განწირული ევროპის საახალწლო მილოცვის ჩვენ აღარ გვჯერა!
ყური მოვკარი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს, მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებსო.
ძალიან დავინტერესდი, ნეტავ, ფორმალურად და ისე, სიტყვის მასალად რას გვისურვებენ-მეთქი და ტექტსაც მივაგენი: „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს, როცა იმედი და ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა თითოეულ თქვენგანს მოუტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლის რწმენა – მომავლის, რომლის შენებასაც ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის“, – დაწერა ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში.
ამხელა თავმომწონე ორგანიზაცია, ქვეყანისთვის, რომელსაც ეძიძგილავება და აღარ იცის, საიდან მოუაროს, რომ რამე დაუშავოს, პირველი _ რას ირჯებოდა, ვის სჯერა მათი მოლოცვის და მეორე _ რაღა სოციალურ ქსელში და ორ სიტყვად, ბარემ ევროჩეჩმაში დაეწერათ ევროჰიგიენურ მასალაზე...
საქმე ის არის, რომ მშვენივრად იციან, უკვე რას წარმოადგენენ იმ საქართველოსთვის, რომელიც ნამდვილად საქართველოა და არა გამორჩენაზე გადაგებული სულგაყიდული წუპაკების ნაკრები. ამიტომ, ოფიციალურად არ გამოშტერავდნენ და მთლად ბოლომდე არ გაიბითურეს თავი, სადღაც, რომელიღაც რადიატორთან მიმჯდარმა ვიღაც რიგითმა ევროწვრილფეხამ დაწერა რაღაც ტექსტი და სიტყვა „გილოცავთ“, მოლოცვად ჩაითვალა ვიღაცებისთვის.
ამ ე. წ. მოლოცვის მოკლე ტექსტი სიტყვა-სიტყვით რომ გაარჩიო, ხელში არაფერი შეგრჩება. რა იმედი და ერთობა არის ნეტავ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? „იმედი“ გასაგებია, მაგრამ ვის ერთობაზეა საუბარი, მათი ფინიების? აბა, სრულიად საქართველოს ერთობა რა ფეხებად უნდათ, როცა სწორედ იმაზე იშლებიან ჭკუიდან, რომ, რასაც საქართველო ჰქვია, ერთ აზრზე ვართ _ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, ეროვნული ინტერესების ხელშეუხებლობა, ყველას დისტანცირება ჩვენი სუვერენიტეტისგან და სამშობლოს აღმშენებლობა.
მშვიდობაო _ მშვიდობა რომ არ გვქონდეს, მაგის გამო ირჯებიან და რომ ვერ აისრულეს გეგმები, მაგიტომ დაემართათ „ქართული ოცნების“ აუტანლობა, თორემ სხვა რა დაუშავა?
„საერთო ევროპული მომავლის რწმენაო“ _ ისეთი ევროპული მომავლის რწმენა ჩემს მტერს ჰქონდეს, დღეს რომ ევროპას აქვს! ევროპას დედა აღარ ჰყავს _ ეკონომიკური წინსვლა ნულზე აქვთ გაყინული, პოლიტიკურად კი, დაცინვასთან ერთად, დიდი ჟიმჟიმი აქვთ ჩაბღუჯული.
,,ბუნდესკანცლერო, სიტყვები აკურატულად შეარჩიეთ. ერთადერთი ადგილი, რომელსაც გერმანია იმსახურებს ამ მოლაპარაკებებზე _ განსასჯელის სკამია,” _ ამას რომ ასეთი ტონით ასე ღიად დაწერს მისის ლივიტი, სიღრმეებში რა იგულისხმება, ძნელი მისახვედრი არ არის, ხოლო რუსეთი რომ აპირებს გადახედოს ცივი ომის შემდგომ, 1990 წლის ხელშეკრულებას გერმანიის გაერთიანების შესახებ, მხოლოდ გერმნიისთვის ვერ იქნება უსიამოვნო ამბავი.
ხელშეკრულებაში არის ასეთი პუნქტი: გაერთიანებული გერმანია არასდროს არ იმოქმედებს რუსეთის ინტერესების საზიანოდ; არ ჩაებმება ომში და არ დაეხმარება არც ერთ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს აქვს ლეგიტიმური უფლება, გავიდეს ხელშეკრულებიდან.
გაუგებარია რამე? რამდენადაც გერმანიამ ეს ხელშეკრულება უკვე ღიად დაარღვია და აქამდე ევროკავშირის სახელით ფუთავდა უკრაინაში იარაღის და მოხალისეების, ინსტრუქტორების და ახლა პერსონალურად აცხადებს დახმარებას და „სამშვიდობო“ ჯარის შეყვანას რუსეთთან შეთანხმების გარეშე, რუსეთის დუმაში დადგა საკითხი ამ ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ!
შედეგი? ვიწრო ასპეტში _ გერმანია წერას ჰყავს აყვანილი! განვრცობილად _ ევროპა და მისგან გამომდინარე მსოფლიო _ ატომურ ომს!
კაია კალასს კოლეგამ პირისპირ რომ მიახალა, თქვენთან საუბარს, სჯობს წავიდე, ჩემს ზაზუნას ვესაუბრო კვანტურ ფიზიკაზეო, _ კიდევ არა უშავს, გვერდზე ედგა და ევროპელი იყო ის მამაკაციც, მაგრამ გაღმა, მართლა ცხრა მთას იქით, ჩინელი ჟურნალისტი ჩენ ვეიხუა რომ დაწერს კაია კალასზე: ,,ვერ დამიჯერებია, რომ ევროკავშირის მთავარი დიპლომატი უტვინოა. ლაპარაკობს როგორც უფროსკლასელი”-ო, როგორღა უნდა ამოიღოს ხმა საერთოდ, მაგრამ როცა შუბლის ძარღვს ამოიღებენ, აზრს კარგავს ყველანაირი დამუნათება.
ურსულა ფონ დერ ლაიენზე აღარც ღირს რამის თქმა _ ერთმანეთის მიყოლებით ლანძღავენ და ტუქსავენ კოლეგები ევროკავშირიდან, მაგრამ მაინც მოღიმარი სახით უტიფრად შესცქერის თითოეულ მლანძღველს, „უნამუსოს აფურთხებდნენ და როგორი ჟუჟუნა წვიმა მოდისო“, იმისი არ იყოს... ევა ზაიაცკოვსკა ურსულა ფონ დერ ლაიენს: „რასაც თქვენ აკეთებთ, იმის გამო ციხეში უნდა მიდიოდეთ და არა ევროკომისიაში იყოთ!“
აი, ამ ევროკავშირში რა ჯანდაბა გვინდა ან მათ ორაზროვან მოლოცვას რა ფასი აქვს? მოკვდა ევროპა, მოკვდა!
და სულაც, ვისაც ევროპის დათვალიერება უნდოდა, ისედაც ათვალიერებდა და დაათვალიერებს, ხოლო თუ ევროპელების ნახვა მოგვინდება, გავისეირნოთ პაკისტანში, სირიაში, ირანში და ა. შ. აზიის ქვეყნებში და წინსწრებით გავიცნოთ მომავალი ევროპელები, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენკენ მომავლები არ იქნებიან. ანდა, დაველოდოთ, როდესაც ჩვენც ბოლომდე გავატარებთ მიგრაციულ პოლიტიკას და ავიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენზე მეტ მიგრანტს მივიღებთ, თან ქალაქის მერიც ვინმე პაკისტანელი გვეყოლება, მაშინ საქართველოშივე გვექნება ევროპა...
მოლოცვის ფინალი იყო გადასარევად ძვირფასი _ „ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე, როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის!“
ტაში, მეგობრებო, ტაში!
ვის სჯერა და ვისი სჯერა, ნეტავ, იმის ეშმაკი გამხადა!
საქართველოსი რომ სათავისოდ აღარაფრის სჯერათ, იმიტომ მოგვეკიდნენ დაუძინებელ მტრად და რომელი საქართველოსი სჯერათ, რუსთაველზე ორმოცდაათი უსაქმური დღემდე რომ დაბლაყუნობს, ახალი წლის შემოსვლასაც ბლაყუნით შეხვდნენ და თუ უბრძანებე,ნ მეორედ მოსვლამდე იბლაყუნებენ?
ახლა აქედან შევხედოთ _ რომელ ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის, იმ ორმოცდაათ მობლაყუნეს თუ მათ, ვინც ჯერჯერობით 2028 წლამდე დაემშვიდობა იმ ლიბერალურ ევროკავშირს, რომელიც ჩვეულებრივი ტ(რ)აკიმასხარა აღმოჩნდა?
ასე რომ, ძველით ახალი წლისთვის ამობეჭდონ მოლოცვის ტექსტი ქაღალდზე, დაახვიონ და ევროკავშირის ღია კარის გასაღების ჭუჭრუტანაში შეიტენონ!
ზურა ოშხერელი

