ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე

ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე

ჟურნალისტიკა გონების აღმზრდელი თუ ლანძღვა-გინების პროფესია?

როგორ ფიქრობთ, რამდენი დანიშნულება აქვს ჟურნალისტიკას, ანუ პრესას?
ილია ჭავჭავაძის აზრით, ჟურნალისტიკას აქვს ორი დანიშნულება, ერთის მხრივ ის არის შუამავალი ცხოვრებასა და მეცნიერებას შორის, არის საზოგადოებაში ცოდნის გამავრცელებელი, მეორეს მხრივ კი ის არის სარკე საზოგადოების რთული ცხოვრებისა, ასახავს ყოველდღიური აზრის „მიდენ-მოდენას“. ჟურნალისტიკა უნდა ემსახურებოდეს ხალხის აზრის, მათი დამოკიდებულების, სურვილების, მისწრაფებების და გემოვნების გახმოვანებას. ძნელია, ამაზე მოკლედ და ლაკონურად ჩამოაყალიბო გაზეთის არსი და დანიშნულება: „იგი საზომია ცხოვრების მოთხოვნილებისა და საჭიროებისა, იმოდენად იგი საშუალებაა, რომლის ძალითაც თვით საზოგადოება თვისით ცხოვრების სადავეს ხელთ იპყრობს და ცხოვრების თვით-რჯულს დენას საკუთარ თაოსნობას უმორჩილებს. ჟურნალ-გაზეთობამ საზოგადოების ჭკუა და გონება უნდა აღზარდოს, უნდა ააღორძინოს საზოგადოების თვით-მოქმედობითი ძალა. ხშირად, ჟურნალ-გაზეთობა წინ მიუძღვის ცხოვრებას და ხალხს გზას უნათებს, მაგრამ არის საზოგადოება, სადაც დიდად ვერ ხარობს ჟურნალისტიკა და მხოლოდ ლანძღვა-გინების პროფესიად ქცეულა“.
ოპააა, ბოლო წინადადებას ჩავავლე _ ხშირად, ჟურნალ-გაზეთობა წინ მიუძღვის ცხოვრებას და ხალხს გზას უნათებს, მაგრამ არის საზოგადოება, სადაც დიდად ვერ ხარობს ჟურნალისტიკა და მხოლოდ ლანძღვა-გინების პროფესიად ქცეულა. ჩვენში, უკვე კარგა ხანია, ჟურნალისტიკა ვინმეს გზის გამნათებლად აღარ გამოიყენება, იგი მთლიანად ლანძღვა-გინებისა და უვიცობის პროფესიად ქცეულა. მოდი, ამიერიდან ასე გავაკეთოთ: ავიღოთ ჩვენს ჟურნალისტიკაში გაბნეული სისულელეები, როგორც ილია იტყოდა, „დამპალ-დუმპალი რამე-რუმეები“ და გამოვაჭენოთ საქვეყნოდ, ეგებ, ასე მაინც ჩავთესოთ ერთი სასიკეთო მარცვალი და როგორმე შემოვატრიალოთ უკვე გადაგვარებული ქართული მედია.
სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ ამდენ უვიცობას ავლაგმავთ, მაგრამ საზოგადოების ნაწილს მაინც ხომ გავაგებინებთ, რა გვჭირს და რაშია საქმე? მოკლედ, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, უფრო სწორად, ილიას დავეთანხმოთ _ ჟურნალისტიკა უნდა იყოს სწავლისა და ცოდნის გამავრცელებელი.
კი, მაგრამ, როცა დღეს ქართული ჟურნალისტიკა უვიცებით არის სავსე, რანაირად იქნება სწავლისა და ცოდნის გამავრცელებელი? ან კი საერთოდ, რანაირად უნდა იყოს, როცა მის ფუნქციად მხოლოდ ახალი ამბების გავრცელება მიაჩნიათ? აკი მიაძახეს ცხონებულ ნოდარ ტაბიძეს, არაერთი თაობის აღმზრდელს, პირადად ჩემს მასწავლებელს, ჟურნალისტიკის ხერხემალი პუბლიცისტიკა კი არა, ინფორმაციააო? არ არის ასე, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება-გავრცელებას სჭირდება ოსტატობა და წერა-კითხვის მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სჭირდება ნიჭი. ერთია ინფორმაცია და მეორეა მისი გავრცელება, „აჟურში მოყვანა“, მიწოდება, რათა მკითხველმა სწორად შეიგნოს, მიიღოს და გადახარშოს.
დღეს ჩვენში ხშირად ამბობენ, საზოგადოების დიდ ნაწილს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირსო. როდესაც პირველად ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, ჩვენი საზოგადოების ნაწილს მოვლენების გაანალიზება არ შეუძლიაო, ცოტა არ იყოს, ვიუკადრისე, ასე არ არის-მეთქი. ახლა ვრწმუნდები, რომ მართალი იყო და იმასაც კი ვფიქრობ, მან კიდევ რბილად თქვა, ანალიზის უნარი დაკარგულიაო...
შეხედეთ, რას ჰგვანან ჯერ მამუკა ხაზარაძის ფულებით გაგიჟებული ე. წ. ჟურნალისტები, რას ბოდიალობენ, რას მიედ-მოედებიან, რანაირი მეტყველება აქვთ, რანაირი ჟესტიკულაცია, რანაირი მეტყველება და რანაირი მიხვრა-მოხვრა. შემდეგ გადახედეთ მათ მიმდევარ ე. წ. საზოგადოებას, ნანულა ჟორჟოლიანს აყოლილ ბლანტე მასას, განა მათ აქვთ უნარი, სწორად შეაფასონ მოვლენები და გააანალიზონ, რა სჭირდება ქვეყანას? როგორც ილია ამბობდა, ამათ მხოლოდ წუნის დადება იციან და ისიც განა საკუთარი გონებით? არა, მათ, ფაქტობრივად, გონება აღარ აქვთ, მათ ტვინი გამოაცალეს და ჩაუდეს რაღაც მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ჩაძახილზე რეაგირებს და მარტო იმას ამოგძახებს, რასაც ჩასძახებენ.
მოდით, რაკი დღევანდელი პუბლიკაცია ილია ჭავჭავაძის ნააზრევის მიხედვით მაქვს აწყობილი, ისევ მას მოვუსმონოთ: „წუნის დადება და ლანძღვა-თრევა შორის-შორია, შუა დიდი მანძილი უდევთ. განა ცუდს ცუდი, ავს ავი არ დაერქმის ადამიანის ღირსების შეულახებლად, ადამიანის გაულანძღველად, თავლაფ – დაუსხმელად“? 
გასაგებია, ხომ? დღეს ე. წ. მედიასაშუალებები ისეთებს კადრულობენ, ისეთებს ავრცელებენ, ისე იფურთხებიან და ილანძღებიან, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჟურნალისტიკასთან. კი, ბატონო, როგორც ილია ამბობს, საზოგადოებისთვს პირველი წამალი პირში სიმართლის თქმა უნდა იყოს, მაგრამ ეს ისე, რომ არ შურაცხყო ადამიანის ღირსება, კრიტიკა კარგ რჩევად უნდა გადავაქციოთ და მერე ცხოვრება გაცილებით გამარტივდება: „ძნელია ეს ყოველისფერი, ჩვენი მკითხველო, მაგრამ მაგ სიძნელეშია ის საწყაოც, რომლითაც უნდა აიწყოს გაზეთის ღირსება და რომლითაც შენ უნდა მიუწყო მისთა მოღვაწეთა შენი გულითადი თანაგრძნობა, შენი პირუთვნელი პატივისცემა და შნო უანგარო“.
რა შეიცვალა მე-19 საუკუნიდან დღემდე? პრესის მდგომარეობის მხრივ თითქმის არაფერი, პირიქით, ვინაიდან იმ პერიოდში ტექნოლოგიები ასე არ იყო განვითარებული, გაზეთი გახლდათ ერთადერთი „პური“ გონებისა და სულისა, ახლა ასე აღარ არის, თითქოს ადამიანის გონებამ სხვა უფრო მრავალფეროვანი საკვები გამონახა, მაგრამ ჰოი, მოხდა საოცრება, იმავე ადამიანის გონება გაზარმაცდა, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მხოლოდ სათაურებს კითხულობს და იქიდანაც ვერაფერი გამოაქვს. ან კი რა უნდა გამოიტანოს მხოლოდ სათაურიდან?
სხვათა შორის, ჩვენში ხდება დაუჯერებელი რამ _ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს უჭირს წერა-კითხვა და წაკითხულიდან აზრის გამოტანა, მაინც ყველამ ყველაფერი იცის, ეგრევე დაგილაგებენ „ღრმააზროვან“ მიმოხილვებს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, არის დღეები, როცა ლამის მთელი ერი ავიაციის სპეციალისტია, ან მიწისძვრების სპეციალისტია, ხან ბომბდამშენების სპეციალისტია...
ამჯერადაც ერთ ჩართვაზე მოგახსენებთ, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეტიც, შეიძლება სასაცილო უვიცობადაც ჩაითვალოს, სატირალი რომ არ იყოს. ნახეთ, რამდენი უვიცობაა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ მხოლოდ ერთ წინადადებაში (სტილი დაცულია): „აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნის მხრიდან კრუგი დაარტყეს და მელიქიშვილის გამზირზე და სასტუმრო საქართველოსთან მივიდნენ, სადაც კახა კალაძის შტაბი იხსნება“. ამას მოსდევს კიდევ ერთი წინადადება: „მოქალაქეები სკანდირებენ: „რუსებო, რუსებო“, „მონებო, მონებო“, ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა“.
ესე იგი, კალაძის მხარდამჭერებს „რუსებს“ უწოდებს ტელევიზია, რომლის თანამშრომლებიც წერენ, აქციის მონაწილეებმა „კრუგი“ დაარტყესო. მათ, ალბათ, არ იციან, რომ „კრუგი“ რუსული სიტყვაა და წრეს ნიშნავს, ხომ? თუ არ იციან და ამ სიტყვას მაინც ხმარობენ, უფრო დიდ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, „რუსი“ რომ სალანძღავ სიტყვად გაიხადეს, ეს არის ყველაზე დიდი ტლუობა და მეორე _ თავადვე რომ იბლანდებიან თავიანთსავე უცოდინრობაში, ესეც დიდი საცოდაობაა. მაგალითად, მე რომ ვყოფილიყავი მაგ ტელევიზიის უფროსი, მაგ ინფორმაციის დამწერსა და გამავრცელებელს იმ წამსვე გავაგდებდი სამსახურიდან, მაგრამ ეგ შავნოდარას დაწერილია და თავის თავს ხომ არ გააგდებს? სხვათა შორის, შავნოდარამ იცის რუსული, ადრე რუსულ ენაზე აკეთებდა ხოლმე სიუჟეტებს, მაგრამ ახლა ინგლისურადა „სხლამს“ _ ამას წინებზე უკრაინელი დეპუტატი გონჩარენკო ჩართო თავის უბადრუკ გადაცემაში და ასე მიმართა: „მისთერ გონჩარენქო, ლაივ“. ნოდარას ინგლისურმა აახარხარა ლამის მთელი საქართველო, ამან ვის რა უნდა ასწავლოს, ან ვის რა უნდა შეუსწოროს და მით უფრო - აღზარდოს? 
დავუბრუნდეთ „კრუგსა“ და „რუსს“... ესე იგი, ჩვენ გვეძახიან (გვლანძღავენ) რუსებს უვიცები, რომლებმაც არ იციან, რომ სიტყვა „კრუგი“ რუსულია. ეს იმას ნიშნავს, რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია რომ გამოვა ხოლმე ტელევიზორში და რუსებს აგინებს.
სხვათა შორის, როდესაც მე მეძახიან, „შე რუსოო“, საერთოდ არ მწყინს, არც მეჩოთირება, არც „მეპაზორება“, რა ვქნა, ვერ ვგრძნობ ვერანაირ უხერხულობას. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს არანაირი შეხება რუსეთთან, არც გვარში მყავს ვინმე რუსი, არც ბებია, არც დეიდა, არც მამიდა, არც ცოლი, მაინც არ მწყინს. ცხონებულ ნოდარ ნათაძეს ჰყავდა რუსი ცოლი და დღეში ცხრაჯერ რუსებს აგინებდა. ერთხელ ვკითხე, ბატონო ნოდარ, ღამე ცოლთან ერთად ერთ ბალიშზე თავს რომ დადებ, იმასაც მასე აგინებთ-მეთქი? გაიცინა, არაო, თუ არ გამაბრაზა, არ ვაგინებო.
რა ვიცი, მე შეიძლება რუსული პოლიტიკა არ მომწონდეს, მაგრამ ხალხი არ მაღიზიანებს, ხალხს არაფერს ვერჩი. აგერ, ამას წინებზე არ იყო, ამერიკის მოქალაქე რომ გააჩერეს რუსთაველზე, რუსი რომ ეგონათ და კინაღამ გაძუყნეს? წესით, აშშ-ის საელჩოს უნდა დაეგმო ბრიყვების საქციელი, მაგრამ არ დაგმო, რადგან ეს ბრიყვებმა ჩაიდინეს.
დიახ, ამ ქვეყანაში ბრიყვებსა და კრეტინებს უფრო პატივს სცემენ, ვიდრე ნორმალურ, დარბაისელ ადამიანებს. რატომ, ვერ გეტყვით, მაგრამ ასეა... 

გელა ზედელაშვილი
(გაგრძელება იქნება)