„მამაცი ტახი“
ჰა, რა ქნეს, 16-26 ივნისს, ლიეტუვამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა ჩაატარეს ერთობლივი სწავლება სუვალკის კორიდორში, სახელწოდებით „მამაცი ტახი-2026“, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო 10 000 სამხედრო მოსამსახურეს?
სუვალკის კორიდორი დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძის სტრატეგიული ტერიტორიაა პოლონეთსა და ლიეტუვას შორის. პირდაპირი გაჭრით 65 კმ-ია, ხოლო პოლონეთი-ლიეტუვას საზღვრის გასწვრივ 104 კმ. ის აკავშირებს ტერიტორიას ბელორუსიით რუსეთს კალინინგრადის ოლქთან.
ამ რეგიონის უსაფრთხოებას ნატო და პოლონეთ-ლიეტუვა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. საქმე ის არის, რომ თუ რუსეთმა და ბელარუსმა ამ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება შეძლეს, ისინი ფიზიკურად გადაკვეთენ სახმელეთო გზას, რითაც ბალტიის ქვეყნებს (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) დანარჩენი ევროპიდან მოწყვეტენ. ამ გეოგრაფიული თავისებურების გამო, მას ხშირად ნატო-ს „აქილევსის ქუსლადაც“ მოიხსენიებენ.
ბოლო დროს რამსებარეული ევროპა რას აკეთებს, თვითონაც ვეღარ იგნებს გზას მის მიერვე შექმნილ ლაბირინთში. ამდენად, რაღა ახლა დაგეგმა აღნიშნული ერთობლივი წვრთნები, ამას მკითხავი ვარდოც ვერ მიხვდება _ რუსეთს ცეცხლზე ნავთს უსხამს, თუ კატასავით ზურგზე არ ეცემა, მე ძლიერი ვარ და ვპატრონობ ამ „პატარებსო“?
ზოგადად კი, როგორც ჩანს, არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ რუსები ხმელეთით დაუკავშირდებიან კალინინგრადს და ბალტიისპირეთს ჩამოაშორებენ დანარჩენ ევროპას _ ყოველ შემთხვევაში, ევროპულ სიზმრებში ასეა.
დანიის თავდაცვის მინისტრმა იეპე ბრუსმა განაცხადა, რომ დანია შემოდგომაზე ლატვიაში გააგზავნის 850 ჯარისკაცისგან შემდგარ საბრძოლო ბატალიონს NAთO-ს მისიის ფარგლებში, რომელიც რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად. დიპლოიმენტი განხორციელდება შვედეთთან კოორდინაციით და ორივე ქვეყანა ბალტიის რეგიონში საბრძოლო ძალებს მონაცვლეობით განათავსებს. ეტყობა, შვედებმა სიზმარში ნარვასთან ბრძოლა ნახეს...
სრულებით არ მაინტერესებს, მამაც ტახს მგელი შეჭამს თუ მგლისფერი ძაღლი, უბრალოდ, რუკას დავხედე და შევიცხადე, საფრანგეთს რაღა უნდა-მეთქი და ერთი ძველი, ამ სიტუაციისთვის შესაფერისი ანეკდოტი გამახსენდა.
პატარა მიხო მივიდა სახლში და მამას უთხრა, დირექტორი სკოლაში გიბარებსო. რა დააშავე, შე მამაძაღლოო? ქართულში, მათემატიკაში და ისტორიაში ორიანები მივიღე და დამრიგებელმა სკოლის დირექტორთან შემიყვანა, სამი ორიანი მიიღო მიყოლებით, სულ ასე არცხვენს სკოლას და სკოლიდან გარიცხეთო. ამ დროს ინგლისურის მასწავლებელმა შემოაღო კარი და რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, იმანაც დაუმატა, ნამდვილად გასარიცხიაო. იმას რაღა ჩემი @@@ უნდოდაო, _ აღშფოთდა მამა. მეც ეგ ვიკითხე და მაგიტომაც გიბარებენო.
ჰოდა, პატარა მიხოსა და მამისისა არ იყოს, ახლა მე მაქვს შეკითხვა: იმ საფრანგეთს რაღა უნდა იმ ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩამონათვალში?
ამასწინათ სერგეი ლავროვმა თქვა მერცზე, არ ასვენებს ფაშისტური გენეტიკაო და, ერთგვარად გაოცებულმა დაასკვნა, მაკრონმა და მერცმა სრულიად დაკარგეს საღი აზრი და ღიად ცდილობენ იმ დროის დაბრუნებას, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას მთელი ევროპის, პირველ რიგში, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დაპყრობა სურდათო.
ეტყობა, ამ მაკრონს კიდე, უსაქმურობისგან ბოროდინოში ექავება, ხოლო ყველას ერთად კი, არ ასვენებთ კარლ XII-ის, ფრიდრიხ II-ის, ნაპოლეონისა და ჰიტლერის აჩრდილები...
17 ივნისს რომ დავინტერესდი, ნეტავ, დაიწყო თუ არა „მამაცი ტახი“-მეთქი, კომპმა მიპასუხა (უცვლელად): „დიახ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სუვალკის დერეფანთან ახლოს საერთაშორისო სამხედრო წვრთნები Galland Boar 2026 ნამდვილად ჩაატარეს.
თარიღები: მანევრები 16–26 ივნისს გაიმართა.
მიზანი: წვრთნების მთავარი ამოცანა მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაცია, ერთობლივი ოპერაციების დახვეწა და ამ გეოგრაფიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიის სწრაფი და ეფექტური დაცვის უნარების ამაღლება იყო.“
თვალები თავისით აღმეპყრო ზეციურ უსასრულობაში უმიზნოდ და შეშინებულმა კომპისავე კალენდარს დავხედე, დღეს რა რიცხვია ნეტავ-მეთქი _ წესით, სულ ნაკლები, 27 ივნისი მაინც უნდა ყოფილიყო რომ ამგვარი ინფორმაცია მიმეღო. კალენდარზე კი 17 ივნისი იდგა ჯიუტად!
თავი დავიარხეინე, მაინც ცალ ფეხზეც არ მკიდია, „მამაცი ტახი“ ჩატარდა თუ არ ჩატარდა, მერე რა, თუ ათი დღით ადრე ვიცი, რომ უკვე ჩატარდა-მეთქი და თვალი მოვკარი მელნისფერ მითითებას: „ამ სამხედრო მანევრების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მთავარი Facebook გვერდი“ ინტერესით ვეკვეთე აღნიშნულ გვერდს და, რა ფოტოც გაახლეთ, ეს დამხვდა.
თვალები ნელ-ნელა დამილაგდა და გავლაღდი _ ეს იგივე ვარიანტია, მე რომ მაქვს!
1992 წელს გამზრდელი ბებია მუხათგვერდში დავკრძალე. მას შემდეგ, რაც სასაფლაოს გზები მოაწესრიგეს, ხან ფეხით, ხან მანქანით, ვეძებე და ვეღარ ვიპოვე საფლავი. ვიღაცამ მასწავლა, სასაფლაოს დირექტორთან დარეკე და დაგაკვალიანებსო _ ის კიდე შედევრი აღმოჩნდა!
დავურეკე, ჩემს საფლავს ვეღარ ვპოულობ და დახმარება თუ შეგიძლიათ-მეთქი? ცოცხალი ხართო? რა ვიცი, ეგრე გამოდის-მეთქი. უკაცრავად, სხვა რაღაც უნდა მეკითხაო, _ კი დაამატა უცბადვე, მაგრამ მე ვეღარ ვსულიერდებოდი, რომ რამე მეთქვა.
მოკლედ, მივედი, ნაყლაპში მყოფი მესაფლავე ალბერტა გამაყოლა და დავიწყეთ ბებიაჩემის საფლავის მოკვლევა. ალბერტამ დასაფლავების წელი მკითხა და სქესი. მე „სექსი“ გავიგე და, მეთქი, რა სექსი, ას წელს იყო მიტანებული-მეთქი!
კაცო, ქორწილი არა გქონიაო? როგორც იქ სხედან ნეფე-პატარძალი, ისე წვანან საფლავშიც და შორიდან უცბად რო დავინახოო. აი, ცოდნა სიკვდილამდე რა არის _ მე თვითონ ცალ ფეხზე ცხვარი რომ მაბია, ახლა გავიგე, რომელ მხარეს ჩამრგავენ, მაგრამ ის მაინც არ ვიცი, ქორწილში ნეფე-პატარძალი როგორ სხედან. რა ვიცი, სადაც დამსვეს მეც იქ ვიჯექი. სამამდე თვლა კი ვიცი, მაგრამ რატომ უნდა მახსოვდეს, რომელი მხრიდან და როდის ვინ მეჯდა ...
ჰოდა, გამქაფა იმ ალბერტამ. მე კიდე, რომ ვფიქრობდი, რა გულითადი კაცია და, აფსუს, ელამია-მეთქი, თურმე თვალი ჩემი ცელოფნისკენ გაურბოდა, სადაც არყის ბოთლის სილუეტი იკვეთებოდა და რომ მაპოვნინა საფლავი, წყალი მომთხოვა ცელოფანზე მინიშნებით. წყალი არ არის, არაყია-მეთქი. წავაო და პირველივე ყლუპზე გაუსწორდა ელამი თვალი. ალბერტ, ბარემ სურათიც გადამიღე საკუთარ საფლავზე, შიგ რომ ვიწვები, არ გამოვჩნდები-მეთქი და, კი, ჯიგაროჯან, შენ პოზები გააკეთეო. გავაკეთე.
ჰოდა, ზემოთხსენებული ინფორმაცია და ჩემი ამბავია ერთნაირია. ჩატარდა თუ არ ჩატარდა ის წვრთნები, მე უკვე 17 ივნისს ვიცი, რომ ჩატარდა და 26 ივნისს დამთავრდა კიდეც, ხოლო ცოცხალი ვარ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან წინსწრებით მე უკვე ვიცი, რომ ბებიაჩემის გვერდზე ნეტარად განვისვენებ, მტკიცებულებად მეც ფოტო მაქვს _ მოსაპირკეთებელია საფლავი, მაშასადამე, ახალი გარდაცვლილი ვარ!
მთლიანობაში _ აღარ დავინტერესებულვარ, ჩატარდა თუ არა „მამაცი ტახი“, მაგრამ „მამაცი ტახი“ რა სახელწოდებაა, რა დიადი აზრი დევს მასში, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების რა საერთო დამახასიათებელია ტახში, ნეტავ?
ტახი არა, კვახი!
რას არ მოიგონებემ!
ტახიც (გარეული მამალი ღორი) და ქუბიც (გარეული დედალი ღორი) მხოლოდ ღორია ყველა კონტინენტზე და სხვა არაფერი!
ახლა, ამათ როგორ გამოიყვანეს, იცით? მსუქან მამაკაცთან მერკანტილური მიზნებით ფრიად დაახლოებული ქალისთვის ის რომ „მისი გოჭუნაა“, სხვა შემთხვევაში კი - „ბინძური ღორი“.
რატომ ავიტეხე „მამაცი ტახი“?
რატომ და, რაც მახსოვს, საქართველოში დაგეგმილი, ნატო-სა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების სახელწოდებები, ძირითადად, ინგლისური სახელების თარგმანს ეფუძნება. ჩემთვის ცნობილი და ტრადიციული ნატო-საქართველოს წვრთნები ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება:
ღირსეული პარტნიორი
მტკიცე სული
მცველი
კავკასიის არწივი და, ამ ფონზე ლიეტუვა-პოლონეთი-საფრანგეთის სამხედრო წვრთნების სახელწოდება - „მამაცი გარეული მამალი ღორი“ შეკითხვას რომ არ გაგიჩენს იმ წვრთნებში მონაწილეს, აქ მე ხომ გამიჩნდება შეკითხვა?
ტახის დანიშნულება მაყალზე აშიშხინებაა, ჰოდა, სახორცედ სასწორზე აგდებენ ამ წვრთნებით იმ გარეულ ღორთა გაერთიანებას?
P.S. ბოლო-ბოლო, გარეულ მამაც ღორთა წვრთნები ჩატარდა თუ არა, მაინც ვერ გავიგე, მაგრამ აღარც თავი გამოვიდე ამ ამბის გასაგებად _ რა ჩემი საქმეა...
ზურა ოშხერელი
