ქართული იდეა
„აღმოხდების მზე და წარხდების მზე და უბრუნდება თავის
ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. სამხრეთისკენ
მიქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ, ბრუნავს, ბრუნავს, მიქრის ჟამი და უბრუნდება ისევ თავის წრეს...“
(ეკლესიასტე _ 1.6)
ხშირად ვსვამთ კითხვას: როგორ გადარჩა ქართველი ერი, როდესაც ისტორიის ქარტეხილებმა პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ერი, ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი, გაცილებით ძლიერი და მონოლითური?
ამ კითხვაში გაოცებაც არის და გაკვირვებაც: მართლაც რამ გადაგვარჩინა? როგორ მოვედით აქამდე? როგორ შევძელით, დავსხლტომოდით ხელიდან ჩვენს გასანადგურებლად შემოსეულ უზარმაზარ იმპერიებს?
იქნებ, ხმალმა გვიხსნა, ხმალმა და განსაკუთრებულმა მეომრულმა თვისებებმა?
ჰო, მაგრამ ხმალი არც სხვა ერებს უჭრიდათ ჩვენზე ნაკლებად და ჩვენზე ნაკლები მეომრები არც ისინი ყოფილან, მაგრამ დღეს მათი სახსენებელიც აღარ არის.
ხმლით შეიძლება რაღაც ლოკალური პრობლემა გადაწყვიტო, მოიგო ესა თუ ის ბრძოლა, მაგრამ ხმლით და იარაღით დროს და ისტორიას ომს ვერ მოუგებ.
ზოგიერთი ერივით თვალუწვდენელი სტეპები და ტრამალები არ გვქონია, რომ გაქცევით გვეშველა თავისთვის _ ერთი ხელის დადება სივრცეში ვიყავით ჩაკეტილები და გასაქანი არ გვქონდა _ ან აქ უნდა მოვმკვდარიყავით, ან აქ უნდა გადავრჩენილიყავით.
საქართველოს ზემოდან რომ დაჰყურებ, ოთხივე მხრიდან, ჩაკეტილ გლადიატორების არენას ჰგავს, რაც თავისთავად გიკარნახებს ერთადერთ გადაწყვეტილებას _ როგორმე მტერს უნდა სძლიო.
თითქოს განგებამ საგანგებოდ შეგვირჩია ასეთი ადგილი _ ოთხივე მხრიდან დაგმანული სივრცე, სადაც უკან დასახევი გზა არ არსებობს.
დიდგორის ომში უკან დასახევი გზა ჩაუხერგა ქართველებს დავით აღმაშენებელმა...
აღმაშენებელმა იცოდა, რასაც აკეთებდა...
ღმერთმაც იცოდა, რასაც აკეთებდა, როდესაც ოთხივე მხრიდან ჩახერგილი სივრცე გვარგუნა ასპარეზად...
და მაინც: რამ გადაგვარჩინა?
ვერ ვინარჩუნებდით ტერიტორიებს, ვერ ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას, ვერ ვინარჩუნებდით დამოუკიდებლობას, მაგრამ ერი მაინც ინარჩუნებდა მეობას, ერი ერად რჩებოდა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ერს გააჩნდა საყრდენი, რომელიც მატერიალური კი არა, სულიერი იყო და, ამდენად, მიუწვდომელი განადგურებისთვის.
ყველაფერი შეიძლება დაანგრიო, რაც მატერიალურია _ აუღებელი ციხე-კოშკი, მიუდგომელი ციტადელი, დუღაბით შეკრული გალავანი, მაგრამ სულიერ საყრდენს ვერ დაანგრევ, რადგან სულიერი საყრდენი სულშია, სული კი ქვემეხისთვის, ხმლისთვის, ბომბისთვის, დინამიტისთვის მიუწვდომელია.
ქრისტიანული რელიგია, კერძოდ, მართლმადიდებლობა, ქართველი ხალხის ისტორიის და კულტურის ნაწილი კი არ არის, არამედ თავად გახლავთ ამ ისტორიის და კულტურის შემქმნელი.
ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც რელიგია ისე ჩაეზრდება ერის გენეტიკურ კოდს, ისე გაიშლება ერის ხასიათსა და ცხოვრების წესში, რომ ამ ერისა და რელიგიის ერთმანეთისგან გაცალკევება შეუძლებელია.
***
„ქართული ეროვნული მოძრაობა თავისი საწყისებით მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ ცნობიერებასთან და ეკლესიურ წიაღთან, თავისი შინაგანი არსით ეს რელიგიურ-ეროვნული მოძრაობაა, რამდენადაც იგი გულისხმობს არა მარტო განკერძოებული ეროვნულ-პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, არამედ, პირველ ყოვლისა, ითვალისწინებს ზნეობრივ აღორძინებას რელიგიურ რწმენასა და ცნობიერებაზე დაყრდნობით“, _ ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამიდანაა.
ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი 17 წელია, მიმდინარეობს, მაგრამ არც ქართული სახელმწიფოს განვითარება წარმართულა ზნეობრივ აღორძინებასა, რელიგიურ რწმენასა და ცნობიერებაზე დაყრდნობით და არც მართლმადიდებლობა გამოცხადებულა სახელმწიფო რელიგიად.
დიახ, ჩვენ სახელმწიფოს კი ვაშენებთ, მაგრამ ეს სახელმწიფო ნაკლებად არის ის, რომელზეც ოცნებობდნენ არა მარტო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, არამედ ქართველ პოლიტიკოსთა, საზოგადო მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, ეკლესიის მსახურთა ყველა თაობა ქართული სახელმწიფოს დასაბამიდან დღემდე.
კონცეფცია, რომელიც 1991 წელს გაჟღერდა, არ გახლავთ მხოლოდ ერთი კერძო პოლიტიკური პირის, გნებავთ, პოლიტიკური ორგანიზაციის კონცეფცია. ეს არის მთელი ქართველი ერის საერთო კონცეფცია, საერთო პლატფორმა, საერთო შეხედულება ქართული სახელმწიფოს მოდელზე, მის ფორმასა და შინაარსზე, მის იდეოლოგიურ საყრდენსა და საძირკველზე.
არა მხოლოდ პიროვნულად ერთ პოლიტიკურ ლიდერს, არამედ, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ კონცეფციას დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა.
ჩემი აზრით, სწორედ ეს კონცეფცია გახდა მიზეზთმიზეზი იმ რეპლიკისა, რომელიც მსოფლიოს გლობალისტურ იმპერიად გარდაქმნის ცენტრალური შტაბიდან გაისმა: თქვენ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთ.
როგორც ჩანს, იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც საქართველო იმყოფება, გლობალიზმის იდეოლოგთა ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რელიგიურ-ეროვნულ ღირებულებებზე, ზნეობრივ ფასეულობებზე დამყარებული ქართული სახელმწიფოს არსებობა.
***
ვინ არიან მთავარი არქიტექტორები იმ სახელმწიფო შენობისა, რომელსაც დღეს ვაშენებთ?
ქართველები?
იქნებ, ქართველები მხოლოდ შეკვეთის შემსრულებლები ვართ, საპროექტო ნახაზები კი სხვებს ეკუთვნით და ისინი გვკარნახობენ, როგორ ამოვიყვანოთ კედლები, რა მივახატოთ ზედ, სად ჩავსვათ ფანჯარა, სად ჩავატანოთ კარი?
უცხოელი „პრარაბების“ დიდი ფუსფუსი და ფაციფუცია ქართული სახელმწიფოს სამშენებლო პოლიგონზე, მათი მითითებები და დირექტივები ისმის წამდაუწუმ.
შენებაო, კი ვამბობთ, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ნგრევას უფრო ჰგავს, ვიდრე შენებას.
თუ შევთანხმდებით, რომ სახელმწიფოს შენება არ არის მხოლოდ გზების გაყვანა, ინფრასტრუქტურების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, არამედ სახელმწიფო, პირველ ყოვლისა, გახლავთ სულიერ, კულტურულ, რელიგიურ ფასეულობათა დაცვისა და განვითარების გარანტი, ერის სულიერ ფასეულობათა საცავი, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს კი არა, ერთ დიდ სავაჭრო და საცხოვრებელ კომპლექსს ვაშენებთ, რომლის მკვიდრებისთვის სულაც არ იქნება მთავარი, შეინარჩუნებენ თუ არა ეროვნულ სახეს და თვითმყოფადობას.
„მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვადასხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში“, _ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.
დღეს ამ მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაციის საძირკველზე აშენებული ქართული სახელმწიფოებრიობის დემონტაჟი მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს საერთოდ ზოგადქრისტიანული კულტურის დემონტაჟი და ამ კულტურის ფსევდოკულტურითა და ფსევდოღირებულებებით ჩანაცვლება.
***
„ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი“, _ ვკითხულობთ 2007 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.
რამდენად არის დღევანდელი ქართული სახელმწიფო ამ ისტორიული არჩევანის ერთგული მიმდევარი?
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა მართლმადიდებელია, მაგრამ რამდენად არის მართლმადიდებლური ის პრინციპები, რომლითაც დღეს ხორციელდება ქვეყნის მართვა?
რამდენად არის მართლმადიდებლური ხელისუფლების დამოკიდებულება მოსახლეობისადმი, კულტურული და სულიერი მემკვიდრეობისადმი, რელიგიურ-ეროვნული ღირებულებებისადმი?
პასუხი ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, უარყოფითია...
საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, თავის ხელისუფლებიან-ოპოზიციიანად, მართლაც რომ მოქმედებდეს ჭეშმარიტად ქრისტიანული ღირებულებებით, მაშინ ბევრი პრობლემატური საკითხი, რომლებზეც მწვავე დისკუსიები და დებატები იმართება ხოლმე, თავისთავად მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხებზე მართლმადიდებლობას გააჩნია ზუსტად ჩამოყალიბებული ფორმულირებები, რომლებიც, წესით და რიგით, საერთო უნდა იყოს მართლმადიდებელი ხელისუფლებისათვისაც და მართლმადიდებელი ოპოზიციონერებისთვისაც.
მეტსაც ვიტყვი, ქართული სახელმწიფო, თავისი შინაარსით, ღირებულებათა სისტემით, საერთოდ ვერ აშენდება, თუ მას მართლმადიდებლობა არ დაედო საძირკვლად.
„ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა გაერთიანდეს სახელმწიფოს, საზოგადოების და ეკლესიის ძალისხმევა“, _ ბრძანა ილია II-მ.
თუ მკრეხელობად არ ჩამეთვლება, ამ მოსაზრებას ოდნავი პერიფრაზით ვიტყვი: ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა ქართული ეკლესიის გარშემო გაერთიანდეს სახელმწიფოს და საზოგადოების ძალისხმევა.
ეკლესიაა ცენტრი, ეკლესიაა ორიენტირთა მთავარი განმსაზღვრელი, ხელისუფალთა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრების საერთო წესის დამდგენი.
ეკლესიაა ყველაზე მაღალი ინსტანცია და არა კანცელარია, არა პარლამენტი, არა უშიშროების კომიტეტი, არა სამართალდამცავი სტრუქტურები.
ღვთისა და ერის სახელით, სწორედ ეკლესია უნდა სთხოვდეს პასუხს ძალაუფლებით გაამპარტავნებულ და გაზულუქებულ ხელისუფალს, რომელიც მის მრევლს ავიწროებს, ჩაგრავს, აშინებს, ამდაბლებს, შეურაცხყოფს.
ასე იყო დასაბამიდან, ასე უნდა იყოს დღესაც: ქართული სახელმწიფო ქართული ეკლესიის გარშემო უნდა შენდებოდეს.
***
აღმაშენებელმა უკან დასახევი გზა ჩახერგაო, _ ვთქვით ზემოთ.
ჩახერგილი გზები გაიხსნა და ქართველები თავქუდმოგლეჯილნი გარბიან საკუთარი სამშობლოდან, ანუ ბრძოლის ველიდან.
საერთო პასუხისმგებლობის გრძნობა სამშობლოს წინაშე ეგოიზმმა შეცვალა.
საქართველოდან ქართველთა დიდი გაქცევის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ქართველები გუმანით გრძნობენ, რომ ეს არ არის მათი სახელმწიფო, ეს არ არის ქართველების სახელმწიფო, ხოლო, როცა ამას ხვდები, მოვალეობის და პასუხისმგებლობის ტვირთი გეხსნება მხრებიდან და გაქცევა გიადვილდება.
გაქცეულთა უკან დასაბრუნებელი გზაც ეკლესიაზე გადის და მადლით გასხივოსნებული ის გზაც, რომელმაც მომავლისკენ უნდა წაგვიყვანოს...
***
წარსული გვასწავლის, აწმყო კი გვცდის...
მასწავლებელი, ცოდნის მომცემი წარსულია, აწმყო _ მკაცრი გამომცდელი.
ჩვენ დღეს ნაკლებად ვიხედებით უკან, არადა, უკან გახედვა ორი ნაბიჯით წინ გახედვაა.
ვიღაცებს ჰგონიათ, რომ უწარსულოდ, უფესვოდ და უნიადაგოდ შეიძლება დარგონ და გაახარონ ერის ცნობიერების ახალი ხე, გაახარონ და გარშემო კი ახალი ჯიშისა და ჯილაგის ქართული სახელმწიფო შემოუშენონ.
შეცდომაა ეს! მსგავსი ექსპერიმენტები ყველგან და ყველა დროში მარცხით მთავრდებოდა.
შორს ნუ წავალთ _ კომუნისტების სამოცდაათწლიანი ეპოქა გავიხსენოთ, რომელიც სრული კრახით დასრულდა.
არ შეიძლება, სახელმწიფო რობოტების გამომშვებ საამქროს დაემსგავსოს და ამ მორჩილი რობოტების იმედით სცადოს სახელმწიფო შენობის აგება.
სახელმწიფოს უსულო, უწარსულო რობოტები არ ქმნიან, სახელმწიფოებს ქმნიან მაღალი ზნეობისა და სულიერების ადამიანები, მაგრამ თუ ერი ან სახელმწიფო თავის ფესვებს, ძირებს ჭეშმარიტ იდეას არ დაუბრუნდება, წინსვლისა და, თამამად შეიძლება ითქვას, გადარჩენის არავითარი შანსი, უბრალოდ, არ არსებობს.
არ არსებობს ახალი სახელმწიფოებრივი იდეალები, რადგან „არაფერია ახალი მზისქვეშეთში“.
არ არსებობს ახალი ქართული იდეა, ახალი რედაქციითა და ვარიაციებით. ის ისევე უცვლელი და მარადიულია, როგორც მზე და როგორც ჟამი...
ვახტანგ ხარჩილავა
2007 წლის არქივიდან

