დავტირი ერთ ლუკმად გადაყლაპულ ურსულას!

დავტირი ერთ ლუკმად გადაყლაპულ ურსულას!

გავიდა რა შინიდან ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრაზე “ქალბატონი გენოციდი”, გნებავთ, “ურსულა ფაიზერგეიტი”, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გვამცნო, გადაყლაპული დაბრუნდა _ ტრამპმა ფონ დერ ლაიენი ერთ ლუკმად გადაყლაპა. თვით ურსულამ კონკრეტულად რა გადაყლაპა საკუთარი ენის გარდა, არ ვიცით, მაგრამ რა “თოხლა”, ის კი ვიცით.
ტრამპი, იმ ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმში რომ ბატონია, მასავით ხვანცალებს, ო, რა ძლიერ გამოვძეხი, აი, მესმის ცხოვრებაო, მაგრამ ურსულას ქვემდებარეები კრუსუნებენ, ახლა რაღა ვქნათ, გაგვერღვა ყველაფერი, მათ შორის, შარვლები ნაკერავზეო. 
კიდევ რა “წვრილმანებზე” შეთანხმდნენ, არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს, მხოლოდ გართობის მიზნით ვუჭვრეტ აშშ-ის მიერ ევროპის დამონების დასაწყისს. 
ურსულას მიერ სიტყვიერად აღებული ვალდებულება, რომ ევროკავშირი 750 მლრდ დოლარის ღირებულების ენერგიას შეიძენს აშშ-იდან და 600 მლრდ-ის ინვესტიციას განახორხიელებს აშშ-ში, რანაირად წაადგება ევროპას, მალევე დავინახავთ _ ძალიან მაინტერესებს, გინეკოლოგი ურსულა უფრო მაგარი აღმოჩნდება “გადაგდებაში” თუ ყველაფრით მოვაჭრე ვაჭარი ტრამპი.
დიახაც, საინტერსოა ურსულას აღებული ვალდებულება, რადგან ევროკავშირმა, რაც მხოლოდ ერთ ცალ ურსულას არ წარმოადგენს, შოტლანდიაში სავაჭრო მოლაპარაკებებზე დადებული პირობიდან, მალევე, რამდენიმე საათში, განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ის ეკონომიკაში 600 მლრდ-ის ინვესტირების დაპირების შემსრულებელი ვერ იქნება, რადგან, ელემენტარულად, ამის უფლებამოსილება არ აქვს. “პოლიტიკომ” ჩემზე უკეთ იცის, _ ეს იმიტომ ხდება, რომ თანხა მთლიანად კერძო სექტორის ინვესტიციებიდან მოდის, რომელზეც ბრიუსელს არანაირი უფლებამოსილება არ აქვსო.
რაიო?
ვერ გავიგე, ურსულა იმდენად ბატია, რომ ამდენი არ იცოდა, თუ იმდენად “შენძრეულია”, რომ იცოდა და ვითომ არ იცოდა? და რა ხეირი? იქნებ, კიდევ სხვა, დღემდე უცნობ თუ დაფარულ ბიზნესასოციაცებთან აქვს კავშირი და ამიტომ დაუქნია თავი? _ ურსულას რას გაუგებ, გინეკოლოგი კი არა, მგონი, სულაც ბებია-ქალი ყოფილა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ მოსთქვამს, ეს არის შავი დღე ევროკავშირისთვის, როცა თავისუფალი ხალხების ალიანსი იმისთვის შეიკრიბა, რომ საკუთარი ფასეულობები დაეცვა, მაგრამ ამის ნაცვლად აშშ-ს დამორჩილდაო.
ბიჯოოო, მე გავიგე ამ კავკასიაში და იქვე, უფრო ახლოს და იმათ რატომ ვერ გაიგეს, რომ ტრამპი ევროკავშირს აღიქვამს, როგორც ფულისმწოველ პარაზიტს, რომელიც აშშ-ისთვის პრობლემების შესაქმნელად შეიქმნა და რეალურად ჩინეთზე უარესია, რომელიც სარგებელს იღებს აშშ-ის ბაზრით, მაგრამ საკუთარი ბაზარი რეგულაციებით აქვს ჩაკეტილი.
ფულის სიყვარულში გაცვეთილმა ურსულას ორგანიზაციამ ურსულას თამადობით, იფიქრა, მოდი, მე ძველებურად და ჩემებურად გავაქანავებ გავას, არ შევუერთდები კანადას, ჩინეთს და სხვა დანარჩენებს საპასუხო ტარიფებში, გავიკეკლუცებ და არღნის ჩიტიც შემოფრინდებაო. ჰოდა, დააფრინდა ტრამპის სახით “ჟღალი მიმინო”, გადაყლაპა ურსულა თავისი ევროსუფრის წევრებიანად და მიაყოლა მისი ფანტაზიების ჩიტიც, მიიღო მოკლევადიანი სტაბილიზაცია და ევროკავშირის გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანი. უსრულას თუ ახლა დანარჩენები გაუგორდნენ, კარგს დაპირებიხარ, დაიაო, ასეა, თუ არადა, რანაირად განრისხდება რომელიმე წამოფრენაზე “ჟღალი მიმინო” და რა სახის რისხვას დაატეხს ევროკავშირს, ვის უბედავთ “გადაგდებასო”, დავინახავთ.
რომელიღაც ევროპელმა დიპლომატმა დაიჩივლა, ტრამპი არის ბულერი (ყოჩი) სკოლის ეზოში და ჩვენ სხვებთან ერთად არ დავდექით მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ვინც ერთად არ დადგება, განზე დარჩენილებს ცალ-ცალკე ჩამოახრჩობენო. რაღა ცალ-ცალკე, ერთად არიან იმ კავშირში და ერთადაც ჩამოახრჩობენ, რომ მხიარულად იყვნენ...
ევროპა გეოპოლიტიკურად დასუსტებული გამოვიდა აშშ-ის გარიგებიდან, რომელიც ერთ საათში გოლფის მოედანზე დაიდოო, _ მოსთქვამს ჯოზეფ ბორელი. 
“ევრობაღნარი” დაეწვა ევრობაღნარში გაჯეჯილებულ ჯიგარს და ახლა საკუთარი ჯიგარი ეწვის. სანაცვლოდ, ევრობაღნარსმიღმა დარჩენილი “ჯუნგლები” სეირს ვუყურებთ! განსაკუთრებით ალიევი გაიხარებდა, მაგრამ რა გაახარებს, იმას კიდე კუდი ეწვის და სათაგურში გამომწყვდეული ფიცხელასავით ულვაშებსღა აცმაცუნებს.
ურემი გადაბრუნდა, _ უკვე გვიანია. ახლა ურჩევნიათ, ტრამპს მართლა დაუჯერონ და მიგრაციას მიხედონ, თორემ ევროპა აღარ იარსებებსო, კი უთხრა ტრამპმა გლაზგოს აერტოპორტში ჩასვლისთანავე ევროპას. 
ისე კი, გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეაო, _ იმისი არ იყოს, ხელი რომ დაადო ურსულას, ჩვენი ბაიდენივით კრეტინია, მან შემორეკა მიგრანტებიო, მაშინ უნდა ეგუმანათ უკვე, რა გაგრძელებაც მოჰყვებოდა ყველაფერს, მაგრამ ტრამპისა არ იყოს, ეტყობა, ესენიც ბაიდენივით კრეტინები არიან და სხვასაც იმიტომ აიძულებენ კრეტინობას, რომ საკუთარი სიკრეტინე დამალონ.
ისე, ტრამპიც მაგარი შიშტიბუქაა, _ აშშ ჩინეთს 100%-იან მეორად ტარიფებს დაუწესებს, თუ ის რუსული ნავთობის შესყიდვას განაგრძობსო და 500%-იანი ტარიფებით ემუქრება ყველას, ვინც რუსულ ნავთობს შეიძენს. სხვა ქვეყნებისადმი მუქარას კიდევ გაიგებს კაცი, მაგრამ ჩინეთს, რომელთანაც სავაჭრო ომი აქვს და უმთავრეს ეკონომიკურ მტრად ჰყავს გამოცხადებული, მას ემუქრება ტარიფებით? _ გამოუსწორებელი პოპულისტია, მაგრამ მასას ხომ აბოლებს... 
დამწვარს _ დამდუღვრაო, ასე გამოსდით ახლა ის, რომ 2025 წლის 20 მაისს გაუვიდა იმ დირექტივას განხორციელების ვადა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სახელმწიფოები ვალდებულები იყვნენ, რომ თავიანთი ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებისთვის მოერგოთ. ეს ვალდებულება მიზნად ისახავდა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის გამოვლენას და მასთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების ხელშეწყობას ყველა წევრ სახელმწიფოში.
დღემდე 18-მა წევრმა სახელმწიფომ არ აცნობა კომისიას ვალდებულებების სრული განხორციელების შესახებ. ეს ქვეყნებია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი. ვინღა დარჩა?
მოკლედ, თუ ეს ქვეყნები არ შეასრულებენ შესაბამის მოთხოვნებს, ევროკომისია საქმეს ევროკავშირის სასამართლოს გადასცემს. დირექტივის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, შემოიღო დებულება, რომელიც სანქციების დარღვევისთვის თავისუფლების ხუთწლიან აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთანავე, ქვეყნებს წლიური შემოსავლის 5%-ით დაჯარიმება ემუქრებათ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევაში. 
საკვირველი სეირი დაიმართეს!
რანაირად დააპატიმრებენ ვინმეს, ისედაც ყალყზე დგას ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ხალხი და ზოგან მათი ლიდერებიც. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს _ მსოფლიომ იცის, რომ ყველა გვერდს უცლის სანქციებს, თვით ყოველმხრივ უსუსური ბალტიისპირეთის ქვეყნებიც კი და რას იძიებენ, ნეტავ? 
ამ წელს, ურსულას, როგორც ვასკვნი, ვიღაც ფეხნავსიანი ჰყავდა მეკვლედ, სადაც წავიდა, ყველგან “ბანანზე აუცურდა ფეხი”. ჯერ იმ ჩინეთში რა უნდოდა, როცა თვით სი ძინპინმა ხელი აუკრა ბრიუსელში ჩასვლაზე, მერე კიდევ, იმ ანტონიუ კუშტას რაღას ერჩოდა, ჩინეთში რომ აიტორღიალა. ბოლო-ბოლო, თუ მოლაპარაკებაზე ჩავიდა, რა ულტიმატუმები აუტყდა, ვის დაჰკარგვია ძირგამომპალი ევროკავშირი. ზოგადად თავაზიან ჩინელებს არ შეშლიათ თავაზიანი პასუხები, მაგრამ ეს ქალი რომ ცეტობდა და ჩინეთისთვის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრისთვის, ფაქტობრივი ბრძანებები დასცხო, იმიტომაც მოუწია ვიზიტის ერთი დღით შემოკლება. ამ გამოურსულებულ ურსულას, მგონი, ჩინეთი საქართველოში აერია _ მისგანაც ის მოითხოვა რუსეთთან მიმართებით, რასაც საქართველოსგან ითხოვენ. ისე, ამ ფულისტ ქალს, “ლიმუზინის” ნაცვლად მიკროავტობუსი რომ დაახვედრეს და ისე მიიყვანეს აეროპორტის ტერმინალამდე სიმბოლური საპატიო ყარაულის დერეფანში გასავლელად, მაშინ უნდა ეყარა ქოში უკუღმა, მაგრამ ვინ მისცა თავმოყვარეობა...
ტრამპი კი დალაყუნობს და ხარობს: “ევროპა იხდის, აშშ _ შოულობს”, “ჩვენ ვამარაგებთ, ისინი _ იხდიან”!
სიხარულით იმეორებს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე, რაც ამერიკული თავდაცვის კომპანიებისთვის ახალ კონტრაქტებს გახსნის. 
ბუმერანგის პრინციპი ამოქმედდა, “ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო”! მსხვერპლი _ უკრაინა, ფული _ ევროპული, აშშ _გამდიდრებული. არცთუ ბუნდოვნად მახსოვს ეს სქემა... 
დღეს რა სჭირს, ვიცი, მაგრამ რომ ვთქვა, არ ვიცი, მაშინ რაღა სჭირდა ევროპას-მეთქი, _ ვიცრუებ, მაგრამ იმდენს რა დაწერს, აგერ, მშვენივრად დაწერა გალაკტიონმა და ესეც საკმარისია: 
“ევროპავ, გახსოვს,
რომ გარიგებდენ:
შენ მწუხარებას არ მისცე თავი.
გზაში შეგხვდება
მერანი ორი -
ერთი თეთრი და მეორე შავი.
თუ მოახერხე
თეთრზე შეჯდომა,
არ შეგეშინდეს მისი კისრულის,
ის ფეხით კლდეებს
გადაეჭდობა,
შენ - ნათელ მხარეს 
გადაგისროლის.
მაგრამ თუ შავზე
მოხვდი შეცდომით -
საამსოფლიოდ არ ევარგები,
მწარედ ინანებ
მასზე შეჯდომით,
სადმე წყვდიადში გადიკარგები.
რომ დაიღუპე,
ქვეყანამ იცის
და არავისზე გაბედო ძვირი,
შენ აირჩიე
შავი - და ისიც
არა მერანი - არამედ ვირი.”
რა თქმა უნდა, “გაბაასება ურსულასა და დონალდისა” გოლფის მოედანზე, საბოლოოდ, ხელმოწერილი ხელშეკრულება არ არის. ასეთ დოკუმენტს ევროკავშირის 27-ივე წევრის ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რადგან ხარჯები რეალურად მათ დააწვებათ და არა ურსულა ფონ დერ ლაიენს.
აქ მნიშვნელოვანია _ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1.35 ტრილიონ დოლართან ერთად, ევროპამ, ამავდროულად, ასობით მილიარდი დოლარის შეიარაღება უნდა შეიძინოს უკრაინისთვის და, ამასთანავე, საკუთარი თავდაცვისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებაც უნდა მოახდინოს, ისღა დარჩენიათ, სხვისთვის გათხრილ სამარეში თვითონ ჩაესვენონ, ქელეხის ხარჯებს მაინც ასცდებიან...
მეშინია, “ბუმბულზე მსუბუქი ურსულა” არ გაპუტონ არანაკლებ მსუბუქმა “ურსულებმა”, თორემ ძალგულოვნები რომ დიდი ხანია, გაგლეჯვას უპირებენ, ვიცით. 
კარგი, ურსულა კი შეჯდა ვირზე, თან უკუღმა, მაგრამ ეს ჩვენი რუსეთთან გაბუტული პროდასავლური თავშეკავებულები, ნატო-სთან პარტნიორობა რომ წმინათაწმინდა მოვალეობად ჩაგვიწერეს ნისიების დავთრად ქცეულ კონსტიტუციაში, ჯიუტ ჯორს რატომ გადაასხდნენ და მაინც ევროპისკენ მიერეკებიან, რატომ იბრმავებენ თვალებს და იყრუებენ ყურებს?
ასეა თუ ისე, მაინც რატომ განვიცდით, რატომ ვანიჭებთ რაღაც მნიშვნელობას და მსჯელობის საგნად ვხდით, რა ჩვენს ფეხებად გვაინტერესებს ამათი ნაჯღაბნი რაღაც რეზოლუციები და დათქმები?

ზურა ოშხერელი