ბონდო მძინარაშვილი: გამარჯვებას ბევრი დედა ჰყავს, დამარცხებაა ობოლი

ბონდო მძინარაშვილი: გამარჯვებას ბევრი დედა ჰყავს, დამარცხებაა ობოლი

გვესაუბრება საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი: 

_ ბატონო ბონდო, რა ეტაპი დაიწყო ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში 4 ოქტომბრის შემდეგ?
_ უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ ამ დღემ ქართული პოლიტიკის არასრულფასოვნება და პოლიტიკური კლასის შეუმდგარობა გვიჩვენა. სამწუხაროდ, ოპოზიციაში თითქმის არ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები და პარტიები, რომელთაც ქართული სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა გააზრებული აქვთ. არჩევნებისთვის გამოცხადებული ე. წ. ბოიკოტით ქვეყანა 90-იანი წლების დასაწყისში დააბრუნეს. მოგეხსენებათ, 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობდა, რადგან არცერთ არჩევნებს არ აღიარებდა. ლეგიტიმური მხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლება იყო. მათი პროტესტი აბსოლუტურად სამართლიანი იყო. თუმცა ყველა მომდევნო არჩევნებში ამ პროტესტმა გამოიწვია ის, რომ ხალხი, რომელიც მხარს ზვიად გამსახურდიას უჭერდა, ელექტორალურად, ფაქტობრივად, გაქრა და, შესაბამისად, გაქრა ზემოხსენებული პოლიტიკური ძალაც. ეს პარალელი შეიძლება დღევანდელობასთან საუკეთესო არ არის, უბრალოდ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ბოიკოტმა, არჩევნების მიმართ ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ, აღნიშნული პოლიტიკური ძალის გაქრობა გამოიწვია. ეს პოლიტიკოსები წლების განმავლობაში მილევად რეჟიმში გადავიდნენ, შედეგად, აღარც მათი ორგანიზაცია არსებობდა და აღარც ამომრჩეველი. 
სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური კულტურა ვერ ჩამოყალიბდა. თუმცა არსებული ვითარება ცხადჰყოფს, რომ პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება თავიდან უნდა დაიწყოს. ერთი მხრივ, როგორც „ნაცმოძრაობასთან“ მისი დაარსების დღიდან მკვეთრად დაპირისპირებულ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ მისი არცერთი წევრი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე წარმოდგენილი არ იქნება. „ნაცმოძრაობა“ მისი განაყოფებით და პროპაგანდის საშუალებებითურთ, ნებისმიერ ინიციატივას ანადგურებდა, რაც მის დღის წესრიგს არ ერგებოდა. ასე რომ, ბოლო 13 წელია, მმართველ ძალას სერიოზულ რყევებთან გამკლავება უწევს, რაც საერთაშორისო ზეწოლით გამოიხატება. ასეთ პირობებში კი, დემოკრატიული პროცესის წარმართვა და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, რთულია. 
2020 წლის არჩევნებს გაგახსენებთ, რა დროსაც საერთაშორისო ჩარევა გახდა საჭირო, რათა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესულიყვნენ. ანუ, ქვეყნის პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობის კუთხით მოიკოჭლებს. მეტიც, გაგახსენებთ ერთ-ერთ სასტუმროში გამართულ მაშინდელი მოქმედი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის შუამავლობით შედგა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყნის პოლიტიკური კლასი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეები ამერიკის და ევროკავშირის ელჩების გარეშე ერთმანეთთან შეხვედრას და საუბარს ვერ ახერხებენ. ისიც გავიხსენოთ, როცა პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება გაფორმდა, შეხვედრების შუამავალი, ასევე, ამერიკის ელჩი იყო. შეთანხმებას ხელი ამერიკის ელჩის მოადგილის სახლში მოეწერა. ეს ხომ ქვეყნის პოლიტიკური კლასისთვის და მოქალაქეებისთვისაც ძალიან დამამცირებელია. ფაქტობრივად, საქართველოს დირექტორი, გუბერნატორი ამერიკის ელჩი გახლდათ. 
ბოლო სამი წელია, ამ კუთხით, ბევრი რამ შეიცვალა _ მმართველმა პარტიამ დასავლეთიდან მსგავს ზეწოლას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ახლაც, ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვა არამხოლოდ გარე ზეწოლისგან _ საერთაშორისო აქტორებისგან უწევს, არამედ ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და მედიასაშუალებებისგან. ეს კატასტროფაა. 
ვფიქრობ, 300-დღიანმა ფსევდოპროტესტმა, შარშან პარლამენტზე განხორციელებულმა შტურმმა, სახელმწიფოზე თავდასხმამ, ოპოზიციას იმედი მისცა, რომ გარე აქტორების ჩარევის, საქართველოს იზოლაციაში მოქცევის მცდელობის შედეგად, ხელისუფლება ქვეყნის მართვაზე უარს იტყოდა და ძალაუფლებას დათმობდა. მე თუ მკითხავთ, კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ არცერთი წარმომადგენელი პარლამენტში არ შევიდა. როცა 2020 წელს, მიშელის შეთანხმებით საკანონმდებლო ორგანოში შებრძანდნენ, ღირებული რა გააკეთეს, გარდა ჩხუბისა, ყაყანისა თუ ტრიბუნებთან მივარდნისა?! საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა მიიღეს? _ არა, რითაც პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების შესაძლებლობა უკან დაწიეს. 
ამჯერად, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება სერიოზულად განიმტკიცა. რადიკალები და გარე პატრონები ისევ ახმაურდნენ: ხელისუფლება არალეგიტიმურიაო. ერთი რამ კარგად გავიგოთ: ქვეყნის საკანონმდებლო და ადგილობრივ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ბერლინის, პარიზის, ბრიუსელის, ვაშინგტონის, მოსკოვის, თეირანის თუ პეკინის აღიარება არ ანიჭებს. რომელიმე ქვეყანამ მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თუ არა, ლეგიტიმაცია ხელისუფლებას ამით არ ეძლევა. ამის არცოდნა მათი პოლიტიკური უწიგნურობის, უვიცობის, უკულტურობის, უზრდელობის მაჩვენებელია. ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არჩევნებში მონაწილეობით ხალხი ანიჭებს და არა უცხოეთიდან გამოგზავნილი მოსალოცი ბარათები. დიახ, ხელისუფლებაში ის მოდის, ვისაც ქართველი ხალხი მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, მათ ერთადერთი გზა _ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა რჩებოდათ. საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის მხარდაჭერით არის არჩეული. ამიტომ, უცხოეთიდან რა ზეწოლაც უნდა განხორციელდეს, ეს არაფერს შეცვლის. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, რომელიმე სახელმწიფო თავს დაგვესხას. ისინი ძლიერი სახელმწიფოები არიან და ჩვენი მორევა მარტივად შეუძლიათ. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხს არ აგვირჩევია. 
სინამდვილეში, რევოლუციის მოწყობის არავითარი საფუძველი არ არსებობდა და არ არსებობს. ეს ადამიანები ვიღაცამ შეაგულიანა. როცა ხალხს პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ მოუწოდეს, პირდაპირ გასაღების გადაბარებას დაჰპირდნენ. დღეს კი, გაიძახიან: არ ვიცოდით, რა იგეგმებოდაო. ამ დროს ტელევიზიებით პირდაპირ ქვეყნის დამხობაზე საუბრობდნენ. როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ყველამ პროცესებისგან გამიჯვნა გადაწყვიტა, რადგან ამით ხეირი ვერ ნახეს. ზოგადად, გამარჯვებას ბევრი დედა ჰყავს, დამარცხებაა ობოლი. სხვათა შორის, ევროპასა თუ ამერიკაში ვერავინ ამბობს, რომ ათონელზე დემოკრატიული პროცესი მიდიოდა. 
ქართველი ხალხი აგრესიას მხარს არასდროს დაუჭერს. ნაცების მიმართ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს. შედეგად, არასდროს ეყოლებათ იმდენი მხარდამჭერი, რომ ხელისუფლება ისევ ხელში ჩაიგდონ. ამიტომ ხელისუფლებაზე ზეწოლას აგრესიით, ევრობიუროკრატიის დახმარებით ცდილობენ. არც ხალხი უჭერს მხარს და არც გადატრიალების გზით მოსვლის რესურსი გააჩნიათ. 
ამიტომ პარლამენტის გადაწყვეტილება, კოლექტიური ნაცების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს, აბსოლუტურად დროულია. დიახ, ნორმალურ პოლიტიკურ ძალებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, პოლიტიკურ პროცესში პოზიტიური როლი შეასრულონ. ამისთვის საჭიროა, ეს პოლიტიკური ნაგავი გაიხვეტოს. სანამ პოლიტიკური ველი არ გასუფთავდება, რყევებს თავიდან ვერ ავიცილებთ. ნორმალური პოლიტიკური პროცესის შესაქმნელად წინ სამი წელი გვაქვს.
სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ახალგაზრდებიც, რომლებიც ცდილობენ, ამ პოლიტიკური ბანდიტების შექმნილ ფუნდამენტზე თავიანთი პოლიტიკური კარიერა ააშენონ, უფსკრულში იჩეხებიან. ეს ახალგაზრდები ვერ იაზრებენ, რომ ამ ბანდიტებთან ერთად სასიკეთოს ვერაფერს შექმნიან. ჩვენ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გვჭირდება. ქვეყნის მოსახლეობა გაცილებით გონიერია, ვიდრე პოლიტიკური კლასი და მედიაკლასტერი. რასაც მათი მხრიდან ვუყურებთ, ეს ქვეყნის სიყვარულით კი არ არის ნაკარნახევი, არამედ დიდი ფულის სიყვარულით. აქ ქვეყნის ინტერესები იკარგება. არადა, სამშობლოზეა ლაპარაკი. 
ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, აქ ცხოვრება გვინდა. საქართველო ჩვენი სამშობლოა. ჩვენ არ გვჭირდება პატრონი ბრიუსელიდან, ჩვენი სამშობლოს პატრონები თავად უნდა ვიყოთ. ნაცებსა და მის დანაყოფებს სამშობლოს განცდა არ აქვთ. ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა იყვნენ, რომელთაც მავნებლობის გარდა, სხვა არაფრის კეთება შეუძლიათ. ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს და ახალმა ოპოზიციურმა ძალებმა, მმართველ პარტიასთან ერთად, ქვეყანა 2028 წლამდე მშვიდობიანად მიიყვანონ. დაე, მერე ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ აირჩიონ. საქართველოში გადატრიალებები აღარ მოხდება 
_ ბატონო ბონდო, ბოლო დროს ხელისუფლებამ კანონები გაამკაცრა... 
_ კანონების გამკაცრება აუცილებელი იყო, რადგან ადმინისტრაციულმა ჯარიმებმა შედეგი ბოლომდე ვერ გამოიღო. ბევრი ადამიანი, ვინც დაჯარიმდა, არანაირ ქონებას არ ფლობს. ეს ადამიანები ცალკეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა გამოიყენეს და ახლა ჯარიმებს ვერ იხდიან. ხელისუფლებამ გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებით სწორი ნაბიჯი გადადგა. შედეგად, რიგმა რადიკალურმა ჯგუფებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ამ პროცესში აღარ ჩაერთონ და მოსახლეობაში საკუთარი აზრის ჩასანერგად სხვა მექანიზმები გამოიგონონ. კანონდამრღვევები ნელ-ნელა გონს მოეგებიან. კანონის სუსხს მალე იგრძნობენ. 
ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მსოფლიოში არ მოიძებნება დედაქალაქი, სადაც ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი პროსპექტი გადაკეტილი იქნება. რუსთაველის გამზირზე ხალხი ცხოვრობს და მათ ნორმალური ცხოვრების პირობები მოუსპეს, სახლში ვერ მიდიან. თან რას ითხოვენ მომიტინგეები? _ მოძალადე კანონდამრღვევების გამოშვებას. იმ ადამიანის გამოშვების გამო, პოლიციელს რომ წვავდა, ქუჩის გადაკეტვა როგორ შეიძლება?! ხელისუფლების გონიერება სწორედ გონივრულ მოქმედებაშია, თორემ მაგათ იქიდან გაყრას არაფერი უნდა. ძალადობრივი მოქმედება სასურველ შედეგს არ მოიტანს. რუსთველის პროსპექტი გაიწმინდება, ეს დრო შორს არ არის. 
_ ბოლოს, მინდა პროკურატურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე გკითხოთ. როგორც გავიგეთ, ყოფილი მაღალჩინოსნების ბინებში ჩხრეკები ჩატარდა. რა მოლოდინი გაქვთ?
_ მნიშვნელოვანი ის არის, რომ განცხადება გენერალურმა პროკურორმა გააკეთა და არა ვინმე სხვამ. ეს ნიშნავს, რომ საქმე ძალიან სერიოზულად არის. წარმოუდგენელია, არგუმენტების, მყარი მტკიცებულებების არარსებობის გარეშე, გენპროკურორს ასეთი განცხადება გაეკეთებინა. დავაკვირდეთ, როცა შსს-ს ან სუს-ის წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს, ინიციალებს ასახელებს, ამჯერად კი გვარ-სახელები დასახელდა. როცა უკვე ბრალდებაა წარდგენილი, პირის ვინაობის დასახელების უფლება მხოლოდ პროკურორს აქვს. მან მაღალი თანამდებობის პირები დაასახელა. 
უახლოეს დღეებში ბევრი რამ ცნობილი გახდება. ის, რომ კონკრეტულ საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ კონკრეტულ ბრალდებაზე, დანაშაულზე თავად გენპროკურორი საუბრობს, სერიოზული შეშფოთების საფუძველია. მეორე მხრივ, ის, რომ ხელისუფლება, სამართალდამცავი სისტემა, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივ ქმედებებზე რეაგირებს, ამერიკული, ევროპული სტანდარტია. თუ დამნაშავეა, იმის გამო, რომ შენი ხელისუფლების წევრი იყო, მას ინდულგენცია არ უნდა ჰქონდეს. დემოკრატიის ერთ-ერთი თვისებაა, რომ ყოფილი თანაგუნდელის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხელს არ აფარებ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

თამარ შველიძე