მომეცით საშუალება, რომ ქვეყნისთვის ოლიმპიური ოქროს მედალი მოვიპოვო

მომეცით საშუალება, რომ ქვეყნისთვის  ოლიმპიური ოქროს მედალი მოვიპოვო

15 მარტი ლევან თედიაშვილის გახსენების დღეა!
ვინ მოთვლის, რამდენ ჩვენგანს უყვირია: „მიდი, ლევან! მიდი, ბიჭო!„ და ბოლოს „გენაცვალე!„ გვითქვამს - 15 მარტი მისი გახსენების დღეა!
ლევან თედიაშვილი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ღირსების ორდენების კავალერი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.

აშშ-ში ერთ-ერთ ტურნეზე მყოფ ლევან თედიაშვილს, შეჯიბრის წინა დღეს, ვარჯიშზე უნებლიეთ სოსლან ანდიევი უხერხულად დაეცა ზედ და ლევანს ფეხი ეტკინა. დარბაზში ამერიკის ნაკრებიც ვარჯიშობდა და ეს მომენტი არ გამოპარვიათ, მაგრამ არც თედიაშვილს გამოეპარა ეს ყველაფერი. მეორე დღეს გუნდური ჯახი იყო _ აშშ-სსრკ. ლევანმა დამცავი სამუხლე მტკივან ფეხზე კი არა მეორე საღ მუხლზე გაიკეთა, ამერიკელების ამბავი ვიციო. მსაჯის სასტარტო სასტვენის შემდეგ ლევანის ვარაუდი გამართლდა, ამერიკელი მეტოქე ჯიქურ ეკვეთა გადახვეულ ფეხში თედიაშვილს. როგორც თვითონ იცოდა თქმა, ლევანი რისი საგარეჯოელი იყო? _ საგანგებოდ კონტრილეთი ჰქონდა მომზადებული და მყისიერად დაახვედრა კიდეც მომხდურს. როდესაც ბეჭებზე ამოჰყო თავი ლევანის მეტოქემ, მაშინღა მიხვდნენ ამერიკელები თედიაშვილის ოინს, მაგრამ უკვე გვიანღა იყო.
***
ლევან თედიაშვილის ერთი ნაკლებად ცნობილი მოგონება _ როგორ გალახა ოლეგ ბლოხინი და რატომ აბრუნებდნენ მონრეალის ოლიმპიადიდან შინ.
თედიაშვილმა ამ ამბავზე 1998 წელს, ჟურნალ „Sports Lifr of Russia “-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა:
„ოლიმპიურ სოფელში მე, ვასილი ალექსეევი (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, შტანგისტი) და ლამაზმანი ლუდმილა ტურიშჩევა (ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიში) ფოიეში ტელევიზორს ვუყურებთ. უცებ ბლოხინი შემოდის და უსიტყვოდ გვირთავს ტელევიზორს სხვა პროგრამაზე. დააბრუნე! _ ვეუბნებით. ბლოხინმა მედიდურად შემოგვხედა და გაემართა სავარძლისკენ დასაჯდომად, ვარსკვლავური სენითაა შეპყრობილი, 1975 წლის ოქროს ბურთის მფლობელია ბიჭი. ნერვებმა ვეღარ გამიძლო, ვწვდი ქეჩოში, ფოიედან გავიყვანე და დავაგორე კიბეებზე. თურმე კიბეზე ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელი ლობანოვსკი ამოდის _ საყვარელმა შეგირდმა ინერციით ისიც წააქცია და ორივე დაგორდნენ ქვედა სართულისკენ. ჩატარდა საერთო კრება და საქმე ისე წავიდა, რომ დისციპლინალურ სასჯელს მაძლევენ, სახლში მიშვებენ.
სიტყვას ვითხოვ და ვამბობ: „მომეცით საშუალება, მოვიპოვო ოლიმპიური ოქროს მედალი ქვეყნისთვის, რომელ მედალსაც, ამ თერთმეტივე სიმპათიურმა ფეხბურთელმა თავი რომ მოიკლას, მაინც ვერ მოიგებს!„
მართლაც, სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრები ნახევარფინალში გდრ-სთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ლევანმა ფინალამდე ერთმანეთზე მიყოლებით უშანსოდ დაამარცხა შვედი, ბრიტანელი, კანადელი, გერმანელი ფალავნები და ფინალში ასევე წინა ოლიმპიადის გამარჯვებულს, ამერიკელ ბენ პეტერსონს დაუწყვილდა. 
ცნობისათვის _ შეხვედრას აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი ესწრებოდა, რომელსაც კანადის პრემიერ-მინისტრი უმშვენებდა გვერდს. საბჭოთა ჩინოვნიკებს ისე უნდოდათ ამერიკელების დამარცხება, რომ საბოლოოდ, ამ ამბავზე თვალი დახუჭეს და ბრძოლის საშუალება მომცეს.
ამერიკელთან ფინალურ ბრძოლამდე ვიცოდი, რომ მსაჯები ყველა ღონეს იხმარდნენ ჩემ წინააღმდეგ. ორთაბრძოლა განრიგის საწინააღმდეგოდ, მძიმეწონოსნების დამთავრების შემდეგ ბოლოსთვის გადაიტანეს. ხალიჩაზე გასვლამდე, სანამ მსაჯი დაწყების სასტვენს ჩაბერავდა, საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელ პავლოვს ჟესტით მოვუხმე, არ მინდა შახმურადოვის დარიგებები-მეთქი. იური შახმურადოვი იმ დროს სსრკ-ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. პავლოვი გაოცდა, აბა, ვინ გინდაო? მეთქი, მახლობლად კრივის მწვრთნელი დგას, მას ჭიდაობის არაფერი ესმის, მაგრამ ნება მიეცით მას, სეკუნდანტად დამიჯდეს.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შახმურადოვი რომ მჯდომოდა სეკუნდანტად, ასეთ სიტუაციაში აუცილებლად რაღაცეებს ხმამაღლა ყვირილით დამარიგებდა, რასაც მსაჯები მოიმიზეზებდნენ და გაფრთხილებას მომცემდნენ. მოკრივემ კიდევ რა უნდა მირჩიოს? ერთადერთი, შესვენების დროს რაც მითხრა, ეს იყო: „მიდი, მიდიო.„
წესების თანახმად, ერთ პერიოდში ორზე მეტი გაფრთხილება არ შეიძლება, ამიტომ შეგნებულად დავუთმე მეტოქეს პირველ ნახევარი, მეორე დასკვნით, ნახევარში რამდენიმე ილეთი შევუსრულე და წინ დამაჯერებლად გავედი. მსაჯმა ერთმანეთზე მიყოლებით სამი გაფრთხილება მომცა, თუმცა უკვე გვიანი იყო. ასე ვაჯობე მეტოქესაც, მსაჯებსაც და მეორედ გავხდი ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული!
***
ლეგენდები _ ლევან თედიაშვილი და ივან იარიგინი, ხალიჩაზე მეტოქეები, ცხოვრებაში მეგობრები იყვნენ. ლევანი იარიგინს „ივანას„ ეძახდა და მეგობრულად სისხლს უშრობდა ციმბირელს, როგორც ამბობენ, ცოტა გულუბრყვილო, მეამიტ კაცს.
აშშ-ის ერთ-ერთ შტატში საპატიო „შერიფები„ რომ გახდნენ ლევანი და ივანა, ის ამბავი მიყვარს: ერთ-ერთ ტურნეზე თავისუფალ დროს კინოში წავიდნენ ფალავნები. იარიგინის სკამზე უკან მჯდომმა ზანგმა ფეხები ისე შემოაწყო, რომ ლამის ზედ კისერზე დაადო ვანიას, შენიშვნაც არაფრად ჩაუგდო და ფეხი არ გაატოკა. თურმე შტატის რომელიღაც დიდი რადიკალური დაჯგუფების ბანდის წევრია და ბევრნი არიან, დიდ გულზეა. ლევანი ერთიანად გაცეცხლდა:  არ ჩამოწევ, არა? _ უყვირა და ეგრევე თხლიშა. ატყდა სერიოზული ბათქაბუთქი. შუქები ჩამქრალია, ფილმის ჩვენება დაწყებულია, ძმაბიჭებმა ზურგი ზურგს მიაბჯინეს და წავიდა დაკა-დაკა.
მოვარდა პოლიცია, ინთება შუქი და რას ხედავენ _ დარბაზში ორი ჯან-ღონით სავსე ყმაწვილკაცი დგას კინოთეატრის სცენაზე ზურგმიბჯენილი და ზოგიერთი აფროამერიკელი ძირს გდია გათიშული, ზოგიც ჰაერშია, გზაში. 
როგორც იქნა, გააშველეს, აფრო-გათიშულები საკაცეებით გაიტანეს, აფრო-გადარჩენილები, ლევანი და ვანია კი - ხელბორკილებით. ამის შემხედვარე დარბაზში მყოფმა ხალხმა ორი მეგობარი ტაშით გააცილა.
მოკლედ, პოლიციის განყოფილებაში დასჯის მაგივრად ლევან თედიაშვილი და ივან იარიგინი, მასაჩუსეტის შტატის საპატიო „შერიფის„ წოდებებითა და ორდენებით დააჯილდოვეს! ასე საპატიოდ, ესკორტით, მიაცილეს იქ, სადაც საბჭოთა ნაკრები გუნდი იყო დაბინავებული.
***
ლევან თედიაშვილის ნაამბობი: „ამერიკელი ფალავანი ჯონ პეტერსონი თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩამოვიდა. ამერიკელთა გუნდი სასტუმრო „თბილისში“ დააბინავეს. მინდოდა, ისეთი პატივი მეცა, რომ მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდა, ამიტომ შეჯიბრების წინა დღეს მანქანით გავუარე და კახეთში წავიყვანე. სანამ დედაჩემი სუფრას გააწყობდა, მამაჩემმა მარანში შეგვიყვანა, მიადგა ერთი ქვევრის პირს, მიწა გადააცალა, გამოაჩინა ქვის სარქველი, დასწვდა და გამოჩნდა ღვინის მუქი, ლაპლაპა ზედაპირი. შემოვიდა დედაჩემი ხონჩითა და ჭიქებით. ავიხირე, ამერიკულად უნდა დავლიოთ-მეთქი! ამერიკული დალევა როგორიღააო? _ გაუკვირდა მამაჩემს. ავიღე ღვინის ჩამოსასხმელი რეზინის შლანგი, გავჭერი შუაზე, ერთი სტუმარს მივეცი, მეორე ქვევრში ჩავუშვი და დავიწყე წრუპვა, ვითომ კოქტეილია! რაღას იზამდა, ჯონმაც მომბაძა. მამაჩემმა გვიყურა, გვიყურა, ჩაიქნია ხელი და მარნიდან გავიდა. კარგა ბლომად რომ ჩავყლურწეთ, პეტერსონს მერეღა გაახსენდა: ეე, რასა ვშვრებითო, ხვალ ხო შეჯიბრება გვაქვსო! კაცო, რა გინდა, ერთმანეთს ხო არა ვხვდებით-მეთქი? ერთი სიტყვით, კარგა მაგრა გამოვიბრუჟეთ... წამოსვლისას მამაჩემს რამდენიმე ბოცა ღვინო გამოვართვი და წამოვედით. პეტერსონი სასტუმროში მივიყვანე, ძლივს ავიტანე მეორე სართულზე და ჩავაწვინე ლოგინში.
დილით მივედი. წევს ჯონი ისევ, ვერა დგება. თავი პირსახოცით გაუკრავს. ისეთ დღეშია, ხმასაც კი ვერ იღებს, ზმუის მარტო. ჩავედი, ამოვიტანე ის ბოცები, ღვინო აბაზანაში ჩავუსხი და ვუთხარი, ადე, ვერან, „პახმელიაზე“ უნდა გამოგიყვანო-მეთქი! როგორაო? როგორ და ღვინოში უნდა ჩაწვე, ქართველები ეგრე გამოვდივართ „პახმელიაზე“-მეთქი. “

მაკა ჯაყელი