სახელმწიფო ან დამოუკიდებელი სასამართლო ექპერტიზის შესახებ
ხელმწიფო ექსპერტიზა საკმაოდ ვრცელი და სპეციფიკური სფეროა, რომელიც ძირითადად სამართლებრივ საკითხებს მოიცავს. საქართველოში ამ მიმართულებით რამდენიმე საკვანძო ასპექტია მნიშვნელოვანი, კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზა ხორციელდება სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას. საქართველოს პირობებში პირველი ადგილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკავია, რომლის მიერ გაცემული დაკვნაც ხშირად დავის მოგების საფუძველი ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით ყველა დასკვნას ერთნაირი იურიდიული ძალის მქონეა.
აღნიშნულ ექპერტიზის ბიუროში სადაც ტარდება ასობით სახის კვლევა, მათ შორის: ავტოტექნიკური: საგზაო შემთხვევების დეტალების დასადგენად, ბიოლოგიური და დნმ ექსპერტიზა, სასაქონლო და საფინანსო - ქონების ღირებულების შეფასება. გრაფიკული: ხელმოწერისა და დოკუმენტების ავთენტურობის დადგენა, სამშენებლო საინჟინრო და ა.შ.
ექსპერტიზის საფასურის გადახდისაგან სისხლის სამართლის საქმეებზე თავისუფლდება სახელმწიფო (თუ ექსპერტიზა გამოძიების ფარგლებში ტარდება), ხოლო კერძო დავების შემთხვევაში მომსახურების საფასურს წინასწარ იხდის მხარე, რომელიც ითხოვს ექსპერტიზას, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – წაგებული მხარე. უნდა გვახსოვდეს რომ ექსპერტიზის დასკვნა არის მტკიცებულება და არა საბოლოო განაჩენი. სასამართლო მას სხვა მტკიცებულებებთან ერთად განიხილავს, თუმცა მისი სპეციფიკური წონის გამო, გადამწყვეტი როლი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ხშირად მას ენიჭება.
ექპერტიზის ჩატარების უფლება, აგრეთვე, აქვს დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერიზის ცენტრებს, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი აკრედიტაცია. ხშირად ბაზარზე განსაკუთრებით მშენებლობებში გვხვდებიან ისეთი დამოუკიდებელი ინპექტირების ორგანოები, რომელთა მიერ გაცემულ დასკვნებსაც სასამართლოები ჩვეულებრივ ითვალისწინებენ, აღნიშნული ორგანოები ამოწმებენ კონკრეტული ობიექტის, პროექტის ან დოკუმენტაციის შესაბამისობას კანონმდებლობასთან, უსაფრთხოების ნორმებთან და სახელმწიფო სტანდარტებთან. სამშენებლო ექსპერტიზა ასევე გულისხმობს პროექტების მდგრადობის, სეისმომედეგობისა და უსაფრთხოების შემოწმებას. გარკვეული კატეგორიის შენობებისთვის (მაგალითად, V კლასის რთული ობიექტები) ეს ექსპერტიზა სავალდებულოა.
ამასთან არსებობს გარემოსდაცვითი ექსპერტიზა ამოწმებს დაგეგმილი საქმიანობის გავლენას ბუნებაზე. ეს არის წინაპირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად.
არსებობს ექსპერტიზის დასკვნის სხვადახვა ტიპები. ექსპერტმა შეიძლება გასცეს სამი სახის პასუხი: კატეგორიული (დადებითი ან უარყოფითი): მაგალითად ხელმოწერა შესრულებულია პირადად ამ პირის მიერ, ან არ არის შესრულებული, სავარაუდოდ ეკუთვნის ამა თუ იმ პირს, თუმცა მონაცემები არ არის საკმარისი კატეგორიული დასკვნისთვის. ექპერტიზამ ასევე შეიძლება დაადგინოს, რომ დასკვნის გაცემა შეუძლებელია (მაგალითად, თუ ხელმოწერა ძალიან მარტივია, შედგება მხოლოდ ერთი ხაზისგან ან დოკუმენტი ძალიან დაზიანებულია). ასლის (ქსეროასლის) საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზა ნაკლებად სარწმუნოა და ბევრმა ექსპერტმა შესაძლოა საერთოდ უარი თქვას ასეთ კვლევაზე.
თუ თქვენი ინტერესების დაცვისას აპირებთ კერძო ექსპერტიზის გამოყენებას, ყოველთვის გადაამოწმეთ ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რადგან საპროცესო ოპონენტმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი კომპეტენცია.
სამოქალაქო პროცესში: მხარეს შეუძლია თავად წარადგინოს ექსპერტიზის დასკვნა ან მოსთხოვოს სასამართლოს მისი დანიშვნა .
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ექსპერტის დასკვნას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მოსამართლე მას აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთად, თუ ერთ ერთი მხარე არ ეთანხმება დასკვნას, მას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე მოიწვიოს ექსპერტი და დაუსვას მას დამატებითი კითხვები შესაძლო ბუნდოვანების აღმოფხვრის მიზნით.
მხარეს კანონმდებლობით აქვს უფლება დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ დასკვნა არასრულია. ან მოითხოვოს განმეორებითი ექსპერტიზა, თუ დასკვნა დაუსაბუთებელია ან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის სისწორეში (ამ შემთხვევაში ექსპერტიზას სხვა ექსპერტი ატარებს). ექსპერტიზის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე, სირთულის მიხედვით.
როდესაც საქმე გამოძიებაშია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით თუ დამოუკიდებელი და სახელმწიფო ექსპერტიზა ეწინააღმდეგება ერთამანეთს, მხარის მოტივიირებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოძიებამ შესაძლებელია დანიშნოს კომისიური ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს დასკვნის გამცემი ყველა ექსპერტი .მართალია აღნიშნული პროცედურა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ჭეშმარიტების დასადგენად მნიშვნელოვანია.
მოამზადა
ლევან ჭიღლაძემ

