ვარლამ ჩერქეზიშვილი - პირველი ქართველი კორესპონდენტი ლონდონში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი თოხლიაური კახეთის დანარჩენი სოფლებისაგან თითქოსდა არაფრით განსხვავდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ პატარა კუთხეში დაიბადა პირველი ქართველი კორესპონდენტი ევროპაში, ბატონი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ილია ჭავაჭავაძის გაზეთ „ივერიის“ ფურცლებიდან საქართველოს შესახებ მაშინდელ ევროპას მოუთხრობდა.
მახსოვს, ჩემს ყმაწვილკაცობაში როგორი მონდომებით ვკითხულობდი ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ. ამ მხრივ ფასდაუდებელია პროფესორ გურამ შარაძის წვლილი, რომელმაც ვარლამ ჩერქეზიშვილის საზღვარგარეთ მოღვაწეობას („უცხოეთის ცის ქვეშ“ და სხვ.) არაერთი კვლევა მიუძღვნა.
სამშობლოდან გადახვეწილი ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაკვალევის შესწავლას მეც გარკვეული დრო დავუთმე. ახლაც სინანულით მავსებს იმის განცდა, რომ 2002 წელს ლონდონში ყოფნისას, ვერ შევძელი მეტი დრო დამეთმო ამ ქართველის მოღვაწეობისთვის, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ ეკლესიაშია დაკრძალული. მაგრამ შინ დაბრუნებისთანავე ამ საქმისთვის არ მიღალატია, დამატებით დავიწყე საინტერესო მასალების კვლევა- ძიება ვარლამის მოღვაწეობის შესახებ და პერიოდულ გამოცემებშიც კი ვწერდი. რამდენჯერაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ახლოვდება, რატომღაც ყოველთვის ვარლამ ჩერქეზიშვილის სამშობლოსადმი თავდადების საინტერესო ეპიზოდები მახსენდება. ალბათ, იმიტომ, რომ, მიუხედავად გურამ შარაძის დიდი მცდელობისა, ვარლამის ანდერძი ამ სასიქადულო მოღვაწის ნეშტი საქართველოში გადმოესვენებინათ და მშობლიური მიწისთვის მიებარებინათ, რატომღაც დღემდე არ აღსრულებულა.
რამდენჯერაც საგარეჯოს რაიონისკენ მიმავალ გზას დავადგები, უმალ წარმომიდგება ხოლმე ახალგაზრდა ვარლამ ჩერქეზიშვილის სამშობლოსთან განშორების ბოლო წუთები...
და მაინც, ვინ იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი?
ოფიციალური ცნობის თანახმად, ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი დაიბადა 1845 წლის 15 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში. გარდაიცვალა 1925 წელს ლონდონში. იყო რევოლუციური მოძრაობის წევრი -ანარქისტი . 1866 წელს პირველად დააპატიმრეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზაციაში მონაწილებისათვის. 1871 წელს მეორედ დაიჭირეს, გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1875 წელს გადასახლებიდან ევროპაში გაიქცა. 1876-78 წლებში თაბამშრომლობდა რუსულ ემიგრანტულ ჟურნალში: „ვპერიოდ“ (ლონდონი) და „ობშჩინა“ (ჟენევა). 1877 წელს შევიდა ანარქისტულ ინტერნაციონალურ ფედერაციაში (შვეიცარია). 1877-80 წლებში დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ევროპული ანარქისტული მოძრაობის თავკაცს ჯეიმზ გილიობს, ასევე, ელისე რეკლიუს, პეტრე კროპოტკინს და სხვებს.
1894 წლიდან ილია ჭავჭავაძემ თავის სახელგანთქმულ „ივერიაში“ დაიწყო მისი წერილებისა და კორესპონდენციების ბეჭდვა, „ვაზიანის“ ფსევდონიმით. სწორედ ვარლამმა გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი. 1904 წელს ვარლამი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. 1903 წელს ვარლამის დახმარებით, არჩილ ჯორჯაძემ და მისმა თანამოაზროვნეებმა პარიზული გამოცემის პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთი „საქართველო“ და მისი ფრანგული დამატება „ა Gეორგე“ დააარსეს.
1905 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილის დახმარებით ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა ევროპიდან მიიღეს იარაღის დიდი პარტია ჰოლანდიელი ანარქისტებისგან, ხოლო მემის მეთაურობდა მისივე მეგობარი, ცნობილი ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისი. 1907 წელს ვარლამის დიდი ძალისხმევით წარედგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი „საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა“. 1910 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა ლონდონში გამართული მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა.
უკვე 72 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებული ვარლამი გაჭირვებაში ცხოვრობდა, ბევრად უარესად, ვიდრე ლონდონში, მაგრამ მას ეს ნაკლებად აწუხებდა. აკაკი ჩხენკელი 1920 წელს მათ შორის შემდგარ საუბარს იგონებდა: „არაფერია, მითხრა მან ერთხელ, ახალი სახელმწიფოა, ჯერ გამოუცდელი არიან, უნდა მოვითმინოთ. თავი და თავია, გარეშე მტერმა არ გაგვსრისოს. თუ ამას გადავურჩით, თანდათან გამოსწორდება ყველაფერი.
1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო დამოუკიდებელი საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა. 1925 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა და დაკრძალეს ლონდონში (კარლ მარქსის საფლავის სიახლოვეს).
გოლდერს გრინი ლონდონის ყველაზე ძველი კრემატორიუმია. ის 1902 წელს გაიხსნა და 2018 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით მასში 339831 ადამიანის კრემაცია მოხდა, 1925 წელს ვარლამი რიგით 14122-ე იყო. იქ დაცული ნეშტებიდან ყველაზე ცნობილი ზიგმუნდ ფროიდისა და მისი ოჯახის ფერფლია. კრემატორიუმს აქვს ფერფლების საცავი, რომელსაც კოლუმბარიუმს უწოდებენ. თითოეული ადამიანის ფერფლი ცალკეულ ნიშშია დაცული. თითოეული ნიშის სიმაღლე და სიგანე დაახლოებით 40-50 სანტიმეტრია; ამ ნიშებშია ჩადებული ფერფლის ურნები. თავის დროზე ვარლამის მეუღლემ სამუდამოდ შეისყიდა ნიშში ვარლამისთვის ადგილი და მისი ნეშტი არ დაიკარგა. ფრიდა ჩერქეზოვამ მასში 20 გვინეის მონეტა (21 ფუნტი) გადაიხადა,
გრიგოლ რობაქიძის მოგონების თანახმად, იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა, იგი საუკუნიდან მოწყვეტილ ფესვებს უბრუნდება. ასე დაემართა ვარლამსაც, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც, ინგლისურიც და მხოლოდ ქართული ახსოვდა.
ამავეს ადასტურებს აკაკი ჩხენკელის მოგონებაც, რომელიც 1926 წელს ემიგრანტულ ჟურნალ „დამოუკიდებელ საქართველოში“ დაიბეჭდა და „გუშაგის” ფსევდონიმით წერდა: „არაჩვეულებრივი იყო ვარლამის სიკვდილი, ისე როგორც მთელი მისი ცხოვრება. მან ენა აიდგა! საქმე იმაშია, რომ ვარლამი ბავშვობიდან რუსეთში იზრდებოდა, არ ეხერხებოდა ქართული, თუმცა ესმოდა და სწერდა კიდეც. ჩემთან იყო ეკა ჩერქეზიშვილი, ვარლამის ძმის ქალი, და მან გადმომცა, რომ ვარლამი სიკვდილის წინ მარტო ქართულათ და ისიც გასაოცრათ წმინდათ ლაპარაკობდაო; თვით ბიცოლა ფრიდასაც არ ელაპარაკებოდა სხვა ენაზე და მიხდებოდა მისთვის თარგმნაო. ვარლამი, იმავე ეკას გადმოცემით, თავს საქართველოში გრძნობდა, ებაასებოდა თურმე იქ დარჩენილ მეგობრებს, იგონებდა ბავშვობას. ერთი სიტყვით, ოცნებაში სცურავდა და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა.“
2001 წელს პროფესორმა გოჩა ფერაძემ ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ დაწერა წიგნი, გამოიკვლია მისი წინაპრები, ბიოგრაფიული მონაცემები და თან დაურთო ა Géორგიე-ს ქართული თარგმანიც; მოგვიანებით ლონდონშიც იყო ვარლამის ნეშტისთვის პატივის მისაგებად. გოჩა ფერაძემ მარმარილო სპეციალურად ვარლამის მშობლიურ კახეთში შეიძინა, მისგან ურნა დაამზადებინა და ბრიტანეთში ჩაიტანა.
მისასალმებელია, რომ ქართველ საზოგადოებას კვლავ ახსოვს ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობა. 31 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი სოფელ თოხლიაურში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის საჯარო სკოლაში მისი გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიის მკვლევარი გოჩა ფერაძე და უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის წარმომადგენლები.
ვარლამ ჩერქეზიშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სტუმრობდნენ საგარეჯოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი, მისი პირველი მოადგილე გოჩა ჩერქეზიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ფანოზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
იმედია, ვარლამ ჩერქეზიშვილის ანდერძი მისი ნეშტის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რასაც გურამ შარაძემ დიდი ძალისხმევა შეალია, მალე აღსრულდება.
მოამზადა
ლევან ჭიღლაძემ
