გრიგოლ გაგნიძე: "გამჭვირვალობა საქართველოსთვის" გამჭვირვალობას აპროტესტებს
გვესაუბრება უფლებადამცველი, დამოუკიდებელი ადვოკატი, "პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის" დამფუძნებელი გრიგოლ გაგნიძე:
_ ბატონო გრიგოლ, ხელისუფლებამ `ფარას~ კანონის ამოქმედება დაიწყო. კუპრაშვილის უწყებამ ნჯო-ებს: `საფარს~, `მომავლის აკადემიას~, `ფონდ ღია საზოგადოებას~ და `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს~ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა, რაზეც ისინი უარს აცხადებენ...
_ დიახ, ხელისუფლება აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ღონისძიებებს ატარებს, რათა ქვეყანაში იმ დესტრუქციული პროცესების განმეორება თავიდან აირიდოს, რასაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჰქონდა ადგილი. ეს პრევენციული ღონისძიებაა, რათა რიგი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული ქმედებები გაკონტროლდეს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაფინანსებები, რაც განათლების სისტემას, სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება არ აიკრძალება. შეზღუდვა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზეა. როგორც იცით, საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, საერთაშორისო გრანტების გაცემაზე ხელისუფლების ნებართვა იქნება საჭირო. ის მაქსიმალურად ცდილობს, პროცესები გააკონტროლოს, რათა ყოველგვარი უბედურება თავიდან ავიცილოთ.
_ ზემოხსენებული ნჯო-ები აცხადებენ, რომ ამ გრანტებით შშმ პირებს, სტუდენტებს ეხმარებოდნენ. ანუ, ე. წ. კეთილშობილური მიზნებისთვის ვხარჯავდითო...
_ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარების დაფინანსებას არავითარი დაბრკოლება არ შეექმნება. დღეს, ნჯო-ები, ფაქტობრივად, პოლიტიკურ სპექტრად იქცნენ. ისინი ერთი-ერთში იმეორებენ დესტრუქციული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს. აშკარაა, იმ მავნე საქმეს ემსახურებიან, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვეთავენ. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როცა საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ოპოზიციას ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებისკენ მოუწოდებენ. ხალხს ყველაფერი ახსოვს. ახლაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომებზე შემზარავ ისტორიებს ვისმენთ, რასაც ნაცების ხელისუფლება სჩადიოდა. ახალმა თაობამ, სტუდენტებმა, არ იციან, რა ხდებოდა `ნაცმოძრაობის~ რეჟიმის დროს. ეს სხდომები იმ თაობებისთვისაა, ვინც არ იცის რა ძალას წარმოადგენდა წინა ხელისუფლება, როგორ დააქცია ქვეყანა სათავეში ყოფნის დროსაც და როგორ ცდილობს ახლა იგივეს, უკვე ოპოზიციური ფლანგიდან.
ხელისუფლება ცდილობს, მათ ბინძურ თამაშებს რეალური კონტრარგუმენტებით დაუპირისპირდეს. ელჩებსაც აცნობს არსებულ რეალობას, თუმცა მათ ამის გაზიარება არ სურთ, რადგან სხვა დაკვეთას ასრულებენ. მაგალითად, 2012 წელს საერთაშორისო საზოგადოების _ ამერიკის და ევროპის მხარდაჭერით, სააკაშვილის რეჟიმი გარედან შეიცვალა. ახლა იგივე ხალხი, დესტრუქციული გზით,წინა ხელისუფლების უკან დაბრუნებას ცდილობს. სამწუხაროდ ეს ოპოზიციაც, ნჯო-ებიც ის ხალხია, რომელთაც ურჩევნიათ, აქ ბომბები ცვიოდეს, ვიდრე მშვიდობა იყოს. ფაქტობრივად, გარე ძალები და ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოს მიმართ ცივ ომს აწარმოებენ.
_ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ ნჯო-ების, საარჩევნო სუბიექტების ფინანსური მონიტორინგი განხორციელდება. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამას რატომღაც დევნას უწოდებენ...
_ როცა სახელმწიფო უწყება ოფიციალურად ინფორმაციის მიწოდებას გთხოვს, ის ხომ კერძო კომპანია არ არის, მას წვდომა ისედაც აქვს ყველა ინფორმაციაზე, უბრალოდ, ამის დაზუსტება სურს. არ მესმის, ორგანიზაციისთვის რომლის სახელწოდებაში სიტყვა `გამჭვირვალობა~ ფიგურირებს, ინფორმაციის მიწოდება რა პრობლემაა?! ან რა შუაშია აქ მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გაჟღერებაა, რაზეც ეს ნჯო-ები აპელირებენ. ანტიკორუფციული ბიურო ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოქვეყნებას კი არ აპირებს. ასე რომ იყოს, მაშინ კი ბატონო, კანონი დაირღვეოდა. ასეთ დროს თავდასხმა ყველაზე კარგი საშუალებაა და ისინიც ამ ტაქტიკით ხელმძღვანელობენ.
_ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაციას უშუალოდ მიაწვდის. ეს რას შეცვლის?
_ დიახ, ანტიკორუფციული ბიურო, მათ შორის, საელჩოებსაც საქმის კურსში ჩააყენებს, რათა პროცესი გამჭვირვალე იყოს. ანუ, მათ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს. ანტიკორუფციულ ბიუროს კანონის თანახმად აქვს ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმების უფლება, აქ ყველაფერი კანონის ფარგლებშია. ხელისუფლებამ საკანონმდებლო ინიციატივები შეიმუშავა, რაც ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობის გაკონტროლებას ითვალისწინებს. დიახ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება დონორი ორგანიზაციების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები. როცა ნჯო-ები გამჭვირვალობაზე უარს აცხადებენ, ეს მეტ ეჭვს ბადებს, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება. ანუ, სულ სხვა მიმართულებით, მაგალითად აქციების, რევოლუციური პროცესებისთვის მოწყობისთვის.
ეჭვის გასაქარწყლებლად ორგანიზაცია, რომელსაც `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის~ ჰქვია, გამჭვირვალე პროცესების პირველი ფლაგმანი უნდა გახდეს და არა პირიქით, გამჭვირვალობა გააპროტესტოს! ასე საზოგადოება მის მიმართ უფრო განეწყობა დადებითად. მაგრამ როცა პირიქით, ინფორმაციის გასაიდუმლოებას ცდილობ, ეს არაფერში წერია. მაგალითად, `საფარის~ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ საოცარი რამ განაცხადა: საიდუმლო დოკუმენტები და ჩანაწერები გავანადგურეთ, რათა არ მოხდეს ორგანიზაციაში შემოსვლა და მისი ამოღებაო. ეს ეჭვს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ფაქტია, ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ეს ორგანიზაციები დესტრუქციით ხელისუფლების შეცვლას და ქვეყნის ომში ჩაბმას ცდილობენ.
_ რა სასჯელს ითვალისწინებს კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა?
_ ხელისუფლების გადასაწყვეტია, მათ ჯარიმას დააკისრებს თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ორგანიზაციას საქმიანობის უფლება აეკრძალება. თუმცა, ეს ნჯო-ები, ალბათ, სხვა ორგანიზაციებს დააფუძნებენ და ფინანსების შემოტანას სხვა მიმართულებებიდან შეეცდებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ოპოზიცია თავის ნჯო-ებიანად, შეეცდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას. საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა ქვეყნებმა შეიძლება ისევ სცადონ, საპარლამენტო არჩევნების მერე მომხდარი სცენარის გამეორება. მწვავე შემოდგომა გველოდება, რადგან საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს რეგიონის პრობლემაა.
_ ხელისუფლებამ ბრიტანეთის საელჩოს საარჩევნო გრანტების გაცემაზე უარი უთხრა, რომელიც `ტაბულას~, `საიას~ და გია ჯაფარიძის ორგანიზაციას უნდა გადასცემოდა...
_ ბრიტანელმა და სხვა ქვეყნის დონორებმაც წინასწარ საქმის კურსში უნდა ჩააყენონ ხელისუფლება, თუ რის დაფინანსებას აპირებენ. ამიტომაც თქვა ბრიტანეთის საელჩომ დაფინანსებაზე უარი _ მათი დაფინანსება საარჩევნოდ დამკვირვებლების გადამზადების ნაცვლად, დესტრუქციას რომ მოხმარებოდა, ხელისუფლებისგან საერთაშორისო დონეზე საყვედურს მიიღებდნენ და ეს არ აწყობდათ. საინტერესოა, `ტაბულას~ და `საიას~, რომელიც პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს, უნდა გაერკვიათ, სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები?! ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს, დესტრუქციული რისკები აირიდოს, რასაც მივესალმები.
_ პრემიერმა აღნიშნა, რომ საზოგადოების დაპირისპირება, ზიზღის ენით საუბარი უნდა დასრულდეს. როგორ აფასებთ მის ინიციატივას?
_ აბსოლუტურად ვეთანხმები. ოპოზიცია თავის მხრიდან განხორციელებულ ბულინგს, ლანძღვას, რატომღაც სიძულვილის ენას არ უწოდებს. საარჩევნო პერიოდში მეც გავხდი ბულინგის მსხვერპლი. ამაზე უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა. თუ ფეისბუქზე ვიღაც შემომივარდება ვბლოკავ, ნერვებს აღარ ვიშლი. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვითომ, წლებია, სიძულვილის ენას ებრძვიან და ახლა, როცა ამაზე ხელისუფლება ცდილობს, დამნაშავეებს პასუხი მოსთხოვოს, ამას დევნად მიიჩნევენ! ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტის ფორმას იძენს _ ისინი თუ მიაყენებენ ვინმეს შეურაცხყოფას, ამაზე პასუხის მოთხოვნა დევნა ყოფილა. ოპოზიცია ცდილობს, გარკვეული მანიპულაციებით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს. ამომრჩეველი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას უჭერს მხარს. ზუსტად ეს არის ხელისუფლების კოზირი. ოპოზიცია გამარგინალების გზას ადგას.
ბოლოს, მინდა ყურადღება ხელისუფლების კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე გავამახვილო. ეს არის საკანონმდებლო ცვლილება საკუთრების დაბრუნებასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის გეტყვით, ვთქვათ, ქართველმა ბიზნესმენმა არაბ ინვესტორს საქართველოში ინვესტიცია ჩამოატანინა და შემდეგ ეს ფული თაღლითური მანიპულაციებით მიითვისა და ამ თანხით ქონება შეიძინა. სასამართლომ ქონება დაუყადაღა, მაგრამ მისი აღსრულება ვერ მოახდინა და თაღლითს ათი წელი მიუსაჯა. თაღლითი ფიქრობდა, რომ ათწლიან სასჯელს მოიხდიდა და მერე ქონებას განკარგავდა. აღნიშნული ინიციატივით, ცვლილების თანახმად, თაღლითი სასჯელსაც მოიხდის და თაღლითურად მიტაცებული ქონებაც ჩამოერთმევა. თუ ეს ინიციატივა წარსულში ჩადენილ თაღლითურად მიტაცებული ქონებების ჩამორთმევასაც შეეხება, ბევრი საქმე წამოტივტივდება. კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს, მაგრამ თუ ძველ საქმეებში ახალი გარემოებები აღმოჩნდა, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ეს საქმეებიც წამოიწევს.
თამარ შველიძე

