...და მებრალვის დაღდასმული თაობა

...და მებრალვის დაღდასმული თაობა

(წერილი მეორე)
აკადემიკოს ფრიდონ თოდუასან და მის კლინიკასთან ჩემი ურთიერთობა არახალია. მე იმ პერიოდში უფრო რადიოლოგიის საკითხები მაინტერესებდა. მინდოდა დამეზუსტებინა მოცეკვავის ბრუნვის სიჩქარის შეფარდება მის მასასთან. ამ მაჩვენებლის დადგენას ვცდილობდი. დედამიწის მსგავსი პარამეტრი ნათელი იყო ჩემთვის, მისი სიჩქარე 30 კილომეტრ/წამია, ხოლო მასა 1 მარსი (5.9722X1024 კილოგრამი) ამათი თანაფარდობის დადგენა მეწადა. თუ აღმოჩნდებდა, რომ შემსრულებლის მაჩვენებელი აღემატებოდა დედამიწისას, ამ შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა ნამდვილ აღმოჩენასთან. ნათელი იქნებოდა, რომ მოცეკვავე ციბრუტებისას გადიოდა დედამიწის მიზიდულობიდან და ადამიანის სხეულს ამ ტრიალის დროს ენიჭებოდა გენური მახსოვრობის უნარი. ამ ჰიპოთეზის დასაზუსტებლად ვცადე მივდგომოდი ფიზიკის ლაბორატორიას თსუ-ში, მაგრამ ის ლაბორატორია გაუქმებული, ხოლო მისი პროფესორი თამაზ ბუთხუზი ქუჩაში გამოძევებული დამხვდა.
შემდგომ უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწეს, ბატონ რომან ხარბედიას რომ ჩავეძიე დედაუნივერსიტეტის მოსარგალების ნიუანსებია, ამგვარი გამართლება მოუძებნა ჩავლილ სიტუაციას:
_ აბა, რა ექნა, საკადრო პოლიტიკის გარეშე სასწავლებელი ვერ დაემსგავსებოდა ჭეშმარიტ ცოდნის კერას. შტატები ხელოვნურად იყო გაბერილი, ერთის ადგილას 8-10 ადამიანი იყო თავმოყრილიო.
_ კი, ბატონო, მესმის, სახელფასო განაკვეთის გაზრდის მიზნით დაგითხოვიათ ხალხი, ამის ნიადაგზე გაგიზრდიათ შემოსავლის წყაროები, მაგრამ აქ ფიზიკის ლაბორატორიამ რა დააშავა?! ათი თუ ემსახურებოდა, დაეტოვებინა ორი, სამი. რატომ აჩანაგებდა პირველ ეროვნულ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დარგებს?! რა დღეში ჩააგდო ქიმიის ფაკულტეტი?! რისთვის მოასარგალეთ უნივერსიტეტის თვალსაჩინი ორანჟერეა, სანერგეები?! რა შუაშია აქ საკადრო პოლიტიკა?!  _ ვერაფერი მიპასუხა.
ამ საკითხებს საღორიას ტყეში განთავსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მისვლის შემდეგ დავუბრუნდებით. მომხიბლა ივანიშვილების ოჯახის ძალისხმევით დაფუძნებულმა ულტრათანამედროვე უნივერსიტეტის მიზანდასახულობამ, რომ ჰუმანიტარული დარგების მხარდამხარ, თამამად დანერგილიყო საბუნისმეტყველო დარგები. მივუძღვნი კიდეც წამქეზებელი წერილი. თანაც შევპირდი, რომ უფრო ვრცელი, საჟურნალე მასალისთვის მივაკითხავდი გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ არ დამცალდა სტუმრობა. საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ დაიწყო სქართველოს უბადლო მეცენატის, ფაქტობრივად, საქართველოს ლობის ბატონ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ენით აღუწერელი კაკაფონია და რექტორი გია ხუბუაც ეგრევე გაცლოდა ქუთათურების საგანმანათლებლო სივრცეს.
_ ეს რა ჰქენით, ბატონო გიორგი-მეთქი. _ შევეხმიანე, _ ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა?! არ გერჩივნათ, ყოფილიყავით თქვენთვის, მანქურთულ შტუდგარტში, წყნარად, თვინიერად-მეთქი.
მოკლედ, ჩემი ემოციური განწყობა უნივერსიტეტების საპროგრამო ხელწერისადმი, ქვეყნის მომავლითაა ნაკარნახევი, რომელსაც ნაკლებად უგდებდა ყურს აქამდე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო ცხოვრება. ჩვენი ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი „მეთავისუფლეთა“ ლამის რუპორებად ჩამოაქანდაკდნენ: „არ იქნება სამართალი?! არ იქნება მშვიდობა!“ წარმოგიდგენიათ, ამ ჯეელებს თამამად შეეძლოთ მათთვის არასასურველი პროფესორი ლექციიდან გაეგდოთ, ცხვირწინ მიეხურათ კარი.
ჩვენ (ხალხმა) ხომ ყველაზე ბოლოს უნდა შევიტყოთ, რომ ჩვენს შვილებს სამეცნიერო დისციპლინების ნაცვლად თავში ათასი ჯურის ანტიკაცობრიულ იდეებს უტენიან; რომ სამშობლო ანაქრონიზმია; რომ ერთსქესიანთა თანაცხოვრება მომავალი ცივილიზაციის კაშკაშა მზეა, რომელიც ამჯერად დასავლეთიდან ამოდის, ასტრონომიული აღმოსავლეთის ნაცვლად.
ჩემი დისშვილი სეუ-ში სწავლობდა წლების წინათ, სტატუსი შეეჩერებინათ. მოვითხოვე საქმეში გარკვევა. სტუდენტის ნებართვა მომთხოვეს. გავცეცხლდი:
_ ოჯახქორებო, სწავლების ქირა როცა გინდათ, ლაქუცს იწყებთ ფინიასავით და როდესაც საკითხში ჩახედვა მჭირდება, რატომ გავიწყდებათ ეგ დრაკონული კანონები-მეთქი. 
მოზარდის განსწავლის პროცესი ჯაჭვის რგოლებივით უნდა იყოს ასხმული ერთ პროცესად _ ბაგა-ბაღი, დაწყებითი, დამამთავრებელი და უმაღლესი. 
აქედან ყველაზე მთავარი ბაგა-ბაღი და დაწყებითი კლასებია. 
ბავშვის გონებას განსაკუთრებულად ამ ასაკში მიღებული ცოდნა გაჰყვება სიცოცხლის ბოლომდე. ეს ჩინებულად იციან ფსიქოლოგებმა. ამიტომაც უბიძგებენ „მეთავისუფლენი“ მოზარდებს ბუჩქებისკენ, რათა ვერასდროს გამოვიდნენ სექსის ტყვეობიდან. დიახაც, ამ ასაკის ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ჩვენ ყველაზე ფასეული, რაც შეიძლება შეკუმშულად, მათი ასაკის შესაფერისად მომზადებული მეთოდოლოგიით: „ვეფხისტყაოსანი“, „ღვთაებრივი კომედია“, „ფაუსტი“, „მთვარის სონატა“, „მოსე“, პირამიდები; მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის. საზოგადოებათმცოდნეობის ძირითადი პრინციპები. 
ინდაურის ჭუკს ნიანგი თუ გაზრდის, მას ეს ხახამშვენიერი საკუთარი დედა ეგონება. იგივე დედა ეგონება ჭუკს ბეჰემოტი დაბჩენილი პირით და ასპიტიც შხამიანი ორი კბილით. ბავშვს მამათმავლები თუ გაზრდიან, დიახაც, ისინი ეგონება უმაღლესი ფასეულობის მატარებლები. ამიტომაც ვწერდი მე წინა წერილებში მეამბოხე თაობაზე სინანულით: „...და მებრალვის დაღდასმული თაობა“-მეთქი. ეს „მებრალვის“ მეფე დიმიტრი თავდადებულისგანაა ნასესხები. მას შაჰის კარზე იბარებდნენ ამბოხის გამო. შეეძლო გახიზნულიყო, მაგრამ, ამისთანა შემთხვევაში მის ქართველობას აცვამდნენ ზეზეურად ჯვარზე, და თქვა გადაჭრით: „მებრალვის ხალხიო“. სამშობლოს გადასარჩენად თავი გმირულად გასწირა. ხოლო „დაღდასმულები“ იმიტომაც არიან ეს ახალგაზრდები, რომ, როგორც კი ტატუ შეეხო მათ სხეულს, წვივებს, მკლავებს, ყელ-მშვენიერს; ნესტოებში, წარბებში, ლაშებზე მავთული გაჯირითდა, მორჩა საქმე, ეშმაკმა მიიტაცა უკლებლივ და, ბუნებრივია, ამისთანებისგან იოლია ანტიეროვნული პიროვნების გამოძერწვა. 
დაწყებითი კლასებიდან უნდა მოხდეს მოზარდების „ვეფხისტყაოსნის“ უმთავრესი ფასეულობებით აღჭურვა, ვიმეორებ, მათთვის შესაფერის ენაზე მოთარგმანებით. ხოლო დანარჩენი განსწავლის პროცესი არაფრით უნდა აღემატებოდეს ათწლედს, რადაგანაც ეს 12-წლიანი შტუდირება საგრძნობლად აფერხებს დემოგრაფიულ პროცესებს ჩვენში _ ბიოლოგიურად მომწიფებულ თაობის დაოჯახების პერსპექტივა ფერხდება. ამასთან, ახალგაზრდა თაობის მორფო-ფიზიოლოგიური დონე უნდა შევუთანასწოროთ ცხოვრების მოთხოვნებს, ანუ უნდა მოვახდინოთ მათი თანხვედრა დროსა და სივრცეში.
სასიამოვნოა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონ ირაკლი კობახიძემ და მისმა გუნდმა საჯარო სკოლებში სწავლების ხანგრძლივობა ერთი წლით რომ შეამცირეს. კარგია ეს, მაგრამ არა საკმარისი. ჩვენ ათწლედში უნდა მოვასწროთ ყმაწვილების განსწავლის საქმე არა მხოლოდ ფილოლოგიური დისციპლინებით, არამედ საბუნებისმეტყველო დარგების ძირითადი პრინციპების დაუფლებით. დროა საჯარო სკოლამ ორიენტაცია კოლეჯის მოდელისკენ აიღოს, რომლის კურსდამთავრებული ცხოვრებისთვის რამდენადმე მომზადებული პიროვნებაა, იგი უმაღლესი განათლების მიუღებლადაც შეძლებს, გაუმკლავდეს ცხოვრების გამოწვევებს. 
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, აქაც უნდა დავიცვათ სუბორდინაცია ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს შორის. სადღეისო გარდაქმნების განხორციელებას, ხომ ხედავთ, ლამის 13 წელიწადი დასჭირდა ისევ და ისევ უნიკალური ბიძინა ივანიშვილის და მისი ერთგული თორმეტიანელების ძალისხმევით. გარდაქმნაში ჩართული კონკრეტული პიროვნებების ხილვა სასიამოვნო იყო ჩემთვის. ურიგო არ იქნება მათი რეგალიების გასაჯაროებაც. მენიშნა შვიდივე მიმართულება. საქართველოს ცხოვრებაში პირველად ხდება საუნივერსიტეტო დიპლომატიის განფენა რეგიონებში ტოლძალოვან განათლების კერებად. ეს ყველაფერი, ცხადია, გამოიწვევს ახალგაზრდობის ავადმყოფური სწრაფვის დამუხრუჭებას უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებისკენ. თანაც აღმზრდელების შრომა ხუთჯერ უფრო თუ დაფასდება, სწავლების დონეც ერთიორად ამაღლდება. 
თავის დროზე იყო საუბარი ვაჟა-ფშაველას უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნაზე, რასაც ილია ჭავჭავაძემ მხარი არ დაუჭირა. შესაძლოა, „მთის არწივი“ ფრანტიც გამხდარიყო, ყელზე პეპელა ან ჰალსტუხი მოერგო, შლაპა დაეხურა, მაგრამ დაგვეკარგებოდა „გველისმჭამელი“, „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“.
დაგვიანებით, მაგრამ დაიწყო საუბრები 1 ლარად შეძენილი სასწავლებლების მავნებლური ტენდენციების გამოაშკარავებაზე. გაშიფრულია მათი დამფინანსებლები და იმ ფულადი რესურსებით სტუდენტების ამაღლებული სულისკვეთებით აღზრდის მაგივრად, საუკუნო შეჩვენება _ გახრწნა, ჯაშუშებად ჩამოყალიბება.
1990-იან წლებში 100-ზე მეტი უნივერსიტეტი ძირითადად, ფულის მომხვეჭელობის სინდრომით იყო შეპყრობილი. მართალია, ეს სასწავლებლებიც მძიმე ტვირთად აწვა საზოგადოების კისერს, მაგრამ სადღეისო ვითარება გაცილებით საგანგაშოა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ქართული მენტალობის საერთოდ იავარქმნის მცდელობასთან, ჩვენი 8000-წლიანი ბიოგრაფიის წაშლასთან.
ამიტომაც მოვითხოვდი და მოვითხოვ უმკაცრესად, პირველ რიგში, ამისთანა სასწავლებლებს უნდა შეუჩერდეთ აკრედიტაცია, ხოლო წლების განმავლობაში განუკითხავად მიტაცებულ მათი უძრავ-მოძრავი ქონება დაექვემდებაროს საქვეყნოდ აპრობირებულ ნაციონალიზაციას.
ამასთან, კატეგორიულად მოვითხოვ, ყველა სასწავლებელში, სახელმწიფოა იგი თუ „თავისუფალი“, განურჩევლად შემოღებულ იქნას სასწავლო პროცესის სრული გაკონტროლება ვიდეოთვალით. 
დღეს ყველაფერს ვიდეოთვალი განაგებს: ქუჩებს _ დაარღვევს მძღოლი მოძრაობის წესებს?! საღამოთი ჯარიმა მოაკითხავს და იხადე, ბედნიერო!
რატომ არ შეიძლება იგივე გამოცდილებით მივუდგეთ საგანმანათლებლო სისტემასაც?! რა, ადამიანის ტვინის, ნიჭის მოპარვა, ხელყოფა, მატერიალურ საქონელზე ნაკლებია?! ჩვენ არ მოვითხოვთ ამ პროცესის გასაჯაროებას, მაგრამ სათანადო უწყებებს თვალნათლივ ეცოდინებათ, რა პროგრამებით და რა მეთოდოლოგიით იზრდება ჩვენი ქვეყნის მომავალი; ვის გადავულოცავთ ჩვენი სათაყვანებელი სამშობლოს მამაპაპური ფასეულობებით მოდარაჯეობას, პატრიოტებს თუ შინაურ მტრებს, რომლებიც ბაცილასავით ფარულად ხრავენ ჩვენს ორგანიზმს?! თუკი რომელიმე „მეთავისუფლე“ ადამიანის უფლებების დარღვევაზე დაიწყებს ღავღავს, მე წასაკითხად შევთავაზებ მსგავს დემაგოგს ნიკოლო მაკიაველის „მთავარს“ და იქიდან უმთავრეს სენტენციას _ „მიზანი ამართლებს საშუალებას“. 
დიახ, სხვანაირად, ლოიალობით, რევერანსებით და ორ ცხენზე ჯდომით ჩვენს ერს რამდენიმე თაობაში ეთნო-ფსიქოლოგიური იავარქნა ელის. ელის მოღალატეების ხელში, მაგრამ ჭეშმარიტ მამულიშვილებსაც რა გამოულევს ჩვენს კურთხეულ ქვეყანას.

გური ოტობაია
მწერალი