სოსო მანჯავიძე: რადიკალი შიზოფრენიკები ტოპოგრაფიული კრეტინიზმით დაავადდნენ

სოსო მანჯავიძე: რადიკალი შიზოფრენიკები ტოპოგრაფიული კრეტინიზმით დაავადდნენ

გვესაუბრება ანალიტიკოსი, 
ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე:

_ ბატონო სოსო, ახლახან ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს სტუმრობდა. რა გამოიკვეთა ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრიდან?
_ ამ ვიზიტთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ვისმენთ _ ერთნი შეთანხმების მიღწევასა და კოორდინირებული მოქმედების გაგრძელებას ვარაუდობენ, მეორენი განხეთქილებაზე საუბრობენ. რეალობა სულ სხვაა, თუმცა პოზიციები ნამდვილად სხვადასხვაა. კერძოდ, განსხვავებაა მიდგომებში, თუ როგორ უნდა განაგრძოს გლობალურმა დასავლეთმა დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობა. ასევე, როგორ უნდა მოხდეს მათი პოზიციონირება იმ ვითარებაში, როცა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მასშტაბები, პოლიტიკური კონტურები იკვეთება.  
აღსანიშნავია, რომ გლობალური ფინანსური ელიტებისა და ბრიტანული გვირგვინის კავშირი, რომელიც გლობალისტური პროექტის მთავარი ღერძი იყო, დღეს უმძიმეს კრიზისშია. ბრიტანეთი თავისი გლობალური ქსელით, რომელსაც სამხედრო ძლიერება არ გააჩნია (მთელ სამხედრო ძლიერების კომპონენტს აშშ წარმოადგენდა, მისი გლობალისტური ელიტით), დღეს მძიმე კრიზისს განიცდის, ვინაიდან აშშ-ის ელიტა, ტრამპის სახით, გლობალისტურ პროექტს, ამ სტრუქტურას რელევანტურად აღარ განიხილავს. ტრამპსა და ბრიტანეთის გვირგვინს შორის სწორედ ამ კონფლიქტს ვხედავთ. საუბარია სისტემურ კრიზისზე და შეუთანხმებლობაზე, თუ როგორი უნდა იყოს სტრუქტურა და რამდენად ადეკვატურია ის გლობალური დომინირების განსახორციელებლად. 
_ კონფერენციაზე სტარმერმა უკრაინის დახმარებასა და რუსეთისგან დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. ტრამპმა კი უკრაინის საკითხის მიმართ გულგრილობა საჯაროდ გამოავლინა. 
_ ნათლად გამოჩნდა, რომ უკრაინის საკითხი ამ ორ ქვეყანას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მარკერია. ტრამპი არ აპირებს, უკრაინას აშშ-ის ფინანსური დანაკარგების ხარჯზე დაეხმაროს. იგი მზად არის, უკრაინას იარაღი მიჰყიდოს, ანუ, მხოლოდ ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ დაეხმაროს. ეს ფინანსური ანაზღაურება კი, დღეს იმ კრიზისის ფონზე, რომლის მასშტაბებიც სულ უფრო და უფრო იზრდება, ძალიან არარეალისტურად გამოიყურება. მეორეც, გაუგებარია, როდის და რა შეიარაღება უნდა გადაეცეს უკრაინას, რადგან იარაღი, რომელსაც მას აწვდიან, ხშირ შემთხვევაში, ეფექტური არ არის და თანამედროვე საბრძოლო მოთხოვნებს არ შეესაბამება. ბრძოლის ველზე ვითარება განუწყვეტლივ იცვლება და, ამასთან ერთად, მთავარია, რამდენად ადაპტირებულია ამ ცვლილებებთან სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. რუსეთი, როგორც მეომარი მხარე, გამოწვევებს გაცილებით ადეკვატურად პასუხობს. 
შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ანგლოსაქსური ბრიტანულ-ამერიკული ალიანსი მყარი არ არის. ბრიტანეთში კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. ახლოვდება დრო, როცა ინგლისელი ხალხი ამ გლობალისტურ აბსურდს მძიმე პასუხს გასცემს. მეორე მხრივ, ეკონომიკური კრიზისი სტარმერის ხელისუფლებას ჩამოგდებას უქადის. 
_ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს, სანამ ევროპა რუსულ ნავთობზე უარს არ იტყვის. ეს რაზე მიუთითებს?
_ ტრამპის განზრახვა ნათელია, მას სურს, ევროპამ რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს. ევროპულ ელიტებს ძალიანაც რომ უნდოდეთ რუსული ნავთობპროდუქტებისა და ენერგომატარებლების შესყიდვის შეწყვეტა, ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით, ამას ვერ ახერხებენ. ტრამპი მათ ეუბნება: რუსეთთან ენერგომატარებლებით ვაჭრობა შეწყვიტეთ და ჩემგან შეისყიდეთო. დაჭირხნული გაზი ოთხჯერ უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ ტრამპს ეს არ აინტერესებს. 
ერთი მხრივ, ტრამპი ევროპას ტარიფებს უძვირებს, მეორე მხრივ კი, ძვირიანი ენერგომატარებლების შესყიდვას აიძულებს. ამავე დროს, ტრამპის ინტერესშია, ევროპული საწარმოები აშშ-ში გადაიტანოს. ანუ, საუბარია ევროპის როგორც გლობალური სამრეწველო და გეოეკონომიკური ცენტრის დასუსტება-განადგურებაზე. მიზანი სწორედ ეს არის. ამისთვის ტრამპი ევროპის სახელმწიფოებზე ჩამოყალიბებულ ამერიკულ სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას იყენებს. 
ეს ევროპელი ხალხისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა, ტრაგედიაა. ასევე, საქართველოსთვისაც, რომელიც ევროპის მეზობელია და მასთან ათასი ძაფით არის დაკავშირებული. ევროპული ეკონომიკების კრიზისი არასასურველი პროცესია.
_ ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს შეხვდა, რასაც რადიკალების შეშფოთება მოჰყვა.
_ არც კი ვიცი, ამ ისტერიას რაღა ეშველება. რადიკალებში ნებისმიერი ჯანსაღი მოვლენა ეროვნულ-შიზოფრენიულ აღგზნებას იწვევს. ეს უკვე კლინიკაა, როცა ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა გეოგრაფიულ არეალში იმყოფებიან, რა რეალობაა სამყაროში და საერთოდ, სად არიან. სოცქსელში ერთ პოსტს წავაწყდი, სადაც აეროპორტის გზაზე განთავსებული საემიროების დროშების ქვეშ, კომენტარებში ადამიანები იწყევლებოდნენ: არაბებმა დაგვიპყრეს, ღალატია, რუსულ-არაბული გველური გეგმა ხორციელდებაო და სხვა სიგიჟეები. უბედურება ის არის, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული ნარატივია. და, ვინც ამას სიგიჟეს უწოდებს, იმ ადამიანებს მოღალატეებად რაცხავენ. ესენი აბსოლუტური გიჟები არიან. ჩვენ გარშემო 600-მილიონიანი ისლამური სახელმწიფოებია: არაბეთი, ირანი, თურქეთი და რა ვქნათ, დავანგრიოთ ეს სახელმწიფოები?!
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, რადგან ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ, ევროკავშირი საქართველოსთან რეზოლუციურ ომს აწარმოებს _ უნდა გვაიძულოს, ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ დავაბრუნოთ, აშშ-ს ჩვენთვის არ სცალია და რა ვქნათ, ყველას ომი გამოვუცხადოთ?! ინვესტიციებზე, ნორმალური ურთიერთობების დამყარებაზე, იგივე არაბულ სამყაროსთან, უარი ვთქვათ, რადგან საუკუნეების წინათ მურვან ყრუ შემოგვესია?! ეს რა ფენომენია? _ უნიკალური, რაც მხოლოდ ჩვენთან „მოიპოვება“. აი, მაგალითად, ძვირფასი ქვა ზურმუხტი ხომ მოიპოვება სადღაც. ზემოხსენებული ტიპის „ზურმუხტები“ კი მხოლოდ ჩვენთან მოიპოვება. მათთან კამათიც კი შეუძლებელია, ისეთ სიგიჟეებს აფრქვევენ. ტრაგედიაში ვართ. ხომ გვახსოვს, 90-იან წლებში რაც მოხდა _ გარშემო უცებ ყველა რომ მტერი გახდა, წვერი მოუშვეს და „შავლეგ, შენი შავი ჩოხაო“ _ მღეროდნენ. შალვა ახალციხელის დაღუპვის გამო ტრაგიკული, მჭმუნვარე სახე მიიღეს და ყველა ამღერდა. ახლა ეს ტენდენცია დამძიმდა. 
ამ რადიკალ შიზოფრენიანებს სერიოზულად ჰგონიათ, რომ საქართველო შეიძლება დედამიწაზე არსებული დანარჩენი სახელმწიფოებისგან იზოლირებული იყოს. მათ ტოპოგრაფიული კრეტინიზმი სჭირთ. ეჰ, მათი და ჩვენი ცოდვა მიეცა ჯერ გუტენბერგს, საბეჭდი მანქანა რომ შექმნა და ამდენი უმეცრების გავრცელების საშუალება გააჩინა და მერე ცუკერბერგს, სოცქსელების შექმნისთვის. ახლა პოლიტიკურ ასპექტს შევხედოთ, რა უნდათ ამ მაწყევარებს _ „ქართული ოცნება“ გადააგდონ და ამ ე. წ. პროტესტანტებმა მთავრობა ტანჯული ხალხისგან, ანუ დანაშაულისთვის დაკავებული პირებისგან დააკომპლექტონ!!! ამ ხალხთან რა პერსპექტივაზე შეიძლება საუბარი.
_ ახლა პირდაპირ დღე და საათი გამოაცხადეს, როცა ხელისუფლება უნდა გადაიბარონ.
_ პაატა ბურჭულაძე ფსიქიკურად შეშლილია. პრობლემა ის არის, რომ მას უამრავი ადამიანია აყოლილი, რომელიც გულმოდგინედ ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის _ ვერ გაუაზრებია, ტოტს რომ მოჭრის, რა მოხდება. კარგი, ვთქვათ, ჩამოაგდე ხელისუფლება, გამოიწვიე ომი, მერე რა ხდება? _ იგივე დაიწყება, რაც 90-იან წლებში იყო. დავით გურამიშვილმა კარგად გამოხატა ეს სინდრომი, რაც დღეს საზოგადოებას სჭირს: „თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!“ სასაცილო ის არის, რომ ერთი და იგივე მეორდება და ვერავინ ვერაფერს სწავლობს. იმის ნაცვლად, რომ იმედი ვიქონიოთ, ამ ხალხს ფსიქიატრები დაეხმარებიან, თავადაც სამკურნალონი არიან, ისეთ რაღაცებს წერენ სოცქსელებში: რევოლუციის არ უნდა შეგვეშინდეს, ჩამოვაგდოთ ხელისუფლება და ქვეყანა მერე ავაშენოთო. პირდაპირ დასაღუპად იწევენ და ვინც მათ დაღუპვაში ხელს უშლის, იმათ წყევლიან. 
ამ ხალხს თავში ჩაუნერგეს, თითქოს ევროპაში მიდიან და ქვეყანას რომ ამოატრიალებენ, ეს დასავლეთის ინტერესების გამო მოხდება. იმას არ ფიქრობენ, რომ ქვეყნის ჩამოქცევას სირიის მოვლენების მსგავსი მოჰყვება. ეს მათ წარმოსახვაში დასავლური დემოკრატიისთვის გაღებული მსხვერპლია. თავიანთი ჭკუით, გმირობას სჩადიან. აი, ასე „გმირულად“ აფუჭებენ საქმეს და რევოლუციას თუ მოახდენენ, ეს დასავლური დემოკრატიის მიზნისკენ მიმავალ გზაზე გაღებული მსხვერპლი ჰგონიათ. უკრაინა ხომ შეეწირა „გმირულად“ მსხვერპლად. ახლა ამათ სინდისის ქენჯნა აწუხებთ, საქართველო რომ ვერ შეწირეს. 
მავანმა მათ ტვინებში ჩაუნერგა სქემა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი კავკასიაზე კონტროლს დაამყარებს. სომხეთსა და აზერბაიჯანზე ხომ დაამყარა და ახლა, აქ გადატრიალება რომ მოხდება, თურქეთი ჩვენზეც დაამყარებს კონტროლს. შედეგად, აალდება ჩრდილოეთი კავკასია, პარალელურად, ისრაელი დაარტყამს ირანს და ირანი დაიშლება, მერე ამერიკა დაარტყამს ჩინეთს და ისიც დაიშლება, ბოლოს, უკრაინა დაშლის რუსეთს, ხოლო ჩვენ, ამ დროს, გადატრიალებას რომ მოვახდენთ, ამით დასავლეთს ნათელი მიზნების განხორციელებაში შევეშველებით. ამიტომ, რუსული მთავრობა უნდა გადავატრიალოთ, შევებრძოლოთ რუსეთს, ის დაიშლება, ჩვენ კი ერთდროულად ნატო-ში და ევროკავშირში აღმოვჩნდებით და ბედნიერად ვიცხოვრებთ. ის, რომ ამ დროს ამ გამოტვინებულ თავებში შეიძლება ატომური ბომბი მოხვდეთ, არ აწუხებთ, რადგან უნდათ, დემოკრატიისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირონ. აი, ამ უბედურებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ უნდა შევეცადოთ, გიჟებმა ქვეყანა კიდევ ერთხელ არ ჩამოგვამხონ. 

თამარ შველიძე