საგამოძიებო კომისიის კვალდაკვალ
გაუბედურებული ოჯახების ისტორიების
მოსმენამ საზოგადოება შეძრა
ლია კრიალაშვილი: ჩემი გამოკითხვა საჯაროდ არ მომხდარა. მართალი გითხრათ, მერჩივნა, სხდომა დახურული ყოფილიყო. ჩემი ძმის მკვლელობის შემკვეთები უნდა დაისაჯონ. კი ბატონო, სასჯელი გარკვეულ დანაშაულებზე ვანო მერაბიშვილმაც მოიხადა და ის გიჟიც იხდის, ახლა ვივამედში რომ კოტრიალობს, მაგრამ გია კრიალაშვილის მკვლელობის მუხლით არც მერაბიშვილი გასამართლებულა და არც სააკაშვილი, რაზეც გული ძალიან მტკივა. ჯერ ერთი, გაუსაძლისია იმის ატანა, რომ ჩემი ძმა მოღალატის სტატუსით მოკლეს. მინდა, პირველ რიგში, მისი სახელის რეაბილიტირება მოხდეს და ოფიციალურად ითქვას, რომ გიას ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის არ უღალატია. მოღალატეები ვინც აღმოჩნდნენ დრომ გვიჩვენა. დიახ, დრომ ისიც დაგვანახა, რატომ მოკლეს გია რეალურად.
დიდი იმედი და მოლოდინი მაქვს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ჩემი ძმის საქმე აუცილებლად მოხვდება, ალბათ, პროკურატურაც სათანადო რეაგირებას მოახდენს და ეს საქმე ასე უყურადღებოდ, თაროზე შემოდებული აღარ დარჩება. მოვიდა, დრო ხელისუფლებამ ნება გამოიჩინოს და ამ მივიწყებულ საქმეებს მტვერი ჩამოფერთხოს. მე ქალბატონ თეა წულუკიანსაც ვკითხე, რატომ იყო ეს საქმეები ამდენ ხანს თაროზე შემოდებული, რა უშლიდა ხელს მათ გამოძიებას. როგორც გაირკვა, ხელისუფლების ნება არ იყო. ახლა დადგა დრო, გია კრიალაშვილის და ყველა სხვა მივიწყებულ საქმეებს ნათელი მოეფინოთ. არ მინდა, ამის იმედი დავკარგო. ძალიან მებრალებოდნენ კომისიის წევრები, რომელთაც ამხელა ემოციის განცდა და უამრავი ადამიანის უბედურების მოსმენა უწევდათ. არ ვიცი, ამდენს როგორ გაუძლეს. ქალბატონი თეას იმედი მაქვს, რომ გია კრიალაშვილის საქმე ასე დახურული არ დარჩება და ყველა დამნაშავეს პასუხი მოეთხოვება.
ხალხი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს საგამოძიებო კომისიის სხდომებს. გაუბედურებული ოჯახების ისტორიების მოსმენამ საზოგადოება შეძრა, მაგრამ ვისაც გაგება არ უნდა, მაინც ვერ გაიგებს. აგერ, იმ აკაცუკებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დასეირნობენ, ყვირიან და კივიან, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ. მთავარი იყო, ეს ისტორიები ახალგაზრდებს მოესმინათ, მაგრამ ისიც არ ვიცი, გაიგეს, განა რამე?! ხალხის დიდმა ნაწილმა ყველაფერი გაიგო, მთავარია პროკურატურამ მოახდინოს რეგირება. ვიცი, რომ ეს დასკვნა ძალიან კვალიფიციური, მაღალპროფესიული იქნება და ისე გაეგზავნება პროკურატურას. მერე, ჯერი მასზეა. მაგრამ იცით, რისი შიში მაქვს? _ პროკურატურაში ისევ თანამდებობებზე არიან ყოფილი ნაცები და ისევ, ინიშნებიან, რაც მაოცებს დასკვნა მატთან თუ მივიდა, იმ ანდაზის არ იყოს, საკუთარ შვილს ხომ არ მოსჭრიან თავს?! მაგრამ ვფიქრობ, კომისიის წევრების ამდენთვიანი შრომა წყალში არ ჩაიყრება და ყველაფერს პასუხი გაეცემა. თეა წულუკიანს და კომისიის სხვა წევრებს გამძლეობას ვუსურვებ. სამართლიანობის აღდგენის იმედს არ ვკარგავ.

