ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს
ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი. უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა. და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი.
უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე - სიყვარულზე. ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა - შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც.
მან ეს შეძლო და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე - პირნათელი და მადლმოსილი. ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი. „დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი~. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება! მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო!
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
