შავი ღრუბლები აზერბაიჯანისა და სომხეთის თავზე

შავი ღრუბლები აზერბაიჯანისა და სომხეთის თავზე

წინა კვირის დასაწყისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ოფიციალური ვიზიტით ჯერ სომხეთს ეწვია, შემდეგ კი აზერბაიჯანს. ჩვენებურმა ე. წ. ოპოზიციონერებმა ერთი ამბავი ატეხეს, ვენსმა გამოგვტოვა, ეს არის „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკაო. არადა, ახლა რაც ჩვენ გარშემო და მთელ მსოფლიოში ხდება, უნდა ვილოცოთ, რომ ყოველ ჯერზე ასე გამოგვტოვონ და საერთოდ აღარავის ვჭირდებოდეთ. მთლად ასეც არ არის, მაგრამ მაინც სჯობს, ამ მდგომარეობაში დავრჩეთ, რადგან აშკარაა, საქმე ეხება ირანთან ომს და ჩვენი მეზობლების როლს ამ ომში. იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორჯერ დაეშვა ამერიკული თვითმფრინავი. ამას მოჰყვა ვერსია, თითქოს ირანის დასაბომბად აშშ საქართველოს ტერიტორიას გამოიყენებდა. არ ვიცი, იყო თუ არა საამისო მცდელობა, ანუ მოლაპარაკება ჩვენს ხელისუფლებასთან, მაგრამ ვენსის ვიზიტი აშკარად მიანიშნებს, რომ ამ ომში ჩვენ არ მოვიაზრებით და ეს ნიშნავს იმასაც, რომ აქედან ამერიკელებმა უარი მიიღეს. იყო ცალკეული პიროვნებებისგან ნერვიული გამოხდომები, ისინი ამტკიცებდნენ - არიქა, სამხედრო თვითმფრინავის დაჯდომა უკვე ომს ნიშნავს, ირანი აქედან დაიბომბება, საქართველო სამიზნე გახდებაო და ასე შემდეგ. თუ მიმდინარე მოვლენებს კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ამ უხერხული სიტუაციიდან როგორღაც გამოვძვერით, მაგრამ ეს მაინც არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, თუ ომი დაიწყო, მაინც სახიფათო მდგომარეობაში ვრჩებით, ირანი ძალიან ახლოსაა ჩვენთან. 
ამ დღეებში აკაცუკურმა საზოგადოებამ ისიც გაახმაურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, თურმე, ვაშინგტონში დაუბარებიათ ყურის ასაწევად. ამას ამბობდნენ ერთნი, ხოლო მეორენი ამტკიცებდნენ, ყურის ასაწევად კი არ დაიბარეს, ბიძინა ივანიშვილმა გააგზავნა შიკრიკადო. ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია 11 თებერვლამდე არ არსებობდა, მხოლოდ ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულა. 
ამ ეტაპზე რა ჩამოუტანა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა სომხებსა და აზერბაიჯანელებს, უცნობია. ჩვენ ვიცით მხოლოდ ოფიციალური განცხადებები, დახურულ კარს მიღმა რა ხდებოდა, ამაზე მხოლოდ ლოგიკური ვერსიები და ვარაუდები გაგვაჩნია, რაც სრულიად რეალური დასკვნის საშუალებას იძლევა - ჩვენ ხომ ის გზა 35 წლის განმავლობაში უკვე გავიარეთ, რასაც ახლა ჩვენი მეზობლები გადიან? ნიკოლ ფაშინიანმა და ჯეი დი ვენსმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას ბირთვულ ენერგიაზე, ერევანი აშშ-ისგან იყიდის 11 მილიონი დოლარის დრონების ტექნოლოგიას. რას ნიშნავს „მშვიდობიანი დეკლარაცია ბირთვულ ენერგიაზე“? ან რას ნიშნავს „დრონების ტექნოლოგია“? ტრამპმა განაცხადა, რომ ვენსი ამ ქვეყნებში ჩადის, რათა გააძლიეროს მათი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“. აქ საუბარია ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც „ტრამპის გზად“ მონათლეს. 
ტრამპისვე თქმით, აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან ექნება მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობა, მიჰყიდის ნახევარგამტარებს, თავდაცვის აღჭურვილობას - ჯავშანჟილეტებს, ნავებს და დრონებს. სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვა გათვალისწინებულია აზერბაიჯანისთვისაც. 
ხედავთ, რაზეა საუბარი? მხოლოდ იარაღზე, ჯავშანჟილეტებზე, ნავებზე, დრონებზე და ასე შემდეგ, მხოლოდ იმაზე, რაც ომშია საჭირო. აქ არ არის საუბარი ფერმებზე, სათბურებზე, ქარხნებსა და ფაბრიკებზე. უკრაინა მოსპეს, ახლა სამხრეთ კავკასიაზე გადავიდნენ. აშკარაა, რაზეც უარი თქვა საქართველომ, იმაზე, სავარაუდოდ, დაითანხმეს სომხეთი და აზერბაიჯანი. ჯეი დი ვენსმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი სომხეთთან პარტნიორობით ძალიან ამაყობს.
გჯერათ, რომ ამათ სომხეთისთვის მშვიდობა და კეთილდღეობა უნდათ ჯავშანჟილეტებით და დრონების მიყიდვით? ჩვენ ვიცით, რაც არის ამერიკელების მიერ ჩამოტანილი მშვიდობა და კეთილდღეობა, გამოვცადეთ 35 წლის განმავლობაში. იცით, ახლა ჩვენს მეზობლებს რა დღეში ჩაყრიან? 9 მილიარდ დოლარზე ლაპარაკობენ, ამ თანხას ეტაპობრივად სესხად გამოუყოფენ, ამავე თანხით სამხედრო აღჭურვილობას აყიდინებენ, ნახევარგამტარებსაც გამოუგზავნიან, კიდევ ათას რამეს შეტენიან და ირანის წინააღმდეგ გამოიყენებენ. თუ სომხეთი და აზერბაიჯანი ირანს არ შეუტევენ, მაშინ ისევ ერთმანეთში წააჩხუბებენ და ეს არ იქნება მხოლოდ ყარაბახის გამო, ცეცხლი მთელ კავკასიას მოედება. იცით, რატომ უნდა დაატაკონ ირანს? იმიტომ, რომ ზანგეზურის დერეფნის ამუშავებას, პირველ რიგში, ირანი ეწინააღმდეგება, მათ გამოაცხადეს, რომ ეს გზა ამერიკელების სასაფლაოდ გადაიქცევა. დახედეთ რუკას, ეს გზა სამივე ქვეყნის გასაყარია, ახლა ოკეანის გაღმიდან ვიღაცა შავი კაცი უნდა მოვიდეს და დაისაკუთროს? ამ დროს რას აკეთებს ირანის მოკავშირე რუსეთი? დგას გულზე ხელებდაკრეფილი და ხმას არ იღებს? ჩამოვიდა ვენსი, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელს ათასნაირ სისულელეზე ხელი მოაწერინა და რუსები ამას ყლაპავენ? უკაცრავად, მაგრამ მე ილჰამ ალიევი უფრო ჭკვიანი მეგონა. ფაშინიანი რომ მთლად ვერ არის თავის „მატორზე“, ეგ ჩანს, მაგრამ აზერბაიჯანელი რანაირად დაითანხმეს, ცოტა გაუგებარია.  
აშშ-მ და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას” მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევის თქმით, შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები აბსოლუტურად ახალ ფაზაში შედის. რა წერია ამ ქარტიაში? ყველაფერი წერია ისე, როგორც აშშ-ს აწყობს. ყველაფერი კარგი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის გამარტივებაო, _ რომელი საზღვარი უნდა გადაკვეთონ აზერბაიჯანელებმა მარტივად, სომხეთისკენ? ირანისკენ? ჩვენკენ? ეგებ, რუსეთისკენ? რა, ვინმე უშლიდათ ამ მიმართულებით საზღვრების გადაკვეთას? მოკლედ, ყველაფერია ჩახვავებული ამ ქარტიაში - ეკონომიკა, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, ვაჭრობა, კერძო და სახელმწიფო კაპიტალის მოზიდვა, თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მონაცემთა ცენტრებსა და კოსმოსურ ინდუსტრიაში ერთობლივი კვლევები. გაიგონეთ? აზერბაიჯანელებმა და ამერიკელებმა ერთობლივი კვლევები უნდა ჩაატარონ კოსმოსურ ინდუსტრიაში, მაგ მხრივ ხომ აზერებს მაგარი გამოცდილება აქვთ? კოსმოსურ ინდუსტრიაში კვლევებს რომ მორჩებიან, მერე გადავლენ მსოფლიო ბაზრებზე მინერალების ტრანზიტის მხარდაჭერაზე. აი, რა აინტერესებს ტრამპის ადმინისტრაციას, მინერალები, - დანარჩენი ზრდილობის გულისთვის არის ჩამოწიკწიკებული, უფრო სწორად, ნამდვილი განზრახვის გადასაფარად. თუმცა კიდევ არის რაღაც, რაც შემდგომში აზერბაიჯანს აუცილებლად დასჭირდება, ეს არის თანამშრომლობა განაღმვისა და ტექნოლოგიების გადაცემის სფეროში. ღმერთმა ნუ ქნას, თუ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ომი დააწყებინეს, განაღმვა უნდა ასწავლონ, აბა, როგორ? 
ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. როგორც ტრამპი იტყუება, სომხები და აზერბაიჯანელები მე შევარიგეო, ისე იტყუება ესეც და უფრო შორსაც მიდის: „შეიძლება ბევრმა არ იცის, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ავღანეთიდან გავიდა. ოპერაციები ჩავატარეთ რთულ პირობებში და მაშინ ჩვენი რეპუტაციის შენარჩუნება შევძელით“.
ნეტავ, საიდან დაადგინა, რომ აზერბაიჯანელები ბოლოს გამოვიდნენ ავღანეთიდან? პირველები, ნეტავ, ვინ გამოიქცნენ, ამერიკელები, არა? 
ჩინური რემბო (დავით ქაცარავა) გამოხტა, ამერიკამ სომხეთთან პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და 9-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება დააანონსა ატომურ ენერგეტიკაში. ქოცნახირის საყურადღებოდ: ეს არის რეალური ინვესტიცია და არა არაბული ქალაქების მშენებლობის დაწყება ქვეყანაშიო. რა ქნას მუსკულებიანმა აკარაკმა, მისი გონება მეტზე ვერ ქაჩავს, ვერც კი ამჩნევს, რომ ამერიკელები სომხეთში იარაღს დებენ, რომელმაც აუცილებლად უნდა გაისროლოს, ხოლო არაბები სახლებს აშენებენ. ააშენონ ამერიკელებმაც სახლები, ვინ მამაძაღლმა თქვა უარი?
ვნახოთ, ალილო და ხვალეო, თუ ახლა რუსეთმა არ იმარჯვა, ამერიკელები სამხრეთ კავკასიას ააფეთქებენ. რა ვიცი, სადაც ცხვირი შეყვეს, ყველგან მოისრა და გადაიბუგა ყველაფერი.
P.შ. ვენსის ვიზიტმა ე.წ. სკანდალის გარეშე მაინც არ ჩაიარა - იგი „ციცერნაკაბერდის“ მემორიალთან მივიდა და 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მოგეხსენებათ, თურქების მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკურ საკითხში გადის და მუსლიმანური სამყაროსთვის მტკივნეული თემაა. ვენსის საქციელი დემოკრატებმა და უფლებადამცველებმა ისტორიული სამართლიანობის ღალატად შეაფასეს, იგი იძულებული გახდა, მემორიალთან გადაღებული ფოტო წაეშალა და დაეტოვებინა მხოლოდ შეცვლილი ტექსტი: „ვენსმა ყვავილებით შეამკო მარადიული ცეცხლი“. ვიცე-პრეზიდენტის ოფისმა მომხდარი ტექნიკურ შეცდომას დააბრალა და განაცხადა, რომ პირველი პოსტი იმ თანამშრომლებმა დაწერეს, რომლებიც დელეგაციას თან არ ახლდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ტრაპზე ხეირიანად არც კი იყო ასული, ნიკოლ ფაშინიანმა სამჯერ უარყო. ნახეთ მისი განცხადება:
„ჩვენ არ ვიბრძოლებთ და არ ვიდავებთ რუსეთთან, რადგან ვაფასებთ არსებულ ურთიერთობებს. მე მაქვს ძალიან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა ვლადიმირ პუტინთან და მთავრობის მეთაურ მიხაილ მიშუსტინთან. ეს არის ჩვენი სტრატეგია. ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის ვიმოქმედებთ სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე“.
ფაშინიანი აშკარად დამფრთხალია, ნეტავ, რა უთხრეს კრემლიდან ტელეფონში, ნუთუ, დედა აგინეს? ამას უახლოეს ხანში გავიგებთ.

გელა ზედელაშვილი