გალიაში ბულბულები კი არა...

გალიაში ბულბულები კი არა...

მამუკა ხაზარაძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა. მან უარი თქვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლასა და ახსნა-განმარტებების მიცემაზე. არადა, მიხეილ სააკაშვილის ხროვის მიერ დაზარალებული ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ მას ადებს ხელს. ისინი დეტალურად ყვებიან, როგორ აიძლებდნენ ქონების ჩადებას ღამის 3 საათზე და როგორ აღებინებდნენ დიდი რაოდენობით სესხებს ხაზარაძის ბანკიდან, ხოლო შემდეგ როგორ გადადიოდა იგივე ქონება მისივე ბანკის ხელში. სქემა სტანდარტული იყო - ყველას მილიონებს `ახევდნენ~, საპყრობილეში უშვებდნენ და აწამებდნენ. 
მამუკა ხაზარაძემ თავიდანვე უარი თქვა თეა წულუკიანის წინაშე `აღსარების~ თქმაზე - მე არც მთავრობას ვცნობ, არც პარლამენტს და არც მის კომისიასო. თუმცა სასამართლოს მიერ დასკისრებული 50 ათასი ლარი გადაიხადა, იმ ეტაპზე ვერ გარისკა ციხეში წასვლა. როგორც ჩანს, `ბოსებმა~ ურჩიეს, ბოლომდე მიაწექ, დღევანდელი ციხე კურორტი უფროა, ვიდრე დამსჯელი უწყებაო. ეტყობა, თან ისიც დაიჯერა, ციხეში ყვავები კი არა, მხოლოდ ბულბულები ზიანო. მართალია, ირაკლი ოქრუაშვილი, გირჩი ჯაფარიძე, ნიკანორ მელია და ნიკუტა გვარამია არწივები არიან, მაგრამ თავიანთი ჰუმანურობით მაინც ბულბულებს ჰგვანან. 
მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო? მიუსაჯეს და მიუსაჯეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე. სხვათა შორის, ეს კანონი წინა ხელისუფლების მიღებული გახლავთ, ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააბრალებენ. უი, ვერ დააბრალებენო? აგერ, უცებ გამოვარდა გრიშა გეგელია და რას ჰქვია, `მამაჩემ~ მამუკას აციმბირებთო? ამას როგორ გვიბედავთ ეროვნულ მოღვაწეებსო? გრიშამ ბიძინას სულ ნაძირალა ეძახა და ლამის თარიღიც კი დაასახელა, როცა ამ ხელისუფლებას დაამხობს. ბადრი ჯაფარიძე უფრო `მოზომილი~ აღმოჩნდა, რადგან, ალბათ, შემდეგი ეგ იქნება - ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ, ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა, მაგრამ არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებსო.
გაიგონეთ?
ბადრი ჯაფარიძემ `დაგვამშვიდა~, სულაც ერთი ადგილით რომ დაგვკიდონ ლეღვის ტოტზე, მაინც არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს და თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებსო. თქვენი არ ვიცი და... მე კი შვებით ამოვისუნთქე, ვფიქრობდი, ესენი თუ გაანეიტრალეს, რაა მამული, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველებმა რანაირადღა უნდა ვირბინოთ-მეთქი?  
ჭიჭე ვაშაძემ, როგორც `ალღოიანმა~ პოლიტიკოსმა, ეგრევე ამოხსნა მოვლენის არსი - რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს, ძლიერი რომ იყოს, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ახალგაზრდებს ციხეში ჩასვამდაო? არააა, როცა ხელისუფლება ძლიერია, ის ციხეში არავის სვამს და საერთოდ, ძლიერ ხელისუფლებას ციხე რაში სჭირდება? აბა, მიშას ჰქონდა? არ ჰქონდა, რაც მაშინ იყო, ის ციხე კი არა, გამოქვაბული იყო.
ფიქრია ჩიხრაძე არც კი აღელვებულა, ეს განაჩენი მოულოდნელი არ იყო, ეს არაფერს ცვლის, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლასო. მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებისთვის საპატიმროებიდან ყველაზე მძლავრი და ძლიერი საპროტესტო ხმა გაისმება. მაინც რას ნიშნავს გამოცდილება და პოლიტიკური სტაჟი, ხედავთ? როგორც ფიქრია ამბობს, საპატიმროებიდან უფრო მძლავრი გუგუნი ამოვარდება და ეს გუგუნი გაათავისუფლებს საქართველოს. დიახ, რაც აქამდე საპატიმროებიდან ისმოდა, ეს იყო უბრალოდ რაკუნი, ახლა იქნება მრისხანე გუგუნი და ამ გუგუნის ავტორი იქნება მამუკა ხაზარაძე. იცით, როცა ეგეთ მაღალფარდოვან განცხადებებს ვისმენ, სულ ცხონებული გივი ბერიკაშვილი მახსენდება ხოლმე იმ ფილმიდან, `სიყვარული ყველას რომ უნდა~, - ვაახ, კაცოოო, ნეტავ, როგორ მაიგონებენ ხოლმე ეგეთ რამეებსა?!
რავი, აი, თაზო დათუნაშვილმა (თუ დათო თაზუნაშვილმა) ძაან მძიმე მომავალი იწინასწარმეტყველა, - ხალხო, ახლა რასაც გიკეთებენ, ეს მამუკა ხაზარაძის დასჯა კი არა, დემონსტრირებაა, რომ აბსოლუტურად ყველას შეეხებიან, ვინც აზრს გამოხატავს, ყველა დაისჯებაო. როგორ ყველა? ეგ როგორ იქნება? აშკარად აჭარბებს თაზუნაშვილი. იქნებ არც აჭარბებს და გული უგრძნობს? მამუკა ხაზარაძის პარტიაში ხომ სულ წინასწარმეტყველები მოღვაწეობენ? ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მამუკა მალე დაიქუხებს საპატიმროდან. თან არ დაგავიწყდეთ, სოფო ჯაფარიძეც გამოჩნდა ასპარეზზე (ამ ბოლო დროს აღარ ჩანდა), მან თავისი ხავერდოვანი ხმით და ვინიტუ ინჩუჩუნას ქალიშვილის გამომეტყველებით განაცხადა, რომ როცა ოპოზიციას ასეთი მედგარი ლიდერები ჰყავს, ვერ გატეხენ, უკან ვერ დაახევინებენ, ბრძოლაზე ხელს ვერ ააღებინებენ. 
მამუკა ხაზარაძე განაჩენის გამოცხადებისას სასამართლოს დარბაზში არ იმყოფებოდა, თავისი დაპატიმრების შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და ეგრევე გამართა ბრიფინგი: ვისაც ბიძინა შეაშინებს, იმის დედა ვატირე მეო!
ნუ, ახლა მამუკას შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა და აბა, ბიძინა რანაირად შეაშინებს? შემდეგ ისაო, ზურასაც, ნიკასაც და ნიკასაც (ორივე ნიკასო), ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ თბილისის დაბრუნება შეგვიძლია, თუ ყველა გამოვალთ, ახლა სახლში ჯდომა, ხელების და ყურების ჩამოყრა დანაშაულიაო! ეს უნდა ივანიშვილსო! იცით, ამან ეგეთი რაღაცა ადრეც `წამააწვინა~ და შენიშვნა მივეცი, მაგრამ აშკარაა, ვერ გაიგო. კაცო, რომ ამბობს, თბილისი უნდა დავიბრუნოთო, ამისი როდის იყო? რა, იყო და წაართვეს? თან ახლა უყურეთ, 3 თვეში ადგილობრივი არჩევნებია, ამ ჯეელებს 7-7 თვე მიესაჯათ და იანვრის ჩათვლით სოიოს ფაფა უნდა ჭამონ, რომელი თბილისი უნდა დაიბრუნონ? უი, სულ დამავიწყდა, ამან ხომ გრიშა გეგელია, ბუა საბაძე, დათო თაზუნაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე გარეთ დატოვა? აი, რას ნიშნავს, როცა პარტიაში ამდენი გავლენიანი ფიგურა გყავს... შეგიძლია, თამამად წახვიდე ციხეში, წამოწვე `კოიკაზე~ და ჭამო არა მხოლოდ სოიოს ფაფა, მანის ფაფაც კი. 
აბა, გამოიცანით, კიდევ ვინ გააკეთებდა მრისხანე განცხადებას? ვინა და სალომე ბაბო. არც კი დააყოვნა, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, როგორც `ლეგიტიმურმა~ პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა. მართალია, უჯარო მთავარსარდალია, მაგრამ ეგ არაფერი, მალე ჯარიც ეყოლება. მისი თქმით, პრორუსული, პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს - პრემიერ-მინისტრი კობახიძე საჯაროდ აფრთხილებს ოპონენტებს, ყველა ციხეში! ეს ქალი ვეღარ ჩამოყალიბდა, ივანიშვილის `რეჟიმი~ პრორუსულია, პროირანულია, პროჩინურია თუ პროკორეული. 
იცით, რა დრო დაგვიდგა საქართველოში? აი, ყველა რომ კაცობს და ყველა რომ ტრიპაჩობს, თან ყველა რომ ერთ კაცს ეტყლარჭება და ამ დროს არაფერი გამოსდით. დავიწვი ამათი ცოდვით, მეორე ათეული წელი დაიწყო, წვალობენ, იჭინთებიან და საკუთარ კუდუსუნებს ვერ გასცდნენ. ბადრიმ თქვა, მეც დამაპატიმრებენო, ჩვენი გაზეთი რომ გამოვა, ეგეც დაპატიმრებული იქნება... თუმცა, სანამ აქ წერტილს დავსვამდი, 8-თვიანი პატიმრობა გამოუცხადეს. არა უშავს, ფიქრია ჩიხრაძე იტყვის, ბადრი და მამუკა უფრო მრისხანედ დაიგუგუნებენ ციხიდანო. მაგათი გუგუნი არ გაიშვა ყიზილაჯლოს გადასახვევამდე!

გელა ზედელაშვილი