მნიშვნელოვანია, კეთილდღეობის ზრდა შეფასდეს და არა სიღარიბის შემცირება
გვესაუბრება სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე:
_ ბატონო ნოდარ, პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბოლო ოთხი წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა ნარჩუნდება და შედეგად, სიღარიბეც ნახევრდება. როგორია რეალობა?
_ ძალიან კომპლექსური, რთული შეკითხვა დასვით. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გვაქვს. ბოლო სამი-ოთხი წელია, 10%-თან მიახლოებულ ზრდის მაღალ ტემპს სტაბილურად ვინარჩუნებთ, რაც კვლავაც გაგრძელდება. ახლახან „სავალუტო ფონდის“, „მსოფლიო ბანკის“, „ევროპის კონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ და „აზიის განვითარების ბანკის“ პროგნოზები გამოქვეყნდა, რომელთა თანახმად, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7% იქნება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის პროგნოზი „სავალუტო ფონდმა“ გააკეთა _ 7,2%. ჩემი გათვლებით, წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 7,9% იქნება. რაც შეეხება იმას, აისახება თუ არა ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამ მხრივ, მინდა, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს ვურჩიო და გთხოვთ, ეს წინადადება ანშლაგად, გაზეთის პირველ გვერდზე გამოიტანოთ _ სიღარიბის შემცირება თავისთავად არაჩვეულებრივია, მაგრამ საზოგადოებაში სიღარიბე რაღაც დონეზე ყოველთვის იქნება და ამას ბოლომდე ვერასდროს დავძლევთ. ბევრად მნიშვნელოვანი კეთილდღეობის ზრდის შეფასებაა და არა სიღარიბის შემცირებისა. აი, რა არის მთავარი.
ქვეყანაში სიღარიბის დონე მართლაც განახევრდა, არსებითად შემცირდა, მაგრამ ბოლომდე ამის აღმოფხვრა შეუძლებელია. ეს იგივეა, როცა ნულისკენ მიისწრაფვი, მაგრამ ნულს ვერასრდოს მიაღწევ. ჩასაფრებულის პოზიციიდან, რასაც ოპოზიციურ ტელეარხებზე ადგილი აქვს, სამმილიონიან ქვეყანაშიც და 370-მილიონიანშიც ყოველთვის იპოვი ვინმეს, ვინც ღარიბია. ან ღარიბი შემოსავლებით კი არა, მენტალურადაა. განვიხილავ სიღარიბის ხუთ გამოვლინებას: ფიზიოლოგიურს, საშემოსავლოს, ნივთიერს, სტრუქტურულს და მენტალურს, რომელთაგან ყველაზე რთული დასაძლევი სწორედ მენტალური სიღარიბეა. ამის მაგალითად სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიც კმარა. პირადად მე, კეთილდღეობის შესაფასებლად 31 კრიტერიუმს ვიყენებ, დაწყებული საკუთარი საცხოვრისიდან, შემოსავლებით, ხარჯებით, მომავლის მოლოდინით, წარსულის შეფასებით და ა. შ. დამთავრებული. ამ პარამეტრების შედეგად, კეთილდღეობის ინდექსს ვანგარიშობ. ამ თემაზე დიდი განხილვა უნდა მოეწყოს _ მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით აპელირება საკმარისი არ არის. ეკონომიკური ზრდა 2006-2007-2008 წლებშიც იყო, მაგრამ ეს კეთილდღეობის ზრდაზე არ აისახებოდა. 90-იანი წლების ბოლოსაც გვქონდა ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კეთილდღეობის მაჩვენებელზე არც ეს ასახულა.
ამიტომ კეთილდღეობის ზრდის შეფასება, მისი ანალიზი უფრო მნიშვნელოვნად მესახება. არ მესმის, მთავრობა ყურადღებას ამაზე რატომ არ ამახვილებს, რადგან, კეთილდღეობის ინდექსს თუ დავაკვირდებით, 2024 წელს, 2009 წელთან შედარებით, 4,5-5-ჯერ არის გაზრდილი. 2013 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მკვეთრად აღმავალი ზრდის ტემპი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე რეალურად აისახება. სისტემური ანალიზის შემთხვევაში, შემდეგი რამ გამოიკვეთება _ კეთილდღეობა კი არის მზარდი, მაგრამ უსაფრთხოების ბალიში მაინცდამაინც საგრძნობი არ არის, რაც სისტემური პრობლემაა.
_ ეკონომიკური თუ სხვა პარამეტრებით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების თანახმად, მოწინავე ადგილებს ვიკავებთ, თუმცა ევროკავშირი გვეუბნება: უკუსვლა გაქვთ, მოლდოვა და უკრაინა ბევრად გჯობიათო. ეს პოზიცია რით არის განპირობებული?
_ უკრაინის მდგომარეობას თუ წარმატებული ჰქვია, იგივეს მათ ვუსურვებ, ვისაც ვითომ ამის სჯერა. ჩემი ქვეყანა ასეთი „წარმატებისთვის“ ნამდვილად არ მემეტება. მოლდოვაში გამართულ არჩევნებში უკვე ორჯერ რაც მოხდა და ეს რეგულარულ სახეს იღებს, ასეთი მოწინავეობაც არ მინდა. ობიექტურად თუ შევხედავთ, ყველა მაჩვენებლებით, რაც სტატისტიკას და არა ემოციებს ეფუძნება, საქართველოს ტენდენცია გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. საინტერესოა, ევროკავშირი რას ეფუძნება, როცა დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს. ეს არცერთ ოფიციალურ განცხადებაში არ თქმულა, ამაზე მხოლოდ ცალკეული ანგაჟირებული ევროპარლამენტარები: კალასი, გრეგოროვა, კუბილიუსი და სხვანი საუბრობენ. აგერ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 5-ათასლარიანი ჯარიმით გავაცილეთ. ეს შიშველი ემოციებია. ყველა მაჩვენებელი, რაც სტატისტიკას, ეფუძნება, გაუმჯობესებულია. დიახ, ბევრი საუბრობს, რომ ისევ ღარიბია. რა თქმა უნდა, ვიღაც ღარიბი იქნება, ვიღაც მდიდარი, გარკვეული უთანაბრობა საზოგადოებაში ყოველთვის იქნება. ამ თემით ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევა სარგებლიანი ვერ იქნება, ამით მხოლოდ ხალხს დაზაფრავ.
_ ბატონო ნოდარ, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა მცირე ჯგუფი სამას დღეზე მეტია, აქციებს მართავს. ეს ეკონომიკაზე რამდენად აისახება?
_ ამას ეკონომიკაზე არავითარი გავლენა არ აქვს _ სერიოზული ხალხი, ვინც საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს, 5კვ.მ-ზე გამართულ მცირე ჯგუფის აქციებს, ყურადღებას არასდროს აქცევს. ინვესტორები სტატისტიკით ხელმძღვანელობენ, რაც აჩვენებს, რომ ამ აქციებს ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს.
_ როგორ გესახებათ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის, მრეწველობის განვითარება?
_ ეს ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვაა, რაც სწორედ კეთილდღეობის ზრდის საკითხს ეხება. ადგილობრივი წარმოების, მრეწველობის განვითარება უმნიშვნელოვანესი, ცენტრალური საკითხია. უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის დემონტაჟი ყოვლად უნამუსოდ მოხდა _ ქარხნები, ფაბრიკები განადგურდა. გარდა ამისა, უდიდესი პრობლემაა ის, რომ კვალიფიციურ ტექნიკურ პერსონალს 30-წლიანი სამუშაო წყვეტა აქვს, რაც რეალურ სექტორში კადრების დეკვალიფიკაციას ნიშნავს. დღეს საქართველოში კვალიფიციური ტექნიკური კადრების ნაკლებობაა. ეს მთავარი საკითხია, რაც მთავრობისთვის პირველ რიგში გადასაწყვეტი ამოცანა უნდა იყოს _ ანუ, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება.
ეკონომიკური რეალური სექტორის განვითარება, მეტიც, თანაბარზომიერი სიმეტრიული განვითარება _ ქვეყნის განვითარების სიმძიმის ცენტრის პერიფერიებში გადატანა, რასაც საქართველოს მეტ-ნაკლები დეურბანიზაცია უნდა მოჰყვეს, დიდი დემოგრაფიული პრობლემების მიზეზია. სტრატეგია შესამუშავებელია, პროექტი არსებობს, მაგრამ საჭიროა დაინტერესება და მისი განხორციელება, რაც დეკლარაციებით და განცხადებებით შეუძლებელია.
_ ისმის საუბრები, რომ რუსეთის ეკონომიკა გასაჭირშია. ეს რამდენად რეალურია და როგორ აისახება ყოველივე ჩვენს ეკონომიკაზე?
_ რუსეთის ეკონომიკას შეიძლება დღეს უჭირს, მაგრამ ფუნდამენტური გაჭირვება მას ნაკლებად ემუქრება, რადგან რეალური ეკონომიკისთვის არსებული რესურსების ამოუწურავი მარაგი აქვს. ასე რომ, შეუძლია ქვეყნის გარეთ არც კი გაიხედოს. რუსეთს ძლიერი ინდუსტრიული პოტენციალი აქვს, ასევე არანაკლები საბჭოთა მემკვიდრეობა, რაც, ჩვენგან განსხვავებით, იქ მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ამიტომ, რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას, ჩამოშლას ნაკლებად ველოდები.
რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება საქართველოში რუსეთს რეალური ეკონომიკური პრობლემები რომ შეექმნას, ან რას გამოიწვევდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მიერთება და მასთან ვაჭრობის მთლიანად გაწყვეტა, შეგახსენებთ, რომ 2022-ში 10,2% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, საუკეთესო შემთხვევაში, 4%-იანი, ხოლო უარეს შემთხვევაში _ 14%-იანი ვარდნა გვექნებოდა. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ამისა, მასზე ეგზისტენციალური მნიშვნელობის პროდუქციით ვართ დამოკიდებული, ესენია: ხორბალი, მცენარეული ზეთი, საწვავი და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები. 2006 წელს აქ „შპიონები“ რომ დაიჭირეს, ამის მერე რუსებმა ჩვენი იქ მცხოვრები მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით გამოგვიგზავნეს და ურთიერთობები გაწყდა. შესაბამისად, რუსეთიდან ხორბლის იმპორტი, ოფიციალური სტატისტიკით, ყაზახეთმა ჩაანაცვლა. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ისევ რუსული ხორბალი იყო, ყაზახური სახელით შემოსული. ამას 2007 წელს პურპროდუქტების 17%-იანი ინფლაცია მოჰყვა. პურპროდუქტების, მცენარეული ზეთის, შაქრის და ა. შ. ინფლაცია, სიღარიბის მაგენერირებელია. შავ ხიზილალაზე ფასები 10 ათასჯერაც რომ გაიზარდოს, ამას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იგრძნობს. ამდენად, რუსეთთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების ასე იოლად ჩანაცვლება თითქმის შეუძლებლია. კი ბატონო, ეს არ არის კარგი, მაგრამ რა ვქნათ?! პრაქტიკაში ერთადერთი რაც არსებობს, რეალური პოლიტიკა და ეკონომიკაა, სხვას მნიშვნელობა არ აქვს. რეალური ეკონომიკა კი გვიჩვენებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას ასე იოლად ვერ ჩავანაცვლებთ.
_ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას განაგრძობს. ახლახან რამდენიმე მაღალჩინოსნის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
_ კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ის ფაქტი, რომ ვიღაც მაღალჩინოსნები დაიჭირეს, ჩხრეკა ჩაატარეს და ა. შ. კვეთს შემდეგ პრობლემას _ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის სატენდერო სისტემა საფუძველშივე თავადვე კორუფციულია. ეს სისტემა საფუძველშივე გამორიცხავს სახელმწიფო ფინანსების ეფექტურ ხარჯვას, ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი რამის _ ინსტიტუციონალური მეხსიერების შექმნას. ეს დიდი პრობლემაა. მაგალითად, კარგია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შენდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ პორტში ნაპირსამაგრ სამუშაოებს ბელგიური და არა სახელმწიფო კომპანია „საქნაპირმშენი“ ასრულებს. ასე ჩვენ ყოველთვის მომხმარებლები ვიქნებით და აქ არანაირი ინტელექტუალური შედეგი არ დარჩება. ეს დიდი პრობლემაა. სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო სისტემა უზრუნველყოფს, რომ ინსტიტუციონალური მეხსიერება არანაირად არ შეიქმნას. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ისევ ლიბერალურ პარადიგმაშია. გაიძახიან: სახელმწიფო არ შეიძლება ეკონომიკაში ჩაერიოსო. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არცერთ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება არ მომხდარა.
თამარ შველიძე


