რამაზ ხეცურიანი: მთავარია, ლომაიას დანგრეული განათლების სისტემა აღვადგინოთ

რამაზ ხეცურიანი: მთავარია, ლომაიას დანგრეული განათლების სისტემა აღვადგინოთ

(დასასრული, დასაწყისი იხ. „სგ“ N18.)

განვაგრძობთ საუბარს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსთან, რამაზ ხეცურიანთან:

– ბატონო რამაზ, თქვენ სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებოდით. განათლების რეფორმის მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებს თავიანთი ტრადიცული მიმართულებები უბრუნდებათ. ასევე, საინტერესოა თქვენი მოსაზრება ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების მიღების შეზღუდვის შესახებ.
– თქვენი ნებართვით, პასუხის გაცემას მეორე შეკითხვიდან დავიწყებ. ჩემი რექტორობის დროს, სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი იყო, რომელმაც მოახერხა და 1996 წელს უმაღლესში სასწავლებლად ოთხი უცხოელი სტუდენტი ჩამოიყვანა. შემდგომ კი, ყველა კათედრის სამ-სამმა თანამშრომელმა უცხოეში – აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში  ინგლისურენოვანი კვალიფიკაცია გაიარა, რასაც წლები დასჭირდა. ყველა კათედრამ ინგლისურენოვანი პროგრამები მოამზადა, რაც მთავრობამ დაამტკიცა, რადგან განათლების სამინისტროს ამის უფლება არ ჰქონდა. ასე შეიქმნა სამკურნალო ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორი. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის პოსტს 2005 წლამდე ვიკავებდი. სასწავლებელს აკრედიტაცია მსოფლიოს 35 ქვეყანაში ჰქონდა გავლილი. ამდენი სტუდენტიც სწორედ იმიტომ სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტში, რომ ის აკრედიტებულია. ამის გარეშე უცხოელი, შენთან რომც ასწავლო, დიპლომი მისცე, ცოდნას თავის ქვეყანში ვერ გამოიყენებს. ჩემი რექტორობის შემდეგაც უცხოელმა სტუდენტებმა ქართველთა რაოდენობას გადააჭარბეს. თუმცა ამან სასწავლო პროცესის განვითარებას ხელი შეუწყო იმ კუთხითაც, რომ უცხოელი სტუდენტებისგან შემოსული თანხებით ლექტორებს ანაზღაურება გაეზარდათ არამხოლოდ უცხოურ, არამედ ქართულ სექტორზეც. სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ხელფასი სახელმწიფო უნივერსიტეტისას რომ შევადაროთ, ორჯერ მეტია. გარდა ამისა, გაიზარდა ლაბორატორიების რიცხვი, შეიქმნა კლინიკები, რისი შესაძლებლობაც სამედიცინო უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტებისგან მიღებულმა შემოსავლებმა მისცა. 
ასე რომ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლების გაუქმება სწორი არ მგონია. როგორც ითქვა, სამედიცინო უნივერსიტეტი მხოლოდ სამასი უცხოელი სტუდენტის მიღებას შეძლებს. დანარჩენებს რა ვუყოთ?! არცერთი კერძო სამედიცინო უნივერსიტეტი აკრედიტებული არ არის. ჩვენც თუ უარს ვეტყვით მიღებაზე, ასე რას მივაღწევთ?! მთავარი იცით, რა არის? – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის სასწავლო პროგრამას თუ ავიღებთ, 98,9% კლინიკურ მუშაობას ეძღვნება – მორფოლოგიურ კვლევებს, ლაბორატორიულ სამუშაოებს და სხვა. სხვათა შორის, სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა, ოთხსაათიანი პრაქტიკული მეცადინეობები სხვაგან არსად ტარდება. ჩემს კათედრაზე მორფოლოგიური ლაბორატორია მაქვს. იცით, რა თანხას ვიხდი ცდებისთვის საჭირო ქიმიურ საშუალებებში? – 50 გრამი 30 ათასი დოლარი ღირს. ახლახან ერთ-ერთი ხსნარი ვიყიდეთ, რაშიც ინსტიტუტმა 40 ათასი დოლარი გადაიხადა.
– ანუ, ეს რესურსი არ უნდა დავკარგოთ? 
– დიახ. სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციებს თავად უცხოელები კითხულობენ, სტუდენტებს სერტიფიკატები აქვთ, ინგლისურენოვანი სექტორი ქართულს არ ჩამოუვარდება. დააკვირდით, რამდენი ქვეყნის დროშაა სასწავლებლის წინ გამოფენილი. იქ მხოლოდ ჩამორჩენილი ქვეყნების წარმომადგენლები როდი სწავლობენ, არამედ ამერიკელები, ინგლისელები... მათი უარით გასტუმრება კარგი არ იქნება. ვფიქრობ, მთავრობა ზემოთქმულს მხედველობაში მიიღებს. 
მხოლოდ ანატომიის კათედრაზე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, 31 თანამშრომელია, აქედან ათი ინგლისურენოვან ჯგუფებს უძღვება. კარგია, რომ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადაანაწილოს. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში, აუცილებელია  სასწავლო სტანდარტი დამტკიცდეს. მაგალითად, ანატომია სამედიცინო უნივერსიტეტში ძირითადი საგანია, რომლის სახელმძღვანელო ჩემი შექმნილი ორტომეულია, რასაც მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ, კერძო სასწავლებლებში კი რას და როგორ ასწავლიან, არავინ კითხულობს. ჩემს კათედრაზე 31-ივე თანამშრომელი ანატომიის სპეციალისტია და არა, ვთქვათ, ოფთალმოლოგი.
–როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებები უნდა გატარდეს რეფორმის ფარგლებში? 
- მთავარია, რეფორმის ფარგლებში სწავლების ხარისხი გავზარდოთ, რისთვისაც სტანდარტის დამტკიცება, პროფესიონალი პედაგოგების არსებობაა საჭირო. მაშინ, როცა მე ანატომიის სწავლებას ორი წელი ვუნდები, კერძო სასწავლებლები ოთხ თვეში როგორ ასწავლიან?! ისინიც ხომ ექიმის დიპლომს აძლევენ და მერე ეს ხალხი საქართველოში ექიმებად მუშაობენ. მთავარია, როგორმე ლომაიას დანგრეული განათლების სისტემა აღვადგინოთ. სწორედ ამას ცდილობს ამჟამინდელი ხელისუფლება, რასაც ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ და არა უაზრო კრიტიკით დავკავდეთ. 
აქვე, მოკლედ, კათედრაზე ჩემი სამეცნიერო საქმიანობის შესახებ მოგახსენებთ. ამჟამად კათედრის ყველა თანამშრომელი დოქტორია, სამეცნიერი ხარისხი ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვეს. ახლა ოთხი ახალგაზრდა დოქტორანტი მყავს, რომლებიც კვლევით მუშაობას ეწევიან. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ უნივერსიტეტში დოქტურანტურა უფასო იყო, სასწავლებელი დოქტორებს ფულს იქით უხდიდა. მე აკადემიის ორი სტიპენდიანტი მყავს, ერთი მათგანი ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის პრემიას იღებს. ის ჩემი დოქტორანტი იყო, რომელსაც სწავლაში ფული არ გადაუხდია, პირიქით, დოქტურანტურაში სწავლისას ხელფასის სახით 1200 ლარს იღებდა, რაც უნივერსიტეტის პროფესორის ხელფასზე ორჯერ მეტია. ჩვენი ლაბორატორია გვაქვს, სადაც ინტენსიური მუშაობა მიდის და რაშიც მორფოლოგიის ინსტიტუტიც ჩართულია. სხვათა შორის, დეკემბერში სამეცნიერო სამუშაოსთვის თეთრი თაგვები ვიყიდეთ, თითოში 35 ლარი გადავიხადე. დამცინოდნენ, ორი თაგვის ფასად კაცი გოჭს იყიდდაო. რა ქნას იმ ახალგაზრდამ, რომელსაც სამეცნიერო სამუშაოსთვის 50 ვირთაგვა სჭირდება?! ამ თანხას ინსტიტუტი იხდის. აბა, ნახეთ, ვინმეს თუ ჰყავს ერთ კათედრაზე ოთხი დოქტორანტი. ვერ ეყოლება, რადგან სხვაგან ახალგაზრდა ფულს თავად იხდის. წლების წინათ, კვაჭანტირაძემ განათლების კანონი რომ მიიღო, პარლამენტის წევრი არ ვიყავი, მაგრამ ამის წინააღმდეგი მხოლოდ მე წავედი, რადგან განათლების კანონიდან პათანატომია და გვამების დამუშავება ამოიღეს. ასე რომ, პრობლემა ბევრია, რეფორმა აუცლებლად გასატარებელია, რაშიც ხელისუფლებას ჩვენც – სპეციალისტები, თავად საზოგადოებაც უნდა დავეხმაროთ.

თამარ შველიძე