ლობიზმად მონათლული ამერიკული კორუფცია ღალატის თანხლებით

რა გინდათ, უძახეთ თქვენ სენატორ ჯო უილსონს ბებერი ქოფაკი, ვერ გაკეთდა შავი დედალივით? აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია - „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს. ხედავთ, როგორი დიდი კაცი გამხდარა ჩვენი პეტო? „დაჟე“ აშშ-ელებთან ხელშეკრულებებსაც კი აწერს ხელს. ისე, ხელშეკრულება, რომელსაც პეტო ცისკარიშვილი აწერს ხელს, ეგრევე დასახევია.
მოკლედ, 11 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რაც 6 თვის საქმიანობის ღირებულებაა. არ დაიჯერებთ, ხელშეკრულებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელიც შეცვლილი აქვს, იგი დაფიქსირებულია როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. მე არ ვიცი, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, შეიძლება, ეს რამე მორიგ მაქინაციასთან იყოს დაკავშირებული.
ახლა გავყვეთ თემას, რას წარმოადგენს ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“. მისი სათავო ოფისი მდებარეობს სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ კოლუმბიაში. როგორც ამბობენ, ის წლების განმავლობაში აქტიურად აფინანსებს ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორისაა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ჰოდა, გამარჯობა თქვენი, ბოლო წლების განმავლობაში უილსონისთვის ლობისტურ კომპანიას ჯამში 87 500 დოლარი აქვს შეწირული. ესე იგი, გამოდის, ეს „შავი დედალი“ ცალკე კეზერაშვილისგან იღებს თვეში 1000 დოლარს არაადეკვატური განცხადებების კეთებაში, ცალკე ლობისტური კომპანიიდან „ტეხავს“ კიდე დოლარებს. ადრე, ჩემი სიჭაბუკისას ეგეთ რაღაცებს ერქვა ქრთამი და ეგეთი რაღაცების მკეთებელს იჭერდნენ. ახლა არა, ახლა ეს ქრთამი აქციეს ლობიზმად და, შესაბამისად, არაკაცობაც გააოფიციალურეს. თურმე, 2024 წლის კონგრესის არჩევნებისთვის „ნელსონ მალინსმა“ უილსონს 10 000 დოლარი შესწირა. კომპანიის მიერ დაფინანსებულ კანდიდატებს შორის არის სამხრეთკაროლინელი სენატორი ლინდსი გრემიც, რომლის 2024 წლის კამპანიას 35 000 აშშ დოლარი შესწირა. თურმე, პოლიტიკური შემოწირულობები ხორციელდება არამხოლოდ აღნიშნული კომპანიის სახელით, არამედ მასში დასაქმებული პირების სახელითაც, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლობისტებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ გადახადილი თანხა კონგრესმენ ჯო უილსონის კამპანიას მოხმარდება, რის სანაცვლოდაც კონგრესმენი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს შესახებ და ხელს შეუწყობს „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესს.
აი, მივადექით კიდევაც ე.წ. „მეგობარი აქტის“ საქმეს, რომელიც აცანცარებულმა ჯო უილსონმა რამდენიმე თვის წინათ მტრული განწყობით დაწერა, მაგრამ სენატში ვეღარ გააქვს, სამი რესპუბლიკელი სენატორია წინააღმდეგი. ეს არ გახლავთ „მეგობრული აქტი“, ეს გახლავთ „მტრული აქტი“ და თუ გაინტერესებთ, მის სრულ დასახელებასაც მოგახსენებთ: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. გასაგებია? უილსონი „სპეკულიანტობს“, მის მიერ მტრულად დაწერილ საცოდაობას ჰქვია ანგარიშვალდებულებისა და გამძლეობის აქტი. გავუძლებთ, ბატონო, გავუძლებთ, მაგრამ მე უილსონზე უფრო „ვდარდობ“ - ვინც საქართველოს ავად გადაეკიდა, ზოგი მოკვდა, ზოგი პოლიტიკიდან საერთოდ გადაშენდა, ანუ გადააშენეს. ჰოდა, უილსონი ისედაც ასაკშია, ახლა ამ ფულისმოყვარეობამაც რომ დაარტყას და ფეხები გააფშეკინოს, რა გვეშველება, ვინღა „გვიმეგობრებს“?
ხუმრობა იქით იყოს... ლობისტურ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს კომპანია იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებთან და ასევე დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. გესმით? რომელიღაც „ჭყპყ“ კომპანია 360 ათას დოლარად „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეხმარება, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში. ხვდებით, რომ ეს კომპანია კი არა, ფულის საკეთებელი „ცეხია“? ჯერ ერთი, რატომ უნდა უზრუნველყოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება? ეს საკითხი მაგათ ეხებათ? მაგათი ვალდებულებაა? ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ხომ ისიც კი გაირკვა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაც კი აღარ არის? მეორეც - ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და არა რიგითმა ე.წ. ოპოზიციურმა ჯოგმა, ბუნებრივია, ასე იქნება საქართველოშიც. აშკარაა, უილსონთან დაახლოებულმა ე. წ. ლობისტურმა კომპანიამ ფული აიღო (რას გაუშვებდა ხელიდან?) და ხელშეკრულებაში ათასნაირი სისულელე ჩაწერა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხელშეკრულება არის 6-თვიანი და, ფაქტობრივად, ემთხვევა ადგილობრივ არჩევნებს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს. მაშ, რომელ არჩევნებზეა საუბარი ამ 6 თვის განმავლობაში? ახალ საპარლამენტო არჩევნებზე? ეს ჩვენთვის უკვე სასაცილოა, ხოლო „ნაცებისთვის“ და მათთან გათანაბრებული პირებისთვის - სატირალი.
ვნახოთ, რა სასჯელს ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა ამგვარი დანაშაულისთვის?
„307¹ მუხლი - სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
ამოცანა გვეკითხება: პეტო ცისკარიშვილის მიერ ხელმოწერილ ე. წ. ხელშეკრულებას ეხება თუ არა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი, ანუ ბრალდება? რა თქმა უნდა, ეხება კი არა, ვინც ამ ყველაფრის „შემოქმედია“, ყველა ვირის აბანოშია შესაგდები სასწრაფო წესით!
გელა ზედელაშვილი