ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის მესამე მსოფლიო ომი კომპიუტერული თამაშებია

ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის მესამე მსოფლიო ომი კომპიუტერული თამაშებია

იშვიათად ყოფილა ისტორიაში დღევანდელივით გაურკვეველი ვითარება. სამწუხარო ფაქტია, საერთაშორისო (განსაკუთრებით ევროპის) ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ ქვეყნებში საკვანძო თანამდებობებს, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური პირები იკავებენ. სამწუხაროდ, ამის მიზეზი გაუნათლებლობაცაა. არავის დაკნინებას არ ვაპირებთ, მაგრამ, როდესაც საჯარო სივრცეში იქაური ჩინოვნიკების გამონათქვამებს ისმენ, აღნიშნული მოსაზრების უარყოფა ძნელდება. სამწუხაროდ, ბევრი ევროპელი ჩინოსანი (და არა პოლიტიკოსები) რუსეთთან ომის დაწყებისკენ ისწრაფვიან. მათ მიაჩნიათ, რომ მათი გამარჯვება გარდაუვალია. იშველიებენ ეკონომიკურ უპირატესობას, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი – სამხედრო პოტენციალი. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის მესამე მსოფლიო ომი კომპიუტერული თამაშებია.
არაერთხელ გაცხადებულა მსოფლიოს მსხვილ გამოცემებში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიზნესმენია და არა პოლიტიკოსი. დიახ, აშშ-ის 45-ე და 47-ე მოქმედ პრეზიდენტს არასოდეს დაუმალავს თავისი ბიზნესწარმომავლობა. აქვე სათქმელია, რომ მას წარმატებებიც და დაღმასვლაც (თითქმის გაკოტრება) უგემია, მაგრამ ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. ეს მისი დადებითი თვისებაა. თავისთავად, უარყოფითი ხასიათის თვისებაც აქვს – ნარცისიზმი, რომელიც ხშირად უმართლებს. თუმცა ამბობენ, რომ ტრამპი ზოგჯერ სხვათა გავლენის ქვეშ ექცევა, რასაც მისთვის უარყოფითი შედეგები მოაქვს. აქვე გასათვალისწინებელია თეთრი სახლის ადმინისტრაციის შემადგენლობაც...
ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასეს აშშ-ისა და ჩინური პრესის წარმომადგენლებმა გასულ კვირას დონალდ ტრამპის სამდღიანი ვიზიტი ჩინეთში. თეთრი სახლის ლიდერთაგან 9 წელია, ჩინეთში არავინ ყოფილა. 2017 წელს სწორედ დონალდ ტრამპი სტუმრობდა ქვეყანას. თუმცა მანამდე ერთ-ერთი პირველი სტუმარი, რომელიც 45-ე პრეზიდენტმა მიიწვია, სწორედ ჩინეთის მმართველი სი ძინპინი იყო. სი ძინპინის სტუმრობისას, 2017 წლის თებერვალში, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სირიელი ტერორისტების ბაზაზე განახორციელეს საჰაერო შეტევა, ჩამოაგდეს ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი, რასაც მოგვიანებით თეთრი სახლის ლიდერმა „ბომბების დედა“ უწოდა. შეტევის შედეგები სწორედ სი ძინპინთან მოლაპარაკებისას მიაწოდეს დონალდ ტრამპს. ინფორმაცია მან სიამაყით გააცნო სტუმარს, მაგრამ სი ძინპინს წარბიც არ შეუხრია, თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვა.
იმ პერიოდში პოლიტოლოგებმა მომხდარი ჩინეთის დაშინებად შეაფასეს, სი ძინპინის ყველა სფეროში დასაყოლიებლად. თუმცა ამ მოქმედებამ ტრამპის მცდელობა გაანეიტრალა. იმავე 2017 წელს იმდროინდელი თეთრი სახლის ლიდერი თავად ეწვია ჩინეთს, სადაც დიდი პატივით, მაგრამ მაინც ცივად მიიღეს. კომპლიმენტების გაცვლის მიუხედავად, სწორედ მაშინ დაიწყო ცივი და სავაჭრო-სატარიფო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის.
დონალდ ტრამპის წლევანდელი სტუმრობა ჩინეთში ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში იყო ჩანიშნული. თუმცა ირანში განვითარებული მოვლენების გამო ოფიციალური ვიზიტი მოულოდნელად გადაიდო. ზოგიერთი პოლიტოლოგი მაშინ აცხადებდა, რომ ტრამპის ვიზიტის გადადება ომის ტოლფასი იყო, თუმცა არსებობდა სხვა მოსაზრებებიც.
ჩინეთში ყოფნისას ტრამპმა სი ძინპინი საპასუხო ოფიციალური ვიზიტით 24 სექტემბერს მიიწვია, რაც მასპინძლებმა მშვიდად მიიღეს. განხორციელდება თუ არა ეს სტუმრობა, ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, რადგან ოთხ თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის წლევანდელ ისტორიულ ვიზიტს ჩინეთში, მართლაც მნიშვნელოვანი იყო. მასპინძელმა ქვეყანამ თეთრი სახლის ლიდერი საკმაოდ დიდი პატივით მიიღო, დახვედრის ცერემონია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, რომელშიც ოფიციალური პირების გარდა, მოსახლეობაც მონაწილეობდა. მიზეზსაც ასახელებენ – აშშ-ის პრეზიდენტს სურდა, ირანის ომი სწრაფად დაესრულებინა და გამარჯვებულის სტატუსით ჩასულიყო ჩინეთში, რათა უპირობოდ განეხორციელებინა საკუთარი მიზნები.
განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპმა ვერ შეძლო, უმოკლეს დროში დაემარცხებინა ირანი. ამის გამო უხასიათოდ იყო და პროტოკოლის შეცვლაც მოუწია. მეუღლის, მელანიას ნაცვლად ვიზიტისას თან იახლა აშშ-ის წამყვანი ბიზნესმენები. ამით ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკაში „ჩატეხილი ხიდების“ აღდგენა სურდა. აქვე სათქმელია, რომ მეწარმეთაგან და, საერთოდ, დელეგაციის წევრებიდან მხოლოდ ილონ მასკმა შეძლო საკუთარი აიფონის შეტანა ჩინეთში, რომლითაც მოგვიანებით გულდასმით იღებდა კადრებს „ცის ტაძარში“.
კიდევ ერთი უცნაური მოვლენა მოხდა დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტისას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს დღემდე სანქციები აქვს დაწესებული და აკრძალული აქვს ჩინეთში ჩასვლა. ყველაფერი კი მარკო რუბიოს სენატორობისას დაიწყო, როდესაც ჩინეთის მიმართ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა არც ახლა გამოირჩევა მათდამი კეთილგანწყობით. აქედან გამომდინარე, ორივე მხარე იძულებული იყო, გარკვეულწილად შეეცვალა მისთვის გვარ-სახელი, რათა სახელმწიფო მდივანს ვიზიტში მიეღო მონაწილეობა, ხოლო მასპინძლებს კი საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა არ დაერღვიათ.
გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, ჩინეთში მიმავალმა რუბიომ ჩინეთის მიმართ მკაცრი გამონათქვამები არ დაიშურა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აშშ-ის მთავარ გამოწვევად ჩინეთი დაასახელა. თუმცა იქვე დაამატა, რომ „ჩინეთი დიდი და ძლიერი ქვეყანაა, თუმცა იგი აშშ-ის გეოსტრატეგიულ მოწინააღმდეგედ რჩება“. სამაგიეროდ, რუბიო გულდასმით ათვალიერებდა სასახლეს, სადაც დელეგაციების ოფიციალური შეხვედრები იმართებოდა.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტს, მხოლოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა. საერთოდაც, ცნობილია, რომ ჩინელები სიტყვაძუნწები არიან და ახლაც მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, სადაც გაჟღერდა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები დახურულ რეჟიმში 2,5 საათს ესაუბრნენ ერთმანეთს.
ოფიციალურ შეხვედრამდე ორივე მმართველმა ტრადიციული მოკლე განცხადებები გააკეთა. სტუმარმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა, ვიზიტის ორთვიანი დაგვიანების მიუხედავად, თბილი მიღებისთვის. სი ძინპინმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ჩვენს ქვეყნებს გაცილებით მეტი საერთო ხედვა უნდა ჰქონდეს, ვიდრე განსხვავებული. ჩვენი ერთობით სამყარო მოიგებს“, – უთხრა მასპინძელმა სტუმარს.
„თქვენ დიდი ლიდერი ხართ. ბევრს არ მოსწონს, ამას ხმამაღლა რომ ვამბობ, მაგრამ რეალურად ასეა. მოხარული ვარ, რომ თქვენს მეგობრად ვითვლები“, – უთხრა ტრამპმა მასპინძელს. ორმხრივი კომპლიმენტების მიუხედავად, ვიზიტი, ფაქტობრივად, უნაყოფო აღმოჩნდა – მიიჩნევენ პოლიტოლოგები. უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აშშ-ის იმიჯი ჩინეთში საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზი იანვარში ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გატაცება და ირანთან ომი გახდა. ამიტომაც განაცხადეს ანალიტიკოსებმა: ტრამპი მთხოვნელის როლში აღმოჩნდაო. ჩინელები ორმუზის სრუტის განბლოკვას ითხოვენ. მათ ღიად განუცხადეს სტუმარს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობის საკითხი მათთვის წითელი ხაზია და არ დაუშვებენ მათ შინაურ საქმეებში ჩარევას.
სტუმრის პატივსაცემად გამართული ვახშმის დაწყებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს ამაყად განუცხადა, რომ წინა შეხვედრაზე მეტ და უფრო კარგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ჩინური პრესა აღნიშნავს, რომ მხარეებმა გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს. ერთი კი ცნობილია – ჩინეთი აშშ-ისგან „ბოინგის“ ტიპის 200 სამგზავრო თვითმფრინავს შეიძენს, თუმცა აშშ გაცილებით მეტის გაყიდვას გეგმავდა. არის კიდევ ერთი ნიუანსი – „ბოინგებს“ სწორედ ჩინეთში აწარმოებენ და, აქედან გამომდინარე, ჩინელები, ფაქტობრივად, თანხებს საკუთარ წარმოებაში დააბანდებენ.
ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დახურული შეხვედრებისას სი ძინპინმა აშშ არაერთხელ მოიხსენია, როგორც „კოჭლი გიგანტი“.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს ჩინელებმა ირანთან ომის შეწყვეტა და ორმუზის სრუტის გახსნა სთხოვეს, სამშობლოში მიმავალმა თეთრი სახლის ლიდერმა არ გამორიცხა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების განახლება, რადგან მას ირანის მხრიდან წაყენებული პირობები არ მოეწონა. თუმცა, როგორც ტრამპმა განაცხადა, ისინი ბოლომდე არც წაუკითხავს. „ირანის ვალია, უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე. ამის შესახებ მოთხოვნებში არაფერი ეწერა. ამის გარეშე რაზე უნდა ვისაუბროთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სამშვიდობო დარეგულირებისთვის ირანს ხუთპუნქტიანი მოთხოვნები წაუყენა. ამის შესახებ სააგენტო „ფარსი“ იუწყება. მოთხოვნის პირველი პუნქტი ირანიდან 400 კგ გამდიდრებული ურანის გატანა და აშშ-ისთვის გადაცემაა, რასაც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება არ ეთანხმება.
საბედნიეროდ, მკვეთრი მუქარების მიუხედავად, ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ განახლებულა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ზარბაზნებმა დაიქუხონ. თუმცა მხარეები შუამავლების მეშვეობით ეძებენ გამოსავალს. ამჟამად კი ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ შესაძლოა, სამყაროში მიმდინარე მოვლენების კონტურები გამოიკვეთოს.