ბაღათერ არაბული: „ილიაუნი“ სტუდენტებს აქტივისტებად ზრდის
გვესაუბრება საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, პოეტი ბაღათერ არაბული:
_ ბატონო ბაღათერ, რას მიეცით ხმა ოთხ ოქტომბერს?
_ ბუნებრივია, არჩევნებზე მისულმა, ხმა მშვიდობას, კეთილდღეობას, პროგრესს, განვითარებას, ქვეყნის მომავალს მივეცი. მიხარია, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ სწორედ ეს არჩევანი გააკეთა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. ოთხ ოქტომბერს ხალხმა სწორედ ქვეყნის გამარჯვებას დაუჭირა მხარი.
_ ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მეორე ნაწილი კი ქუჩაში შეიკრიბა და პროცესების ესკალაციას შეეცადა.
_ დესტრუქციული, ქუჩური პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. ახლო წარსულიდან ვიცით, რა მოგვიტანა გაუთავებელმა დაპირისპირებამ და ომებმა. დღეს ქვეყანას, იქნება ეს არჩევნებში მონაწილე, თუ რევოლუციის მომხრე, ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ვფიქრობ, კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა აუცილებლია. როცა ამერიკაში ორი პარტიიდან _ რესპუბლიკელები და დემოკრატები _ ერთ-ერთი იმარჯვებს, დამარცხებული პარტია შეცდომებს იაზრებს, რა უნდა გააკეთოს, რათა ამომრჩევლის მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს. ჩვენთან, ფაქტობრივად, ოპოზიციურმა პარტიებმა თავი დაისამარეს. ხალხს რევოლუცია, გადატრიალებები და „ნაცმოძრაობის“ ხელისფლებაში მობრუნება აღარ სურს. ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას და არა სამოქალაქო ომს, 90-იანებში დაბრუნებას. ამ არჩევნებმა გამოკვეთა, რომ კოლექტიური ნაცების მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდა. ღმერთმა დაგვიფაროს ამ მტრული ძალის ქვეყნის სათავეში მოსვლისგან. დააკვირდით, ჯერ არჩევნები დასრულებული არ იყო, ნაცები კი უკვე შურისძიების წყურვილით სავსე იყვნენ. თვითმმართველობის არჩევნებში არაერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი კონსტრუქციულად ფიქრობს.
_ რა უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციის მთავარი პრიორიტეტები?
_ ჯანსაღი ოპოზიცია სახელისუფლებო პარტიის დამხობაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ ისეთი პრობლემების წინ წამოწევაზე, რაც მოსახლეობას მათკენ შემოაბრუნებდა. არცერთი ოპოზიციური პარტიისგან, რომელიც არჩევნებში მონაწლეობდა, არ მომისმენია მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა. გვესმოდა მხოლოდ შემდეგი მოწოდებები _ ხელისუფლება არ ვარგა და ჩვენ უნდა აგვირჩიოთო, მაგრამ რატომ უნდა გაგვეკეთებინა მათზე არჩევანი, არავის უთქვამს. არადა, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი: დემოგრაფიული, მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება, უმუშევრობა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის არარსებობა, „მთის პრობლემა“ თუ სხვა.
მაგალითად, ხევსურეთი, ფაქტობრივად, მოსახლეობისგან დაცლილია. მოხუცების მეტი იქ აღარავინ არის, სკოლები დახურვის პირას არის. ჩემს ბავშვობაში ბარისახოს სკოლაში სამასზე მეტი ბავშვი სწავლობდა, დღეს 50-მდე ბავშვი სწავლობს. შატილში სკოლაში მხოლოდ შვიდი ბავშვი დადის. ეს ნიშნავს, რომ იქ ახალგაზრდა ოჯახები აღარ არსებობენ, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ, რომლებიც თავიანთ შვილებს ქალაქში არ გამოჰყვნენ. ამ სოფლებს სწორედ ისინი აცოცხლებენ. ამ პრობლემაზე, თუ როგორ გავზარდოთ სოფლებში მოსახლეობა ოპოზიცია საერთოდ არ საუბრობს. რუსეთში, სადაც 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სამ შვილზე მეტის შეძენის შემთხვევაში, ოჯახს გრძელვადიანი, უპროცენტო საბანკო სესხის აღება შეუძლია. საქართველოში დღეს ორ მილიონ ხუთასი ათას ქართველზე მეტი არ ვართ დარჩენილი და ამ დროს დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი კეთდება. გსმენიათ ამ პრობლემებზე რომელიმე პარტიისგან ერთი სიტყვა მაინც?! ამას წინათ წინასაარჩევნო დებატებს ვადევნებდი თვალს, არცერთ ოპოზიციონერ კანდიდატს გეგმებზე არ უსაუბრია, მხოლოდ იმას ამბობდნენ: მე ვჯობივარ და უნდა ამირჩიოთო _ იდგნენ და ერთმანეთს ლანძღავდნენ. ხოლო ვინც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ისინი ხალხს კი არ ელაპარაკებოდნენ, უცხოეთში დარბოდნენ, არიქა, გვიშველეთ, დაგვასანქცირეთ, უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეთო. ესაა ოპოზიციაა?! ეს მტრობა, ღალატია.
სამწუხაროდ, ოპოზიცია ხალხს ხელშესახებს ვერაფერს სთავაზობს. ერთადერთი კონსტრუქციული ოპოზიციურ პარტიად „კონსერვატორები“ მესახება, რომელიც „ქართული ოცნების“ მსგავსად, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საფრთხეებს იაზრებს და საქართველოს გადარჩენაზე ფიქრობს. „კონსერვატორები“ საქართველოს გადარჩენას, ეკონომიკის, დემოგრაფიის, სოციალური პირობების გაუმჯობესებას რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ფონზე ხედავენ.
_ რაც შეეხება ევროკავშირს, მასთან ურთიერთობის დალაგება როგორ გესახებათ?
_ დასავლეთს თავისი გასჭირვებია. დააკვირდით, რა ხდება ევროპაში: საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში. მათ ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული კუთხით უზარმაზარი პრობლემები აქვთ. უბრალო მაგალითი ავიღოთ, სპორტული შეჯიბრებების დროს საფრანგეთის გუნდში ფრანგს ვერ ნახავთ, სულ აფრიკელები და სხვა ერებისს წარმომადგენლები არიან. ასეთი დემოგრაფიული კატასტროფა გველოდება ჩვენც, თუ ამ პრობლემას დროულად არ მივხედავთ. უცხოტომელების საქართველოში მასობრივ შემოდინებაზეც უნდა დავფიქრდეთ. ჩვენი მოსახლეობა როგორმე ადგილებზე უნდა დავამაგროთ, თორემ დაცლილ ტერიტორიებზე არაბები სახლდებიან. მერე მათი აქედან გაშვება დიდი პრობლემა იქნება. ამაზე პოზიციამაც უნდა იფიქროს და ოპოზიციამაც.
დღეის მდგომარეობით „ქართული ოცნება“ ერთადერთი უმთავრესი პარტიაა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს. ასე რომ, ასეთი დიდი პროცენტული გამარჯვება გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ, ამავე დროს, პარლამენტში კონსტრუქციულად მოაზროვნე ოპოზიციაც უნდა იყოს. ორივე ერთად, ურთიერთშეთანხმებით უკეთ შეძლებენ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას როგორც სოფლად, ისე ქალაქად. ოპონირება სჭირდება ხელისფლებასაც და მოსახლეობასაც, რადგან ჯანსაღი აზროვნების გარეშე, ქართული პოლიტიკა ვერ გადარჩება. საქართველოს მხოლოდ ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გადაარჩენენ.
_ ბატონო ბაღათერ, არჩევნებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარე ძალები რიგ უნივერსიტეტებს რადიკალური პროცესების მოსაწყობად აფინანსებენ.
_ დიახ, არჩევნების წინა დღეებში გასაჯაროვდა სქემა, როგორ ხდებოდა ახალგაზრდების გადამზადება ოთხი ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს ქსელი არსებობს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც სააკაშვილის დედას გიული ალასანიას ეკუთვნის, რომელსაც შვილმა ეს შენობები ერთ ლარად მიჰყიდა. მეც ეს უნივერსიტეტი დავამთავრე. სადაც ახლა ადმინისტაციული შენობაა, მის უკან უზარმაზარი სტადიონი არსებობდა. ალასანიამ სტადიონი და ცარიელი ტერიტორიები სამშენებლო საქმიანობისთვის გამოიყენა, იქ კორპუსები ააშენა, ზოგი გაყიდა და ამის ხარჯზე მილიონერი გახდა. ამ კორპუსებს ფრანკლინისა და სხვა კლუბებზე აქირავებს, სადაც სტუდენტების გადამზადება მიმდინარეობს. იქ ასწავლიან სროლას, ასევე, ასწავლიან, რომ ტერორიზმი თურმე კეთილშობილური საქმეა. დიახ, თუ ხელისუფლებას ებრძვი და ტერორისტი ხარ, თურმე წმინდა საქმეს ემსახურები. ამიტომაც ალასანიას არაკანონიერად _ ერთ ლარად მიტაცებული ქონებები უნდა ჩამოერთვას, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. მას სრული უფლება აქვს ის ბუდე, სადაც ამ ახალგაზრდების გონების არევა ხდებოდა და მათ ეუბნებოდნენ, რომ ტერორისტობა, საქართველოს ხელისუფლების დამხობა თურმე გმირობა, წმინდა საქმე ყოფილა, მოშალოს.
მივმართავ განათლების სამინისტროს, მოახდინოს უნივერსიტეტების სრული დეპოლიტიზირება. დაუშვებელია სტუდენტების პოლიტიკური იდეოლოგიზება, რასაც „ილიაუნში“ აქვს ადგილი. გავიხსენოთ, ასე გადამზადებულმა, ფრანკლინის კლუბში დატრენინგებულმა ახალგაზრდების აგრესიულმა ჯგუფმა კობახიძე უნივერსიტეტში არ შეუშვა, რაც დაუშვებელია. განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტების ხელმძღვანელების არჩევისას მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს. მაგალითად, „ილიაუნი“ დღეს ლიბერასტული იდეოლოგიის ერთ-ერთი კერაა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ვინც მიტინგებზე დგას, სწორედ „ილიაუნში“ არიან გამოზრდილები. მათ რაც ჩაუნერგეს, ისე იქცევიან. ეს ლექტორების დანაშაულია. ასეთ ლექტორებს დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეთ და ბავშვებთან მუშაობა აეკრძალოთ. ამ დროს არაერთი პატიოსანი ლექტორი სახლში ზის, თუთბერიძის მსგავსი ლექტორები კი თავს პროფესორობით იწონებენ და ბავშვებს გონებას უწამლავენ. ასევე, ალასანიას დანიშნული ლექტორები წმინდა წყლის პროპაგანდისტები, დესტრუქციული, ფაშისტური იდეოლოგიის დამნერგავები არიან. ახალგაზრდებს პოლიტიკურ-იდეოლოგური „გაკვეთილების“ ნაცვლად, სწორი განათლების მიღების საშუალება უნდა მივცეთ. ახალგაზრდები უნივერსიტეტებს აბსოლუტურად უცოდინრები ტოვებენ. იქიდან მხოლოდ აქტივისტებად იჩეკებიან, ეგ არის და ეგ. იმედია, ხელისუფლებაც, განათლების სამინისტროც ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ, რომ სასწავლებლების ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლექტორებისგან გასუფთავება მოხდეს, რათა ჯანსაღი, განათლებული თაობა აღვზარდოთ.
_ ნჯო-ები, როგორც ამომრჩევლები, არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდნენ. ისინი სრულიად დემოკრატიის მიღმა გავიდნენ.
_ ეს ნჯო-ები დემოკრატიის მიღმა უკვე დიდი ხანია, გასული არიან. ისინი საკუთარ მოვალეობას კი არ ასრულებენ, არამედ პოლიტიკურ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ და ოპოზიციური პარტიების იდეოლოგიის მხარდამჭერები გახდნენ. ამ ნჯო-ებმა საკუთარი თავი დიდი ხანია, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების მიღმა დააყენეს. მხოლოდ თავიანთი დამკვეთების მითითებებით მუშაობენ. ასეთი ნჯო-ები უნდა დაიხუროს. ასევე, უნდა აიკრძალოს სოროსის ფონდიც. აშშ-ში სოროსის საქმე გამოძიებას გადაეცა და მალე დაიხურება კიდეც. საქართველოში წლებია, ეს ფონდი ახალგაზრდებს ანტისახელმწიფებრივად მოაზროვნე, ლიბერასტული იდეოლოგიით ზრდის, რაც ქვეყნისთვის საზიანო, პოლიტიკური ცხოვრებისთვის კი მიუღებელია.
თამარ შველიძე

