მაზალო (ლ)ომები
24 ივნისს ისრაელმა და ირანმა დონალდ ტრამპს ლამის ინფარქტი დამართეს. დილის 05 საათზე კაცმა გამოაცხადა, მორჩა კინო, მოკვდა კაცი, ომი დამთავრდა, დაიშალეთ, წადით სახლებშიო და ზავის დადებიდან 3 საათში ისრაელმა ისევ დასცხო ირანს. ირანმა კიდე, თუ ეგრეა და შეთანხმებას არ იცავ, მეც ფეხებზე მკიდიაო და ეგრევე გაუშვა ბალისტიკური რაკეტები. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, ბალღები რომ თამაშობენ ქვიშაში და უფროსი წამოჰყრით ხელ-პირის დასაბანად.
ბალღებმა თითო-ოროლა ბომბი კიდევ გაისროლეს და გაჩერდნენ. თუმცა „უფროსი“ (ტრამპი) მაინც უკმაყოფილო დარჩა, ეს შობელძაღლები იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, არც კი იციან, რა ჯანდაბას აკეთებენო. მე ისრაელით უკმაყოფილო ვარ და არც ირანით ვარ კმაყოფილიო. ბოლო-ბოლო, როგორც იქნა, ერთმანეთზე წაკიდებულები დაოკდნენ და მსოფლიოს თვალში ისეთი სურათი დაიხატა, თითქოს „უფროსი“ არაფერ შუაში იყო, თითქოს „უფროსმა“ არაფერი იცოდა, თითქოს ისრაელი „უფროსმა“ არ წააქეზა და ხელიც არ წააშველა. ხომ გახსოვთ, როგორი კმაყოფილი იყო ტრამპი იმ ღამეს, როცა ისრაელმა ირანი დაბომბა და ლამის მთელი გენერალიტეტი გაანადგურა? მორჩაო, ჩვენ გავიმარჯვეთო, ირანს თავი წავაგლიჯეთო. იმ ღამესაც ძაან კმაყოფილი ჩანდა, როცა თვითონვე ირანის მიწისქვეშა ბირთვულ საცავებს დაარტყა და თითქოს ყველაფერი გაუნადგურა, მაგრამ მოგვიანებით, თუ არ ვცდები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თქვა, გამდიდრებულ ურანს ისევ ირანი აკონტროლებსო. იცით, როგორი შთაბეჭდილება იქმნება? კი აშველებს „უფროსი“ ბალღებს, მაგრამ ბოლომდე თვითონაც ვერ ერკვევა, რა ხდება და რაშია საქმე.
ომი ამ ეტაპზე თითქოს დამთავრდა, მაგრამ ბალღები მაინც ცელქობენ - იქით აიათოლა ალი ჰამენეი ულოცავს ირანელ ხალხს აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას, თურმე ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა, აქეთ ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრიპაჩობს, ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება, ყველაფერი გავუნადგურეთ, გავიმარჯვეთო. ამ დროს არავინ იცის, ირანს ბირთვული იარაღი საერთოდ აქვს თუ არა, ჯერ კიდევ 30 წლის წინათ აცხადებდნენ, ირანს ბირთვული იარაღი ამ დღეებში ექნებაო. 15 წლის წინათაც ასევე აცხადებდნენ, 10 წლის წინათაც, 5 წლის წინათაც, ერთი წლის წინათაც და ახლაც იმავეს ამბობენ. ის დღეები კი აღარ დადგა, როცა ირანს ბირთვული იარაღი ექნება.
გააშველა თუ არა ტრამპმა ბალღები, ხელი ჩაიქნია და გვითხრა: „მივემგზავრები ნატო-ს სამიტზე, სადაც, უარეს შემთხვევაში, გაცილებით მშვიდი პერიოდი მექნება, ვიდრე ის, რაც ახლახან გამოვიარე ისრაელთან და ირანთან დაკავშირებით“.
დაღალეს კაცი, გამოაცალეს არაქათი, სულაც არ ითვალისწინებენ, რომ ის ასაკშია და შეიძლება რომელიმე ორგანომ უმტყუნოს. აქეთ პუტინია კიდევ ატეხილი და იქით ევროპელების წაქეზებული ზელენსკი არ ისვენებს სამგლე გოჭივით. ამას რომ ეგონა, 24 საათში გავაშველებ და დავაშოშმინებო, ახლა უარესს შვრებიან.
ისე, ადოლფ ჰიტლერისთვის რომ ეთქვა ვინმეს, დაახლოებით 80 წლის მერე უკრაინელები და რუსები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცლოდ გადაეკიდებიან, რუსეთი უკრაინის ქალაქებს მიწასთან გაასწორებსო, ალბათ, მაგის მთქმელს ჩამოახრჩობდა, რას მეღადავებიო. პრინციპში, ადოლფი, ალბათ, არც იმას დაიჯერებდა, რომ გერმანიაში მუსლიმანური სამყარო გაბატონდებოდა და კანცლერის თანამდებობას ქალი დაიკავებდა, მაგრამ ხომ მოხდა ასე? რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
სხვათა შორის, არანაკლები მაზალოა რუსეთ-უკრაინის ომი. იცოდე რუსეთის ისტორია, მით უფრო უკრაინის ისტორია და იწყებდე ომს, ეს ძალიან დიდი სიბრიყვეა. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ ზელენსკიმ საერთოდ არ იცის არაფერი, არც ისტორია, არც პოლიტეკონომია, არც სოციოლოგია და არც რუკაზე დაუხედავს როდისმე. გაწყვიტა უკრაინელი ხალხი, გაანადგურა უმდიდრესი ქვეყანა და მაინც არ ჩერდება. ნეტავ, რატომ არ მიკვირს უკრაინელების აბდლობა? იმიტომ არ მიკვირს, რომ მე ორი წელიწადი ვიმსახურე უკრაინელებთან ერთად წყნარი ოკეანის ფლოტში და ყოველთვის მაოცებდა მათი დამოკიდებულება თუ მიდგომები მოვლენების მიმართ. ამაზე მომავალში დავწერ, ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არ იყვნენ ადეკვატურები. მაშინ ჩვენ ყველას გვეგონა, რომ რუსი და უკრაინელი ერთი „ნაცია“ იყო... არა, რაღაც სხვაობა არსებობდა, მაგრამ მაინც ერთ ერად მიგვაჩნდა და წარმოგიდგენიათ, სად ჩაავლეს „ნიჭიერმა“ ამერიკელებმა და მათი რა სისუსტე გამოიყენეს? ამაზე დაწვრილებით შემდეგ მოგიყვებით.
გელა ზედელაშვილი
