ილჰამი და დონალდი

ილჰამი და დონალდი

ილჰამი დაიბნა, თეთრი სახლის ტალანებში ვეღარ გაიგო, საით უნდა წასულიყო, მარჯვნივ თუ მარცხნივ. გამცილებელმა კაცმა ხელით ანიშნა, ჯერ აქეთ, მერე იქითო. შეყოვნდა, რას ჰქვია, ჯერ აქეთ და მერე იქით, ეგებ პირდაპირ უნდა წავიდეს, ეგებ პირდაპირ არის დონალდის ვიწრო კაბინეტი? გამცილებელმა ისევ ანიშნა ხელით, იქითო. წავიდა ილჰამი იქით, გაუყვა ნაჩვენებ დერეფანს. როგორც იქნა, მიადგა დონალდის კარს, ჭარბპომადიანმა მდივან-მემანქანემ უთხრა, დამელოდეთო და სადღაც გაუჩინარდა. სამიოდ წუთში დაბრუნდა, თან ქაღალდების დასტა გამოეყოლებინა, მისტერ დონალდი ახლავე მიგიღებთო, უთხრა ილჰამს და სავარძელში ნაზად ჩაეშვა. ილჰამმა ღრმად ამოისუნთქა, ლამის ამოიხვნეშა, ბოლთის ცემაც დაიწყო, რატომღაც სკამი არ შესთავაზეს... 
გამცილებელი კაცი აღარსად ჩანდა, გაუჩინარებულიყო. ეტყობა, მას სტუმრების მიცილება მხოლოდ კარამდე ევალებოდა. ჭარბპომადიანმა მდივანმა ქალმა ილჰამს ცერად გადახედა, არც აინტერესებდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. პრინციპში, რატომ უნდა დაინტერესებულიყო? რა გავლენიანი კაცი ეგ ბრძანდებოდა, ბოლო-ბოლო, ვისი ტიკი და ტომარა უნდა ყოფილიყო? 
რა აზერბაიჯანი? რომელი აზერბაიჯანი? ეგ სად არი, აფრიკაში? ეგებ აზიაში? ეგებ რუსეთის ტრამალებშია სადმე ჩაკარგული? მდივან-მემანქანის მაგიდაზე ზარი დაირეკა, კედელზე წითელი შუქი აციმციმდა. 
- მიბრძანდით, მიმართა ჭარბპომადიანმა ქალმა ილჰამს და თან ცალყბად გაუღიმა. 
- მადლობა, - მიუგო ილჰამმა და მსოფლიო მბრძანებლის კაბინეტის კარი ფრთხილად შეაღო.
- ოოო... მობრძანდით, ილჰამ ჰეიდაროვიჩ, მოხარული ვარ თქვენი ხილვით, დიდი ხანია ამაზე ვოცნებობდი, - წამოხტა სავარძლიდან დონალდი.  
- თქვენი მონა ვარ, მსოფლიო მბრძანებელო, ამას წინებზე ერდოღან ბაბუმ გადმომცა თქვენი ქათინაური, უნდა გამოგიტყდეთ, ძალზედ მესიამოვნა, - მოიხარა წელში ილჰამი თავის დაკვრისა და ხელზე კოცნის მიზნით, მაგრამ დონალდმა ხელი უკან წაიღო ცივად. 
- მე მეგონა, პუტინის მონა იყავი და აქ ამიტომაც დაგიბარე, პუტინი კარგი ტიპია, ცოტა წაიხულიგნებს კიდევაც, მაგრამ მაინც ნუ ენდობი, სად გიმუხთლებს, არ იცი.
- მგონი თქვენ ჩემს გულში ზიხართ, მსოფლიო მბრძანებელო, ადრე ვენდობოდი, ერთმანეთს ძმობაც შევფიცეთ, მაგრამ არ გავიდა რამდენიმე თვე და სამგზავრო თვითმფრინავი ჩამომიგდო, ახლა აღარ ვენდობი, სუ თქვენ მხარეზე გადმოვედი.
- სწორედ ეგრე მომახსენა ამხანაგმა ერდოღანმა და მე ამ დროს შენით აღვფრთოვანდი. ისე, მაგ ქოფაკ რეჯეფსაც ნუ ენდობი, მართალია, ეგ ჩვენი ქოფაკია, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი, ეგ იმდენს იზამს, ყველა მეზობელს გადაგკიდებს.
- ფრთხილად ვარ, თქვენო უდიდებულესობავ, თქვენს გარდა მე აღარავის ვენდობი... ერთი რა მაგის პასუხია და როგორი ლამაზი კალმები გაქვთ, გაოგნებული ვარ, - გააპარა თვალი ილჰამმა კალმებისკენ.
- რა თქმა უნდა, ჩვენ ადრეც ლამაზი კალმები გვქონდა, ახლაც ლამაზებს ვუშვებთ და თანაც „შარიკების“ გარეშე. სხვათა შორის, ადრინდელებისგან ვერაფერი ხეირი ვერ ვნახეთ, ესენი კი უფრო კარგად მუშაობს. ჰო, ახლა მე მოვაწერ ხელს კრების ოქმზე და მერე შენ მოაწერე. ალბათ გაიგებდი, ჩვენ მალე გვექნება „უიქენდ-შეხვედრა“ რუსებთან, - გადაულაპარაკა დონალდმა და ჰეიდაროვიჩს დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაუჩოჩა.
- ვიცი, თქვენო უაღმატებულესობავ.
- ჰო, მაშინ მოაწერე ხელი და პასტაც დაიტოვე სამახსოვროდ.
- დიახ, დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს და ამ ცნობილ კალამსაც დავიტოვებ სამახსოვროდ, თქვენ სულ ცნობილი კალმები გაქვთ და მე ეს მსიამოვნებს.
- ჩვენ სულ ცნობილი კალმები გვაქვს... შენ რა ფერწერული ხელმოწერა გქონია?
- არა, თქვენი ხელმოწერა ყველაზე ლამაზი ხელმოწერაა მსოფლიოში, მთელი დუნია ამაზე ლაპარაკობს. 
- კიიი, ამბობენ, რომ ხელმოწერა ძაან ლამაზი მაქვს... შეამჩნიეთ? მე არ ვხმარობ შარიკიან კალამს, ბაიდენი ხმარობდა შარიკიან პასტას, ყველა დოკუმენტს შარიკიანით აწერდა ხელს და ეს იყო ძალიან სასაცილო.
- მართლა დავიტოვო ეს უშარიკო კალამი?
- რა თქმა უნდა, ეს ხომ ისტორიული კალამია.
ილჰამ ჰეიდაროვიჩმა კალამი ისე ჩაიცურა ჯიბეში, გეგონება მოიპარაო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, დონალდი უცებ მკლავში სწვდებოდა და კალამს წაართმევდა.
- მოკლედ, ჩემო ძვირფასო ჰეიდაროვიჩ, 33 წლიან გადაუჭრელ ამბავს დაესვა წერტილი, აწი ზანგეზური ჩვენია.
- ოოო, დიდო მბრძანებელო, ეგ მხოლოდ თქვენი ძალისხმევით მოხდა და ჩვენ ვამაყობთ ამით. 
- თქვენ დიდებული ერი ხართ, ჰეიდაროვიჩ, სანამ გავპრეზიდენტდებოდი, სუ მისხალ-მისხალ მახსოვს შენი განცხადებები და მხარდაჭერა. 
- თქვენ ბრწყინვალედ გაიმარკვეთ არჩევნებში და იმსახურებთ აღფრთოვენებას! - ფეხზე წამოდგა ილჰამი და ისევ დაჯდა, ამ ისტორიულ სიტყვებს მჯდომარედ ვერ იტყოდა. 
- მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
- დიახ, აღფრთოვანებას იწვევს ისიც, რომ თქვენ მშვიდობა მოიტანეთ აზიაშიც, აფრიკაშიც და კავკასიაშიც. ეს სრულიად წარმოუდგენელია, თქვენ მოახდინეთ საოცრება! - შეიჭრა როლში ილჰამი.
- მადლობა, მზეჭაბუკო! - შესძახა დონალდმა.
- რა მადლობა? მე ახლა გვერდით მიზის მსოფლიოს დიდებული ლიდერი!
- შენ თვითონ ხარ დიდებული ლიდერი!
- არა, როგორ გეკადრებათ!
- გაღმით შენ ხარ ლიდერი, გამოღმით კიდე მე! - არ დათმო დონალდმა.
- მაშინ ასე შევთანხმდეთ, თქვენ ხართ დიდებული ლიდერი, მე ვიქნები საშუალო ლიდერი.
- კარგი, იყოს ასე, უდიდესი და საშუალო... კარგი შედარებაა, მართლა ბრძენკაცა ჰყოფილხარ, როგორც რეჯეფ თაიფმა მითხრა. ისე, მაინც ვერ გავიგე, ეს ორი სახელი რა საჭიროა? ან რეჯეფი იყოს, ან თაიფი. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ახლა მე უნდა გაჩუქო ოქროს „მენდალი“, ატმი კურკიტოლა არ გეგონოს, ხელიგულიტოლაა.
- მადლობა, მსოფლიო მბრძანებელო, მაგრამ იცით, ერთი „მენდალი“ არ მეყოფა, მე ცხრა შვილიშვილი მყავს, - ჩაიღიმა ქვეშ-ქვეშ ილჰამმა.
- ავაჰმე, ეს როგორი ტალანტი მიზის აქა? - გაშტერდა დონალდი.
- არა, თუ არ გაქვთ მეტი „მენდლები“, კი არ გაძალებთ, - ისევ შეაპარა ქვეშ-ქვეშ ილჰამმა.
- მაიცა, კაცო, რას ჰქვია, არ მაქვს? გოგო, მარგოოოოო! - გასძახა დონალდმა მდივან-მემანქანეს.
კაბინეტში ჭარბპომადიანი ქალი შემოვიდა და კედელთან აიტუზა.
- არ გინდათ, მბრძანებელო, ნუ შეაწუხებთ, - ჩაილაპარაკა ილჰამმა.
- მარგო, შემოიტანე ვედროთი „მენდლები“, ყველას უნდა დავურიგო, ილჰამის მინისტრებსაც და მაგის შვილიშვილებსაც.
ჭარბპომადიანი მარგო სადღაც წავიდა, დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა, „მენდლებით“ სავსე ვედრო კართან დადგა და დონალდს მიაჩერდა.
- ჰეიდაროვიჩ, შენთვის კიდევ მაქვს მაგარი სიურპრიზი, - ჩაიხითხითა დონალდმა და მარჯვენა უჯრიდან საშუალო ზომის ყუთი ამოიღო, - ეს თეთრი სახლის გასაღებია... მართალია, მე არ ვიცი, თეთრი სახლი როგორ იღება, მაგრამ შენ მაინც გქონდეს, როცა პრეზიდენტი აღარ ვიქნები, მოდი ხოლმე, შემოიარე, წინ ვერავინ დაგიდგება, თუ გინდა, შვილიშვილებიც მოიყვანე.
ჰეიდაროვიჩი ადგა, ყუთი მაღლა ასწია, ოქროსფერი გასაღები გამოაჩინა. აღარ იცოდა, ამ დროს რა უნდა გაეკეთებინა, ხელები სად წაეღო, რანაირად გაეცინა, სიხარული და სიამაყე როგორ გამოეხატა, ასეთ ჟრუანტელს არასდროს დაუვლია მის ტანში. თუმცა, როგორ არა, იყო ამას წინათ რაღაც მსგავსი, როცა ყარაბახი დაიბრუნა და სომხებს იქიდან მოაცოცხინა. არა, არა, ის ჟრუანტელი ამ ჟრუნტელს ვერ შეედრება, ეს სულ სხვანაირია, რაღაცნაირი - თბილი, მჩქეფარე, სიამაყით გაჟღენთილი. აბა, ხუმრობა საქმე ხომ არ არის? თვით მსოფლიო მბრძანებელი აფასებს მას, „მენდლებს“ გადასცემს, თეთრი სახლის გასაღებს აძლევს, როცა გინდა, მოდიო, როცა გინდა - წადიო, შვილიშვილებიც მოიყვანეო, ცოლიცო, მეგობრებიცო, მეზობლებიცო. მოვა, აბა არ მოვა? აწი აღარ აქვს მნიშვნელობა, დონალდი აქ დახვდება თუ არა, შეჰყოფს გასაღებს კარის ჭუჭრუტანაში და შემოვა. განა ასეთი ნდობა ვინმეს მოუპოვებია? არც არავის, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ სმენია, რომელიმე პრეზიდენტს ვინმესთვის თათრი სახლის გასაღები გადაეცა. ახლა კი დროა, სახლში დაბრუნდეს, შეიძლება მასპინძელს თავი მოაბეზროს, ის ისეთი კაცია, უცებ გადაატრიალებს „პლასტინკას“, გასაღებსაც წაართმევს, „მენდლებსაც“... რა, ჭკუა დაუშლის, თანამდებობა თუ მოსკოვს შეეკითხება? დერეფანში გამოსულმა ილჰამმა ნიკოლ ფაშინიანი შენიშნა. ეგეც ვერ გავიგე, ნიკო ჰქვია თუ ნიკოლიო, გაიფიქრა და შეეცადა, „ნე ვიჟუ“ გაეკეთებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, ნიკოლმა ცალყბად გაუღიმა და გამცილებელთან ერთად დონალდის მოსაცდელში გაუჩინარდა. დონალდმა კი უთხრა, ხვალ ის სომეხი უნდა შეგახვედრო, ყველაზე ძალიან რომ გიყვარსო, მაგრამ იმ სომეხს აქ თუ გადაეყრებოდა, ვერ იფიქრებდა. ალბათ მასაც დააჯილდოებს „მენდლებით“, მასაც აჩუქებს თეთრი სახლის გასაღებს, გამოატანს უშარიკო კლამს. ილჰამი შეყოვნდა, მის გონებაში უცებ ყველაფერი გაუფასურდა - უშარიკო კალამიც, „მენდლებიც“ და თათრი სახლის გასაღებიც. რა აზრი აქვს, თუკი აქ ის სომეხიც ივლის, დერეფანში გადაეყრება და ცალყბად დაეჭყანება? არა, არა და არა, ამას ვერ შეეგუება. ილჰამმა გულჩათხრობილმა დატოვა თეთრი სახლი. რაც მეორე დღეს მოხდა, როგორი შეხვედრა მოუწყო დონალდმა და როგორ ჩაახუტა ერთმანეთს მტრები, ეს უკვე ყველამ ნახეთ ტელევიზორში. 

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა 
გელა ზედელაშვილმა