გიორგი გოგოლაშვილი: რეფორმის დაწყებას მივესალმები, ოღონდ შედეგიც უნდა დაიდოს
გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:
_ ბატონო გიორგი, ახლახან პრემიერმა საზოგადოებას უმაღლესი განათლების მასშტაბური რეფორმის კონცეფცია წარუდგინა. ქვეყანა ლომაიას მინისტრობიდან მოყოლებული, მუდმივად დაუსრულებელი რეფორმების რეჟიმშია...
_ მართალი ბრძანდებით, განათლების სისტემაში მუდმივად რეფორმები ტარდება და ასეც უნდა იყოს. განათლების სისტემამ ცხოვრებას ფეხი უნდა აუწყოს და სულ ახლის ძიებაში, რეფორმირების პროცესში უნდა იყოს. აქ ჩვენი საწუხარი, სადარდებელი მხოლოდ ის არის, როგორ ვიწყებთ რეფორმებს და მერე როგორ ვავითარებთ მათ _ ან შუა გზაზე დაუმთავრებელს ვტოვებთ, ან იმთავითვე არასწორად ვგეგმავთ და ასევე ვაგრძელებთ. არ მახსენდება ისეთი რეფორმა, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში დაწყებული, რომელიც ბოლომდე მივიდა ისე, როგორც ეს საჭირო იყო. აქ მთავარი შემდეგია: რეფორმა საჭიროა, მაგრამ აუცილებელია მისი სწორად დაგეგმვა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
ასე რომ, რეფორმის დაწყებას მივესალმები, ოღონდ შედეგიც უნდა დაიდოს. ლომაია-სააკაშვილის პერიოდში „რეფორმები“ ნამდვილად არ გვაკლდა, მაგრამ ეს ანტირეფორმა იყო. მაშინ, ფაქტობრივად, განათლების სისტემა მოსპეს. იმ „რეფორმამ“ პირველი დღეებიდანვე დიდი წინააღმდეგობები გამოიწვია, რომელთაგან ზოგი დავძლიეთ, ზოგიც _ ვერა, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. ამიტომ პრემიერის მიერ დაანონსებული რეფორმა აუცილებელიც იყო, რადგან წინამორბედები სწორად არ იყო დაგეგმილი და ვერ გაამართლეს. აქვე ერთსაც აღვნიშნავ: ეს უმაღლესი განათლების რეფორმაა, რაც, ბუნებრივია, სასკოლო განათლების რეფორმასთანაც კავშირშია. კონცეფციაზე საუბრისას ზოგჯერ სასკოლო საკითხმაც გაიჟღერა, მაგალითად, რამდენწლიანი უნდა იყოს სწავლება. უმეტესწილად, რეფორმა უმაღლეს სასწავლებლებს ეხება. ისე კი, ზოგადად, მთლიანად განათლების სისტემის რეფორმაა ჩასატარებელი, ცხადია, ივარაუდება...
_ უმაღლესი განათლების რეფორმა გულისხმობს გეოგრაფიულ დეკონცენტრაციას, რომლის მსგავსი აქამდე არ გაკეთებულა. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას დედაქალაქში იღებს.
_ გეთანხმებით. ეს კატასტროფაა. თბილისი ამ მხრივ თავკომბალად იქცა. დედაქალაქის განტვირთვაზე საუბარი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაიწყო... ამის მცდელობებიც იყო, მაგრამ საბოლოოდ, დღეს ასეთი შედეგი გვაქვს: სტუდენტები ყველა რეგიონიდან თავს მაინც თბილისში იყრიან. დააკვირდით, რა მოცემულობა გვაქვს _ სასწავლებლად დედაქალაქში ჩამოდიან და მერე უკან ნაკლებად ბრუნდებიან. მათ ურჩევნიათ, სამსახური აქ ეძებონ, ვიდრე თავიანთ რაიონს დაუბრუნდნენ... დაიცალა რეგიონები... პრემიერის ინიციატივა კარგია, ოღონდ, სწორად გათვლა, გაანგაარიშება, დაგეგმვაა საჭირო. აქვე საუბარია იმაზეც, რომ ქუთაისი მეორე საუნივერსიტეტო ქალაქად იქცეს, რაც აბსოლუტურად მართებულად მიმაჩნია. დღეს ყველა უმაღლეს სასწავლებელს უნივერსიტეტი დაარქვეს. საქართველოს მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტი სჭირდებოდა, რომელთაგან ერთი თბილისში იქნებოდა, ერთიც ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში. ქუთაისი სულ სხვა ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურული წარსულის ქალაქია. ამიტომ ის ნამდვილად იმსახურებს მეორე საუნივერსიტეტო ცენტრის სტატუსს... ახლა კი ეს ფუნქცია დაკარგული აქვს. კარგი იქნება, თუ გადანაწილების პროცესი სწორად წარიმართება, სხვა დიდი ქალაქებიც განვითარდება, რეგიონში არსებულ უნივერსიტეტებს ინფრასტრუქტურა გაუძლიერდებათ და მეტი სტუდენტის მიღებას შეძლებენ. ეს სწავლის ხარისხსაც აამაღლებს.
პრობლემა ბევრია, მაგრამ მოგვარებადი. დღეს საქართველოში პედაგოგი აღარ იზრდება, არადა, ჩვენ პედაგოგიური ინსტიტუტი თბილისშიც გვქონდა, თელავშიც, ქუთაისშიც. ასევე არსებობდა საინჟინრო, სუბტროპიკული მეურნეობისა და სხვა ინსტიტუტები. თუმცა მერე ეს ყველაფერი გაქრა და თავი ისევ თბილისში მოიყარა. თელავის, გორის, ქუთაისის, ბათუმის უნივერსიტეტები ერთმანეთს ტყუპისცალებივით დაემსგავსნენ... მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი ყველა ქალაქის სასწავლებელს აქვს, მაგრამ სად და როგორ ასწავლიან, რამდენად კვალიფიციური კადრები ჰყავთ, ეს მეორე საკითხია. ამიტომ აუცილებელი არ არის ეს ფაკულტეტი ყველა სასწავლებელს ჰქონდეს. კარგი იქნება, თუ აღნიშნული რეფორმა ხარისხიანად გატარდება.
_ რას გულისხმობს იდეა: ერთი ქალაქი _ ერთი ფაკულტეტი?
_ ამის უპირატესობა რიგი ფაკულტეტების დედაქალაქის გარეთ გატანა და თბილისის ამგვარად განტვირთვაა. მაგალითად, კახეთი მევენახეობის ცენტრია და იქ შესაბამისი პროფილის სწავლება იქნება მიზანშეწონილი. სხვა ქალაქებში ფაკულტეტები იმის მიხედვით უნდა გადანაწილდეს, თუ რა დარგებია იქ მეტ-ნაკლებად განვითარებული. თავის დროზე საუბარი იყო იმაზე, რომ რეგიონულ სასწავლებლებში აქცენტი იმ ფაკულტეტებზე გაკეთებულიყო, რა დარგებიც იყო განვითარებული. ვთქვათ, ახალციხეში _ მესაქონლეობა, კახეთში _ მევენახეობა. შესაბამისმა კომისიამ უნდა შეისწავლოს და ისე გადაწყვიტოს, რომელ რეგიონს რა მოთხოვნა, რა პერსპექტივა აქვს. მოთხოვნების შესაბამისად, სტუდენტმა თავის რეგიონში უნდა ისწავლოს და იქვე დასაქმდეს, რაც, თავისთავად, დედაქალაქსაც განტვირთავს და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს...
_ რეფორმა საკადრო პოლიტიკის გადახედვასაც გულისხმობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროფესორებმა სრული დატვირთვით უნდა იმუშაონ. ამის რესურსი თუ არსებობს?
_ რესურსი მოიძებნება, მთავარია, კონკურსები სწორად ჩატარდეს, რადგან 2005-2006 წლებიდან მოყოლებული, ეს საოცრად მახინჯი სისტემა იყო. ამ წლებში ლომაიას მიერ პროფესორებად დასმული ხალხი ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. მათი პროფესორობა მაშინ პოლიტიკური ნიშნით განისაზღვრა. „მართლა პროფესორები“ კი ჩარეცხილებად გამოაცხადეს და უნივერსიტეტებიდან გაყარეს. მოგვიანებით დადგა საკითხი, ისინი უკან დაებრუნებინათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან ამ უმაღლეს სასწავლებლებს 2005-2006 წლებში იქ ჩაბუდებული „პროფესორები“ განაგებდნენ. ეს საკითხი მისახედია. არ მახსენდება შემთხვევა, რომ პროფესორად დანიშნული პირები გარედან მისულ ნამდვილ პროფესორებს ჩაენაცვლებინოს.
თქვენ ნოდარ ტაბიძე ახსენეთ; სად გაგონილა ასეთი რამ _ 2005 წელს ნოდარ ტაბიძეს პროფესორობა ჩამოართვეს, უნივერსიტეტიდან გააგდეს და წერა-კითხვის უცოდინარი „პროფესორი“ მიიღეს. ტაბიძემ ჟურნალისტების მთელი თაობები გაზარდა. უნივერსიტეტიდან გაგდების შემდეგ თსუ-ის რექტორმა პროფესორმა რუსუდან ლორთქიფანიძემ მას ფილოლოგიის ფაკულტეტზე პუბლიცისტიკის ცენტრი შეუქმნა. მომდევნო რექტორმა გ. ხუბუამ კი ეს ცენტრიც გააუქმა... როცა ნოდარ ტაბიძე, ნიკო ლეონიძე გყავს, მათ უშვებ და ანბანის არმცოდნე „პროფესორი“ მოგყავს, რაღაზე უნდა ილაპარაკო. აი, ასეთი რეფორმები ტარდებოდა. ნამდვილი პროფესორები ისევ ქუჩაში არიან.
ფაკულტეტზე პროფესორს მუშაობის ყველანაირი პირობა უნდა შეექმნას. მან არამარტო უნდა ასწავლოს, არამედ იკვლიოს კიდეც. პროფესორი მეცნიერი უნდა იყოს და მაშინ აღზრდის უკეთეს მომავალ თაობებს.
პრემიერმა გააჟღერა, რომ უცხოელ პროფესორებსაც მოიზიდავენ, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. არსებობს დარგები, რომელსაც რიგ ქვეყნებში უფრო დიდი ისტორია აქვს და მეტადაა განვითარებული. ბუნებრივია, უცხოეთიდან ქართული ენის ან საქართველოს ისტორიის სპეციალისტს არ მოიწვევენ, მაგრამ შეიძლება მოიწვიონ შუმეროლოგი; ეს დარგი იქ უკეთ არის განვითარებული. აქვე, ძალიან მომეწონა პრემიერის მიდგომა შემდეგ საკითხთან დაკავშირებთ, რომ ჩვენმა უმაღლესმა სასწავლებლებმა მომავალი თაობა თავად უნდა გაზარდონ. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა განათლების დონე იმ ნიშნულზე ავიყვანოთ, რომ ახალგაზრდებს სასწავლად უცხოეთში წასვლის მოთხოვნა, სურვილი აღარ გაუჩნდეთ. ეს დიდი მიღწევა იქნება.
_ ბატონო გიორგი, სასწავლო სახელმძღვანელოები კრიტიკას ვერ უძლებს. რეფორმაში ეს საკითხიც გათვალისწინებულია.
_ საუნივერსიტეტო პროგრამების, სახელმძღვანელოების შედგენის პროცესს თვალს 80-იანი წლებიდან მოყოლებული ვადევნებ. კომუნისტებს ამ მხრივ უკეთესი განათლების სისტემა ჰქონდათ. ახლა რა ხდება? _ ვისაც მოესურვება, სახელმძღვანელოს ის წერს. წლებია, „დედაენასთან“ დაკავშირებულ პრობლემებს თვალს ვადევნებ და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ: სამინისტროში საკონკურსოდ წარდგენილთაგან უარესი სახელმძღვანელოები გრიფს იღებდა, უკეთესები კი გარეთ რჩებოდა. სხვათა შორის, იაკობ გოგებაშვილი წერდა: ქართველმა ბავშვმა არამარტო ქართული ენა, არამედ ყველა საგანი ქართულ გარემოში უნდა ისწავლოს; ქართული სახელმძღვანელოებია საჭირო... ჩემი აზრით, ალტერნატიული სახელმძღვანელოების არსებობის პრინციპიც უნდა გადაისინჯოს, წარსულს უნდა ჩაბარდეს... ეს თემა სერიოზული განხილვის საგანი უნდა გახდეს.
_ საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანის შესახებ რას გვეტყვით?
_ პრემიერმა აღნიშნა, რომ გრანტების გადანაწილება სწორად არ ხდება. გრანტი ვიღაცის საკუთარი ინდივიდუალური შეხედულების საფუძველზე კი არ უნდა გაიცეს, არამედ სახელმწიფოს პრიორიტეტებს უნდა შეესაბამებოდეს. გრანტი იმის მიხედვით უნდა გაიცეს, სახელმწიფოს რომელი დარგის სპეციალისტი, რომელი მიმართულების განვითარება უფრო სჭირდება. შესაბამისმა კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ის პროექტები დაფინანსდეს, რაც ქვეყანას სჭირდება.
_ პრემიერმა აღნიშნა, რომ ტექნიკურ საგნებში ჩამორჩენა გვაქვს. შრომის ბაზარზე რა მოთხოვნებია, ვინ უნდა განსაზღვროს?
_ რა თქმა უნდა, სახელმწიფომ. სხვათა შორის, უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტის საკითხიც დაისვა. დღეს ყველა უმაღლესი სასწავლებელი საკუთარ თავს თავად ირჩენს _ ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაფინანსებას არ იღებს. პრემიერმა თქვა, რომ ეს არასწორია _ სახელმწიფომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი უნდა დააფნანსოს და შეკვეთა მისცეს, თუ რა სჭირდება და რა _ არა. თავის დროზე ინჟინერი, აგრონომი, პედაგოგი, არქიტექტორი საძებარი არ იყო, ჭარბადაც კი გვყავდა. დღეს რა ხდება? _ უმაღლესი სასწავლებლები, ძირითადად, უშვებენ ექიმებს, იურისტებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს... ინჟინერი, არქიტექტორი, ფაქტობრივად, აღარ გვყავს, რადგან ესენი სარფიანი, მაღალშემოსავლიანი სპეციალობები აღარ არის. ეს საკითხი აუცილებლად, უნდა დარეგულირდეს.
_ ოპონენტების ვნებათაღელვა უნივერსიტეტის შენობების გაყიდვის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ?
_ რა გითხრათ... არა მგონია, შენობა საჭირო იყოს სასწავლო პროცესისთვის და გაყიდონ... ამგვარ საკითხებზე ყურადღების გამახვილება ოპონენტთაგან დავა-კამათის საბაბის ძიების სურვილს უფრო ჰგავს...
_ ბატონო გიორგი, სამს პლუს ერთი ფორმატის სწავლება რამდენად გაამართლებს?
_ განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტება მოვისმინე, რომ ეს პრინციპი ყველგან არ გატარდება; არსებობს დარგები, სადაც სპეციალობის შესასწავლად სამი წელი სავსებით საკმარისია. ამიტომ, ზედმეტი საგნების სწავლება, ზედმეტი დროის ხარჯვა საჭირო არ არის. აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა გვეუბნებოდა: იმდენი საგანი, რასაც თქვენ ერთ სემესტრში სწავლობთ, მე ოთხი წლის განმავლობაში არ მისწავლიაო. ამ კუთხით, კონცეფციის არსს სრულად ვიზიარებ. ოღონდ, როგორც განმარტეს, ეს ყველა სპეციალობას თანაბრად არ შეეხება. ზვიად გაბისონიამ, რომელიც განათლებით იურისტია, აღნიშნა: სამართალმცოდნეობაზეც კი შესაძლებელია, მაგისტრატურა ერთი ან ორწლიანი იყოს. თუ სტუდენტი კვლევით საქმიანობას განაგრძობს, მეტი დრო დასჭირდება, თუ პრაქტიკული საქმიანობით შემოიფარგლება _ ნაკლებიო. ეს საკითხი სპეციალობის მიხედვით უნდა დარეგულირდეს. მაგალითად, მე ლინგვისტი, ენათმეცნიერი, განათლებით კავკასიოლოგი ვარ. კავკასიური ენების სპეციალობით რომ იმუშაო, სანამ იმ ენებს გაეცნობი და მათ ანა-ბანას ისწავლი, ამას დრო სჭირდება. ფაქტია, მეცნიერების დაუფლების მსურველები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან. ასე რომ, ზოგადად პრინციპი მოსაწონია, განხორციელებას სჭირდება სერიოზული ფიქრი...
_ რაც შეეხება საკითხს, რამაც ოპონენტების პროტესტი გამოიწვია, ეს არის სკოლებში 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა. პროტესტის მიზეზად ევროპული განათლების მიღმა დარჩენა დასახელდა.
_ ვერავინ მაჩვენებს თუნდაც ერთ მეთორმეტე კლასს, სადაც გაკვეთილები ტარდება, რასაც თავად განათლების მინისტრიც აღიარებს. ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, სადაც დირექტორი მის სკოლაში სწავლების მაღალ დონეზე საუბრობდა. ვკითხე, მე-12 კლასშიც ასე არის-მეთქი და არაო, _ მიპასუხა. მოდი, საკითხი ასე დავსვათ: რამდენიმე ათეული ათასი მოსწავლიდან, ვინც მე-12 კლასს ამთავრებს, რამდენი მიდის ევროპაში სასწავლებლად?! _ დავუშვათ, ასი ბავშვიდან _ ერთი (ესეც ბევრი მგონია). იმ ერთის გამო 99-ს ერთ წელს ვაკარგვინებთ. გარდა ამისა, პედაგოგებს არჩატარებული გაკვეთილების საფასურს ვუხდით და ა. შ. კი, უნდა გავითვალისწინოთ იმ ერთი ბავშვის უფლება უცხოეთში სწავლისა, მაგრამ ამას არ უნდა შეეწიროს 99-ის უფლებები. ჩემი აზრით (აღინიშნა კიდეც), შესაძლებელია, შეიქმნას სპეციალიზებული მე-12 კლასი, სადაც თავს ის ბავშვები მოიყრიან, ვისაც სურს, სწავლა ევროპაში განაგრძოს. გარდა ამისა, შესაძლებელია, იმ ერთ ბავშვს ხელი შევუწყოთ, რათა წინასაუნივერსიტეტო ერთი წელი (მე-12 კლასი) ევროპაში ისწავლოს. აბა, დავფიქრდეთ, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის რა უფრო მომგებიანია _ ევროპაში სწავლის მსურველს ხელი შევუწყოთ და 99 ბავშვი ზედმეტი ერთწლიანი სწავლებისგან, სახელმწიფო და ოჯახი კი უზარმაზარი ხარჯისგან გავათავისუფლოთ, თუ დარჩეს „ცრუ“ მეთორმეტე კლასი? მეორე საკითხია (ეს კითხვაც დავსვათ), რისთვის მიდიან ევროპაში _ იმისთვის, რომ იქ გზა გაიკვლიონ, ფეხი მოიკიდონ და იქვე დარჩნენ, თუ მიღებული ცოდნა თავიანთ ქვეყანას მოახმარონ?!..
_ ბოლოს მინდა, იმ მიღწევის შესახებ გკითხოთ, რაც თქვენი დიდი ძალისხმევით გაკეთდა _ ოცი წლის შემდეგ, ქართულ ენას უნივერსიტეტებში სავალდებულო საგნის სტატუსი დაუბრუნდა.
_ დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ სასიკეთო საქმეში მხარი დაგვიჭირა. უნივერსიტეტებში ქართული ენის სავალდებულო კურსის აღდგენისთვის ოცი წელი ვიბრძოდით; წელს დავაბრუნეთ ის, რაც 2005 წელს ლომაია-სააკაშვილის ანტირეფორმის შედეგად გაუქმდა. წელს პარლამენტმა კანონში ცვლილება შეიტანა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის სწავლება სავალდებულო გახდა. ამ საკითხს ბატონმა გივი მიქანაძემ მხარი პარლამენტში ყოფნის დროს დაუჭირა და მინისტრობისას ქართული ენის სავალდებულო საგნის პრაქტიკულად დაბრუნება უზრუნველყო. მაგრამ სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არსებობს, სამინისტრომ შეიმუშავა საგანგებო წესი ამ საგნის სწავლებისა. ზოგ უნივერსიტეტში ამ საგნის აღდგენას, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული ენის სპეციალისტები აბრკოლებენ, ეწინააღმდეგებიან... უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მუშაკები ასეთ შეკითხვას სვამენ: რომელი საგნის ნაცვლად ჩავსვათ ქართული ენა მიმდინარე სასწავლო ცხრილშიო. ქართული ენა არცერთი საგნის ნაცვალი არ არის... მას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში! მათ სახელმწიფო ენის სწავლებას კანონი ავალდებულებს. სახელმწიფო ენა რომელიმე საგნის ნაცვლად კი არ უნდა ჩასვან, არამედ ჯერ ის უნდა იყოს პრიორიტეტი და მერე ჩასვან დარჩენილი საგნები იმის მიხედვით, რა ადგილიც დარჩება. სამწუხაროდ, ბევრ უნივერსიტეტში ეს საგანი აკადემიურ წერასთან მიაერთეს, რომელიც სულ სხვა საგანია. შედეგად, ქართული ენის საგანი დაიკარგა. ახლა სამინისტროს ხარისხის მართვის სამსახურიდან კვლევა მიმდინარეობს, რათა ეს საკითხი მოწესრიგდეს. კანონი მიღებულია, წესი შემუშავებულია... ვფიქრობთ, ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება...
თამარ შველიძე

