საჭიროა განათლების სისტემის სწორი სივრცითი განვითარება

საჭიროა განათლების სისტემის სწორი სივრცითი განვითარება

გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე:

_ ქალბატონო თამარ, განათლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 90-იანი წლების მერე საბჭოთა სწავლებიდან ახალ ეტაპზე გადავედით. რა მისცა სკოლას ლომაიას გაუთავებელმა რეფორმებმა?
_ დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირის დროს საკმაოდ ძლიერი, ჰუმბოლდტის იდეოლოგიაზე დაყრდნობილი განათლების სისტემა გვქონდა, სადაც სწავლება და მეცნიერული კვლევა ერთმანეთს ერწყმოდა. საქართველოში ფუნდამენტური მეცნიერებები მძლავრობდა, არსებობდა ცენტრები და მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერებიც გვყავდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, განათლების სისტემას ამ კატაკლიზმებში რეფორმირება მოუხდა. 90-იან წლებში ჩვენი პროფესურა ზოგჯერ საკუთარ საქმიანობას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმზე ეწეოდა. მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა სრულიად რადიკალური ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა. საქმე ის არის, რომ ცივი ომის შემდგომ საბჭოთა კავშირმა იდეოლოგიური ომი წააგო. დასავლეთს სურდა, ძველი, საბჭოთა იდეოლოგიაზე დაყრდნობილი განათლების სისტემა დასავლური განათლების მეთოდებითა და იდეოლოგიით შეეცვალა. პროცესები ცუდი მიმართულებით განვითარდა. ჩვენ განვითარებადი ერის, სახელმწიფოს სტატუსი მოგვანიჭეს. შესაბამისად, განათლების სისტემაც ისეთი ჩამოგვიყალიბდა, როგორც ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში იყო. 
განათლება ყველაზე უფრო ეფექტური სოციალური გავლენის აგენტია, სადაც, ძირითადად, ადამიანების სოციალიზაცია და ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ხდება, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, უნივერსიტეტით დამთავრებული. სააკაშვილმა ის იდეოლოგია შემოიტანა, რომელსაც საბჭოთა სისტემის ნიველირება, შეცვლა და დასავლეთის მიერ შემოთავაზებული სისტემით ჩანაცვლება უნდა უზრუნველყო. საერთოდ ცნობილი ფაქტია, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებს ძლიერი განათლების სისტემა აქვთ, რაზეც გერმანული, საბჭოთა განათლების სისტემები მეტყველებს. საბჭოთა კავშირში ცოდნამიღებული ადამიანი ძალიან კვალიფიციური იყო. მაგრამ საბჭოთა კავშირი დაინგრა და გამოგვიცხადეს: თქვენ არ გჭირდებათ მთელი რიგი დარგები, ფუნდამენტური მეცნიერებები, რადგან პატარა ქვეყანა ხართ და ფუნდამენტური დარგების შენახვას ვერ შეძლებთო.
შედეგად, განათლების სისტემის რეფორმირებისთვის მსოფლიო ბანკმა 60 მილიონი დოლარი გამოყო, რასაც მისი ტრანსფორმირება უნდა მოეხდინა. მახსოვს, რომ მაშინ მთელი რიგი ლაბორატორიები დაიხურა, შენობები გაიყიდა. „იუესაიდის“ წარმომადგენელი გვეუბნებოდა: თქვენ გგონიათ, რომ განათლებულები, ნიჭიერები ხართ, მაგრამ ასე არ არის. არსებობს მთელი რიგი დარგები, რაც არაფერში გჭირდებათ. თუ მაინც დაგჭირდებათ, უცხოელი სპეციალისტები ჩამოვლენ და ისინი გაგიკეთებენ ყველაფერსო. მე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი. მისმა კურსდამთავრებულებმა, ინჟინრებმა და სხვა დარგების სპეციალისტებმა, არამარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში არაჩვეულებრივი ნაგებობები ააშენეს. დღევანდელი რექტორი ცდილობს, ტექნიკური უნივერსიტეტი ააღორძინოს. 
დავაკვირდეთ, დასავლურმა განათლებამ სადამდე მიგვიყვანა. დღეს განათლება ახალგაზრდებში ფსევდოლიბერალური ღირებულებების ჩამოყალიბებამდეა დაყვანილი. პოლიტოლოგებს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს ისეთ რაღაცებს ასწავლიან, რასაც რეალურ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. სტუდენტებს ძირითადად, დღემდე „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელი პროფესურა ასწავლის. მე რამდენიმე სამსახურიდან იმიტომ დამითხოვეს, რომ ინტერვიუებში ისეთ აზრებს ვაფიქსირებდი, რაც მათ არ მოსწონდათ. გარდა ამისა, სტუდენტებს იმ რეალურ პოლიტიკას ვასწავლიდი, რაც საქართველოს წაადგებოდა. თან, პოლიტიკა ძალიან პრაგმატული სფეროა, განსაკუთრებით, საერთაშორისო ურთიერთობები. 
სამწუხაროდ, სტუდენტები, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე დგანან, დამნაშავეები არ არიან, რადგან ისინი აბსტრაქტული ღირებულებებით, პრაგმატული სწავლებით აღზარდეს. მათ ვერც აუხსნი, რომ ქვეყანას დასავლურ პოლიტიკაზე, ორიენტაციაზე უარი არ უთქვამს. უბრალოდ, ახლანდელმა ევრობიუროკრატიამ ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, იძულებულნი ვართ, ასეთ ინტეგრაციაზე უარი ვთქვათ, რადგან მის საპირწონედ ისეთ რამეს გვთავაზობენ, რაც ჩვენი სახელმწიფოს და იდენტობის განადგურებას იწვევს. ის პროცესი, რაც „ვარდების რევოლუციის“ მერე მივიღეთ, ღრმად გასაანალიზებელია. ჩემი აზრით, თუ დღევანდელი ფსევდოლიბერალური ღირებულებების მატარებელი პროფესურა ახალგაზრდობას მცდარი გზით აღარ წაიყვანს, კარგი იქნება. 
ამ მხრივ მივესალმები უმაღლესი განათლების მასშტაბურ რეფორმას, რადგან ამას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ, როცა ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობდა, უპირველესად, იქ განათლების სისტემას ცვლიდა. 
2003 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმების შედეგებს ახლა ვიმკით, რამაც განათლების სისტემის გაჩანაგება და ძალიან დაბალი დონის ადამიანების აღზრდა გამოიწვია. ამ პერიოდის თაობას ძალიან დაბალი დონის განათლება აქვს მიღებული, რის შედეგებსაც ყველა სფეროში ვაწყდებით, დაწყებული პედაგოგიკიდან, მედიცინით დამთავრებული. დღეს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის მოძებნა ძნელია. ჩემი აზრით, ეროვნულმა გამოცდებმაც ძალიან დაბლა დაწია ის თამასა, რითაც აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში უნდა მოხვდეს. ახლა კომერციალიზებული სწავლაა, რომლის პირობებშიც მაღალი შედეგები არ მიიღწევა. ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენ არა, არამედ ჰარვარდის, ოქსფორდის, კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესურასაც უდგას. ამას წინათ საქართველოში ჩამოსულმა ერთმა პროფესორმა აღნიშნა: დიდ პრობლემებს განვიცდით, რადგან ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლობენ ადამიანები, რომელთა მამებიც მსხვილი დამფინანსებლები არიან. ამიტომ ხშირად დათმობებზე წასვლა გვიწევს, რათა დაფინანსება არ დავკარგოთ. შედეგად, განათლების ძალიან დაბალ დონეს ვიღებთო. 
საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაღალი დონის განათლება ყველასთვის საჭირო არაა. მდიდარ ადამიანს შეუძლია განათლება კერძო სასწავლებელში მიიღოს, მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად იძლევიან ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები ისეთი მაღალი დონის განათლებას, რაც ქვეყანას სჭირდება?! ამიტომ დღეს დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა სწორედ განათლებაა. ანუ, დისკრიმინაცია განათლებულ და გაუნათლებელ მოსახლეობას შორის. ზოგს ჰგონია, რომ სულაც არ არის საჭირო, ყველა განათლებული იყოს. საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი რაოდენობით გაუნათლებელი ადამიანი გვყავდეს. სამწუხაროდ, ეს გაუნათლებლობა ყველა სფეროში იგრძნობა. მეეზოვესაც, ჭურჭლის მრეცხავსაც ელემენტარული განათლება სჭირდება, რათა სამუშაო კვალიფიციურად შეასრულოს. ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი გვყავდეს. აქვე ერთ პრობლემაზეც მოგახსენებთ: დასავლურმა ფონდებმა ქართველების ნიჭიერების შესახებ კარგად უწყიან და თუ სადმე განათლებულ ახალგაზრდას ნახავენ, მაშინვე დასავლეთში უკრავენ თავს. ანუ, საქართველოსთვის ეს ადამიანები დაკარგულები არიან. ამიტომ, ყველა მომენტის გათვალისწინებით, შესაბამისი რეფორა უნდა გატარდეს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. 
პრემიერმა უკვე წარადგინა განათლების მასშტაბური რეფორმა. ჯერ მხოლოდ კონტურებია გამოკვეთილი. მიმაჩნია, რომ საჭიროა განათლების სისტემის სწორი, სივრცითი განვითარება, რადგან ბოლო პერიოდში თბილისი თავკომბალად იქცა. მოსახლეობის სწორი გადანაწილებაა საჭირო, რაც კვალიფიციურმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ _ წინასწარ განსაზღვრონ, ესა თუ ის ქმედება რა შედეგს გამოიღებს. ერთი ნამდვილად ვიცი: მცდარი იდეოლოგიური წნეხი, რასაც დღეს ჩვენი ახალგაზრდები განიცდიან, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
_ პრემიერმა პარლამენტში განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე ისაუბრა. როგორ გესახებათ იდეა _ ერთი ქალაქი _ ერთი ფაკულტეტი?
_ კარგად არ მესმის, რას ნიშნავს ერთი ქალაქი _ ერთი ფაკულტეტი. თანაც, თუ უმაღლეს სასწავლებელს უნივერსიტეტი ჰქვია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ იქ მთელი რიგი ფაკულტეტებია. ეს ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს. ანუ, პრინციპი ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს. თუმცა, რეგიონებში უნივერსიტეტების გადატანა, მათ მიზიდულობის ცენტრებად აქცევს. ასე ახალგაზრდების რეგიონებში დამაგრებას შევძლებთ. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, თავად ჩვენ უმაღლესდამთავრებული ადამიანებისგან რისი მიღება გვინდა. ანუ, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის რაღაც კორელაცია უნდა არსებობდეს, რადგან დღეს სახეზე გვყავს დაბალი კვალიფიკაციის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. ჯერ ერთი, ბევრი სტუდენტი, იმისთვის, რომ სწავლის ფული გადაიხადოს, მარკეტებში კონსულტანტად, მოლარედ მუშაობს. მას საშუალება არ აქვს, რომ ლექციებზე იაროს და სწავლას სათანადო დრო დაუთმოს. ამ ყველაფრის კარგად ორგანიზება უნდა მოხდეს, რათა მაღალი კვალიფიკაციის კურსდამთავრებულები მივიღოთ. ამისთვის კი მაღალი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები გვჭირდება. საგანმანათლებლო რეფორმა ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი. ეს პროცესი დროულად დასაწყებია.
_ საუბარია სკოლებში 11-წლიან სწავლებაზე გადასვლაზეც. ბოლონიის პროცესის გათვალისწინებით კი, ზოგიერთი ევროპული უნივერსიტეტი 12-წლიანი კურსის დამამთავრებელ ატესტატს ითხოვს. რაში ხედავთ გამოსავალს?
_ მეთორმეტე კლასში საერთოდ არაფერს ასწავლიან. ათი კლასი დავამთავრე და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ვარ. ბოლონიის პროცესს რაც შეეხება, კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, რადგან ის სრულყოფილი განათლების მიღების საშუალებას არ იძლევა. 
თამარ შველიძე