გიორგი გახარიას „თორმეტი მოციქული“

გიორგი გახარიას „თორმეტი მოციქული“

28 ოქტომბერს, სამშაბათს, გიორგი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში შელაგდნენ და დეპუტატებად დასხდნენ. თორმეტნი არიან. ოღონდ ისინი არა, რომლებიც ყველაზე მეტად ებრძოდნენ „ქართულ ოცნებას“. მოდი, ჯერ ის გავიხსენოთ, რომელი „მებრძოლები“ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და შემდეგ იმასაც გეტყვით, ვინ შევიდა. იცით, ეს რას მაგონებს? საიდანღაც კარგ „ტავარს“ რომ გამოიწერენ ხოლმე და უხარისხო რაღაცები ჩამოსდით, მერე კითხულობენ - რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდაო? გიორგი გახარიამ პირველ ეტაპზე პარლამენტში გაიყვანა: საკუთარი თავი, თეონა აქუბარდია, ზვიად ძიძიგური, დიმიტრი ცქიტიშვილი, როინ ქოჩორაშვილი, კახაბერ ქემოკლიძე, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ზაზა თავაძე, ლევან გოგიჩაიშვილი. ვაღიაროთ, ეს შემადგენლობა გახლდათ გახარიას პარტიის „ნაღები“. ჰოდა, ჩვენმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ერთ დროს ძალზედ ჭკვიანი რომ გვეგონა, ეს 12 ცალი ძირითადი ჩახსნა, პარლამენტში არ შეიყვანა და ახლა საასპარეზოდ, „ქართულ ოცნებასთან“ საპაექროდ, სათადარიგოთა სკამიდან წამომხტრები გამოუშვა. ესენი არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, სოფო ხორგუანი. რუსუდან თევზაძემ უარი თქვა, პარტია დატოვა, მე ლექტორი გახლავართ (რავა ყველა ლექტორია ამ ქვეყანაში?), პარლამენტში რომ წამოვჯდე, სტუდენტებს თვალებში რანაირად უნდა ჩავხედოო? ისე, რა ჩემი საქმეა, მაგრამ პირველი შემადგენლობიდან, ვისაც თავმოყვარეობა აქვს, ყველამ უნდა დატოვოს გახარიას პარტია. შე მუდრეგო, თუ შესვლას მაინც აპირებდი რაღაც ფორმით, ბარემ ცნობადი სახეები მაინც შეგეყვანა, ეს არაცნობადები და უსახურები რის გამკეთებლები არიან პარლამენტში? ამათ რა კონკურენცია უნდა გაუწიონ „ქართულ ოცნებას“? არ იფიქროთ, პირველი შემადგენლობა ძალიან ძლიერი იყო და მთებს გადადგამდნენ, მაგრამ მაგათ „ქართული ოცნების“ სკოლა მაინც აქვთ გავლილი, წინა მოწვევის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ხათრით მოხვდნენ, რაღაცები მაინც ისწავლეს, ამათ, ამ „მავნებმა“ რა იციან? სხვათა შორის, პატივცემულმა საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში უკვე შენიშნა - ესენი იმდენად მდარე ხარისხისანი არიან, ხეირიანად ოპოზიციონრობასაც ვერ გასწევენო. თუმცა სხვა რა გზა გვაქვს? როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის ხოლმე, რაც არი, ეგ არი.
არ დაიჯერებთ (თუმცა, რატომ არ დაიჯერებთ?), მიუხედავად ყველაფრისა, გახარიას სათადარიგოები პარლამენტში დიდი გონორით შევიდნენ - სიმართლე მწარეა, ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, უნდა შეეგუოთ, დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება, აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთო. ეს პირდაპირ „მიახალა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვინმე გიორგი შარაშიძემ. იცით, რა მაინტერესებს? ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი ამ ქვეყანაში რატომ უყვართ? რატომ არ ეზარებათ? ყველას რატომ ჰგონია, რომ ქართველი ხალხის რჩეულია? აი, ამ ვინმე გიორგი შარაშიძეს რატომ აქვს პრეტენზია, რომ პარლამენტამდე ხალხის ხმა თვითონ უნდა მიიტანოს და განსხვავებული აზრიც მან უნდა „გააჟღეროს“? 
შეეშვით, რა, კაცო, ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს მაშინ მაინც, როცა იგივე ქართველი ხალხი 7-8 პროცენტზე მეტს არ გაძლევთ. ისე, ძალიან მაგარი „ხოხმა“ იყო სოფიო ხორგუანის ინტერვიუ ვახო ხუზმიაშვილთან. კაცი ეკითხება, თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, თქვენ ლეგიტიმურები რანაირად უნდა ჩაითვალოთო? პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ ლეგიტიმურები ვართო, მხოლოდ ჩვენი 8 პროცენტია ლეგიტიმურიო. რკინის „ლოღიკაა“, ჩემმა მზემ. ამ ქალს ადრე კარგად ვიცნობდი, ალაგ-ალაგ პოლიტიკოსობდა, თუ არ ვცდები, მანამდე სახალხო დამცველთანაც მუშაობდა, მოგვიანებით „ქოცობდა“ კიდევაც, მაგრამ გავარდა რა გახარია „ფირალად“, ესეც მიჰყვა, უცებ გაქამელეონდა და „ქოცებს“ დაერია. ახლა მისი მტერი არც „ნაცია“, არც „გნაცი“, არც „შმაცი“, მისი დაუძინებელი მტერი გახლავთ „ქოცი“. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიაჩნია და იმასაც კი ამტკიცებს, რომ კორუფცია არის სამშობლოს ღალატი. ეს სიტყვები მას მაშინ აღმოხდა, როცა პარლამენტში შეახსენეს, რომ გახარია და მისი მომხრეები მოღალატეები არიან. სოფიომ ეგრევე კორუფცია ახსენა... არადა, იმ წუთას დაავიწყდა, გაგანია პანდემიის პერიოდში მისმა ბოსმა (გახარიამ) პარიზში 500 ათას ევროდ ბინა რომ იყიდა. რაღა დაგიმალოთ და... მიკვირს, ხორგუანის ბოსი ბერლინში რატომ იმალება? პარიზში რატომ იმალება? დავიჯერო, ბერლინშიც იყიდა სახლი?
„თქვენ დაგავიწყდათ ადამიანი, დაგავიწყდათ, რომ საქართველოს მთავარი სიმდიდრე არის ადამიანი, კორუფცია კი შთანთქავს ყველას და ყველაფერს“!
სოფიო მიხვდა, მხოლოდ ადამიანის რაობის განსაზღვრებით ფონს ვერ გავიდოდა და ტონი გაამკაცრა, სურათი ჩააბნელა, შავნოდარა რომ ჩააბნელებს ხოლმე კადრებს, ზუსტად ისე:
„რატომ ვერ ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე დღეს უსაფრთხოდ და უზრუნველად? პასუხი აქ არის -კორუფცია მეტასტაზებივით მოედო მთელს ქვეყანას, ქალაქსა თუ სოფელს, ყველა სფეროს, მმართველობის ყველა დონეზე. პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი, ფულის გათეთრება, უკანონო გამდიდრება, მექრთამეობა, გაფლანგვა და მითვისება, გავლენით ვაჭრობა - ჩვენი ყოველდღიურობის ჯოჯოხეთად იქცა“.
აბა, უყურეთ, სოფიომ სურათი ნამეტნავად ჩააშავა, 25 კორუმპირებული ოჯახიც ახსენა, არ დაუკონკრეტებია, უბრალოდ, უმრავლესობის წევრებს წამოაძახა. ეს გახარიას მიერ ნასროლი „ხელთათმანია“, მან განაცხადა ერთხელ, საქართველოში 25 კორუმპირებული ოჯახიაო. სოფიოს სჯერა, რომ ეს ზუსტი ციფრია, „ბოს სკაზალ, ბოგ სკაზალ“, - წვეთი არ გაუვა. მე მაინც ერთი კითხვა მაწვალებს - რანაირად იყიდა გიორგი გახარიამ პარიზში 500 ათას ევროდ ბინა პანდემიის პერიოდში? თუნდაც პანდემიას თავი დავანებოთ, რანაირად იყიდა? ერთხელ თვითონ თქვა, სახლში მივხიკეთ, მოვხიკეთ, მოვაგროვეთ და ვიყიდეთო. ისა და... განა საინტერესო არ არის, რა სახსრებით არის გადახვეწილი გერმანიაში, რანაირად ცხოვრობს ამდენ ხანს ბერლინში? მამილო უგზავნის თბილისიდან? კორუფციაო, კაცო, კორუფცია და უკანონო გამდიდრებაო, ეს არის თქვენი ხელობაო, „ამხილა“ უმრავლესობის წევრები სოფიომ და გვერდით მსხდომ კოლეგებს ამაყად გადახედა. 
არ დაიჯერებთ (თუმცა, რატომ არ უნდა დაიჯეროთ?), პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში ფრაქცია შექმნეს სახელწოდებით - „საქართველოსთვის“. ფრაქცია რაში სჭირდებოდათო? - იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით... როგორ გითხრათ, ფრაქციას უფრო მეტი სიკეთეები მოაქვს, ვიდრე უფრაქციობას - „მანქნებით“ მომსახურება, დამატებითი „მაყუთი“ (ახლა ბებიაჩემივით არ მკითხოთ - შვილო, რა ყუთიო?), პირადი მძღოლები, უფასო რამე-რუმეები და ასე შემდეგ.
იცით, ჩვენს ქვეყანას რომ ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება, ეს ცხადია. შეასრულებს კი გახარიას 12 მოციქული ჯანსაღი ოპოზიციის მოვალეობას? არა, არა მგონია, მათ პირველივე სხდომა უკვე გაცვეთილი, „ნაცების“ მიერ დამუშავებული ბრალდებებით დაიწყეს და არ მგონია, დარჩენილი 3 წლის განმავლობაში ან რამე შეცვალონ, ან კიდევ საერთოდ გაიზარდონ. გინდა 12 „ნაციონალი“ მჯდარა პარლამენტში, გინდა - ესენი მსხდარან, მნიშვნელობა აღარ აქვს. ბოლო-ბოლო, ხომ არ შეიძლება, სულ იღრინებოდე, იკბინებოდე და მთელ უმრავლესობას მტრად მიიჩნევდე? ეს უნდა დამთავრდეს, ოღონდ, სხვა, ახალი ძალების მიერ. 

გელა ზედელაშვილი