წახნაგოვანი ქაოსი
ქაოსი მოუწესრიგებელი, უფორმო, ერთმანეთში არეულ-დარეული, ალაგ-ალაგ განასკვნული და რთულად დასალაგებელი მდგომარეობაა, რომელსაც გამოსაღები წვერიც კი სადღაც აქვს ჩახვეული. ქაოსს, ძირითადად, ხელოვნურად ის ადამიანები ქმნიან, რომელთაც შემდგომ უკვე თავადვე უხდებათ თავსატეხად მათ მიერვე შექმნილი ქაოსის დალაგება.
სამწუხაროდ, პროგრესთან ერთად, ქაოსი უფრო ხშირად წარმოიქმნება და მისი მასშტაბებიც მატულობს... ახლა ახალი უცნაურობაა შექმნილი, _ მსოფლიოში ისეთი ქაოსია, რომელსაც წვეტიანი წახნაგები აქვს, რაც აბსოლუტურად ანგრევს ქაოსის ბუნებას და რაღაც სხვაში, ქაოსზე უფრო არასასურველსა და ცუდში გადადის.
წახნაგოვანი ქაოსის ანალიზი რანაირი უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ აბა, ვცადოთ, იქნებ, შესაძლებელია?
რა არის „გერანი“, იცით?
უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა რუსული რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატის „გერან-3“-ის შიგთავსის მონაცემები. მისი 45 კომპონენტიდან:
24 კომპონენტი არის ამერიკული;
8 _ ჩინური;
7 _ შვეიცარიული;
3 _ გერმანული;
2 _ ბრიტანული;
1 _ იაპონური.
უამრავი შეკითხვის დასმა მოუნდება ადამიანს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიკითხავ: და ყველაფერი ამის შემდეგ მაინც საქართველოა უკრაინის მტერი „რუსეთუმე“?
პოლონეთის სპეცსამსახურის ხელმძღვანელ დობჟინსკი აცხადებს, რომ დრონი, რომელიც პოლონეთის სამთავრობო რეზიდენციის თავზე დაფრინავდა და ჩამოაგდეს, უკრაინელი ოპერატორის მიერ იმართებოდა. ბევრი იძახეს, რომ ბელარუსის ორი მოქალაქე იყო ამ დრონის მმართველი, მაგრამ ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ მათგან მინიმუმ ერთი უკრაინელი ყოფილა. სხვათა შორის, კიდევ მახსოვს რამდენიმე შემთხვევა, რომ კრემლისკენ გაშვერილი თითი მოგვიანებით უკრაინისკენ შეტრიალდა. რუსეთი ომშია, დრონებით რასაც ბომბავს, იმას არც მალავს და ასეთი შემთხვევების რუსეთისთვის დაბრალების მცდელობა რასაც ემსახურება, თვით იმ პოლონეთში კი არა, ყველგან კარგად იციან და უკრაინის წინაღმდეგ მუშაობს, მაგრამ რა?
გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წელს „ჩრდილოეთი ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ზე განხორციელებულ თავდასხმაში ფიგურირებს. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, სერგი ჰ.-ის დაკავება იტალიის ქალაქ რიმინის მახლობლად მოხდა იტალიელებისა და საერთაშორისო სამართალდამცავი სტუქტურების დახმარებით. ეჭვმიტანილი იმ ჯგუფის წევრია, რომელმაც მილსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა და თავდასხმის კოორდინაციაში მონაწილეობდა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა სტეფან ჰუბიგმა დაკავებას „შთამბეჭდავი წარმატება“ უწოდა და აღნიშნა, რომ გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ აფეთქებებზე პასუხისმგებელი ყველა პირი არ იქნება დაკავებული.
აკი რუსეთმა ააფეთქაო? როდესაც მე ვამბობდი, რომ თვითონვე ააფეთქეს, არავინ იჯერებდა; „თვითონვეში“ მხოლოდ უკრაინას კი არ ვგულისხმობდი, არამედ ე. წ. კრებსით დასავლეთს და ასეც იქნება, თუ ჰუბიგი სიტყვას შეასრულებს.
წახნაგებში ჩაკარგულები
საინტერესო ის არის, რომ როდესაც ვარშავამ ნატო-ელ მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებები სთხოვა, ნიდერლანდების მთავრობამ უთხრა, რომ წლის ბოლოსთვის გადასცემს ორ სისტემა „პატრიოტს“ და დრონებთან ბრძოლის სისტემებს, ხოლო დიდი ბრიტანეთი განიხილავს პოლონეთში თყპჰოონ-ის ტიპის რამდენიმე გამანადგურებლის დაბრუნებას, რომლებიც ორი თვის წინ პოლონეთის სივრცის პატრულირებაში მონაწილეობდნენ. წლის ბოლომდე გაძელი რამენაირადო...
ზელენსკის რომ კლოუნად მოიხსენიებენ, ამას არ ვეთანხმები, უფრო ტრამპის შეფასებისკენ ვიხრები, რომ საშუალო დონის კომედიური ჟანრის სკეტჩების შემსრულებელია, მაგრამ, როდესაც განსაზღვრება „ბოროტს“ ურთავენ, ვეთანხმები, რადგან ფაქტი ერთია, სანამ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტობას იჩემებს, სიმშვიდე არ იქნება თვით იმ ქვეყნებშიც, რომლის ე. წ. ლიდერებიც ომის ყველა გზით გაგრძელებისკენ უბიძგებენ უკრაინას, ფაქტობრივად, დაიქირავეს, ფულს უხდიან იმაში, რომ ომი გააგრძელოს.
საქმე ის არის, რომ აცეტებულმა ევროპამ აღარ იცის, რანაირად გამოძვრეს იმ აგორებული ზვავიდან, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად წამოიწყო. ახლა კი ტრამპის ადმინისტრაციამ ხელი დაიბანა და საკუთარი ხედვები მოკლედ გამოუცხადა პუნქტობრივად, მათ შორის, რუსეთზე სანქციების დაკასრებაზეც _ ჯერ ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ შეწყვიტეთ რუსეთიდან ენერგომატარებლების შესყიდვა და მერე ვილაპარაკოთ სანქციებზეო.
გასულ დღეებში განგაში რომ ატყდა, რუსული Миг-31К-ის ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ, მალევე მიუახლოვდნენ ტალინს და წრეზე დაიწყეს ფრენა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ესტონეთზე თავდასხმისთვის პოტენციურად ემზადებაო, რა მოხდა ამის შემდეგ?
შემდეგ ისევ რომ ატეხეს განგაში, რუსულმა თვითმფრინავებმა ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცე ისევ დაარღვიეს, კერძოდ, ორმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ბალტიის ზღვაში, პოლონურ საბურღ პლატფორმას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა, სამმა მიგ-31-მა კი ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთაო, რა მოხდა შემდეგ, რომ შეიკრიბნენ რა თქვეს, რა იმსჯელეს? ბოლო-ბოლო, რა გადაწყვიტეს?
ბრიტანეთს განუხილავს და ღამით, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო ცაში პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები პატრულირებდნენო. ეს ცოტა ვერ გავიგე, „პოლონეთის და ნატო-ს თვითმფრინავები“ რანაირი დაყოფაა, პოლონეთი ნატო-ს წევრი არ არის, თუ რას ნიშნავს, მაგრამ ეტყობა, ასეა საჭირო და ასე ითქმება. პოლონეთის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იპატრულეს და ოპერაცია კიევის დროით, დილის 7 საათის შემდეგ დასრულდაო. როგორც ვხედავ, მე სამხედრო ენა არ მესმის _ რა ოპერაცია დასრულდა, პატრულირებას „ოპერაცია“ ჰქვია?
გამოენთო ლიეტუვის დამფრთხალი თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე და მოუწოდა, რომ ჩამოაგდონ ის რუსული განადგურებლები, რომლებიც ნატო-ს საზღვრებს არღვევენ, „დიადი იდეის“ განხილვასაც კი მხარი არავინ დაუჭირა, არათუ მოქმედება დაეწყო. თავდაცვის მინისტრად დადებულ ამ ქალს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ არ არის აუცილებელი იმ საკითხებზე ტლიკინი, რაც არ ესმის, ზოგადად კი, რუსები არ ჩამოაგდებენ საკუთარ გამანადგურელებს, ხოლო ენთუზიასტი მსურველი თუ ვინმე ეგულება, პირადად მიმართოს.
მანამდე კი, სანამ ბუნდესვერი რაღაცას ექადნებოდა რუსეთს, რუსეთმა დრონებით გართობა წამოიწყო, რაც დაცინვას უფრო ჰგავს _ უპილოტო საფრენი აპარატები შეუსია გერმანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დრონები უთვალთვალებდნენ სამხედრო გემთსაშენ ქარხანას, პორტს, საწვავის გადამამუშავებელ ქარხანას, ელექტროსადგურს, საავადმყოფოს და რეგიონულ პარლამენტს ყვლაზე ჩრდილოეთით მდებარე შლეზვიგ ჰოლშტაინის მხარეში.
მაკრონი კი გამომდგარა და გაიძახის, რუსეთს რაც შეიძლება მეტი ზიანი უნდა მივაყენოთო და მზა რეცეპტი დადო _ პუტინი გაურკვევლობაში უნდა ჩავაგდოთო.
ამ დროს, წინ მოგდებული სიტყვა „რუსეთუმე“ ისე აშინებთ ჭკუადამჯდარ „ჭკვიან კაცებსაც“ კი, რომ ოღონდ, „რუსეთუმე“ არ დამიძახონო და, რეალობისთვის თვალი ვეღარ გაუსწორებიათ, უხერხულ შიშში არიან. რა შიშის კანკალის ატყდომა უნდა იმას, რაც ხელისგულზე დევს?
ქაოსის ქაოსი
სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გამოსვლისას „სიტყვად დააგდო“, რომ რუსეთის სურვილია, აღმოსავლეთ ევროპა დაუბრუნდეს 90-იანი წლების მდგომარეობას, ანუ _ აღმოსავლეთ ევროპას ნატო-ს ინფრასტრუქტურის გარეშე 1997 წლის მდგომარეობით.
90-იანი წლების დასაწყისში, ე. წ. დასავლეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ნატო-ს აღარ უნდა გაეგრძელებინა აღმოსავლეთით გაფართოება, იგულისხმებოდა რუსეთის საზღვრებთან ახლოს, მაგრამ თავადვე დაარღვიეს დოკუმენტის პირობა. ასე რომ, უცნაური არაფერია ლავროვის ნათქვამში და არც მის დიპლომატიურ სტილში. სხვათა შორის, უკრაინაც მათვე განაიარაღეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ბირთვული იარაღი აართვეს და ვითომ თავდებად დაუდგნენ, თორემ მსოლფიოში მესამე თუ არა, ბირთვული სახელმწიფო ხომ იქნებოდა ახლა უკრაინა. დღევანდელი მოცემულობით, რასაც თურმე უკრაინა რეალურად წარმოადგენს, პირადად მე, მოხარული ვარ რომ უკრაინა ბირთვული სახელმწიფო არ არის.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სპეცოპერაცია მხოლოდ დასაწყისია და არც ის არის გაუზრებელი, რომ უკრაინაში შეჭრისთანავე, პუტინმა „სპეცოპერაცია“ დაარქვა და არა „ომი“. ნუთუ ასე ძნელი დასანახია, რომ დღევანდელი რუსეთი აღარც ლოთბაზარა ელცნისა და აღარც მოსყიდული გორბაჩოვის რუსეთი აღარ არის?
რუსეთი თავის ძველ ორბიტას უბრუნდება და ამ გზაზე ნელ-ნელა იცილებს უძრაობის წლებში ჩაბუდებულ და ფესვგადგმულ, დასავლეთის მიერ ჩალაგებულ ლიბერასტულ ბალასტს _ ის გადადის რუსეთის შიდა მოწყობის სამხედრო ყაიდაზე გადაწყობის პროექტზე. ცნობილი ამბავია, თუ რუსული სამხედრო მანქანა დაიქოქა, ის აღარ ჩერდება, სანამ ბოლოში არ გავა.
მაშინ, როდესაც უდიდესი დაპირისპირებისა და კრებსითი დასავლეთის სანქციების პირობებში რუსეთმა შეძლო და იმავე დასავლეთის საპირწონე სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი შექმნა, სადაც იდეალურად აცნობიერებენ დასახულ მიზნებს და შესრულების მექანიზებს, თანაც, ამ ალიანსში არცცთუ დიდი ხნის წინათ დაპირისპირებული პატარ-პატარა სამთავროები კი არა, არამედ დიდი ქვეყნებია გაერთიანებული, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანს რომ ნიშნავს, დიდი განსჯა სჭირდება?
პირადად მე, დიდი ეჭვის საფუძველს ვხედავ, რომ ვიფიქრო _ რუსეთი შეეცდება დაიბრუნოს ის ყველაფერი, რაც თავისად მიაჩნია და ზოგი მოტყუებით, ზოგი მოსყიდვით და ზოგი კიდევ რაღაც მიზეზებით, სხვის ხელში აღმოჩნდა უკვე სსრკ-ის დაშლამდე, მისი არსებობის ბოლო ათწლეულიდან.
უცბად ის გამახსენდა, ბაიდენმა რომ დაიქადნა, ჭკუით იყოს რუსეთი, თორემ მე-18 საუკუნეში დავაბრუნებთო და იმ დროის რუსეთის ევროპული ნაწილის რუკა ამოვაძვრინე, აბა, ვნახო, როგორ გამწარდება-მეთქი _ მგონი, არ გამწარდებოდა...
იმას ვამბობდი, რომ ვერ ვხედავ ძალას, რომელიც, თუ რუსული სამხედრო მანქანა დაიქოქა, მის შეჩერებას შეძლებს, გარდა ერთი შემთხვევისა, რასაც იტყვის და დაასაბუთებს რატომაც, მას გადაეცემა. აი, მერე კი, იქ რეებს ჩაიდენს, რომ შემდეგში იგივე აღარ განმეორდეს, სხვა საკითხია...
ვიკითხავდი, ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს საქართველო-მეთქი, მაგრამ არ ვიკითხავ, რადგან ამის აზრს ვერ ვხედავ _ ყველა ისეთ პოზას იკავებს, თითქოს სხვა პლანეტაზე არიან, ან არც ახლა ეხებათ და არც შემდგომში შეეხებათ...
პოზა _ ცრუ მოშიშრები
ამას კიდევ რა უჭირს _ ისეთი შიშით შეპყრობილები არიან, ვერ დამიდგენია, რაში დაინახეს ამ შიშის საფუძვლები. კარგი, თვითონ ეშინიათ, საზოგადოებაში რატომღა თესენ შიშს, გამიზნულად იქცევიან ასე თუ შიშმა დაუბინდათ გონება, ვერ ვხვდები, თუმცა თავსაც არ ვიწუხებ, რომ მივხვდე, პიტალო მხოლოდ კლდეები აღმაფრთოვანებს...
ვიღაცებს ძალიან აშინებთ ტრამპის გამოსვლის ტექსტი, პოლიტპრაგმატული ბიზნესმენ-მომლაპარაკებლის პოზიციიდან საომარი ბილიკისკენ გადაუხვია და ამბიციურ რუსეთს, რომელიც აშკარად ეცილება მსოფლიო პირველობაში, პირისპირ უდგებაო; რუსეთს უკვე ისეთი მძიმე დრო უახლოვდება, რომ მანევრირებასაც ვეღარ შეძლებსო; აშშ ემზადება, რომ რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოსო და ა.შ.
ზელენსკის შეხვდა ტრამპი და შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში თრუტჰ შოციალ დაწერა, რომ ფიქრობს, უკრაინა ისეთ პოზიციაშია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ბრძოლის შედეგად, მთელ უკრაინას თავდაპირველი სახით დაიბრუნებსო _ დროთა განმავლობაში, მოთმინებითა და ევროპისა და ნატო-ს ფინანსური მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ომი დაიწყო, ნამდვილად კარგი ვარიანტიაო; რუსეთი 3,5 წელია, უმიზნოდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედროს ძალას ერთ კვირაზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა. ეს რუსეთის ძალას კი არ უსვამს ხაზს, არამედ, პირიქით, მას „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენსო; როდესაც მთელ რუსეთში მცხოვრები ადამიანები გაიგებენ, რომ მათი ფული თითქმის სრულად, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე იხარჯება, სიტუაცია უფრო თვალსაჩინო გახდებაო;
ეს დაპანიკებული ხალხი მაოცებს, ბოლომდე არ ჩაიკითხეს თუ შეშინებულებმა ვეღარ გაიაზრეს, ბოლოში რა დაწერა? წაიკითხულის გააზრება რომ დიდ პრობლემად არის გადაქცეული განათლების სისტემის პირქვე დამხობის გამო, ცნობილია, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი იმაზე უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდით.
აი, როგორ დააბოლოვა: „ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას ნატო-სთვის, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, როგორ გამოიყენონ. წარმატებები ყველას!“
მაშასადამე, ეს მაინც უნდა დავუღეჭო ზოგს _ ტრამპმა თქვა: მთავარია, რომ ჩემგან იყიდოთ იარაღი და ენერგომატარებლები და, რუსეთი რას იზამს, არ მანაღვლებს, მით უფრო, ფეხებზე მკიდია უკრაინა და ზედ დართული ნატო-ც და ევროკავშირიც _ რაც მეტხანს გასტანს ომი, მით უკეთესია ჩემთვისო;
პუტინმა თქვა: ყველას ვუპასუხებთ არა სიტყვებით, არამედ სამხედრო ძალითო;
მე ვამბობ: თუ იარაღის მიწოდებამ მოიმატა, მაშასადამე, აშშ ომისთვის წირავს ევროპას, ხოლო თუ არ მოიმატა, მაშასადამე, ევროპა მოსვენებას არ აძლევს ტრამპს, რომ მშვიდობის მოგვარების ამბავი მას აჰკიდოს.
სხვები და „ქაღალდის ვეფხვი“ ქაოსში
ჩინეთის, კორეის, ინდოეთისა და ირანის შესაძლო რეაქციებს არავინ ახსენებს, არადა, მყისიერად და დიდი მონდომებით ამოქმედდებიან ამხანაგ პუტინის წასაშველებლად. ბირთვული იარაღის გამოყენებას არცკი ვახსენებ...
ზოგადად კი, _ მსოფლიო დიდი გადანაწილების პროცესშია და ამიტომაც არის ასეთი წახნაგოვანი ქაოსი. საქმე ის არის, რომ ასეთ დროს არავის აინტერესებს პატარა ქვეყნების ამბიციები, მათ მხოლოდ ის უნდა შეძლონ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით სახე შეინარჩუნონ და რომელიმე განრისხებული და საომრად აჯაგრული მოთამაშის ლუკმა არ გახდნენ...
ჩვენ მხოლოდ მაყურებლებად უნდა დავრჩეთ, თუმცა ისინი მაყურებლადაც კი არ მოგვიაზრებენ, რადგან თვითონვე გადაწყვეტენ, ვის ობიტაზე მოვხვდებით და რომელი პარტერიდან უნდა ვუცქიროთ...
მაყურებლის პოზიციიდან ვამბობ: ძალიან საინტერესო ყოფილა ომის სცენარების ყურება სხვა ქვეყნებში, მით უმეტეს, რა გამოცდილებაც ჩვენ გვაქვს, როცა ისინი მაყურებლის როლში იყვნენ.
აგერ, აშშ-მა სერიოზულ შეიარაღებას მოუყარა თავი ვენესუელას გარშემო. ეტყობა, ახლა იქ უნდათ, რომ დაამყარონ დემოკრატია და ტყვეობიდან გაათავისუფლონ ვენესუელის დატყვევებული დემოკრატი ვენესუელური ნავთობი, რომელიც მსოფლიო ლიდერია 303 მლრდ ბარელის მარაგით.
ისე, ირანი მესამე ადგილზეა 209 მლრდ ბარელი ნავთობის რეზერვებით და მას მოსდევს კანადა 163 მლრდ ბარელით. ვფიქრობ, ჯერ მხოლოდ ნავთობის სუნით, მთლად ხელისგულზეა ირანის „ამბავიც“ და კანადის აშშ-სთან მიერთების დიდი სურვილის ნამდვილი მიზეზიც...
ტრამპი ვენესუელას გაეჯგიმა, თუმცა თვითმფრინავები აღმოსავლეთისკენ გაუშვა და ევროპის ბაზებზე განალაგა. ახლა ზის ლამის მთელი მსოფლიო და იმას ფიქრობს, ვისზე აპირებს აშშ დარტყმას. დაკვირვებიდან დაასკვნეს, რომ, როდესაც ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებას აანონსებს, მაშინ წამოუვლის ხოლმე ვიღაცის გასილაქების სურვილი...
„ქაღალდის ვეფხვს“ გვერდს ვერ ავუვლი _ ბლიცკრიგი რატომ უნდა სდომებოდა რუსეთს, ან რანაირად წარმოუდგენია ვინმეს ნეტავ, კიევისა და ყველა დიდი ქალაქის დანგრევის გარეშე? და ამით რა ხეირი? პირიქით, ისევ მისი აღსადგენი გახდება, რუსოფობიას გაზრდიდა, მეტ სალაპარაკოს მისცემდა ისედაც ენაწაგდებულ ე. წ. დასავლეთს და ცალკე პარტიზანული თუ ტერორისტული თავდასხმა-აქტების თვლაში უნდა ყოფილიყო. ასეთი „ქაღალდის ვეფხვის“ ტაქტიკით კი იმ ცოცხალ ძალას აქრობს, რასაც მებრძოლი ძალა ჰქვია...
ფინალში რომელ მავანთა სამწუხაროდ რას ვნახავთ ისეთს, რაც იმთავითვე ხელისგულზე იდო, იმასაც დავინახავთ, მაგრამ მანამდე სხვა მინისერიალები გვაქვს სანახავი. მაგალითად, ასეთი _ ტრამპმა მედვედევს სულელი უწოდა და განაცხადა, ისეთი ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გავამწესე რუსეთის სანაპიროსთან, ყველაზე მომაკვდინებელი იარაღი რომ არის მათ შორის, რომლებიც დღემდე შექმნილაო; ეს სულელი ადამიანი პუტინთან მუშაობსო და სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ვერ მივცემთ უფლებას ადამიანებს, რომ ეს სიტყვა - ბირთვული ასე მარტივად უმისამართოდ ისროლონ აქეთ-იქითო.
მაია ჭელიძე
(გაგრძელება იქნება)


