ბოლო ზარი

ბოლო ზარი

ახლო ნათესავმა მთხოვა, ჩემმა შვილმა სკოლა დაამთავრა, ბოლო ზარი უნდა აღნიშნონ, შენ მანქანაში ოთხი ბავშვი ჩაისვი და ექსკურსიაზე წაიყვანეო. პრობლემა არ არი, მაგაზე უარს როგორ გეტყვი-მეთქი? წარმოვიდგინე, რომ მართლა ექსკურსიაზე უნდა წავსულიყავი. სხვები სხვა მანქანებით წამოვლენ, კლასის ხელმძღვანელიც იქ იქნება, მწკრივში ჩადგებით და წყნარად ივლითო. ჩავისვი ახლო ნათესავის შვილი, გოგო მანქანაში წინ, მივედით სკოლის ეზოში, ცოტა ხანს დავიცადეთ, სანამ კლასის ხელმძღვანელი, შუა ხნის ქალბატონი ყველას მოაგროვებდა. მოვიდნენ სხვა „შოფრებიც“ თავიანთი მანქანებით, ათამდე დავითვალე, ბავშვები გადანაწილდნენ და როცა ზოგიერთმა „შოფერმა“ ადგილზევე დაიწყო ღმუილი, პირველად მაშინ შევფიქრიანდი, ნეტავ, ეს ჩვეულებრივი ექსკურსია იყო თუ დოღი ავტოებით? ერთმა „შოფერმა“, რომელიც ცოტაოდენ ასაკოვანი ჩანდა და სხვებთან შედარებით ჭკუადამჯდარიც უნდა ყოფილიყო, თან მისი ავტოც წაისუსტებდა, გვირჩია, გაგვაფრთხილა და გვთხოვა, წყნარად ვიაროთ, ბავშვების გამო რისკზე არ წავიდეთ, დღე მშვიდად ჩავატაროთო. მე ტაში დავუკარი, სამიოდემ - კი, კაცო, მა რააა, მა სხვანაირად როგო იქნებაო? სხვა სამიოდემ თავი ჩაღუნა, ვიფიქრე, ესეც თანხმობის ნიშანია-მეთქი. კიდევ სამიოდემ ერთმანეთს გადახედა, რა თქმა უნდა, ირონიულად. ყველაზე მეტად „მერსედესის“ „შოფერი“ ნერვიულობდა, მატორს აღმუვლებდა, ადგილიდან მოწეწვას ლამობდა და თან თავს აქიცინებდა, „რულავოი კალონკა“ კარგად არ მიმუშავებსო. 
ვააა, თუ „რულავოი კალონკა“ ხეირიანად არ გიმუშავებს, რანაირად უნდა წამოხვიდე-მეთქი? მაიცა, რაააა, ცოტა გახურდება და გაიტანსო. გულში ვფიქრობ, რანაირად გაიტანს? რავი, ეტყობა, გამოცდილია, ადრეც გაუტანია. 
როგორც იქნა, დავლაგდით. ე. წ. ასაფრენ ბილიკზე ნორმალურად გავედით. მარშრუტი გახლდათ წნორი-ლაგოდეხი-ყვარელი-წინანდალი-წნორი. კლასის ხელმძღვანელი სწორედ იმ „მერსედესში“ ჩახტა, რომელსაც „რულავოი კალონკა“ პრობლემური ჰქონდა. ჩახტა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ერთი ხელი კი დაგვიქნია სტარტის აღების ნიშნად და ჰეეეე, მას მერე ყვარლამდე, ანუ ილიას ტბამდე თვალი აღარ მომიკრავს. მოკლედ, სწრაფად მივდივარ, მაგრამ გიჟურად არა, ვცდილობ, კრიტიკულ მომენტებში მანქანა დავიმორჩილო. „მერსედესი“ გაქრა, „ბეემვეც“ მიჰყვა, რამდენიმემ იუკადრისა, ამათ როგორ უნდა გვაჯობონო და იმათაც ბუღი დააყენეს. ერთადერთი, ვინც გაგვაფრთხილა, წყნარად ვიაროთ, მოჩქარეებს არ დაგვიგვიანდესო, ის მომდევს უკან და ვატყობ, ესეც გასწრებას ცდილობს. რა უნდა მექნა? მოვუმატე, რათა უცოდინარ „შოფრად“ არ ჩევათვალე. იმ სურათის აღწერა, რაც მაშინ ჩემს მანქანაში ხდებოდა, ძალიან რთულია. მე რომ მგონია, უკვე მივფრინავ, ეს ჩემი ახლო ნათესავის შვილი და თვითონაც ახლო ნათესავი მეუბნება: რას მიღოღავ?! თან არ დაგავიწყდეთ, ოთხივე ბალღი ნახევარი ტანით გარეთ არი გასული, ანუ გადაყუდებული და მიდის ჭყივილი, ყვირილი, ხელების პარჭყვა, დროშების მსგავსი რაღაცების ფრიალი, თეთრი ავტოგრაფებიანი „საროჩკების“ ფხრეწვა. ახლო ნათესავი მიყვირის, მუსიკები ჩართეო. ჩავრთე, არ მოეწონა, ეს გოიმური სიმღერები სად იშოვეო? რავი, ხალხურებია-მეთქი. ჩემი „ფლეშკა“ გამოაძრო, „ბარდაჩოკში“ ჩააგდო, კიდევ კარგი, გარეთ არ გაისროლა, ჩანთიდან თავისი დააძრო, მიუერთა და ხმას ბოლომდე აუწია. ისეთი რაღაცები ჩართო, თან რომ ლაპარაკობენ და თან რომ თითქოს მღერიან. მე გონებრივად სააქაოს აღარ ვარ, თვალი და ყური ფანჯრებისკენ მაქვს, ემანდ ბალღები სადმე მოსახვევში მანქანიდან არ გადაფრინდნენ. ფაქტობრივად, მანქანაში მარტო ტერფებიღა აქვთ დარჩენილი. ერთგან ლაგოდეხის მოსახვევში ხვინჭიან გზაზე მოვსრიალდით, კიდევ კარგი, მუხრუჭი არ ვიხმარე, თორემ წასული იყო ჩვენი საქმე. ჩემი მანქანა „ჯიპია“ და რასაკვირველია, სიმაღლის გამო მოსახვევებში ისე ვერ გადის, როგორც დაბალი „მერსედესი“ ან სხვა ავტომობილები. 
მოკლედ, როგორც იქნა, ილიას ტბამდე მივაღწიეთ. მანქანები ქვემოთ გავაჩერეთ. კლასის ხელმძღვანელი კაი ხნის მისული იყო, მაღლობზე შემომდგარიყო, ჩითის კაბა ტანზე აჰფრიალებოდა, ხელი ლენინივით გემეეშვირნა და ისაო, აქამდე სად იყავით, რატომ დაიგვიანეთო? ჩემი მანქანიდან გადმოსულ ბალღებს უსაყვედურა, თქვენ გაკვეთილებზეც ეგრე აგვიანებდითო.
ქალბატონო იმანო, - მივმართე მორიდებით, - მე მგონი, თქვენ აქ ბოლო უნდა მოსულიყავით, გზა და გზა ყველა მანქანა უნდა გეკონტროლებინათ, აქ რომ პირველი მოხვედით და არ კითხულობთ, ვინ როგორ იმგზავრა, ეს რა წესია-მეთქი?
ცოტა არ იყოს, შეცბუნდა კლასის ხელმძღვანელი. არ ვიცი, ან მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და სინდისმა შეაწუხა, ან კიდევ ის იფიქრა, ამ უცხო ადამიანმა შენიშვნა რანაირად მომცა, რანაირად გამიბედაო? მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ მეორე ვერსია უფრო სიმართლეს შეეფერებოდა, რადგან, როცა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩავედით, ის იქ დაგვხვდა და ბალღები ისევ აავსო საყვედურებით, თქვენ გაკვეთილებზეც სულ ეგრე აგვიანებდითო. მე ვერ გამიბედა, გაკვეთილებზე შენც აგვიანებდიო. არადა, ვაგვიანებდი. 
რა გვინდოდა ილიას ტბაზე, იქ რა გავაკეთეთ? არც არაფერი, მაისი ისეთი თვეა და ისეთი ამინდებია, ვერც იბანავებ, ვერც ტბის ნაპირზე წამოკოტრიალდები. უბრალოდ, მივედით, შუბლი ხელით მოვიჩრდილეთ, ტბას გადავხედეთ და წამოვედით, დავეშვით წინანდლისკენ, სადაც ბალღებს ასევე არაფერი გაუკეთებიათ, წყალი დალიეს, ნაყინი ჭამეს და რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში არავინ შემოსულა. არ ვიცი, ეს სურათი რანაირადღა აღვწერო? დაახლოებით ოცდაათი ბავშვი რომ წინანდალს მიადგება და სამი-ოთხიოდეს მეტი ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში არ შევა, რა უნდა იფიქრო? 
მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, თვალწინ დამიდგა პერიოდი, როცა აქ დიდი და გავლენიანი ქართველები იკრიბებოდნენ. აი, ამ მაგიდასთან ისხდნენ, ამ სავარძლებში ისვენებდნენ, სვამდნენ ჩაის, ბჭობდნენ ქვეყნის ბედზე. მე-18 და მე-19 საუკუნეებზე ძველი ავეჯი და გარემო თვითონ გელეპარაკება. თუ ნამდვილი ქართველი ხარ, ეს აუცილებლად უნდა ნახო. სამწუხაროდ, ბალღების უმეტესობამ ეს მაშინ არ ნახა. ალბათ, წამოიზრდებიან და ნახავენ, თან იქ კისრისტეხვით კი არ მიცვივდებიან, დარბაისლურად მივლენ, წყნარად, მშვიდად დაათვალიერებენ. ახლაც თვალწინ მიდგას კლასის ხელმძღვანელის ცეტური სახე, რომელიც ასევე გაქცევაზე იყო, რადგან იქ, სადაც „ღუზა“ უნდა ჩაგვეშვა, დიდი პურ-მარილი ელოდებოდა. ამიტომაც გამოცხადდა - ვინც სოფელში პირველი დაბრუნდებოდა, ის დაჯილდოვდებოდა. ოღონდ, რით დაჯილდოვდებოდა, ვერავინ გაიგო, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დღემდე გაუგებარი დარჩა, რადგან დიდ პურ-მარილზე არ ვყოფილვარ (ვინ დაგპატიჟა, რო?). მოკლედ, დავაწექით წინანდლიდან წნორისკენ, მოვდივართ და როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, თან მოგვაქვს არემარე. აქ უკვე „ჩერეზ“ გურჯაანი, კარდენახი, ანაგა, ვაქირი და საქობო მოვდივართ. არაფერს ვერიდებით, ერთგან „მერსედესს“ გაუჩერებია, ეტყობა, კლასის ხელმძღვანელს თავბრუ დაეხვა, გავასწარი, მაგრამ რათ გინდა? ზუსტად 3 წუთში ისევ წამომეწია და სანამ არ გამასწრო, თავისი დაიმართა. მე გზიდან გადავედი, დავუთმე, თავს იკლავდა და რა უნდა მექნა? ამის გამო ახლო ნათესავის წყრომა და საყვედური დავიმსახურე - რას მიღოღავ? ეგრე ხომ პირველები ვერ მივალთ? ჩემი ვალია, შინ მშვიდობით მიგიყვანოთ! - გამოვაცხადე ამაყად. ჰმ... ნუ მიღოღავ! - მომახალა ახლო ნათესავმა და ჯერ ტუჩი აიტმუკნა, მერე მაგნიტოფონს აუწია ბოლომდე. სოფლების „კრუგებიან“ გზებზე რამდენიმეჯერ კიდევ გადავრჩით, ბალღები შედარებით დაწყნარდნენ, გაწეწილი თავები მანქანაში შემოიტანეს, აშკარად დაიღალნენ და მოეშვნენ. 
მივედით. ისევ სკოლის ეზოში დავბანაკდით. პირველი „ბეემვე“ მისულა, რომელსაც „რულავოი კალონკამ“ კიდევ ერთხელ გაუმართლა. კლასის ხელმძღვანელი ახლოსაც არ მოსულა, არ უთქვამს, მადლობა, რომ მშვიდობით გვამგზავრეთო. არც სხვა „შოფრებისთვის“ უთქვამს და არც არავინ დაუპატიჟებია - მობრძანდით, დანაყრდით, მთელი დღე მშივრები ხართო. გამიკვირდა, ასეთი რამ კახეთში არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს, არც გამიგონია. მოგვიანებით ჩემს ახლო ნათესავს ვკითხე - ეგ კლასის ხელმძღვანელი „ვერლავეს“ არი-მეთქი? კი, ვიციო. ბიჭო, ამხელა კაცი „საგონკაოდ“ გამიშვი-მეთქი? რამდენიმეს ვთხოვე, არ წავიდნენ და აბა, რა მექნა, შენ გამოგიჭირეო. კი, ბატონო, მე კი გამომიჭირა, მაგრამ საკუთარი შვილი რომ საფრთხეში ჩააგდო, ამას ვერ მიხვდა, ფრიად კმაყოფილი დარჩა. არადა, მარტო თავისი შვილი? კიდევ სამი ოჯახი.
დღემდე, ამ წუთამდე ვერ ვხვდები, რა „მუღამია“ ამ ბოლო ზართან დაკავშირებული აწყვეტილი სიგიჟე მანქანებით. ალბათ, ამას ვერც ვერასდროს მივხვდები. მით უფრო, არ მესმის, მშობლები მანქანებს არასრულწლოვნებს რომ ანდობენ და „საგონკაოდ“ უშვებენ. აგერ, ამ დღეებში თელავში დატრიალდა მორიგი უბედურება, ბოლო ზარის მონაწილეები გადაიჩეხნენ ხევში. საბედნიეროდ, გადარჩნენ, მაგრამ შარშან და შარშანწინ რომ ვერ გადარჩნენ, ამას რა ვუყოთ? ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაგონად ვამბობ: ბატონებო და ქალბატონებო, იცით თუ არა, რომ სოფლებში ახალგაზრდების დაახლოებით 60 პროცენტი მანქანებს მართვის მოწმობის გარეშე მართავს? იცით თუ არა, რომ ძალიან ბევრი ავტომობილით მთვრალი დადის? იცით თუ არა, რომ სოფლებში საჭესთან სმასა და გაძღომას არც ასაკოვნები ერიდებიან? თუ არ იცით, ამიერიდან იცოდეთ. აღარაფერს ვამბობ კანაფით გაბრუებასა და სხვა მომწამლავი დოზანების შესახებ. ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ ძალიან ბევრს სახლში მოჰყავთ კანაფი. მე ვერ ვამოწმებ, ეგ თქვენი პრეროგატივაა.

გელა ზედელაშვილი