სახალისო ფიქრები საუკუნოვან ტახტზე

სახალისო ფიქრები საუკუნოვან ტახტზე

ბებიაჩემის, თავად გიგო მხეიძის ასულის ნამზვითი ტახტი მაქვს ისეთი, გინდ ზემოდან დაწვე, გინდ შიგ ჩაწვე, მაინც გემრიელად დაიძინებ. ტახტია იმგვარი, რომ დაჯდები, თითქოს ფიცარზე ზიხარ და, რომ წვები, გგონია, გედის ბუმბულის ლეიბზე მივსვენდი.
ნამზითვ ტახტზე ნამზითვი მუთაქები ეწყო, ქვეშ კი ძვირფასი ნამზვითი ფოჩებიანი ხალიჩა იყო გაფენილი, სპარსული, რომელიც ჯერ კიდევ 1978 წელს შევიწირე. რა ჯანდაბად მინდოდა მჟავა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ გამიტაცა – ქიმიის ლაბორატორიული ცდები მხიბლავდა. სკოლიდან მჟავა მოვიპარე სინჯარით, წამოვიღე სახლში და ვინმეს რომ არ ენახა, ტახტზე, მუთაქის ქვეშ ამოვდე და დამავიწყდა. ერთ დილას ბებიაჩემის შეცხადება გავიგონე, რაღაცას შეუჭამია ხალიჩაო. გამახსენდა ჩემი სინჯარა, შევვარდი და რას ვხედავ – ხალიჩის მთელი შუაგული გამქრალია უკვალოდ. მაშინ ჩამოარაკრაკა ბებიაჩემა ხალიჩის წარმომავლობა და ღირსებები, მაგრამ შეშინებულს არაფერი მახსოვს. მჟავამ ამოჭამა ხალიჩა და ბებიაჩემიც რომ არ დამწვარიყო, ავღმუვლდი, ხელი არ მოკიდო, მჟავაა, დაიწვები-მეთქი. წამში გადავქექე ტვინში ჩემი მწირი ცოდნა ქიმიაში და ლოგიკა ამიმუშავდა – მჟავას საწინააღმდეგო ტუტეა, ტუტე სოდაა. მოვარბენინე სოდა და დავაყარე. ვინაიდან მკაცრი დედა მყავდა და ჩემი დასჯის გამო ბებიაჩემს მუდმივი პრეტენზიები ჰქონდა, ბებო დავარიგე, დედაჩემს არ უთხრა, თორემ დამსჯის-მეთქი. როდესაც დედაჩემმა აღმოაჩინა, რომ ხალიჩა აღარ იყო, ბებიაჩემმა მოახსენა, სარდაფში ჩავიტანეო. მოკლედ, ხალიჩის ამოჭმა თაგვს დაბრალდა.
გავიდა წლები და იდო ხალიჩა სარდაფში. ერთ დღეს გერმანული ნაგაზის მეტისი ლეკვი მაჩუქეს და დედაჩემს გაახსენდა ის ხალიჩა, ძაღლს მაინც დაუფინე, რას ინახავო. ასე დავაბრძანე ძაღლი ძვირფასი სპარსული ხალიჩის ნაკუწზე.
გავიხედე და ისეთი მეზობელი შემოვიდა, გამარჯობას ხან რომ მეტყოდა და ხან არა. ხომ არ მიკბენს „როკი“, ქვეშ რა უგია, იმის ნახვა და ხელის მოკიდება მინდაო. გიკბენს, აბა, რას იზამს, მაგრამ რა გაინტერესებს-მეთქი? რაღაც ძვირფასს ჰგავს და დამაინტერესაო. კი არ ჰგავს, ძვირფასია, მაგრამ ყოფილი ხალიჩაა-მეთქი. აიჩემა, მაჩვენეო. ავაბრძანე „როკი“ და გავშალე ხალიჩა. ქალი აკივლდა, შენ მაინც არ აფასებ ამ ჯადოსნურ ხალიჩას და მე მომეციო. მეთქი, რა მოგცე, ძაღლისაა, ზედ ტკბილად სძინავს. ას დოლარს გადაგიხდი, რა მოგივიდა, მომეციო. მეწყინა ფულის შემოთავაზება და უფრო სასტიკ უარზე დავდექი. არც 250 დოლარად მომცემო? – უცბად ასწია ფასი. გაბუტვა ინტერესში გადამეზარდა. რად გინდა-მეთქი. კლიენტი მყავს, ასეთებს აგროვებსო. ჩემი ძაღლის ტკბილად ყოფნა მირჩევნია-მეთქი. 
ჩემთვის ვიფიქრე, ამან რაღაც შარს არ გადამყაროს, ვის რად უნდა ამოჭმული ხალიჩა, რომ ასეთ ფასს იხდიდეს, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ვისაც უნდა, მეტს იხდის-მეთქი. ბოლო ფასს გეუბნები, 500 დოლარს ახლავე მოგიტან და მომეციო. გავიცინე, კარგი-მეთქი. გაიქცა. მართლა რომ მოიტანა, ენა ჩამივარდა და უხერხულად ამოვილუღლუღე, გავრეცხავ, „როკის“ ნაწოლია, ზედ რწყილები იქნება-მეთქი. არ მინდა, შენი ჭირიმე, მე გავრეცხავ, შენ რომ არ გადაიფიქროო. – დასტაცა ხალიჩის ნაკუწს ხელი და გავარდა. ისე მაინტერესებს, ვის აქვს ის ნაკუწი და რანაირად აქცია რამედ, ვერ გადმოვცემ.
რამდენი ვილაყბე, არადა, იმის თქმა მინდოდა, რომ ხალიჩის ჯადოსნურობისა არ ვიცი, მაგრამ ტახტი და მუთაქები კი მაქვს ჯადოსნური. წამოვწვები ნამზითვ ტახტზე, ამოვიდებ თავქვეშ ნამზითვ მუთაქას და, ან უგონოდ ვიძინებ, ან ისეთი აზრები მომდის, საგონებელში მაგდებს, ამეებზე რატომ ვფიქრობ, ტვინში ხომ არ დამიცურდა-მეთქი?
აბა, თუ არ დამიცურდა, რატომ მეჩვენება, რომ ევრონაცბოზბანდა რუსეთის აგენტია, ხოლო ქართული ნაცბოზბანდა ორმაგი აგენტები არიან?
ქართველი „შიგევროპელები“ ვართო, მაგრამ გააფუჭეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა!
ეს „შიგევროპელები“ დადიან და სრულიად დასავლეთს აქეზებენ საქართველოს წინააღმდეგ;
კგბ-ს წესებით მოქმედებენ დღესაც – ჩაშვება-ჩაბოზება გრძელდება!!!!
არ უტოვებენ საქართველოს სხვა გზას, გარდა რუსეთისა!
ქართული ე. წ. გამოტვინებული ოპოზიცია და ვითომ სამოქალაქო აქტივისტები კი ამას შესანიშნავად უსრულებენ „გლავნი პროვოდებს“, რადგან გაგებაში არ არიან, რომ მხოლოდ „შურუპ-ვინტ-ბოლტები“ არიან ბრტყელტუჩა-ჩაქუჩ-ქანჩისთვის;
გეოგრაფიულად ევროპელები არიან და, ისეთი გამალებით ცდილობენ თავიანთივე ევროკავშირის დაშლას და ბარემ ნატრობენ ორ-სამ „აზრიან ორეშნიკს“, რომ ლამის ხუტა უფროსივით შეევედრონ პუტინს, გვერეკე რა, თავში, ქალბატონო მარგალიტაო.
ჩემს სიყრმეში ასეთი გამოთქმა იყო, რასაც მე „მდაბიურს“ ვუწოდებდი: შახ – დევიტ, ქაბაბ – ჩეტირე. ახლა ვხვდები, რომ მდაბიური კი იყო, მაგრამ ზუსტად ასახავდა საქმის ვითარებას, როცა საზოგდოების ორი სხვადასხვა ფენა ერთ თამაშს თამაშობს, მაგრამ მიზანი სხვადასხვა აქვთ.
აბა, შახი რომ გაქვს, რაღა ქაბაბ ჩეტირეს გაიძახი?
ვაჰ, კაცო, რანაირადღა ვთქვა?
ერთ კაცს დაბურულ ტყეში გზა აებნა და სასოწარქვეთილი ხესთან ჩამოჯდა. საიდანღაც მახინჯი კუდიანი გამოძვრა – თუ ისე მასიამოვნებ, რომ მომეწონოს, ტყიდან გაგიყვანო. არ დაზოგა კაცმა თავი, ანეტარა კუდიანი. ჰა, ახლა, გამიყვანე ტყიდანო, – მოითხოვა დაწრეტილმა კაცმა. რამდენი წლის ხარო? – დაინტერესდა კუდიანი. ოცდარვის, – მიუგო კაცმა. მერე, კიდევ გჯერა ზღაპრებისო? – გადმოყარა ქინდრები ავსულმა და გაქრა.
მე და ჩვენ თუ ვიცოდით, რომ ის ნატო და ის ევროკავშირი, რომელსაც ვხედავდით, არასდროს მიგვიღებდნენ აღნიშნულ კავშირ-ალიანსებში, რანაირად არ იცოდა საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ, რამდენი წლისაა თითოეული ხელისუფალი?
აპატურაიზე ლოცვა შევწყვიტეთ და ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენებზე უნდა ვილოცოთ გაბმით? – რაგინდ შეიცვალოს ევროკავშირ-ევროპარლამენტის ვერტიკალი, მუქთახორა ორგანიზაციის არსებობის არსი არ შეიცვლება და ჩვენ, რადგან შესაძრომ ადგილს ვხედავთ, ამიტომ ვეკვეხებით მანდარინში ნივრის კბილივით? – რადგან ვეტევით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ადგილი იქ არის!
მანდარინმა იცის, რომ ნივრის ადგილი მასში არ არის და შენ, ნივრის კბილი რომ ხარ, რა გინდა მანდარინში, არ უნდა იცოდე, რომ ნიორი ხილს არ გაგითავისებს...
ე. წ. დასავლეთი რომ არასდროს მიგვიღებს, პირადად მე, ეს ამბავი მხიბლავს კიდეც, რადგან ჩემს შემეცნებაში ქართველობა და კავკასიელობა უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარე ევროპელობა!
იმ ანეკდოტის კუდიანივით, მხოლოდ დაპირება და დავალებები იციან – გვასიამოვნეთ და მიგიღებთო. ერთი ვასიამოვნეთ, მეორე, მესამე, მეათე და კიდევ, კიდევო – ანუ, გვაგლახავეს და სადამდეც გაუვათ, უნდა გვაგლახავონ?
იმათ ვერ ვამტყუნებ, ყველა სათავისოდ ცდილობს, მაგრამ შენ ხომ უნდა გაიზარდო და გამოხვიდე ზღაპრებიდან, მით უმეტეს, როცა ის ზღაპრები იმთავითვე „კაბალური ქცევის კოდექსია“ იმავე კავშირის წევრებისთვისვე, ორი-სამი წევრი ქვეყნის სასარგებლოდ... 
სამ ათეულ წელზე მეტი ხანი ვიხადეთ საკუთარი სურვილით აკიდებული ვალი, მათ შორის, ცოცხალი ძალითაც – მათ ომებში ვაგზავნეთ ჩვენი ჯარისკაცები და ზიანი მივაყენეთ ისედაც მწირ ჩვენს გენოფონდს.
ახლა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავსმოხვეული ეკონომიკური რეფორმების შესრულების გამო აკიდებული ვალები გვაქვს, რომელიც კატასტროფულად და არაადეკვატურად გაიზარდა დასავლური დემოკრატიისკენ დაუღალავი ლტოლვის პარალელურად. საქართველოში ბავშვი რომ იბადება, უკვე ვალი აქვს და სანამ გაიზრდება, კიდევ და კიდევ დაემატება...
ეტყობა, ბოლო ოთხი წელია, რაც ხელისუფლებიდან ჩუმად მოდიან ჩემს ტახტზე დასაწოლად და რეაქციამაც არ დააყოვნა, გარე და შიდა მტრებს, გაბრაზებული აქლემივით ერთნაერად დაედინათ დორბლი, რასაც გედის სიმღერასავით დაედევნა შანტაჟი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობის წაკვნესებით.
ნეტავ, რა გათვალეს, რაო, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლას მოვახდენთ, ე. წ. ოპოზიციის პოზიციებს გავაძლიერებთ და ატყდება ბუნტი, სრულიად საქართველო შაყსა ჰკრავს თავის ხელისუფლებასო? – რა მძიმე მდგომარეობაში ყოფილან ჩავარდნილები, დედა აღარ ჰყავთ და თავიც დალპობიათ... 
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პირდაპირ რომ ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის ინტერესებს და მათთვისვე კონტრპროდუქტიული იქნება, ამის გააზრების ტვინი არავის აქვს თუ თქმის მსურველი არავინ ჰყავთ, ნეტავ?
მე და ჩემნაირები ამგვარ მუქარებს ვეღარ აღიქვამთ, რადგან სრულიად სადემოკრატეთის მიმართ ნდობის ინდექსით ნულზე ვდგავართ. 
ევროკომისიის წარმომადგენელთა შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც უვიზო რეჟიმი ეფუძნება, რაც ოფიციალური პირებისთვის უკვე გახდა გარკვეული შეზღუდვების საფუძველი, მაგრამ ჩვენ ეს მათი ყიყინი ოფლიან ბაყაყად გვახატია. 
ისიც გვახატია, მეორეხარისხოვან წევრადაც რომ არ მიგვიღებენ და რასა იუკნევიჩიანეს გული არ ეტკინება...
მოკლედ, სანამ ტახტიდან ავმდგარვარ, ანდერძად გამოვტყორცნი:
გაცვეთილი დასავლური „რეზინა“ რას იტყვის, რაში გვაინტერესებს, ის ყოველთვის იმას იტყვის, რაც სათავისო იქნება, ამიტომ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე:
მშვიდობისმოყვარე საქართველო ყველას მეგობარი უნდა იყოს – არავის გამოკლებით!
გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ღირსებები!
განგებით ნაბოძები ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სრულად ავამოქმედოთ!
ვიდრე ეს მოწოდებები არ ა(შე)სრულდება, წამოვგორდები მხარ-თეძოზე ჩემს საუკუნოვან ტახტზე და წაღმა-უკუღმა ვიქადაგებ!

ზურა ოშხერელი