ღობე

ღობე

პოლიტიკური ნოველა

იდგა ღობე თავისთვის, რაც დაიბადა, ხმა არ ამოუღია, იშვიათად თუ გადაულაპარაკებდა ალაყაფსა და საყრდენ ბოძს. განა არაფერი აინტერესებდა? ბარემაც ყველაფერი აინტერესებდა, მაგრამ იცოდა, არავინ არაფერს ეტყოდა, მხრებს აიჩეჩავდნენ და დაბნეულები გაშორდებოდნენ. ალაყაფისა შურდა, ყველა მას აღებდა და ხურავდა, უმეტესად, ცნობილი ადამიანები ეხებოდნენ და ისიც საამურად ჭრიალებდა. ერთხანობას ქალი შედიოდა და გამოდიოდა ყოველდღე, დილა-საღამოს, ხან დღეში ცხრაჯერ. რამდენიმეჯერ გასასვლელში ღობის კიდეს ფეხი წამოჰკრა, გეგონება, მთვრალიაო, ალაყაფს კი არა, ღობეს მიაფურთხა. სულ უჟმურ ხასიათზე იყო, ღობე არყის სუნსაც გრძნობდა, მაგრამ ხომ ვერაფერს იტყოდა? თუ ქალს მოეპრიანებოდა, რკინის ღობეს ჯართში ჩააბარებინებდა და ქვიტკირისას ააშენებინებდა. რა, არ დაუჯერებდნენ? ჰმ... არ დაუჯერებდნენ და კაი ჩიტსაც დაიჭერდნენ, არყის „რუმკას“ ხან კედელზე შეახეთქებდა, ხან ღობეზე. როცა ქალი სასახლეში პირველად გამოჩნდა, ალაყაფმა გადაუღრჭიალა, ეგ პრეზიდენტიაო. შეკრთა ღობე, მანამდე აქ პრეზიდენტი არასდროს უნახავს. საყრდენმა ბოძმა უთხრა, წესით, მაგის წინა პრეზიდენტიც აქ უნდა მოსულიყო, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა და ისევ იქ დარჩა, დიდ სასახლეშიო. ისე, ეგეც მაგარი ლოთი ყოფილა, თურმე მთელი სასახლე არყით იყო აქოთებულიო. ეხლა რო კაცია, ეგ როგორია, ეგეცა ჰყლურწამს არაყსაო? - ჩაეკითხა ღობე. არა, ეს წესიერია, თანაც სპორტსმენი ყოფილა, ბურთს აგორავებდა ფეხით, ალკოჰოლს ვერ იტანსო, - მიუგო საყრდენმა ბოძმა. კიდევ კარგიო, - ჩაილაპარაკა ღობემ. მერე, მაგაში რა არის კარგიო? - დაინტერესდა ბოძი. როგორ თუ რა არიო? გამცვითა მაგ ქალის ხახუნმა, ვერ ხედავ, ხელახლა შესაღები რომ ვარო? - მიუგო ცალყბად ღობემ. 
ირგვლივ ხმა გავარდა, მოდიანო. საყრდენმა ბოძებმა ჟღრიამული ატეხეს, აქციის მონაწილეები მოდიან, ჯერ ჩვენ უნდა აგვიღონ, მერე სასახლეო. 
- ერიჰაააა,ჩვენ რა უნდა ვქნათ? - ჩაილაპარაკა შეშფოთებულმა ღობემ. 
- რა უნდა ვქნათ და მაგრად დავდგეთ! - გაიღრჭიალა ალაყაფმა. 
- არა, მე არ შემიძლია მაგრად დგომა, გამიგონია, ეგენი წიხლებს ირტყმევინებიან და თან ქვებიც დააქვთო, როგორც კი მოვლენ, გადავწვები და გავატარებ, სასახლეში სპეცრაზმელები შევიდნენ, მაგათ მიხედონ! - გააპროტესტა ღობემ. 
- ეგ ღალატი იქნება! - გაიღრჭიალა ისევ კარმა. 
- მე თუ დავწექი, შენც ვეღარ გაუმაგრდები გავეშებულ ბრბოს, ღალატს არ ვაპირებ, მე ჯერ დავწვები, მერე ავდგები და ამბოხებულებს ეზოში მოვამწყვდევ, ჩემი ტაქტიკა მაქვს, გესმის?
- ჰოოო... მაშინ მეც გავიღები და მერე დავიკეტები, - გაიცინა კარმა.
- ეგრეც უნდა მოვიქცეთ, ესენი არც ერთი არ უნდა გავუშვათ გარეთ, ყველას დააპატიმრებენ და მერე ვეღარავინ შეგვაწუხებს, - თქვა გადაჭრით ღობემ. 
- სულ მქონდა ეჭვი, რომ შენ გენიოსი იყავი, მაგრამ ახლა ბოძებს უნდა ვთხოვოთ, რომ ეგენიც დაწვნენ. 
- მაგაზე არ იდარდო, ვიცი მაგათი შესაძლებლობები, ვგრძნობ, უკვე როგორ ყანყალებენ.
- ეგ მეც შემიმჩნევია, როცა მაგრად მიმაჯახუნებენ ხოლმე, - ჩაიქნია ურდული ალაყაფმა.
შებინდებისას მოვიდნენ. წინ დროშაშემოხვეული კაცი მოუძღვოდათ. ყვიროდნენ, გაუგებარ ბგერებს გამოსცემდნენ. გასაღები გადმოგვეცითო. თუ არ გადმოგვცემთ, ინანებთო, დაგლეწავთ და გაგანადგურებთო. მეორე კაცი ნამეტნავად აბრიალებდა თვალებსა - ჩვენ აქ კაცური ძალებით მოვედით, მშვიდობიანად უნდა დაგამხოთო. 
- მშვიდობიანი დამხობა როგორია? - ჰკითხა ალაყაფმა ღობეს.
- არ ვიცი, ღმერთმანი, წიგნებში სულ სხვანაირი დამხობებია აღწერილი, მშვიდობიანი არ გამიგია, - გადაუჩურჩულა ღობემ.
მშვიდობიანადაც დაგამხობთ და ალერსიანადაცო, განაცხადა დროშაშემოხვეულმა კაცმა და ღობეს დაეჯაჯგურა. ღობემ ჯერ უკან დაიხია, შექანდა და შემდეგ გადმოქანდა. დროშაშემოხვეული კაცი სახტად დარჩა, ღობისგან წინააღმდეგობას არ ელოდა. მას თვალებდაჭყეტილი კაცი ამოუდგა გვერდით, წიხლი გაიქნია და დაიღრიალა, ამათთან ალერსიანი დამხობა არ გამოდისო. ღობე შეტორტმანდა, ალაყაფს გახედა, რამდენიმე ველურს ხელები ჩაევლო და აქეთ-იქით აქანავებდა. ალაყაფი საცოდავად ჭრიალებდა, თავის ენაზე იძახდა, თავი დამანებეთო, მაგრამ მისი არავის ესმოდა. დროშაშემოხვეულსა და თვალებდაჭყეტილს უკნიდან ბრბო მოაწყდა. მეორე მხრიდან ღობეს სპეცრაზმელები მოადგნენ, ჯერ ღობის შეკავებას ცდილობდნენ, მაგრამ როცა ვერაფერი გააწყეს, ჯიბეებიდან წიწაკის სპრეიანი ბალონები ამოიღეს და პირველ რიგში მყოფებს შეასხურეს. დროშაშემოხვეულმა კაცმა უკან გადაიწია და სადღაც მოძუძგა. ღობემ მოგვიანებით გაიგო, რომ თურმე ოპერის მომღერალი ყოფილა და ახლა კიდევ რევოლუციონრობა დაუწყია. ავმა ენებმა ისიც უთხრეს, მაგას ფულები შამააკლდა და ამიტომაც არის ეგრე გაცოფებულიო. ის მეორე კიდევ, თვალებს რომ ქაჩავდა, ეგა, ყოფილი გენპროკურორიაო. ღობემ შეიცხადა, არც ერთი არ მეცნობა, ეტყობა აქეთ არასდროს ჩაუვლიათო. 
ღობემ ვეღარ გაუძლო მიწოლას და გადაყირავდა. მოჯაჯგურეები ადგილზე გაშეშდნენ, სასახლისკენ წასვლა და შენობის აღება ვეღარ გაბედეს. ისინი გაოგნდნენ, ღობე ასე იოლად არ უნდა აყირავებულიყო. კი, ბატონო, საყრდენი ბოძები ყანყალებდნენ, მაგრამ ღობეს თავი მაინც უნდა შეეკავებინა. ეს პროვოკაციააო, დასჭექა ერთმა, ტუჩები ყურებამდე რომ გადასჩაჩვოდა და უკან გადახტა. დიახ, პროვოკაციააო, ამათ უნდათ, სასახლეში შეგვიტყუონ და დაგვატუსაღონო, - შეჰღრინა მეორემ, აირწინაღი რომ ეკეთა თავ-პირზე. 
- რა ვქნათ, წამოვდგეთ? - გასძახა ღობემ ალაყაფს, რომელსაც ისევ წამდაუწუმ აჭრიალებდნენ.
- წამოვდგეთ და გამოვეკიდოთ, ამ დედააფეთქებულებს! - გამოსძახა ალაყაფმა და ერთ მომხდურს პანჩური ამოარტყა. 
ღობე წამოდგა, მხრებში გასწორდა, კისერი მიატრიალ-მოატრიალა და ბრბოს შეუტია. რევოლუციონრები დაიბნენ, ღობისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. არიქა, ბიჭებო, მოგვდევენო, გადასძახეს ერთმანეთს და აღმართზე მოჰკურცხლეს. მისდევს ღობე გაქცეულებს და თან ფიქრობს, როდემდე უნდა სდიოს? 
- ალაყაფო, ხომ არ შევეშვათ და უკან დავბრუნდეთ? - გადასძახა ღობემ ალაყაფს და ცოტა სვლა შეანელა.
- პარლამენტის შენობასთან მივრეკოთ და შევეშვათ, ამ მუდრეგებს საერთოდ ჩავქოლავდი, მაგრამ არაქათი გამომეცალა! - დაიღრჭიალა ალაყაფმა.
ღობემ კიდევ ერთ ჩამორჩენილს ამოარტყა პანჩური და წინ ხბოსავით გაიგდო. თან შეეცოდა, ამას რა რევოლუცია უნდა მოეხდინა? ეტყობა, ვიღაცამ გააბრიყვაო, გაიფიქრა და მეორედ პანჩური აღარ ამოარტყა. ერთი შეჩერდა, ჩაიმუხლა და ღობეს შეჰღაღადა, - რათ მოგვდევ, ღობევ, შენ რაღა დაგიშავეთო? ჩვენ მხარეს რად არ გადმოხველო? - ამ დროს ალაყაფმა ბოქლომი მოიქნია და თავში იმას მოხვდა, რომელიც ღობის გადაბირებას ცდილობდა.
ღობე და ალაყაფი ადგილზე დაბრუნდნენ. ორგვლივ აღარავინ იყო, რევოლუციონრები იქიდან გაძურწულიყვნენ. მოგვიანებით ისინი ტელევიზორში ყვებოდნენ, როგორ გამოეკიდნენ მათ ღობე და ალაყაფი. ზოგი ყვებოდა, რომ ბუშტები და ყვავილები მიჰქონდა პრეზიდენტის სასახლესთან და ღობე გამოეკიდა. ზოგი ამტკიცებდა, რომ პროვოკაციების აღსაკვეთად მივიდა და ღობემ მაინც წამოაგო პროვოკაციაზე, ის, წესით, დაბმული უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცამ აუშვა. თვითონ ღობე ამტკიცებს, რომ დაბმული იყო, მაგრამ ისე გამწარდა, თავხედებს იქით გამოეკიდა და კიდევ თუ მიადგებიან, კვლავაც გამოეკიდება. ალაყაფმა ღობეს კვერი დაუკრა, სწორედაც რომ ეგრე იქნება, მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელიაო. 
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ვისაც ღობე გამოეკიდა, ამ ეტაპზე თითქმის ყველა დაპატიმრებულია და თქვენ წარმოიდგინეთ, ღობე არ ნანობს. 

ნოველა რეალურ ფაქტებზე 
დაყრდნობით დაწერა 
გელა ზედელაშვილმა