სირცხვილი და თავის მოჭრა ევროპულად
საქართველოში ევროკავშირი აღარ ეპიტნავებათ. ახლა არ დამიწყოთ, რაღაცებს იგონებო, პირიქით, საქართველოში ევროკავშირი და ევროპა ძალიანაც ეპიტნავებათო... აგერ, საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრობარომეტრს“ ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით ჩატარებული კვლევა და ახლა ნახეთ, კვლევის თანახმად, 2025 წლის გაზაფხულისთვის ქართველთა 45% ენდობა საქართველოს პარლამენტს და 51% ენდობა საქართველოს მთავრობას.
აჰა, რა გინდათ? აკი არჩევნები გაყალბდაო? აკი გაჟონაო? არაფერიც არ გაყალბებულა, არაფერმაც არ გაჟონა, ე. წ. ოპოზიციამ უნდა ჩათვალოს, რომ „ევრობარომეტრმა“ ახალი არჩევნები უკვე ჩაატარა. შეიძლება ეს ორგანიზაცია ცოტაოდენ ცდება, მთავრობის ნდობის მაჩვენებელი დაახლოებით 60% უნდა იყოს, რეალობა ასეთია, მაგრამ 51%-საც არა უშავს, მაინც უმრავლესობაა.
აქვე ჩნდება შეკითხვა: რატომ გაუფასურდა არა მხოლოდ საქართველოში, კავკასიასა და მთელ მსოფლიოში ევროკავშირი? ნათქვამია, ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო და მოდი, ჩვენც ჩვენ წილ მომაკვდავ ევროკავშირზე ვილაპარაკოთ. რატომ გაუფასურდა? ხშირად მგონია, რომ ევროკავშირის „უმფროსები“ მაზოხისტები არიან, ისინი თვითონვე ითხრიან თავიანთ სამარეს და დიდი მონდომებით მარხავენ ევროკავშირს. აბა, საკომიტეტო მოსმენაზე ე .წ. მწერალ ლაშა ბუღაძეს და ე. წ. ჟურნალისტ ბექა ყორშიას რომ მიიწვევ და ჩიქორთული ინგლისურით აბოდიალებ, რა მოგივა, ორ-სამ საათში ყავლი საერთოდ არ გაგივა? აბა, კაპიტან გიგაურისა და ნინო ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლი, რა რეიტინგიც დაგრჩა, ისიც ხელში არ შემოგადნება? აბა, დღეში ცხრაჯერ რომ ყველაფერს იკადრებ, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებ და უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებ, მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი სამი თითის კომბინაციას არ გიჩვენებს? აბა, ვიღაც იუკნევიჩიენესა და ვიღაც კუბილიუსის ჭკუაზე რომ ივლი, ლილა არ გაგიხუნდება? რომელი ერთი ჩამოვთვალო? შეიძლება, ევროკავშირი იმაზე უარესი იყოს, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო? შეიძლება, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ხალხს საბჭოთა კავშირი მოენატროს?
იცით, როდის ესმება წერტილი ევროპას და ევროკავშირს? როცა სულწაწყმედილი ლაშა ბუღაძე ასეთ რამეს ამბობს: „ევროპა! აჩვენე შენი ძალა, რითაც შენს იდეალებს დაიცავ, პუტინი უნდა დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩემს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოს და დამოუკიდებლობას გვაკარგვინებს“!
ევროპა! აჩვენე შენი ძალა! - ეს იგივეა, უკან გაბრუნებულ აღა-მაჰმად ხანს რომ გამოეკიდნენ მოღალატეები და უთხრეს, მობრუნდი, ერეკლეს მეზარბაზნეები არ ჰყავს, აჩვენე შენი ძალაო. მადლობა უფალს, ახლა სხვა დროა, მათ შეუძლიათ, მახვილის ნაცვლად სანქციებით „შეგვმუსრონ“, მაგრამ მაინც ვერ წამოგვაჩოქებენ. თუმცა, მეთოდი მოღალატეებისა იგივენაირი რჩება... აი, ასეთი: „ევროპა ჩვენი იმედია, ჩვენი ქომაგი და დასაყრდენი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გაოცებულები შევყურებდით დასავლეთს, თუ როგორ არ სჯიდა ის წლების განმავლობაში პუტინის ნეოფაშისტურ-ნეოსტალინურ რეჟიმს - ევროპა! პუტინი უნდა დამარცხდეს!“ - ეს ისევ ბუღაძეა და თანაც ის ბუღაძე, რომლის მამაც საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ლენინისა და სტალინის პორტრეტებს ხატავდა. როგორც ჩანს, ლაშამ საკუთარი მამა უკვე დაამარცხა სახლში და ახლა იბრძვის, რათა არ გახდეს „მისი“ ქვეყანა რუსეთის გუბერნია. არ უნდა ლაშას ჩელიაბინსკელობა, არც კრასნოდარელობა უნდა და არც მურმანსკელობა, მას ევროპიელობა უნდა და ჩვენ კიდე ვართმევთ ამ ევროპიელობას, გასაქანს არ ვაძლევთ, ვზღუდავთ, სულს ვხდით.
ჰოდა, იმას ვამბობდი... ეგეთი ავადმყოფების ჭკუაზე თუ ივლის ევროკავშირი და ცხადია, დადის, ის აუცილებლად დაიშლება და ისე გაპარტახდება, როგორც საბჭოთა კავშირი გაპარტახდა. ჩვენ კიდე რა გვრჯის, გაპარტახებულს ვეტრფოდეთ და თანაც შორიდან? რა გვჭირს სამაგისო? არც არაფერი!
როცა ამ წერილს ვწერდი, ახალი ინფორმაცია წამომეწია... ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. თუმცა ევროპარლამენტარები განცხადების ბოლოს მაინც ფუჩეჩობენ და კოკას ყურს თავიანთებურად აბამენ - ისაო, ამ არჩევნებში ოპოზიციამ იმიტომ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებითო. ხომ მაგარი დასკვნაა? ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს, რათა ასახოს ხალხის ერთიანობაო. იცით, ევროკავშირისა და ევროჩინოვნიკების ერთი დიდი მინუსი კიდევ რა არის? მათ არ შეუძლიათ ადამიანურ ენაზე საუბარი, განცხადებების გაკეთება და თუნდაც მოწოდებები. ხომ შეიძლება, საშენოდ თლიდე, მაგრამ ცოტა ნორმალურად თლიდე? არა, ესენი ღვლარჭნილად ამბობენ რაღაცას და ამ დროს თვითონაც არ იციან, რას ამბობენ, სულ წინააღმდეგობაში ვარდებიან. ახლა ნახეთ, საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად მიაჩნიათ, მაგრამ გაყალბების ფაქტები ვერ მოაქვთ, ე. წ. ოპოზიციას მოუწოდებენ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთო. თუ პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია, მათ მიერ დანიშნულ არჩევნებში რატომ მონაწილეობ? გამოდის, აღიარებ!
იცით, სად ჩაწერეს ის მოწოდება, რომელზეც ზემოთ გითხარით? ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ანგარიშის პროექტში, რომელსაც მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა 14-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ოთხმა კი თავი შეიკავა. ამ ანგარიშის ავტორია დაუძინებელი ქოფაკი რასა იუკნევიჩიენე. ალბათ, ხვდებით, როგორი სიცრუითა და სიბინძურით იქნება სავსე მისი დავთარი. დიახ, იქ წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის... რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად... რომ საქართველოში გრძელდება საშინელი რეპრესიები და ქართველ ხალხს არ აქვს საშუალება, იცხოვროს აყვავებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში... რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი, სწორედ მან გააუარესა სიტუაცია და ხელი შეუწყო დემოკრატიის უკუსვლას, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება.
ამიტომ, ანგარიშის ავტორი ითხოვს, ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ დაუწესდეთ სანქციები, ევროკავშირში გაიყინოს მათი აქტივები.
და აქვე მორიგი იდიოტობა: ხომ მოუწოდებენ ე. წ. ოპოზიციას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობაო? დიახ, მოუწოდებენ და, ამავე დროს, ამავე ანგარიშში წერენ: „საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“.
აი, ვის ზღაპრებს იმეორებს ლამის ყოველდღე ჩვენი „ექს-პღეზიდანი“; აი, ვინ აძლევს მას იმედს, რომ საქართველოში მალე ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ანგარიშში არსად არ არის გამოყენებული სიტყვები: „ჩვენ მიგვაჩნია“. „ჩვენ ვფიქრობთ“, „ჩვენი აზრით“... არა, პირდაპირ ბრძანებითი ფორმაა აღებული და, ფაქტობრივად, რეკომენდაცია კი არა, დირექტივა გამოსცა იუკნევიჩიანემ. თუ ამ დირექტივას არ დაემორჩილები, შენც დაგასანქცირებენ, შენს სანათესაოსაც, ოჯახის წევრებსაც და საერთოდ გაგიყინავენ აქტივებს.
სხვათა შორის, ევროპარლამენტშიც არიან ცოტაოდენ ნორმალურები, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი ამინდს ვერ ქმნიან. მაგალითად, ჰანს ნოიჰოფი ამბობდა, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულიაო. ასევე, ის შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელიაო, თუმცა ანგარიშის პროექტი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 55 ხმით მიიღეს და, ალბათ, უახლოეს ხანში ევროპარლამენტს ისე მიაღებინებენ, 99%-ს წაკითხული არც ექნება.
ამასობაში ე. წ. არასამთავრობოებმა და ე. წ. მედიაორგანიზაციებმა განცხადება გამოაცხვეს, ევროპა-ამერიკას მხარდაჭერას სთხოვენ. ისინი შეშფოთებულნი იტყობინებიან, რომ საქართველოში კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის პროცესი მიმდინარეობს:
„გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების - „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“, ასევე „მთავარი არხის“ (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) - წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, რომელთა შინაარსიც ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს. კერძოდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენება აუკრძალოს - „რეჟიმის პატიმრები“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „რეჟიმის პრემიერი“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა“.
ესენი კანონს ვერ იტანენ, ოდნავი შეზღუდვა და ცოფი გადმოსდით ყველა „დირკიდან“. ახლავე აგისხნით, რაშია საქმე: ესე იგი, ახალი კანონმდებლობის თანახმად, საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც დაცული უნდა იყოს ორივე მხარის პოზიცია, დაუშვებელია მსგავსი ტერმინების გამოყენება, ანუ საკუთარი აზრის დაფიქსირება. ამის გაკეთება მათ შეუძლიათ საავტორო გადაცემებში. გესმით? ეს ეხება მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებს. ასეა ყველგან, ევროპაშიც და აშშ-შიც, მაგრამ რაც მისაღებია იქ, როგორც წესი, არ არის მისაღები აქ. დარწმუნებული ვარ, ახლა ამაზე გააშანშალებს ევროპარლამენტი რეზოლუციას და გამოაცხადებს, რომ საქართველოში თავისუფალ სიტყვას ახშობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვინ რას და როგორ ახშობს? ასეთი აღვირახსნილი „თავისუფლება“ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ეგრეა, მერე დაიწყებენ ევროკავშირში კვლევების ჩატარებას, ნეტავ, რატომ მცირდება საქართველოში ჩვენდამი ნდობაო? - აი, ამიტომ!
რაც შეეხება შეშფოთებულებს, განცხადებაზე ხელის მომწერებს, 50-იოდე ე. წ. არასამთავრობო და და ე .წ. მედიასაშუალება იქნება, მათი უმეტესობა რეგიონულია. ისე, რაღა დაგიმალოთ და აგენტურის უმეტესი ნაწილი რეგიონებშია განთესილი და იქიდან იღრინება.
გელა ზედელაშვილი

