ალიკოს ეძებენ

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთმა ალიკო ელისაშვილზე ძებნა გამოაცხადაო, თუ დაიჭირეს, ბასტაო. რატომ, რა უნდათ ალიკოსგან რუსებს? ალბათ, გახსოვთ, უკრაინაში როგორც კი ომი დაიწყო, ეგრევე ფრონტზე გავარდა, რუსები მიჟუჟ-მოჟუჟა და დაბრუნდა. აკი თქვა კიდევაც ერთ-ერთ გადაცემაში, მარტო იმას ვნანობ, რომ ბევრი რუსი არ/ვერ მოვკალიო. დარჩენილიყო ალეკო უკრაინაში და ეხოცა რუსები, უშლიდა ვინმე, პუტინის გარდა? ისე, მაშინ ელისაშვილი პარლამენტის წევრი იყო და პროტოკოლის თანახმად, არ ჰქონდა დაუკითხავად სხვის ომში წასვლის უფლება, ეგ რომ რუსებს ტყვედ აეყვანათ, ხომ დავიღუპებოდით? ხომ დასვამდნენ ელექტროსკამზე და დააფქვევინებდნენ უამრავ საიდუმლო ინფორმაციას ჩვენს ჯარზე, საიდუმლო სამსახურებსა და მიწისქვეშა ორგანიზაციებზე? არ შეიძლება, ძმაო, არ შეიძლება, ეგეთი ინფორმირებული დეპუტატი სხვის ომში იბრძოდეს და, მით უმეტეს, ხალხსა ჟლეტამდეს. არა, ალიკოს გამტეხი კაცი ჯერ არც რუსეთში დაბადებულა და არც მანჯურიაში, მაგრამ რა იცი, რა ხდება? დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონეზეა მისული, შეიძლება საიდუმლო ინფორმაცია უნებლიედ გამოგძალონ, შენ რომ ვერ გაიგებ, ისე და იმნაირად.
ვხუმრობ, ხალხო, უკრაინაში „ფირალად“ გავარდნილ ალიკოს რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რუსებს რომ გამოადგებოდა და რუსებს არ ექნებოდათ? დღევანდელი ტექნოლოგიების წყალობით იგივე რუსებს, იგივე ამერიკელებს, იგივე ჩინელებს და სხვებსაც თავისუფლად შეუძლიათ, კოსმოსიდან დაინახონ, სახლში „საერთო გაზეთს“ კითხულობთ თუ „ასავალ-დასავალს“. ამ პირობებში ვის აინტერესებს, ალიკო რა ინფორმაციას ფლობს მამუკა ხაზარაძის მილიონების შესახებ? თუმცა, მეც ვამბობ რაღა, ალიკომ რა უნდა იცოდეს ხაზარაძის მილიონების შესახებ? რასაც გადაუგდებს, ეგ არი, შეიძლება, ეგეც ვერ დაითვალოს ხეირიანად.
სხვათა შორის, ზოგიერთმა „ჭკვიანმა“ ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსებმა ალიკოს ძაან მაგარი რეკლამა გაუკეთეს, როცა მისი ძებნის თაობაზე განცხადება გაავრცელეს. ესე იგი, რუსები საარჩევნოდ ალიკოს წაეხმარნენ, მარკა აუწიეს, საქართველოს მოსახლეობას აჩვენეს, ნახეთ, როგორ გმირთან გაქვთ საქმე, კაცი, ფაქტობრივად, დისიდენტიაო. ამას ვინ ჭამს? პრინციპში, „ნაცები“ და მათთან გათანაბრებული დუპლეტები ჭამენ, მაგრამ ეგენი ალიკოს ამ ეტაპზე ცერად უყურებენ, მაგათ არ უნდათ, რომ „გმირი“ არჩევნებში მონაწილეობდეს. ეგ კი არა, როცა მისი თანაპარტიელი გრიგოლ გეგელია რუსთაველზე გამოჩნდა, „ნაცპრაშმანდოვკებმა“ დედიკო აგინეს. მეორე დღეს კი გამოვიდა გეგელია და ისაო, ეგ არაფერი, მაგაზე უარესიც ამიტანია, როცა სამშობლო განსაცდელშია, კიდევაც ავიტანო, მაგრამ ეგ თავის მოტყუებას უფრო ჰგავდა. მოკლედ, ალიკოს რუსული ფანდი არ გავიდა, რადგან რუსებმა ძებნა ყველაზე გამოაცხადეს, ვინც კი უკრაინაში ჩავიდა და „იპაკაზუხა“, აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც მართლა იბრძოლა. ვნახოთ, დაველოდოთ, მოახლოვდება არჩევნები და ჩვენ კიდევ ვნახავთ ალიკოს ყირამალა სიარულს. ალბათ, გახსოვთ, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს როგორ დადიოდა ყურებით, ხომ? ეგ არი, პოლიტიკა ოხერია, ხან ყურებით გატარებს, ხან - დაგრეხილი ფეხებით.
გელა ზედელაშვილი