შეშლილი მსოფლიო წითელი ხაზების გარეშე
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელის ხელით ირანის დაბომბვა დაიწყო. მოკლულია ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ირანში გამოცხადდა 40-დღიანი გლოვა და 7-დღიანი უქმე დღე. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, ყველაფრის აღნუსხვას ვერ ვასწრებთ. ერთი კი ფაქტია, მსოფლიოში აღარც საერთაშორისო კანონმდებლობა არსებობს, აღარც სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, თუ ძლიერნი ამა მიწისანი მოინდომებენ, ხან გაგიტაცებენ, ხან დაგასანქცირებენ, ხან დაგბომბავენ, ხან ჩამოგაგდებენ. გააჩნია, როგორი ინტერესი აქვთ, სად რამდენი ნავთობია, სად რამდენი წიაღისეულია და ვისთან რა ანგარიში აქვთ გასასწორებელი.
ირანმა ყატარში, იორდანიასა და ბახრეინში ამერიკული ბაზები დაბომბა. ასევე, იბომბება ისრაელის დედაქალაქი თელ-ავივი. ირანიდან დაიბომბა არაბეთის გაერთიანებული საემიროები, დუბაი, ქუვეითი, სირია, ერაყი, კვიპროსი. ირანმა განაცხადა, რომ ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, უფრო ძლიერს, ვიდრე ოდესმე. დონალდ ტრამპმა ურჩია - უმჯობესია, ეს არ გააკეთონ, თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთო. როგორც ვხედავთ, ეს არის ომი, სადაც არ იქნება დანდობა. ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია ეფექტიანი იყო, რამაც შესაძლოა, დიპლომატიისკენ მიმავალი გზა შექმნას. ხომ მაგარია? ჯერ დაბომბვა, ქვეყნის გაპარტახება, დიდი სისხლისღვრა, შემდეგ დიპლომატიისკენ მიმავალი გზა. ერთი უკრაინა-რუსეთს შორის შეიქმნება დიპლომატიური გზა, მეორე კიდევ ირან-აშშ-ს შორის.
ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტა, საიდანაც ნავთობით მარაგდება ევროპა და დანარჩენი მსოფლიო. ექსპერტების მტკიცებით, ეს გამოიწვევს ნავთობზე ფასების კატასტროფულ ზრდას.
ირანში, ჯამკარანის მეჩეთის გუმბათზე შურისძიების წითელი დროშა აღმართეს! აიათოლა მაქარემ შირაზიმ აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა! მორჩა, ირანისთვის წითელი ხაზები აღარ არსებობს. ამერიკის საელჩო დაარბიეს პაკისტანის ქალაქ ყარაჩში. ასეთივე ვითარება იყო ერაყის დედაქალაქ ბაღდადშიც, სადაც უსაფრთხოების ძალები უშედეგოდ ცდილობდნენ ამერიკის საელჩოს მიმართულებით დაძრული ხალხის შეჩერებას.
ამასობაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა ახლო აღმოსავლეთში, ყოველი ღამე კოშმარად გადაიქცა როგორც ისრაელისთვის, ასევე ირანისთვის, მსგავსი დაბომბვები არავის ახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან, მკვეთრად ფართოვდება ომის არეალი.
ამერიკელებმა მოკლეს ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ ახმადინეჯადი, ამოხოცეს მისი ოჯახიც! მას არ ეკავა არანაირი პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ ირანში ავტორიტეტს წარმოადგენდა, იგი იყო პატიოსანი ადამიანი, პრეზიდენტობის შემდეგ ცხვარს მწყემსავდა.
დონალს ტრამპი კვლავ ტრაბახობს, არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ირანელი ლიდერი ერთბაშად გაქრაო. თქვენი არ ვიცი და, მე პირველად ვხედავ, ქვეყნის ლიდერი სიკვდილიანობით ასე ხარობდეს. არა, ისტორიულ წიგნებში წამიკითხავს, ისტორიულ ფილმებშიც მინახავს, მაგრამ ცოცხალი არ მინახავს, თანაც 21-ე საუკუნეში. არაფერს ვამბობ ჩვენებურ აკაცუკებზე, რომლებიც სიკვდილის გაგონებაზე როკავენ და ტაშ-ფანდური აქვთ გაჩაღებული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც ტრაბახობს - ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო დღეებშიო. უკაცრავად, ჩვენ იმასაც ვხედავთ, როგორ ურტყამენ ისრაელს შიგ გულში. დონალს ტრამპმა განაცხადა, ირანელ ლიდერებს ჩემთან დალაპარაკება უნდათ და მე ამათ დაველაპარაკებიო. ესეც ბლეფი აღმოჩნდა, ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის, ალი ლარიჯანის პასუხი, თითქოს ირანს მასთან მოლაპარაკების სურვილი აქვს, ასეთია: “აშშ-ისრაელთან მოლაპარაკებას არ გავმართავთ. სულ რომ მარტო დავრჩეთ, მისიას შევასრულებთ. ბოროტება უნდა განადგურდეს’’!
რა იქნება შემდეგ? ომი ახლო აღმოსავლეთში არის ისეთივე ხანგრძლივი, როგორც უკრაინაში თუ ეს არის ორკვირიანი სისხლისღვრა, როგორც ამას წინებზე იყო ისრაელ-ირანს შორის? ამ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ,,საერთო გაზეთს’’ პარტია ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი, სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ესაუბრება.
- ლევან, რაც დღეს ირანსა და დანარჩენ მსოფლიოში ხდება, ამას ვხედავთ, გასაგებია, ვის რა ინტერესები აქვს, ესეც კარგად ჩანს, მაგრამ ახლა საინტერესოა, მალე დაიმორჩილებენ ამ უდიდეს ქვეყანას თუ ომი დიდხანს გაგრძელდება?
- ამ ეტაპზე რასაც ვხედავთ, რა ინფორმაციასაც ვიღებთ, ეს ომი არ უნდა იყოს მოკლევადიანი. რაც ამ დღეებში მოხდა, ეს არის პირველი ფაზა, შემდეგ როგორ იქნება, მოვლენები როგორ განვითარდება, ვერავინ იწინასწარმეტყველებს. თუ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც წინა კონფლიქტმა, მაშინ გაუგებარი რჩება, რა საჭირო იყო ასეთი თავდასხმა. სერიოზული სეფასება რომ გააკეთო, ორივე მხრიდან უნდა გქონდეს რეალური ინფორმაცია. ჩემი დაკვირვებით, რა ნაკადიც ახლა მოდის, ნახევარზე მეტი საინფორმაციო ომის ნაწილია.
- უკან დახევას არც ერთი არ აპირებს, არც ისრაელი, არც აშშ, არც ირანი. მეტიც, ირანმა ჯიჰადი გამოაცხადა, ეს რას ნიშნავს, ალბათ იცი, წესით ამერიკაში ყველა მიძინებულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ თუ ჯგუფმა უნდა გაიღვიძოს.
- ერთია, დათმობას არ აპირებენ, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ, იგივე განმეორდეს, რაც წინა კონფლიქტის დროს მოხდა - ერთმანეთი დაბომბეს, ერთმანეთს ემუქრებოდნენ და უცებ ჩაწყნარდნენ.
- ხომ ვიცით, ამ ომის ძირითადი მიზეზი რაც არის? მეთანხმები, რომ სანამ ამერიკელები ნავთობს არ ჩაიგდებენ ხელში, არ გაჩერდებიან?
- კი, რა თქმა უნდა, ნავთობია, მაგრამ ეს რამდენად მიღწევადია, უკვე სხვა საქმეა. ამ ეტაპზე რასაც ნათლად ვხედავთ, მხოლოდ ის არის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.
- რა თქმა უნდა, მშვიდობა უპირველესია, მაგრამ მე მგონი, ირანი ვენესუელა არ არის, რომ ასე იოლად გააჩერონ.
- ეგეც მართალია. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, ნეიტრალური ქვეყანა რომ ვიყოთ.
- ეგ უკვე თქვენი პარტიის გადმოსახედიდან ჩანს ასე. ეგ გასაგებია, მაგრამ ეს ირანელი აკაცუკები რომ დარბიან რუსთაველზე, რამე საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენთვის?
- არა, არავითარი, მათ არც ძალა გააჩნიათ, არც სიმრავლე, რომ რამე გააფუჭონ. გიჟებს ვერ მოვსპობთ ქვეყანაში, შერყეულები არიან, აშკარად ეტყობათ, რომ ეს ადამიანები ჩვენებური აკაცუკებივით არ არიან ჯანმრთელები. ჩვენმა აკაცუკებმა ისიც არ იციან, ირანი სად არის, ახლო აღმოსავლეთი რომელ მხარესაა და ასე შემდეგ.
- შავნოდარას გადაცემაში რომ ამტკიცებდნენ, დუბაი, ერაყი, გაერთიანებული საემიროები და სხვა ქვეყნები ამერიკელებმა დაბომბეს, რადგან ტერორისტები მაგ ქვეყნებში არიან გაბნეულებიო, უსმინე, ხომ?
- მაგაზე ვამბობ, უვიცები არიან. ასეთი გაუნათლებლები ტელევიზიით გამოდიან და რაღაც სისულელეებს ყვებიან.
- გასაგებია, ახლა ჩვენს საშინაო ამბებსაც გადავხედოთ, მე მგონი, შეკითხვის დაკონკრეტება არც არის საჭირო, მეორე თემა ,,იმედისა“ და ,,პოსტვ“-ის დასანქცირებაა ბრიტანელების მიერ. საოცარია, ლამის მთელი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და ბრიტანელები „პოსტვ“-ს თაობაზე მსჯელობენ. ეს რა მოვლენაა, რანაირ შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?
- დიახ, ეს მართლა შოზოფრენიაა, ერთი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, ნატოს წევრი, ბირთვული სახელმწიფო უცებ იცლის საქართველოსთვის - თურმე ჩვენთან ორი მედიასაშუალება არის ისეთი, რომ შეიძლება უკრაინას შეუქმნას საფრთხე. ესე იგი, ბრიტანელებმა დადეს მიზეზი, თითქოს ეს ორი ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამათ რა დეზინფორმაცია უნდა გაავრცელონ? რა უნდა თქვან ისეთი, რასაც მსოფლიოში არ ამბობენ? არ ჩაჯდა ბრიტანელების გემოვნებაში ის, რომ საქართველოში ვიღაცა სიმართლეს ლაპარაკობს და ადამიანებს ანალიზის საშუალებას აძლევს. ამათ არ აინტერესებთ სიმართლე, არ აინტერესებთ, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი იღუპება, ინგრევა ქალაქები, სოფლები, რომელთა აღდგენას ათეულობით წლები და ასეულობით მილიარდი დოლარი სჭირდება.
- ხომ არ ფიქრობ, რომ უკრაინის თემა ტრამპს უკვე გაექცა?
- ეგ ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცით, საბოლოო შედეგი რა იქნება, ჯერ კიდევ არსებობს მცირეოდენი შანსი.
- კი, მაგრამ ბოლო დროს უკრაინასთან დაკავშირებით აღარ აქტიურობს, თითქოს „დაიკიდა“ და მთლიანად ირანზე გადაერთო.
- ჩემი აზრით, ის დგას დილემის წინაშე, მას ჯერ ომი მოსაგები აქვს იმ ძალებთან, რომლებსაც არ სურთ ომის დასრულება უკრაინაში. თუ ტრამპი უკრაინის ამბავს ჩამოშორდა, მაშინ აშკარა გახდება, რომ ომის დამქაშებმა მას მოუგეს. თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც - ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ ომის დასრულების სურვილი ტრამპსაც არ ჰქონდეს. ზელენსკის უკვე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ერის მიმართ, წესით ციხეში უნდა იჯდეს. მოდი, ახლა ისიც ვთქვათ, რამდენიმე დღის წინ ზელენსკის მრჩევლად ვინ დაუნიშნეს? ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.
- ეს რაღაა? ესე იგი, ომის დასრულებას არ აპირებენ? რიში სუნაკი ზელენსკის მრჩეველი იქნება თუ ზედამხედველი?
- არათუ ომის დასრულებას არ აპირებენ, ზელენსკი იმ კონტროლის არეალიდან არ უნდა გაექცეთ, რაც ბრიტანელებს აინტერესებთ, მას ჩაუსვეს მაკონტოლებელი. ჩვენ რუსეთი მოგვწონს თუ არა, მაგას დავანებოთ თავი, ფაქტი ერთია, ეს ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, რუსეთის უპირატესობა მაინც იკვეთება, რუსეთს უკეთესი ტერიტორიული პოზიციები გააჩნია. გარდა ამისა, რუსეთმა სხვა მხრივაც მიაღწია მიზანს, უკრაინა ვერ ხდება ნატო-ს წევრი.
- რუსეთმა მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე ელოდა.
- ზელენსკის ტრამპისგან აქვს შეთავაზება, რომ უნდა დათანხმდეს მის გეგმას. ის ორ ცეცხლს შუაა, ძალიან აქვს შეტოპილი. მან იცის, შეიძლება მოიშორონ და საერთოდ მიატოვონ. თუ მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ, დათანხმდება, მაგრამ როგორც ჩანს, არ აძლევენ და მაკონტროლებელიც კი დაუნიშნეს. საქართველოსთან რა უნდათ ამ შემთხვევაში? ამაზე უკვე ვთქვი, ჩვენ უნდა ჩავბმულიყავით ომში და კავკასიაში დატრიალებულიყო ჯოჯოხეთი. ეს რომ არ მოხდა, ამაში დამნაშავეა ხელისუფლება. ამიტომ უნდათ თავიანთი აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში, ტყუილად ყრიან ამდენ ფულს? ჰქონდათ არაერთი მცდელობა, ძალისმიერად დაემხოთ ხელისუფლება, ვერაფერი მოახერხეს და ახლა არიან შარზე, დაიწყეს მიზეზების ძებნა. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა, რასთან და ვისთან აქვს საქმე. ამ შემთხვევაში ,,იმედისა’’ და ,,პოსტვ’’-ის თანამშრომლები ხელისუფლების მხარეს კი არა, ხალხის მხარეს დადგნენ. მე მათ ვუთხარი, ზოგი ჭირი მარგებელია, ნახეთ, თქვენი როგორ შინებიათ-მეთქი.
- როგორ ფიქრობ, ბრიტანელები და სხვა გოთვერნები გაჩერდებიან?
- არა, არ გაჩერდებიან. ღმერთმა ქნას, ჩემი სიტყვები არ გამართლდეს, მაგრამ ვთქვათ სიმართლე, ეს ომია. პირველი დარტყმა იყო მედიაზე, შემდეგ იქნება სხვა დარტყმები სხვა მიმართულებით. ალბათ, სანქციებს დაუწესებენ მთავრობის წევრებს, იქნება ლაპარაკი ვიზალიბერალიზაციაზე და ასე შემდეგ. დაველოდოთ, ვნახოთ, ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ!
გელა ზედელაშვილი
