განათლების სისტემა შოკური თერაპიის მეთოდებით არის გასაწმენდი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმა რომ წარმოგვიდგინა, საქმე ეხებოდა რამდენიმე მიმართულებას. ჩემი აზრით, ეს არის გრანდიოზული გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მთელი სისტემა უნდა გარდაიქმნას. შეგახსენებთ _ საჭიროა სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნა.
ავი ენები ამბობენ, რომ უნივერსიტეტებში „მოღვაწეობენ“ ისეთი პროფესორები, რომლებსაც ერთი სამეცნიერო სტატიაც კი არ გამოუქვეყნებიათ. აღარაფერს ვამბობ კვლევებსა და სახელმძღვანელოების გამოცემაზე. ასეთი „სახელოვანი“ პროფესორები სტუდენტებს რას ასწავლიან, ამას რუსთაველზე ვხედავთ, იქ ყველაზე პოპულარული „ნაშრომი“ გახლავთ „ოლე-ოლა“.
მესამე საკითხად სარეფორმო გეგმაში გამოტანილია საკადრო პოლიტიკის დახვეწა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვნად უნდა გადახალისდეს პროფესურა და ვინც სტანდარტს დააკმაყოფილებს, ხელფასი მოემატოს. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ხელფასი უნდა იყოს 10 ათასი ლარი. კარგია, ვერაფერს დავამატებ. ამ შემთხვევაში კონკურენციის დონეც გაიზრდება და სწავლების ხარისხიც გაუმჯობესდება.
შემდეგი საკითხი, ეს არის რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება. აქ იგულისხმება „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს თბილისის განტვირთვის გეგმა. რასაკვირველია, თვალშისცემია ის ფაქტი, რომ ყველა უნივერსიტეტი და ყველა ფაკულტეტი მხოლოდ დედაქალაქშია თავმოყრილი. ამ მხრივ თბილისს უნდა შეეხიდოს ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, თელავი და სხვა ქალაქებიც. კარგია, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი რეგიონის ქალაქში მიიღონ განათლება და იქვე განაგრძონ ცხოვრება.
შემდეგი საკითხი, უფრო სწორად, პრობლემა, რაც გვაწუხებს, ეს არის სუსტი კავშირი შრომის ბაზარსა და განათლების პრიორიტეტებს შორის. საქართველოში კარგახანია, აღარ არსებობს დაკვეთისა და მიწოდების პრინციპი განათლების სისტემაში. ყოველ წელს ჩვენ გვყავს 60 ათასამდე აბიტურიენტი, უმეტესობა ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში, ამთავრებს დაახლოებით 80%, შეიძლება ცოტა ნაკლებიც, მაგრამ მერე ჩნდება პრეტენზიები, რომ ქვეყანაში არ არის სამუშაო, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ასე შემდეგ. სინამდვილეში რა ხდება? ამჟამად საქართველოს სჭირდება უფრო მეტი ხელოსანი, ვიდრე იურისტი თუ ეკონომისტი. რეგიონებში ნორმალური მლესავი, შემდუღებელი და მშენებელი სანთლით საძებარია.
ალბათ, გაინტერესებთ, ვინ არიან უმაღლესი განათლების რეფორმის კომისიაში, ვინ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით? კომისიაში 15 წევრია და მას უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძე. კომისიის შემადგენლობაში არიან: კახა კალაძე, მარიამ ლაშხი, თიკა რუხაძე, გივი მიქანაძე, ლევან იზორია, მარიამ ქვრივიშვილი, ლაშა ხუციშვილი, კახაბერ გულედანი, პაატა სალია, მიხეილ სარჯველაძე, შალვა გოგოლაძე, სულხან თამაზაშვილი, გიორგი ჯინჭარაძე, ლევან ჟორჟოლიანი.
რეფორმას, რასაკვირველია, უკვე გამოეხმაურნენ ცნობილი აკაცუკები და დაგმეს კიდევაც. ზოგი ამბობს, რომ რეფორმა, სინამდვილეში, მხოლოდ შირმაა, რათა უმაღლესი სასწავლებლები დახურონ და შენობები გაყიდონ. თუმცა განათლების ყოფილმა მინისტრმა, კახა ლომაიამ, რომელმაც ლამის დაასამარა ქართული განათლების სისტემა, ასეთი „დიაგნოზი“ დასვა: „ქოცების“ მიზანი ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცისგან საქართველოს ჩამოშორებაა, მისი იზოლაცია და პროვინციალიზაციაა“.
ხედავთ? ლომაიას დროს საქართველო ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცისგან ჩამოშორებული არ იყო, პროვინციალიზაციას არ განიცდიდა. დიახ, თუ ჩვენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ გადავაგდებთ და ვინმე კარდენახიშვილის „დედა ენას“ დავნერგავთ, ეს ევროპიული მოვლენა იქნება. ფაქტობრივად ეს გააკეთეს ლომაიამ და მისმა შემდგომებმა, „დედა ენა“ მოისროლეს... ვფიქრობ, ცოტა დაგვაგვიანდა კიდეც, რეფორმა 2012 წელსვე უნდა დაწყებულიყო და ახლა, ფაქტობრივად, მომთავრებული იქნებოდა.
ისე, რა ინფორმაციაც ამ დღეებში გავრცელდა, ამაზე კახა ლომაია იტყვის: ხომ ვამბობდი, რომ „ქოცები“ პროვინციალიზაციას ახდენენო. საქართველოს მთავრობამ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ვიიიშ, ახლა ამაზე ატეხავენ ვაის, ვუის და უშველებელს, რას ჰქვია, საერთაშორისო ცენტრს აუქმებთ, ევროპეიზმი აღარ გინდათო? „ბოლონიის პროცესს“ მიერთებულნი აღარ უნდა ვიქნეთო? რაშია საქმე? აგერ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი“. განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
ეს ცენტრი დაარსდა 2014 წელს. მის დავთარში ვკითხულობთ: „დაარსების მთავარი მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას. ცენტრი საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, შეძენილი ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში მოახდინონ“.
ესე იგიო, ვისაც უცხოეთში სწავლა მოგდომებიათ, ჩვენ უნდა მოგვმართოთ და პრობლემა არ გექნებათო. ავი ენები ამბობენ, ეგ სტრუქტურა „ნაცების“ ბუდეა და ამიტომაც აუქმებენო. შიგნით რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, კი არ აუქმებენ, უშუალოდ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, მას დამოუკიდებლად ვეღარ მართავენ. ეგ კი არა, თუ სადმე კიდევ არის ასეთი დაფანტული სიპ-ები, უნდა მიხედონ, თუ საჭიროა, გააუქმონ კიდევაც.
კარგია, რაც დაიწყო და კეთდება, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, რა ხდება საჯარო სკოლების მიმართულებით? იქ ჯერ არ ვატარებთ რეფორმას თუ საერთოდ არ ვატარებთ? ბოლო რამდენიმე წელიწადმა და, მით უმეტეს, 4 ოქტომბრის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ „ნაცები“ და მათი მიმდევარი აკაცუკები სკოლებშიც კარგად არიან ჩაბუდებულები. რა უნდა პედაგოგს აქციაზე? რატომ უნდა იყოს მასწავლებელი „ნაცების“ პროპაგანდისტი? რატომ უნდა უნდოდეს პედაგოგს ხელისუფლების დამხობა? რა უნდა ასწავლოს ასეთმა პედაგოგმა ბავშვებს? - აი, შეკითხვების მთელი წყება, რომელიც დაგროვილია საზოგადოებაში და მათზე პასუხების გაცემაა საჭირო. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, უნივერსიტეტებსა და სკოლებში ერთდროულად რომ დაგვეწყო რეფორმა და ორივე საფეხური შოკური თერაპიის მეთოდებით გაგვეწმინდა. ვნახოთ, შეიძლება ასეც მოხდეს, დრო აღარ ითმენს.
გელა ზედელაშვილი

