ვინ ამომიყვანს, საგონებელში ჩავარდნილს, უიმედობის ორმოდან?

ვინ ამომიყვანს, საგონებელში ჩავარდნილს, უიმედობის ორმოდან?

ორიოდე კვირის წინათ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანის ისეთი ჩამონათვალი მომებლანდა თვალთახედვის არეში, რომ მას შემდეგ საგონებელში ვარ ჩავარდნილი _ ვინ ამომიყვანს ამ უიმედობის ორმოდან?
შევეცდები, მაქსიმალურად მოკლედ აღგიწეროთ ის ორმო, რომელშიც იმ პატივცემულთან ერთად მეც ვიმყოფები. ზოგი არ იმჩნევს, რომ ისიც ჩვენთან ერთად ზის იმ ორმოში, ზოგი კი მართლა ვერ ამჩნევს, სად ზის, რადგან თავისი გასჭირვებია, თვალთახედვის ისარი მოკლე აქვს _ ჭროღათვალება თხასავით ბეცია...
პიტერ მადიარს 27 პუნქტი ჩამოუწერა ევროკავშირმა შესასრულებლად, ჩემთვის პატივცემულმა ადამიანმაც არანაკლები ჩამოუწერა საქართველოს მთავრობას, მე კი დავინდე და მათგან ბევრად ნაკლები საკითხი ჩამოვწერე. განსხვავება ის არის, რომ ევროკავშირი არ მოუსმენს უნგრელი ხალხის განწყობებს, საქართველოს ხელისუფლება კი, ვფიქრობ, გაითვალისწინებს და ეტაპობრივად ყველაფერი კარგად იქნება!
ტერმინი „სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი“ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა და „განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ქონება“ უწოდა. საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გაიყიდა. ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ იქნა გათვალისწინებული არსებული საფრთხე. ხშირ შემთხვევაში მყიდველებად მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნები მოგვევლინენ, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდა ჩვენს ქვეყანაზე. ასე აღმოჩნდა თბილისის აეროპორტი თურქული კომპანიის (2005 წელი), ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (2007 წელს), ბათუმის პორტი (49-წლიანი იჯარით) ყაზახური კომპანიის, წყალკანალი (2007 წელს) ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანის ხელში, ენერგოპრო ჩეხური კომპანიის, თელასი კი რუსული კომპანიის ხელში... მოშორების ნაცვლად კი, მაგალითად, კვირიკაშვილის დროს, თურქულ კომპანიას თბილისის აეროპორტის იჯარა გაუგრძელეს; 
„სასურსათო უსაფრთხოება“ სახელმწიფოს არც ნაცების დროს ჰქონდა და არც ახლა აქვს. სასურსათო პროდუქტების იმპორტი მზარდია და დაახლოებით 1,7 მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან იმის შესაძენად, რისი მოყვანაც აქ თავისუფლად შეგვიძლია;
საქართველოში მოქმედმა ბანკებმა, ძალიან მაღალი პროცენტის წყალობით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საბანკო კაბალაში ჩაფლეს. მათი ყოველწლიური მოგებაც მზარდია. 2012 წელს ბანკების წლიური წმინდა მოგება მხოლოდ 134 მილიონი ლარი იყო, ახლა კი 3,3 მილიარდი ლარია; 
ახლა, როდესაც სურსათი შეპირებული გაიაფების ნაცვლად კიდევ უფრო გააძვირეს, ამ სისტემაში აქტიურად ჩართულ პირს ვკითხე, ეს რა თამაშია-მეთქი? კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან საწვავი რომ გამიძვირდა, იძულებული ვარ, ფასში ავსახოო. უცხოეთი მოვუყვანე მაგალითად და მიპასუხა _ იქაც გაძვირდება, ჯერჯერობით რეზერვები აქვთ და ის აკავებსო. ჩვენ რატომ არ გვაქვს-მეთქი? იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს თავი არ აბია, მხოლოდ საკუთარი მოგება აინტერესებსო...
მთლიანი საგარეო ვალი 13,4 მილიარდი დოლარიდან 2013 წლის შემდეგ პერიოდულად გაიზარდა და ახლა 20,3 მილიარდი დოლარია; 
საქართველო, ფაქტობრივად, არაფერს აწარმოებს, ტურიზმსა და ემიგრანტების ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. ყოველწლიურად მზარდია ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო, რომელმაც 2025 წელს 11,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2012 წელს კი უარყოფითი სალდო 5,4 მილიარდი დოლარი იყო.
პირდად მე გასართობად კი მიყვარს აზარტული თამაშები, მაგრამ ამ ბიზნესის წლიური ბრუნვა ახალ რეკორდებს რომ ამყარებს, საშინლად არ მომწონს _ 2012 წელს მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს 76 მილიარდი ლარი და დიდი ალბათობით, 2025 წელს (ჯერ მონაცემები არ გამოქვეყნებულა) კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა. თანაც, ბოლო რეგულაციებით, ისედაც წაგებაში მყოფი ხალხი კიდევ უფრო აგებს, რადგან მოგების შემთხვევაში 6% „სადღაც“ მიდის, ხოლო ისედაც მოგებაში მყოფი სათამაშო სახლები უფრო მდიდრდებიან;
ნაცებმა 2006 წელს მიიღეს კანონი: „უცხოელთა სამართლეობრივი მდგომარეობის შესახებ”, რითაც სავიზო ლიბერალური პოლიტიკა გატარდა, კერძოდ, 100-ზე მეტი ქვეყანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და დარჩენა შეეძლოთ 1 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი ტურიზმის ხელშეწყობით იყო გამართლებული. აღნიშნული პრაქტიკა არ შეცლილა, პირიქით, უძრავი ქონების შეძენის მსურველი უცხოელი ბინადრობის მიცემით წაახალისეს და ამით ჯერ ირანული (2017-2019 წლებში) მიგრაციული საფრთხე დაგვემუქრა, შემდეგ ბათუმში სლავური (2019 წლიდან დღემდე). კიდევ რას და როგორ გაართულებს, როდესაც ყველა მიხვდება, გვიანი იქნება, ცალობით უცხოელთა დეპორტაცია არაფრის მომცემი არ არის..
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გაყიდვა ნაცების დროს დაიწყო. 2017 წელს კონსტიტუციაში ჩანაწერით, უცხოელებს აეკრძალათ სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა. თუმცა აქაც იპოვეს გამოსავალი და მიწას უცვლიდნენ დანიშნულებას, საქართველოს მოქალაქის ხელით, სასოფლო მიწები გადაჰყავდათ არასასოფლოდ და ამის შემდეგ ყიდულობდა უცხოელი. დაგვიანებით, მაგრამ 2020 წელს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება „მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს“ შექმნის შესახებ, თუმცა, რეალურად, ამ სააგენტოს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია. არც მიწის კოდექსის მისაღებად უმოქმედია. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც „მიწის კოდექსი“ არ გააჩნია;
დემოგრაფია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ერი გადაშენების პირას ვართ. დემოგრაფია მხოლოდ შობადობა არ არის, მძივივით არის ასხმული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. არავინ ცდილობს იმ მიზეზების აღმოფხვრას, რაც დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად არის საჭირო...
საქართველო ახდენს მუშახელის ექსპორტს და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მათ მიერ ფულად გზავნილებზე. სახელმწიფოში არ არსებობს შიდა ბაზრისა და ადგილობრივი წარმოების დაცვის პოლიტიკა. ინდუსტრიალიზაცია, ფაბრიკა-ქარხნების გახსნა არავის ინტერესში არ არის, აქცენტი მხოლოდ ტურიზმმზე კეთდება.
საქართველოს საზღვაო ფლოტი 62 გემისგან შედგებოდა. სანაოსნოს ნგრევა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში დაიწყო, ხოლო 2009 წლის 25 ნოემბერს დასრულდა და დღეს ქართულ წყლებში თურქული გემები იჭერენ თევზს. ანომალიაა, როდესაც სომხეთი ჩვენზე 17-ჯერ მეტ თევზს აწარმოებს, არადა, არც ზღვა გააჩნია და მდინარეებიც ჩვენზე ბევრად ნაკლები აქვს;
მხოლოდ მუშახელის კი არა, მოაზროვნე ტვინების ექსპორტიორებიც ვართ... და უკვე დაგვეტყო კიდეც... 
ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ფორმის, რეფერენდუმის უფლება ქართველ ხალხს წართმეული აქვს საკანონმდებლო ხარვეზების შედეგად. რეფერენდუმი საქართველოში ჩატარდა მხოლოდ 2-ჯერ: 1991 და 2003 წლებში. ხალხს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე აზრს არავინ ეკითხება, ჩვენს ნაცვლად ერთი ჯგუფი იღებს იმ და ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც მეც და ჩემს სამშობლოსაც ერთნაირად გვაზიანებს;
სააკაშვილს პრეზიდენტად დარჩენა მესამე ვადით აღარ შეეძლო, ამიტომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინა და პრემიერის პოსტი ქვეყნის პირველი პირის რანგში აიყვანა, რა თქმა უნდა ეს თავისთვის გააკეთა. ქვეყნის ერთ–ერთი პრობლემა სახელმწიფოს მმართველობის არსებული მახინჯი მოდელია. საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენთან საპრეზიდენტო მოდელმა არ გაამართლა, ამიტომ უნდა დავრჩეთ იმ სისტემაზე, რომელზეც ვართ. ეს იგივეა, მაგალითად, კომპანიაში ხელმძღვნელმა რომ ვერ ივარგა და ამიტომ კომპანია კოლექტიურ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, ან სუფრაზე თამადა არ ვარგა და თამადობის ინსტიტუტი გავაუქმოთ. თუნდაც რომი გავიხსენოთ, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს რომში 6 თვით ირჩევდნენ დიქტატორს, რადგან ქვეყნის დალაგება უფრო მარტივია მაშინ, როდესაც ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, ერთი პიროვნების ხელში განკარგულებებისა და იდეების რეალიზება სწრაფად ხდება. 
საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა პარლამენტის რიცხოვნობასა და მოსახლეობის რიცხოვნობის შეფარდებით. 3,7-მილიონიან ქვეყანას არაფერში სჭირდება 150-კაციანი პარლამენტი. პარლამენტართა რიცხოვნობის შემცირებაზე საუბარიც კი არ არის, პირიქით, იზრუნეს იმაზე, რომ პარლამენტარებს შეეთავსებინათ სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელთა პოსტებიც; 
ნაცების დროს, ოკუპირებულ ტერიტორიებს ახალგორი და კოდორის ხეობა დაემატა, თუმცა არავინ ოცნებობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დედასხეულს დაუბრუნდეს, პირიქით, მძინარ ოკუპანტს კუდზე აბიჯებენ და ჯოხს უჩხიკინებენ, ხოლო საქართველოს ნეიტრალიტეტის გაგონებაზე, აუხსნელი მიზეზით, ნერვები ეშლებათ...
კიდევ უამრავი თემა და საკითხია, თუმცა, ესეც საკმარისია, რადგან პირველხარისხოვანი თემებია და მათი მოგვარება მეტ-ნაკლებად დანარჩენების მოგვარებაზეც მოახდენს გავლენას...
ჰოდა, ვინ ამომიყვანს საგონებელში ჩავარდნილს ამ უიმედობის ორმოდან, როცა ბოლო არ ჩანს, შუა კი გაკრეფილია?!

მაია ჭელიძე