სოსო მანჯავიძე: ტრამპის საუბარი მშვიდობის დამყარებაზე მსოფლიო ომისთვის მზადებას ნიშნავს

სოსო მანჯავიძე: ტრამპის საუბარი მშვიდობის დამყარებაზე მსოფლიო ომისთვის მზადებას ნიშნავს

გვესაუბრება ისტორიკოსი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე:

– ბატონო სოსო, ამერიკამ ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ტრამპმა განაცხადა, რომ იერიშები ირანის სრულად განიარაღებამდე გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰამენეი – ყველაზე ბოროტი ადამიანი – ლიკვიდირებულია.
– ბოროტისა და კეთილის განსაზღვრა ტრამპის მოქმედებებში არანაირ როლს არ ასრულებს, რაც ბავშვმაც კი იცის. ეს მხოლოდ ჩვენ და მსოფლიოში არსებულმა აკაცუკურმა კლასტერმა ვერ გააცნობიერა, რომელთაც ჰგონიათ, ტრამპი ირანს იმიტომ ბომბავს და იქ კოლოსალური ძალები იმისთვის განალაგა, რომ დემოკრატიაზე ზრუნავს და ალი ჰამენეის მიერ ჩადენილი “ბოროტებებით” შეძრწუნებულია. ეს, უბრალოდ, პროპაგანდაა. ტრამპის განცხადება განიარაღებაზე ირანის სრულ განიარაღებას, მის განადგურებას ნიშნავს, რაც აშშ-ისა და ისრაელის სტრატეგიაა. ქრისტიანი სიონისტები ტრამპს სწორედ იმიტომაც აფინანსებდნენ, რათა ირანი გაენადგურებინა. მიკვირს, ირანის მხარეს როგორ სჯეროდა, რომ აშშ-სთან და ისრაელთან მოლაპარაკება შესაძლებელი იყო. ამერიკასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რაც დადასტურდა. ტრამპი მოლაპარაკებას იმისთვის იყენებს, რომ მოწინააღმდეგის ყურადღება მოადუნოს და ამას მთელი მსოფლიოს დასანახად აკეთებს.
ცხადია, აშშ და ისრაელი ირანის განადგურებას შეეცდებიან. ისინი მრავალშრიანი, მრავალგანზომილებიანი ჰიბრიდული, იგივე დიფუზიური ომის ტექნოლოგიებს გამოიყენებენ – ანუ, მოწინააღმდეგის ლიდერშიპის განადგურებას, რაც კიდეც მოახერხეს – მოკლეს ჰამენეი და რამდენიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი. ასევე, გამოიყენებენ პროქსი ძალებს, რომლებიც ირანში დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენენ და მათ ათწლეულების განმავლობაში აფინანსებდნენ, იქნება ეს ქურთების თუ ბელუჯისტანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიები. გარდა ამისა, ჰუზების ფაქტორს, ირანის აზერბაიჯანის უზარმაზარი ეთნიკური ანკლავისა და, ასევე, ირანში არსებულ სხვა ბევრი შიდა წინააღმდეგობის გამოყენებას შეეცდებიან, რათა იქ ირანის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ჩამოშლის ფონზე, რეჟიმის დესტაბილიზაცია მოხდეს. როცა ადამიანებს ელემენტარული საარსებო საშუალება აღარ ექნებათ, ქვეყანაში ეკონომიკა მოიშლება, ამას ჯერ ქაოსი, მერე სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა მოჰყვება, რასაც აშშ, ისრაელი და მათი მოკავშირეები თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოიყენებენ.
კერძოდ, უპირველესად, შეეცდებიან ჩინეთი და ინდოეთი იაფფასიანი ნავთობის დამოუკიდებელ წყაროს მოწყვიტონ. ვიცით, რომ ნავთობზე კონტროლი ტრამპის ღიად გამოცხადებული სტრატეგიაა. იგივე მოხდა ვენესუელაში, რომლის ნავთობის ნაწილის გაყიდვებს აშშ აკონტროლებს. ავტომატურად უკვე გადაიკეტა ორმუზის სრუტე, რაც ჩინეთს მძიმე მდგომარეობაში აყენებს – ნავთობზე ფასები იზრდება. გარდა ამისა, ზეწოლის ქვეშაა რუსეთი და მისი ჩრდილოვანი ფლოტი. ჯონსონმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი უნდა განადგურდეს. ანუ, ეს ერთდროული დარტყმაა. ვიღაცას, იგივე რუსეთის საკმაოდ არათანმიმდევრულ, ვაჭარ ხელისუფლებას შეიძლება ეგონოს, რომ ეს მათ წინააღმდეგ არ არის. რეალურად კი რუსეთზე ზეწოლა არ შეჩერდება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ირანზე დარტყმით რუსეთზე ზეწოლა შემცირდება, ცდება, რადგან რუსეთთან დაპირისპირებას განაგრძობს ევროკავშირი, სადაც სამხედრო შესაძლებლობების მობილიზაცია მიმდინარეობს. ამერიკელების გათვლით, ევროკავშირი და რუსეთი ერთმანეთს ასუსტებენ. ევროკავშირი იძულებულია, ამერიკული ნავთობი იყიდოს, მით უმეტეს, თუ ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მოწოდების შესაძლებლობა გადაიკეტება. აქვე მოსალოდნელია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნავთობის, გაზის მიწოდების საშუალებებსაც დაარტყამს. ერთადერთი, ვისაც აქედან შეიძლება მოგებაზე გათვლა ჰქონდეს, ეს აშშ-ია. თუმცა, ეს გათვლა შეიძლება, სხვაგვარად მოუტრიალდეთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, აშშ-ის სტრატეგია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია, ჩამოშლაა, რამაც შესაძლოა არა მარტო რეგიონული, არამედ გლობალური კრიზისი გამოიწვიოს ატომური შემადგენლის გამოყენებით. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო, რელიგიური ფანატიზმით გონებადაბნელებულ ადამიანებს ეს არ აღელვებთ. ისევე, როგორც მათ მოკავშირე ნეთანიაჰუს, რომელიც თავისი ავადმყოფური პოლიტიკით მთელი კაცობრიობისთვის პრობლემად იქცა.
– ირანის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ მიზანში ამოიღებს აშშ-ისა და ისრაელის ყველა ბაზას, ობიექტსა თუ აქტივს. საინტერესოა ისიც, რა პოზიციას დაიკავებენ ჩინეთი და რუსეთი?
– გაეროში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის მოთხოვნით ჩატარდა, მათ ირანზე დარტყმები დაგმეს. თუმცა დაგმობა, შეშფოთება საქმეს არ შველის. თავად ირანმა უკვე დაიწყო ბრჭყალების გამოჩენა და ყველა ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია, დარტყმები განახორციელა. თუ იმგვარი ელვისებური დარტყმის განხორციელება ვერ მოხერხდა, რომ ირანი ჩამოშალონ, მერე მის გამოფიტვაზე მუშაობა დაიწყება. ჩინეთიც, ნაწილობრივ რუსეთიც, მაქსიმალურად შეეცდებიან, აშშ-ს საშუალება არ მისცენ, მისთვის სასურველი შედეგი დადოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში ამ ომთან დაკავშირებით არავითარი ენთუზიაზმი არ არსებობს. უკვე გამოსვლებიც დაიწყო და თუ ომი გაჭიანურდა, ვითარება უფრო გამწვავდება. მაგალითად, თუ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, ან ირანელები ხმაურიან წარმატებას მიაღწევენ – ჩაძირავენ ამერიკულ გემებს, ან ჩამოყრიან თვითმფრინავებს, ამაზე აშშ-ს კიდევ უფრო მწვავე რეაქცია ექნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპმა ეს ოპერაცია კონგრესთან შეუთანხმებლად დაიწყო და ნებისმიერი წარუმატებლობა მის იმპიჩმენტს, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გამოიწვევს. ვინც ტრამპის კონგრესში გამოსვლა იხილა, მის გეგმებს ყველა ნათლად მიხვდებოდა. რომელ მოლაპარაკებებზეა საუბარი იმ ეპითეტების შემდეგ, რაც მან ირანის ხელმძღვანელობას “მიუძღვნა”?! ზოგადად, როცა ტრამპი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე ლაპარაკობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა დიდი ომის წინ დიდ მშვიდობაზე ლაპარაკობენ. ანუ, მსოფლიოში მშვიდობის დამყარება მსოფლიო ომისთვის მზადებას ნიშნავს. საერთოდ, ყველაზე დიდი ომები სწორედ მშვიდობის სახელით იწყებოდა.
– თუმცა, ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ აშშ-ს გრძელვადიან ომში ჩართვა არ სურს.
– დიახ, გაეროს სხდომაზე ვენსმა და ტულსი გაბარდმა გამოთქვეს ეჭვები, რამდენად ეფექტური იქნება და რა შედეგებს მოიტანს ეს ოპერაცია. ვენსი, ჯერჯერობით, ამ პროცესზე გავლენას ვერ ახდენს. როგორ უნდა შეძლოს აშშ-მა ოპერაციის უცებ შეწყვეტა, ეს ცალკე საკითხია. აშშ-მა მისი განადგურება თუ ვერ შეძლო ისე, როგორც ეს დაგეგმილი აქვს, ირანი აღარ გაჩერდება. ასევე, სხვა ძალებიც გააქტიურდებიან, რომელთაც აშშ-ისა და მისი პროქსების ხულიგნური მოქმედებები ყელში ამოუვიდათ. ამას მთელ ახლო აღმოსავლეთში მათი მოკავშირეების, ანუ რეჟიმების ცვლა მოჰყვება, რომლებიც აშშ-ზე, ნაწილობრივ კი ბრიტანეთზეც არიან დამოკიდებულნი. ამიტომ აშშ ამ სიტუაციიდან ვერ გამოვა. დაწყება ადვილია, დამთავრებაა რთული. მით უმეტეს, თუ უეცარი ოპერაციებით ირანის დესტაბილიზაცია, რეჟიმის ჩამოქცევა არ გამოუვიდათ, ისრაელი სულ მცირე ხანში კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. თუ ისრაელზე შეტევები დაიწყება, სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. იგივე ერაყში, რომელიც, ძირითადად, შიიტური მოსახლეობისგან შედგება, სახალხო მოძრაობები თუ დაიწყო, მეეჭვება, რომ ისრაელი კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ირანის განადგურების ნაცვლად, შეიძლება სულ სხვა სურათი მივიღოთ. აქვე, გამორიცხული არ არის, ისრაელს თუ გაუჭირდა, რაც მოსალოდნელია კიდეც, მან მის ხელთ არსებული ატომური იარაღიც გამოიყენოს, რაც, ცხადია, საპასუხო დარტყმას გამოიწვევს. მაგალითად, პაკისტანმა ისრაელი გააფრთხილა, რომ ატომური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ისიც ანალოგიურად მოიქცევა. ამ დროს ომი გაჩაღდა პაკისტანსა და ავღანეთს შორის, რაც გლობალური სტრატეგიის კონტექსტშია განსახილველი. ასე თუ გაგრძელდა, ომი მთელ რეგიონს ჩაითრევს.
– რას მოუტანს სამხრეთ კავკასიას, საქართველოს, ირანში ფართომასშტაბიანი ომი?
– აზერბაიჯანი ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობს, სავარაუდოდ, სომხეთიც ჩაერთვება. გააჩნია, როგორ წავა საბრძოლო მოქმედებები, დაიწყება თუ არა რაიმე ფორმით სახმელეთო ოპერაციები. ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანს ფასის გადახდა მოუწევს იმისთვის, რასაც აწარმოებს. მიმაჩნია, რომ ეს ომი სამხრეთ კავკასიას არ უნდა შეხებოდა. უფრო სწორად, პოლიტიკურ რეჟიმებს მეტი სიმტკიცე უნდა გამოეჩინათ, რათა ამ გეოპოლიტიკურ ავანტიურაში არ ჩართულიყვნენ. საქართველო ფრთხილობს, დისტანციას ინარჩუნებს, რაც აბსოლუტურად სწორია. მრავალი მაგალითი გვაქვს, თუ რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას რომელიმე მხარის თავგადაკლულმა მომხრეობამ. ჩვენც გვყავს აქ ტვინგაცხელებული ადამიანები, რომელთაც სამეზობლოში ომის დაწყება უხარიათ. მათ სურთ, რომ აქ თავიანთი სრულიად გაურკვეველი პოლიტიკური ბოღმების რეალიზაცია მოხდეს და ითხოვენ, საქართველოც დაბომბეთო. ასეთი ადამიანები აქ ცხოვრებას არ იმსახურებენ. მათ მიმართ უმკაცრესი ზომებია მისაღები. ზღვარს ძალიან გასცდნენ. ეს ხალხი დეგენერატიზმისგან უნდა განვკურნოთ და საშუალება არ მივცეთ, ჩვენი ქვეყანა დააზიანონ. ჯიუტი კრეტინიზმი, რაც მათ ახასიათებთ, სერიოზული საფრთხეა. პირადად მე მათ პოლიტიკურ აქტიურობას მკაცრად აღვკვეთავდი. დიახ, მეხუთე კოლონას აყოლილ ევროშაყინტრავებულებს დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში საფრთხისშემცველ სუბსტრატად მივიჩნევ.
– აშშ-ის მიერ ირანზე თავდასხმის მერე ანკარა რა სცენარისთვის ემზადება?
– ანკარას თავისი განზრახვები, უსაფრთხოების პრობლემები აქვს. ნებისმიერი სახელმწიფო საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებისკენ ისწრაფვის. დიდი თურანის პროექტი ფანტომური ტკივილებით დაავადებულ, თურქეთის ახალი იმპერიის შექმნის ბევრ მესვეურს აქვს. შესაძლოა, ირანის დაშლის შემთხვევაში, დიდ თურანში ჩრდილოეთ ირანში არსებული ისტორიული აზერბაიჯანის ტერიტორიაც შევიდეს, რომელიც თურქულენოვანი ხალხებით არის დასახლებული. მაგრამ ეს არცერთი სახელმწიფოს ინტერესში არ შედის, რადგან დიდი თურანი იქნება სახელმწიფო, რომელსაც უზარმაზარი გავლენები ექნება. ის სუპერძალა გახდება, რომელიც, დაახლოებით, 150 მილიონ მაცხოვრებელს მოიცავს. ასეთი სუპერსახელმწიფოს შექმნა, არც ჩინეთის, არც რუსეთის და არც აშშ-ის ინტერესებში არ შედის. აქედან გამომდინარე, იმედია, თურქები პრაგმატულად იმოქმედებენ და ამ გადანაწილებაში არ ჩაერთვებიან, რადგან შეიძლება თავად აღმოჩნდნენ “გადანაწილებული”.
– ტრამპის მთავარი მიზანი ირანის ატომური პოტენციალის განადგურებაც არის.
– ტრამპმა მშვენივრად იცის, რომ ირანი არანაირი ატომური იარაღის წარმოებას აღარ აპირებდა. ვერც დააპირებდა, რადგან ამაზე სერიოზული კონტროლი იყო. ურანის გამდიდრება გარკვეული პროცენტაჟით ხდება. იარაღის შესაქმნელად ურანი 80%-ზე მეტით უნდა იყოს გამდიდრებული. ირანს კი, ურანი 55%-მდე ჰქონდა გამდიდრებული, რაზეც მოლაპარაკებები მიდიოდა. ანუ, საუბარია ურანზე, რომელიც ირანმა ატომური ელექტროსადგურებისთვის უნდა გამოიყენოს. ეს მას სჭირდება ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს. ირანი სწორედ ამის უფლებას ითხოვს, რაზეც ტრამპი არ თანხმდება. არადა, ჰამენეი “ფეტვაში” პირდაპირ ამბობდა: ატომური იარაღი ჰარამია, ის არაადამიანური იარაღია და მისი შექმნა არ შეიძლებაო. საქმე ის არის, რომ ატომური იარაღი აქვს ისრაელს. ირანს კი იმის უფლებასაც არ აძლევენ, რომ თავდაცვის ინსტრუმენტები ჰქონდეს, მაგალითად, სარაკეტო იარაღი. ხომ გვახსოვს ტრამპის ბოლოს წაყენებული ულტიმატუმი: ირანს ურანის გამდიდრებაზე, სარაკეტო ტექნოლოგიებზე, რეგიონში თავის მხარდამჭერებზე უარი უნდა ეთქვა. ანუ, ირანს სთხოვდნენ, რომ მას თავი თავად გამოესაჭურისებინა, რაზეც, ბუნებრივია, უარი მიიღეს და ამიტომ იყვნენ გაბრაზებულები: როგორ გაბედა ირანმა, რომ თავი არ დაისაჭურისაო. აი, ასეთი ვითარებაა ამ ეტაპზე.

თამარ შველიძე