სოსო არჩვაძე: სახელმწიფომ ბაზარზე ფასების შემცირებაზე მეტად მოსახლეობის დასაქმებაზე უნდა იზრუნოს
გვესაუბრება ეკონომისტი
სოსო არჩვაძე:
_ ბატონო სოსო, ფასების შემსწავლელმა კომისიამ სამთვიანი მუშაობა დაასრულა. ფასების ზრდის მიზეზად რა გამოიკვეთა და რა შედეგი დადგა?
_ უპირველესად, კომისიის შექმნამ ცხადჰყო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის ფასების დონე და რაოდენ მაღალია ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული საკითხისადმი ყურადღება. უახლესი ისტორიის განმავლობაში მწარმოებლები, დისტრიბუტორები, ფარმაცევტული კომპანიები და იმპორტიორები ერთ სივრცეში პირველად შეიკრიბნენ, ანუ ის კონტინგენტი, რომელზეც მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონე, სასქონლო ასორტიმენტი, მიწოდება. კომისიის მუშაობამ დაგვანახა, რომ ფასების ზრდა ერთი რომელიმე რგოლის ბრალი არ არის, არამედ ამას პრობლემათა მთელი ჯაჭვი განაპირობებს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ეკონომიკა, მათ შორის, სამომხმარებლო ბაზარი, დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული. როცა ღია ეკონომიკას ვაშენებთ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. საქართველოს სამეურნეო კავშირები, დაახლოებით, 140 სახელმწიფოსთან აქვს, როგორც სამეზობლოში, ისე მის გარეთ. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ძალებისთვის გეოპოლიტიკური მდებარეობით, სულ უფრო მეტი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რაც, უპირველესად, სასურსათო კომპონენტის ექსპორტ-იმპორტის მაღალი ნეგატიური სალდოთი გამოიხატება. ანუ, ჩვენ ქვეყნის გარეთ გაცილებით ნაკლები აგრო-სასურსათო პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე შემოგვაქვს. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ჯამში, დაახლოებით, 32 მილიარდი დოლარის აგრო-სასურსათო პროდუქცია შემოვიტანეთ. ამ პერიოდში შემოტანა-გატანას შორის სხვაობა, სულ ცოტა, ორ-ნახევარჯერ აღემატება აგრარულ სექტორში გასულ წელს შექმნილ დამატებით ღირებულებას. წარმოიდგინეთ, ეს თანხა ქვეყნიდან გასვლის ნაცვლად აქ რომ რჩებოდეს, რამდენად მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რამდენად ნაკლები ვალუტა გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რამდენად უფრო მაღალი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი და სხვა. ჩვენი აქილევსის ქუსლი სწორედ ეს სხვაობა _ საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდოა.
მეორე ფაქტორი მწარმოებლები არიან, რომლებიც სამომხმარებლო ბაზარზე აქტიურ როლს თამაშობენ _ ისინი სავალტო რესურსებს იმისთვის საჭიროებენ, რომ იმპორტი დროულად განახორციელონ. თავად ჩვენი საკრედიტო დაწესებულებებიც, დიდწილად, უცხოური კაპიტალის მონაწილეობაზე არიან დამოკიდებულნი. ამიტომ აქ საბანკო კრედიტების პროცენტი, განვითარეებულ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით, მაღალია. ბუნებრივია, როცა ბანკი მაღალ პროცენტს იღებს, ბიზნესმა სამომხმარებლო ფასებში შესაბამისი კომპესირება უნდა მოახდინოს. ანუ, საბოლოოდ, ყველაფერი მომხმარებლის კისერზე გადადის და მას ჯიბეში ხელის ჩაყოფა ორმაგად უწევს, რათა სამომხმარებლო საქონელი შეიძინოს. შესაბამისად, ფასების შემსწავლელმა კომისიამ გამოავლინა, რომ მაღალ საოპერაციო და ლოჯისტიკურ ხარჯებს აქვს ადგილი, რაც მაღალ ფასებს განაპირობებს.
_ რა პრობლემები გამოიკვეთა კომისიის მუშაობის პროცესში?
_ დიახ, ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს კომისიის მუშაობას პრობლემები არ ახლდა. მთავარი პრობლემა, რაც კომისიის მუშაობის პროცესში გამოვლინდა, ის არის, რომ ფასები რეალურად არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა, რაც დიდწილად საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული. მაგალითად, სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესებმა დიდი გავლენა მოახდინა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდაზე. მას, ასევე, დომინანტური პრინციპით შეუძლია აბსოლუტურად ყველა სხვა სახის საქონელსა და მომსახურების ღირებულებაზე _ კვების პროდუქტებზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და სხვა, გავლენის მოხდენა. სანამ ირანის წინააღმდეგ კონფლიქტი დაიწყებოდა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 70-72 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ცალკეულ დღეებში მისმა ფასმა 125 დოლარს მიაღწია. ახლაც ას დოლარზე მაღალია. მარჟა, საომარი მოქმედების დაწყების პერიოდთან შედარებით, სულ ცოტა, 30-40 დოლარია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, რომელიც იმპორტდამოკიდებულია, ერთი ბარელის მხოლოდ ერთი დოლარით გაძვირებაც კი, იმ მასშტაბის იმპორტის მიხედვით, რასაც ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად დანარჩენი მსოფლიოდან ნავთობის იმპორტის სახით აწარმოებს, იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტებში, დაახლოებით, 12 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოუწევს. ანუ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ჩვენ იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტებში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევს. ვინ იხდის თანხას საბოლოო ჯამში? _ მომხმარებელი, რაც ასახვას ფასებში ჰპოვებს.
_ აპრილში რეკორდული ინფლაციაც ამით ხომ არ იყო განპირობებული?
_ დიახ, ამის ბრალიც არის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ამა წლის აპრილში საკმაოდ მაღალი _ 5,9% ინფლაცია გვქონდა, რამაც ეროვნული ბანკი აიძულა, რომ 2022 წლის მარტის შემდეგ, მონეტარული განაკვეთი პირველად გაეზარდა. ამჟამად მას განაკვეთის დაწევა 0,25-პროცენტული პუნქტით მოუწია, რათა როგორმე ფასების სტაბილურობა უზრუნველყო და ინფლაციის შემდგომი ზრდისთვის ხელი შეეშალა.
კიდევ ერთი პრობლემა, რაც კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, ის არის, რომ მას აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა და მხოლოდ რეკომენდაციების შემუშავების ფორმატით შემოიფარგლებოდა. ასევე, არ შეეძლო ფასების რეგულირება, კომპანიის დასანქცირება, საბანკო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. თუმცა დასკვნა სოლიდური, მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრულებული. უნდა ითქვას, რომ პრობლემები, რომლებზეც კომისიამ ყურადღება გაამახვილა, უფრო მაკროეკონომიკურია, ვიდრე ცალკეული გარიგების, მონოპოლიური, ან ოლიგოპოლიური შეთანხმებით გამოწვეული. გარდა ამისა, ფასებზე გავლენას ახდენს იგივე ლარის კურსი, იმპორტდამოკიდებულება, ენერგომატარებლების საერთაშორისო ფასები. მკვეთრი ბერკეტი, რომ ამაზე უარი ვთქვათ, არ გაგვაჩნია. მაგალითად, მეზობელი აზერბაიჯანი წლიურად, დაახლოებით, 27-მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს და დიდი ნაწილის ექსპორტს ახორციელებს. ხოლო ჩვენ ადგილობრივი ნავთობის მოპოვება პიკური, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში 1983-84 წლებში გვქონდა _ სამი მილიონი ტონის მოპოვების სახით, მერე მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. ამ მაკროეკონომიკურ პრობლემებს ვერცერთი საპარლამენტო კომისია ვერ მოაგვარებდა.
_ ექსპერტების ნაწილი გამოსავალს გადასახადების _ აქციზის, სურსათზე დღგ-ის შემცირებაში ხედავს.
_ პოლიტიკოსების, ექსპერტების მსგავს მოწოდებებს სკეპტიკურად ვუყურებ. ეს კეთილი სურვილებია, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. საქმე ის არის, რომ აქციზი საბიუჯეტო შემოსავლებს იძლევა, რომელიც საბიუჯეტო ხარჯებთანაა მიბმული. როცა საბიუჯეტო შემოსავლებს ვამცირებთ, მაშინ ალტერნატიული გზა უნდა გვქონდეს, რაც ამ შემცირებული ხარჯების კომპესირებას მოახდენს. ვთქვათ, აქციზის შემცირება მოხერხდა და ამის საფუძველზე ფასები 15-20 თეთრით შემცირდა, მაგრამ მერე მსოფლიო ბაზარზე ისევ გაიზარდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ არავითარი რესურსი აღარ გვექნება და იძულებული ვიქნებით, ამ პროცესს ავყვეთ. ამიტომ აქციზის შემცირება სამომხმარებლო ბაზარზე მხოლოდ დროებით ეფექტს გამოიწვევს, სამაგიეროდ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საბიუჯეტო შემოსავლებს და იმ ვალდებულებების გასტუმრებას, რაც სახელმწიფოს საკუთარ თავზე აქვს აღებული და რომელთა შესრულებას კანონის ძალა აქვს.
ვფიქრობ, მეტი ეფექტის მომტანი იქნება ღონისძიებების გატარება მიზნობრივი ფოკუსჯგუფებისთვის. ეს შეიძლება იყოს ფერმერებისთვის სუბსიდირება, რათა მათ იაფად შეიძინონ როგორც საწვავი, ისე მინერალური სასუქები. ასევე, შეიძლება მიზნობრივი გავხადოთ, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი კონტინგენტისთვის, უპირველესი დანიშნულების საქონლის სუბსიდირება. მაგალითად, აშშ-ში, რომელიც ჩვენთან შედარებით განვითარებული ქვეყანაა, 40-მილიონზე მეტი ადამიანი ე. წ. სასურსათო ტალონებს იღებს, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტებისა და ბავშვების საშუალებების (მაგალითად, პამპერსის) შესაძენად. ამ მიმართულებით ჩვენთანაც შეიძლებოდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ისევე, როგორც მწარმოებლების წახალისებისთვის პირველადი პროდუქციის დანიშნულების წარმოებაზე დღგ-ის განაკვეთის შემცირება ამჟამინდელი 18%-დან 6-8%-ის დონეზე. ეს ბევრგან აპრობირებული მეთოდია და პრიორიტეტს ანიჭებს როგორც მომხმარებელს, ისე პირველადი დანიშნულების პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებს _ ასე მათ წარმოებისთვის და წრებრუნვის დაჩქარებისთვის მეტი რესურსი რჩებათ. კიდევ ერთი საშუალებაა მწარმოებლისთვის იაფი კრედიტების მიცემაა. ანუ, იმ კონტინგენტისთვის, ბიზნესისთვის, ვინც მსგავსი პროდუქციის წარმოებით არის დაკავებული.
_ საბოლოოდ, რა შეგვიძლია ვთქვათ, როდის იგრძნობს მოსახლეობა სიკეთეს საკუთარ ჯიბეზე?
_ ამისთვის ორი გზა არსებობს _ ერთი ის, რომ ფასების საერთო დონე შევამციროთ, რაც საკმაოდ პრობლემურია და მეორე, ისეთ სამეწარმეო გარემოს ფორმულირებაზე ვიზრუნოთ, რაც არამარტო დასაქმებას, არამედ ანაზღაურებას გაზრდის. პრობლემის თავი მსყიდველობითუნარიანობაა. ანუ, პირობითად, პენსიონერის პენსია ათჯერ თუ გაიზრდება და 3700 ლარი გახდება, მისთვის ამჟამად არსებული მაღალი ფასები ანგარიშგასაწევი აღარ იქნება. დიახ, პრობლემის თავი ის არის, რომ მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია. სახელმწიფოს უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია, რათა მოსახლეობის შრომითი შემოსავლების ზრდას ხელი შეუწყოს, ვიდრე ბაზარზე ფასების საერთო დონის შემცირებაზე იზრუნოს. სასწორის ორი პინადან ერთზე ფასების შემცირება თუ დევს და მეორეზე მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, უფრო პერსპექტიულ და ეფექტიან გზას უნდა დავადგეთ _ ვიზრუნოთ, რათა მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებელიც გაიზარდოს და თითოეულმა დასაქმებულმა უფრო მაღალი ანაზღაურება მიიღოს. ამ გზით იმ პრობლემის დიდწილად დაძლევას შევძლებთ, რაც ფასების მაღალ დონეს და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას უკავშირდება.
თამარ შველიძე

