„საქართველოს დარდით“ აქვითინებული პეტერ ფიშერი

„საქართველოს დარდით“ აქვითინებული პეტერ ფიშერი

„საქართველომ თავისი თავი უკრაინისა და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზას“, – თავის კანტურით თქვა პეტერ ფიშერმა და გულამოსკვნილი აქვითინდა. რა მექნა, ძალიან მენანებოდა ჩემი 20/20-ზე შოკოლადისფერი ცხვირსახოცი, მაგრამ მივაწოდე და სევდის განსაქარვებლად ლუდზე დავპატიჟე. სევდიანად ამომხედა და, კრაკოვულ ძეხვსაც თუ დაამატებ, დავლევო. 
ზოგადად, არ ვარ გულჩვილი გერმანელების ქვითინზე, სულ ის მახსენდება, გოდერძი რომ კვდება „ჯარისკაცის მამაში“, მაგრამ მერე მახსენდება „ოთხი ტანკისტი და ერთი ძაღლი“, შტირლიცი, ჰანს კლოსი და გადამივლის ხოლმე.
წავიყვანე დასევდიანებული პეტერ ფიშერი უახლოეს ბუდრუგანაში და დიდი კათხით ლუდი „შუმერული“ დავუდგი. დიდხანს კითხულობდა, რა ეწერა ბუდრუგანას სავიზიტო ბარათზე და რომ გაუჭირდა, მორცხვად მკითხა, შქმერული სად არისო?
„უდიპლომო სასიძოში“ ვარდენს რომ თვალს ჩამოუქაჩავს რეაქტიული ფსიქოზის მოყვარული ენთუზიასტი ფსიქიატრი, ისე ვეცი თვალის უპეებზე, ფარული სიგიჟე ხომ არ სჭირს და ხომ არ წამოუარა-მეთქი? 
– რას მიშვრები, ჰენდე ჰოხ! – მიყვირა შეშინებულმა.
– აბა, რა შქმერული აგიტყდა?
– მაშ, რა აწერია ამ კაფეს?
– შვანცკის გორა! – ვატყობდი, რომ ნელ-ნელა აღარ მეცოდებოდა, თან ჩემს ცხვირსახოცს ვნანობდი, ამ გამოყვლეპილ იდიოტს რომ შევწირე.
– გრაკლიანის გორასთან ახლოსაა? – გამოცოცხლდა უკვე ლოყებშეფაკლული პეტერჩიკა.
– ჰო, მარჯვნივ რომ აუხვევ... შენ ის მითხარი, რას აჩმახებ გაბმით? 
– მე – არაფერს, მაჩმახებინებენ, თორემ არაფერი პირადული, – ისე არხეინად თქვა, ვიფიქრე, ახლა ამაზე ჩემი ბათმანიანი მაგლეჯინა-მეთქი.
– აბა, რას დასუნსულებ მელასავით...
– მე მასე დავსუნსულებ ყველგან. მეტყვიან, შესუნსულდი ლონდონში – შევსუნსულდები; შესუნსულდი შანხაიში – შევსუნსულდები; სინგაპურშიც შევსუნსულდები. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ელჩიც ვიყავი და თან მუდმივი წარმომადგენელი განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოში აბუ-დაბიში.
–მერე, რას დასუნსულებ-მეთქი?! – ავუწიე ტონს.
– ეს ჩემი სამუშაოა.
– ჰოდა, ეხლა შენ იკისრე!
– შენ დამპატიჟე და მე რატომ ვიკისრო? – შემომხედა უტიფრად.
– იმიტომ, რომ გაგიარა საქართველოზე დარდმა და აღარ ტირი, თავი რომ მოვიწყვიტეთ უკრაინისგან, მოლდოვასა დ ევროკავშირისგან!
– ახლიდან ვიტირებ!
– ან იტირე, ან გატირებ, – მივეცი არჩევანის საშუალება.
ისე აქვითინდა, მეორე ცხვირსახოცი რომ მქონოდა, იმასაც მივცემდი.
– ბიჯო, ფულის გამო ტირიხარ?
– ჰო. აბა, მე რატომ უნდა დავხარჯო? – დააძრო ჩემი ცხვირსახოცი და აზლუქუნებულმა ცხვირი გერმანულად მოიხოცა.
– აჰა, ჩაცეცხლე და აღარ გააჩმახო, – მივუწიე ახლოს მეორე კათხა.
– უნდა გავაჩმახო! ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენი ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გავცვალოთ. აი, თქვენ, ქართველები კი სხვანაირად ფიქრობთ და იქცევით... 
– მერე, მერე...
– ასევე მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის” მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. მერე რა, რომ რეალობაა, რაც არის, ეგ არის. იმხელა მნიშვნელობასაც ნუ აძლევთ, რაც არ აქვს...
– პეტერჩიკ, არმატურა რა არის, იცი?
– ვიცი.
– არმატურით არავის უცემიხარ?
– არა. მხოლოდ ბეისბოლის „ბიტით“ მცემეს ერთხელ და საჩივლელად წავედი. სახე სულ ლურჯი და ერთი ნეკნი გაბზარული მქონდა.
– სად იჩივლე, ვენეციის კომისიაში?
– არა, ეგ ამერიკაში იყო და ნაცემმა შერიფამდე ძლივს მივაღწიე...
– შერიფმა, რაო?
– რომ ვუთხარი, რატომაც მცემეს, შერიფმა მითხრა, ახლა აქედან დროზე გაა...ვი, თორემ მეც გცემო და გამოვა...ვი.
– მიდი, აბა, ცოტა კიდე ილაპარაკე, – გავუღიმე ავისმომასწავებლად.
– ევროპულ ღირებულებებზე ვამბობდით, არა? საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება. ზურა, ბითე, ერთიც დავლიოთ, – შემომღიმა ტირილგადავლილმა.
– იტირე და დავლიოთ!
ბიჯოო, ისე აზმუვლდა, სასწრაფოდ მოვატანინე მესამე კათხა.
– ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები კარგია ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და განვითარებისთვის! – უცბად წამოხტა და ფაშისტური „ჩესტი“ ამიღო.
– დაჯე, შე ჩემა, ფაშისტური ორგანიზაციის წევრები ვეგონებით და ორივეს დაგვიჭერენ! – სასწრაფოდ დავარჭე სკამზე.
– მე ვერ დამიჭერენ! მე გერმანიის ელჩი ვარ! – უცბად „გაეხსნა“ ის ორი ლიტრი ლუდი ამ ჩემისას.
– მაგ ფაშისტური გამოხდომისთვის შენ უეჭველად დაგიჭერენ და მეც ზედ დამაყოლებენ, ჩამოწიე ხელი!
მიმოვიხედე და დარბაზში ყველა ჩვენ გვიყურებდა, სადღაც ახლოდან კი სირენის ხმაც ჩამესმა.
– გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება, ამიტომ საქართველოში ინვესტიციებს არ ვდებთ! ქართველები იდიოტები ხართ, – ნიშნისმოგებით შემომხედა ამღვრეული თვალებით.
– მიდი, აბა, კიდე ამიღე ფაშისტური „ჩესტი“, – ვუთხარი ღიმილით.
ვიტრინიდან ვხედავდი, რომ პატრული ორ ნაბიჯში უკვე კარებს შემოაღებდა. ლუდხანაში მყოფები ისედაც ვიდეოებს იღებდნენ ამისი „ჰაილ ჰიტლერა“ გამოხდომის შემდეგ და ახლაც რომ წამოხტა და ხელი წინ გაიშვირა, პატრულმაც კარი შემოაღო, მოხვდა კიდეც ჩემი ქართული ბათმანიანი – ესე სუფთად, საქმე არ გამიკეთებია. მე გამაკავეს, იმას იღლიებში ამოსდეს ხელი და გაასვენეს.
ფინალში, ორივე გამოგვიშვეს, მაგრამ ცალ-ცალკე. ის ექიმთან წავიდოდა, მე ერვანდასთან წავედი, ვაცინო-მეთქი...

ზურა ოშხერელი