს;
ძლიერი ადამიანები ქმნიან ადვილ ცხოვრებას;
ადვილი ცხოვრება ქმნის სუსტ ადამიანებს;
სუსტი ადამიანები კი მძიმე ცხოვრებას ქმნიან...
„ჭკვიანი საათი“, „ჭკვიანი უთო“, „ჭკვიანი მტვერსასრუტი“, ჭკვიანი უნიტაზი“, „ჭკვიანი კონდიციონერი“, „ჭკვიანი კამერა“, „ჭკვიანი შუქნიშანი“ და შედეგი _ უჭკუო ადამიანი!
კი, მაგრამ ეს ჭკვიანი ნივთები ხომ ჭკვიანმა ადამიანმა შექმნა? ნამდვილად! მაგრამ შეიხ რაშიდის პაპა აქლემით დადიოდა და მისი შვილთაშვილიც აქლემით ივლის...
იმ თაობებმა, რომლებმაც ჯერ „ჩასარეცხად“ გამოგვაცხადეს და ახლა ჩვენს სიკვდილს მოუთმენლად ელიან, უკვე მიაღწიეს შეიხ რაშიდის შვილთაშვილობის სტადიას _ მენტალურად აქლემებზე არიან გადამჯდარი...
საბჭოთა დროინდელი საღიღინო ტექსტი იყო: „ტაშკენტიდან მოდის ქარავანი, ჩვენთვის მოაქვს ანაშა და პლანი, აქლემზეა შემომჯდარი ქალი, აჰ, ბაბაჯან, ეტყობა, რომ ნარკომანი არი...“ მაშინ სად იყო ეს ამბავი რაც ახლაა, – ყოველი დღის საინფორმაციო გამოშვებიდან ვიგებთ, რომ დააკავეს ერთი ან რამდენიმე ნარკორეალიზატორი. უცხო ადამიანს კი არა, ლამის მე მეგონოს უკვე, რომ საქართველო ორ კატეგორიად გაიყო _ ნარკოტიკების გამსაღებლებად და ნარკომანებად...
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად თითოეულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რა ბედი ეწია, ვხედავთ, მაგრამ ჩვენს საქართველოს რა ბედი ეწია, მხოლოდ ისინი ვხედავთ, ვის მხრებზეც საბჭოთა კავშირმაც გადაიარა, ძმათამკვლელმა ომმაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებმაც, აგვისტოს ომმაც, სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმაც და მოვედით აქამდე, ყოველ დილა-საღამოს ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ რომ გვამცნობენ...
გახმა ტვინები!
სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველო თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას კი არ ეზიარა, არამედ, ერთი შეკრული ტრადიციული უღლიდან თავდაღწეული არატრადიციული გლობალური გადანაწილების ბრძოლის ველზე წუმპე-წუნწუხში აღმოჩნდა. 
როდესაც სსრკ იშლებოდა, იმ დროს სტუდენტი ვიყავი და გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ ვმუშაობდი. მომსწრე ვარ, როგორ ჩამოიტანეს გერმანიიდან უახლესი ტექნიკა, იმსიგრძე, რომ ექვსი მუშის მზადყოფნა სჭირდებოდა მის გამართულ მუშაობას. მეგობრული ურთიერთობა მქონდა „უფროსობასთან“ და, იქვე ახლოს რომ მოვხვდი, დაახლოებით ხუთ წელში, მოსაკითხად შევუარე. კინაღამ ტირილი დავიწყე აბსოლუტურად დაცლილი საამქროს დანახვაზე. საქმე ის არის, რომ ყველა პოზიცია მაქვს გავლილი, წიგნის ამწყობიდან, „წიგნის ექიმის“ და უნაკლო წიგნზე საკუთარი ბეჭდის დასმით დამთავრებული _ რომელ წიგნსაც ბეჭდით „6“ ჰქონდა დასმული, ყველა ჩემი საკუთარი მეგონა. ვასიკო, ეს რა არის, ბომბი დაეცა აქაურობას-მეთქი?
ხატოვანი სიტყვა-თქმით კი არა, ნამდვილად დაგვეცა ისეთი იდეოლოგიური ბომბი, რომ დღემდე ვერ მოვსულვართ გონზე...
იდეოლოგიური ბომბი ისეთი ბანგგარეული აღმოჩნდა, რომ „საქმეში გასულების“ გარდა, ვერავინ მიხვდა რა ხდებოდა ჩვენს თავს _ თავისუფლების წყურვილში გარეული ჩვენთვის უცნობი რაღაც დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკის შესახებ რაღაც გაურკვეველი საუბრები ისეთი ბომბი აღმოჩნდა, რომ ვერ გავიგეთ, როგორ გაგვძარცვა ვიღაცამ და რაღაცამ _ საქართველოს ინდუსტრიული ციხე-კოშკი თავზე ჩამოგვექცა, ქვეყნის გამართული ინდუსტრიალიზაცია კი ისეთი ქვაკუთხედია, ერთი წკირის მოკლებაც არ შეიძლება, მძივივით უნდა იყოს ასხმული. 
ე. წ. დასავლური რეკომენდაციები, გაურკვეველი გეოსტრატეგიული დომხალი და სამშობლოს მოღალატეების ვერცხლისმოყვარეობა – სულ ეს იყო!
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ რომ იმ დღეში ვნახე, მეგონა, წერა-კითხვა დაიკარგა და თურმე არ შევმცდარვარ _ ნამდვილად დაიკარგა!
დღეს რომ სიტყვა „საბჭოთა“ საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე ხელმოწერის რანგშია, სწორედ იმ უწიგნურობის მიზეზით არის, რაზეც მაშინ გაუცნობიერებლად მეტირებოდა.
საბჭოეთსა და ყბადაღებულ 37-მანეთიან მოსკოვი-თბილისის ბილეთს რანაირად გავეტირები, როცა მოსკოვი რეპროდუქციების გარდა თვალითაც არ მინახავს... მე ის დანგრეული მანაღვლებს, რასაც შევესწარი და ის, რომ დღეს სამათხოვროდ გვაქვს საქმე... 
რა ქვეყანა აგვართვეს თვალსა და ხელს შუა მხოლოდ მათ ვიცით, ვინც შევესწარით და მცირედი წვლილი მაინც გვაქვს შეტანილი მის შენებაში...
დედაჩემი 26 კომისრის სახელობის მანქანათმშენებელი ქარხნის ტექნიკური ბიბლიოთეკის გამგე იყო, მაგრამ მხოლოდ წიგნები კი არა, ქარხნის პრესტიჟი ებარა. საბავშვო ბაღის ასაკიდან ვიჯექი ჭერამდე ასასვლელ გასაშლელ კიბეზე და ტექნიკური მიმართულების ლიტერატურაში მაინც ვპოულობდი საჩემოს. გარდა ამისა, გზები არ ვიცოდი, მაგრამ მესმოდა და ვიცოდი, სად და რა ქარხანა იყო; რომელ ქარხანაში რა მზადდებოდა; სად იგზავნებოდა; საიდან რა ჩამოდიოდა...
რა არ გვქონდა: ელმავალმშენებელი ქარხანა, ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ჩარხმშენებელი ქარხანა, საავიაციო ქარხანა, რადიოქარხანა და კიდევ რამდენი – „დედაჩემის“ ქარხანაში მზადდებოდა სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები და წარმოიდგინეთ, ევროპის სოცქვეყნებს აქედან, საქართველოდან გაჰქონდათ...
საცდელი ატომური რეაქტორები, ფიზიკისა და ქიმიის ისეთი ლაბორატორიები გვქონდა, რომლებიც თავიანთ სიტყვას ამბობდნენ საბჭოთა მეცნიერებაში და დღემდე იყენებს საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი სამხედრო ტექნიკაში _ ჩვენ რა? 
ალექსანდრე ნადირაძის მიერ შექმნილი თექვსმეტღერძიანი უზარმაზარი თვითმავალი სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი „ტოპოლი“ რა რაოდენობით აქვს რუსეთს, ვერავინ იტყვის და ვერც დააფიქსირებს, მაგრამ არის და დადის ციმბირში _ ე .წ. დასავლეთს მსგავსი არაფერი აქვთ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა და სსრკ-მ აქტიურად დაიწყეს მუშაობა ბალისტიკურ რაკეტებზე. იმ დროს მსგავსი რაკეტები თხევადი საწვავით კი მუშაობდა, მაგრამ ეფექტურობის მიუხედავად, ტოქსიკურიც იყო და დროც სჭირდებოდა მის გამართვას. ალექსანდრე ნადირაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მყარსაწვავიანი რაკეტების შექმნა დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მეტეოროლოგიური რაკეტაც. ნადირაძის კონსტრუქტორთა ჯგუფმა შექმნა მართვადი საავიაციო ბომბიც. Темп-С-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსიც ნადირაძის შრომით მიიღეს. ნადირაძის ინსტიტუტს საიდუმლოდ დაევალა საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე სარაკეტო კომპლექსის შექმნა, რომელიც მობილური უნდა ყოფილიყო, ანუ პირდაპირ სატრანსპორტო მანქანიდან უნდა ყოფილიყო შესაძლებელი მისი გაშვება. კომპლექსს „პიონერი“ ეწოდა _ მის რაკეტას სამი ბირთვული ქობინი მიჰქონდა. ასეთი იარაღის შექმნა 70-იან წლებში მოულოდნელი იყო და იმ პერიოდში მსოფლიოს ყველაზე მეტად ამ რაკეტების ეშინოდა.
მსოფლიოს აშინებდა ალექსანდრე ნადირაძის მიერ შექმნილი სარაკეტო სისტემები Темп-С, Темп-2С, Пионер, Тополь, Скорость, მაგრამ ნაკლებად იცის ვინმემ, რომ მისი შემქმნელი ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელი ქართველი იყო.
ცნობილი ამბავია, რომ პრეზიდენტმა დე გოლმა, რომელიც პროფესიონალი სამხედრო იყო, საფრანგეთი NATO-დან სწორედ საბჭოური ბალისტიკური რაკეტების სადემონსტრაციო სტარტის ხილვის შემდეგ, ორ კვირაში გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს მაშინდელი შტაბბინა პარიზში მდებარეობდა, დე გოლი უკმაყოფილო იყო, რომ მაღალ სამხედრო თანამდებობებზე მხოლოდ ამერიკელები და ბრიტანელები ინიშნებოდნენ. ორგანიზაციიდან გასვლისთანავე დე გოლმა მოითხოვა რომ ყველა ამერიკელ ჯარისკაცს დაეტოვებინა საფრანგეთი, რაზეც იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ჰკითხა, მხოლოდ ცოცხლები გავიყვანო თუ ისინიც, ვინც ძმათა სასაფლაოზე წვანანო?
სულაც არ არის თემიდან გადახვევა _ ეს სიტუაცია ქართველი ნადირაძის მიერ შექმნილმა ტექნიკამ გამოიწვია...
როგორც ვხედავთ, შეიხ რაშიდის შვილთაშვილების აქლემზე გადაჯდომის დრო დაუდგა საბჭოთა კავშირს და რადგან ომით შეუძლებელი იქნებოდა დაფეხვილი, მაგრამ ინერციით შერჩენილი დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე საბჭოთა კავშირის დამარცხება, შიდა რღვევებზე გაკეთდა აქცენტი და სუსტი გაზულუქებულების ხელში დაშალეს კიდეც. 
აბა, გავიხსენოთ, რას ჩაგვძახოდნენ ისეთს, რაც არ გვესმოდა, რას ნიშნავდა, მაგრამ მაინც ავედევნეთ ფეხისხმას? 
მშვენივრად მახსოვს რაღაც ვაუჩერები, ოღონდ არ ვიცოდი, რაში უნდა გამომეყენებინა ისინი და თითო 4 ლარად ჩავაბარე ვიღაცას ვაგზალზე _ არც კი დავინტერესებულვარ, იმას რაღაში სჭირდებოდა...
მსოფლიო ბანკი რომ ჩვენი მეგობარი, მხსნელი, გადამრჩენელი და კიდევ ბევრი რამ გვეგონა, რა რეფორმას გვთავაზობდა კი არა, რის განხორციელებას გვაიძულებდა, ვინმეს ახსოვს? – სუბსიდიების მოხსნას; ქონების მასობრივ პრივატიზაციას, რაც რეალურად ქურდობა იყო; საბაზრო ეკონომიკის ელვისებური სისწრაფით დანგრევას...
ერთი ვინმე ან რაიმე ორგანიზაცია მაინც თუ გახსენდებათ, ვინც რამეში გაგვარკვევდა და რამეს აგვიხსნიდა? _ არა! შიდა ნაძირალები, რომლებიც აზრზე იყვნენ, რას რა მოჰყვებოდა, „ხელი ხელს ჰბანს, ოროვე ერთად პირსო“, – ამ პრინციპს მიჰყვნენ და ვართ ასე...
სანამ არ აღდგება საწარმოები და არ შევქმნით პროდუქციას, ვიქნებით შეიხ რაშიდის შვილთაშვილების ბედის გამზიარებლები, უარესი _ აქლემიც არ გვეყოლება და რას გადავაჯდებით, არავინ უწყის...
რუკამ, რომელსაც გაახლებთ, გადამრია _ ვითომ სახუმაროა? წითლად აღნიშნულია პირველი ხარისხის მსოფლიო; ყვითლად _ მეორე ხარისხის მსოფლიო; მწვანედ _ მესამე ხარისხის მსოფლიო; ლურჯად _ მეოთხე ხარისხის მსოფლიო; ყავისფრად _ მეხუთე ხარისხის მსოფლიო...
აღნიშვნის ღირსიც არ ვყოფილვართ _ ასე გვიყურებს ე. წ. ევროპული საზოგადოება...
საით გვაქვს გეზი, იქით, სადაც რუკაზე აღნიშვნის ღირსადაც არ მივაჩნივართ?!

მაკა ჯაყელი