ჩვენი შუა დერეფანი
„გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5,5 %-ით გაიზრდება. გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ინარჩუნებდა პოზიციებს და 2025 წელს ძლიერი, 7, 5% ზრდა აჩვენა“, _ განაცხადა „ეიდიბი“-ს მუდმივმა წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია მრეწველობის 2,4%-მდე გაზრდა, ხოლო 2027 წელს - 2,0%-მდე შემცირება;
მომსახურების სექტორი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებლად დარჩება, თუმცა მოსალოდნელია მისი შენელება 2025 წლის 10,8%-დან 2026 წელს 7,5%-მდე და 2027 წელს 6,8%-მდე;
სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1,7%-იან ზრდას დაუბრუნდება, 2025 წელს 6,1%-იანი შემცირების შემდეგ. აღდგენას ხელს შეუწყობს სარწყავი სისტემებისა და პროდუქტიულობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება.
ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3,8% ინფლაციას ვარაუდობენ, ხოლო 2027 წელს 3,3%-მდე შემცირდება. რადგან საქართველო კვლავაც მოწყვლადია გარე შოკების მიმართ,_ ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების გახანგრძლივებული შეფერხება და ნავთობზე ფასების გლობალური ზრდა ინფლაციურ რისკებს გააძლიერებს.
გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მომსახურების ექსპორტის ზრდა 2026 წელს 6,8%-მდე შემცირდება, თუმცა 2027 წელს 7,2%-მდე გაიზრდება ტრანსპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობით. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ადრეული სტაბილიზაციის სცენარის ფარგლებში სტაბილურად შენარჩუნდება, თუმცა შესაძლოა, შემცირდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გამწვავდება ან შეფერხებები გაგრძელდება.
საქართველო ისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის.
ყველაფრის გათვალისწინებით, ასეთია აზიის განვითარების ბანკის პროგნოზები. ცხადია, სკრუპულოზურ პროცენტულ პროგნოზებს რიგითი ადამიანები ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ხელისგულზე არსებული მოცემულობის დანახვა კი შეგვიძლია.
საკუთარ თავზე ვიფიქროთ _ საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც ავად თუ კარგად, მყისიერად იგრძნობა სადღაც სხვაგან არსებული ნებისმიერი გლობალური ძვრები.
ახლა, როდესაც ასეთი საომარი სიგიჟის მოწმე ვართ ახლო აღმოსავლეთში ხილული თუ შეფარული შემსრულებლებით, საქართველო ერთგვარ ოაზისად აღიქმება. სახმელეთო რუკები მრავლად ქვეყნდება და შედარებით ადვილი აღსაქმელია ყველასთვის, ხოლო საჰაერო გზები თვალისთვის უხილავია, მაგრამ ცაშიც „ტრასებია“. ამდენად, დღევანდელ საჰაერო რუკას რომ დავხედე, გავოცდი _ საქართველოს საჰაერო სივრცე იმდენად სავსე იყო, რანირად უქცევენ ერთმანეთს გვერდს-მეთქი.
არ გამკვირვებია, მხოლოდ თვითმფრინავების სიმრავლემ გამაოცა, თორემ ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელობა გაზრდილია.
საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც შეძლო და, მიუხედავად უდიდესი გარეზეწოლებისა, მშვიდობა შეინარჩუნა. შესაბამისად, რაც მეტად რთულდება სიტუაცია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს აღმოსავლეთში, მით უფრო ძლიერდება მოთხოვნა ალტერნატიულ მარშრუტებზე და, ვფიქრობ, „ჩემი შუა დერეფანი“ შეუცვლელია!..
კი, პატარაა საქართველო და მოსახლეობის რაოდენობითაც მცირერიცხოვანია, მაგრამ წონასწორობა დაიცვა და დღემდე ისე გადის მშვიდობის ბეწვის ხიდზე, რომ ხალხს იმის რწმენა უმტკიცდება, ცუდი რამ კი არ დაგვემართება, უკეთესობისკენ წავალთო.
თუ საქართველოს ხელისუფლება სხვათა იმ ინტერესებს არ გაატარებს, რომელიც საქართველოს ავნებს, ყოველი ნაბიჯი წინგადადგმული იქნება იმავე საქართველოსთვის. პირადად ვუკიჟინებდი ჩემს წერილებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ აეთვისებინათ კორეელი ელჩის სიტყვები „ისწავლეთ „არა“-ს თქმა!“ და, ნამდვილად მიხარია, რომ ეს ძალიან კარგად ისწავლეს.
ახლა, როცა უკვე „არა“-ს თქმა ვისწავლეთ, ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ ისეთი მეგობრები გამოგვიჩნდნენ, რომელთაც საქართველოსთან თანაბარი პირობებით, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული მეგობრობის სურვილის აქვთ და არა ცალმხრივი მეგობრობისა. მერე რა, რომ რუკაზე ძლივს ვჩანვართ, ერთი გრამი ოქრო ბევრად ძვირი და სასურველია, ვიდრე ერთი კილო ქვიშა...
დიახ, ის ოქრო ვართ რეგიონში (არა მხოლოდ), რომლის ფასიც მზარდია _ რამდენადაც მეტად დაიძაბება სიტუაცია მის ირგვლივ, თუნდაც ასობით კმ-ის დაშორებით არსებულ წერტილში, მით მეტი ფასი დაედება უალტერნატივო საქართველოს. არ დაიძაბება? მით უკეთესი, ნაცად და დატესტილ გზას, რომელმაც ფინასებში, დროში, მანძილსა და რისკებში გაამართლა, აღარავინ გადაუხვევს.
თითქოს არაფერია, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოუჯანიმ ელჩობის სამთვიან ანგარიშში დაწერა რაღაც, მაგრამ მიმაჩნია, რომ საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნის ელჩისგან, მნიშვნელოვანია თუნდაც ეს მცირე ამონარიდი: „საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესწევს უნარი, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.
ეს ხიდი მნიშვნელოვანია, როდესაც: დაკავშირებულია მრავალ მაგისტრალთან; მასზე გადაადგილება შესაძლებელია შეუფერხებლად; აქვს დაბალი ფასის უპირატესობა მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტრანსპორტირებისათვის და... როდესაც ირანის მთავრობამ ელჩის რანგში ჩემი თბილისში გამოგზავნა გადაწყვიტა, პრეზიდენტ ფეზეშქიანისგან მკაფიო მითითება მივიღე _ მემუშავა ურთიერთშემავსებელი და რეგიონული ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით; თანამშრომლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის“, _ აღმოსავლური პირფერობისგან აბსოლუტურად დაცლილი პრაგმატული და საქმიანი ფრაზებია.
ჩემ მიერ დევიზად ატაცებულია, რომ ქუდი მექუდემ უნდა შეკეროს და პური ხაბაზმა გამოაცხოს, მაგრამ ვეღარც ქუდის შემკერავ მექუდეს ვხედავ და ვეღარც პურის გამომცხობ ხაბაზს. რაღაც რომ მაინტერესებს, იმაზე პასუხი არავის აქვს და იძულებული ვხდები, მე დავიწყო ქუდის შეკერვაზეც და პურის გამოცხობაზე ფიქრიც, ხოლო, როდესაც ქუდი ვეღარ იკერება და პური ვეღარ ცხვება, თავადვე ვაანალიზებ რატომ მოხდა ასე. პატივს არ ვცემ დილეტანტებს და ორღობის მეტიკვნიტა ანალიტიკოსებს, მაგრამ მე თვითონვე გამოვდივარ ასეთი, _ ვიღაცამ რაღაც ხომ უნდა თქვას მნიშვნელოვან ამბავზე, იქნებ, დიდ აბდაუბდაში მცირედი სწორი გზა მეც მეთქმევინოს...
ცივი გონებით, მხოლოდ საქართველოზე ფიქრში, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის კორიდორის ნაწილობრივი „ჩაკეტვა“ სხვადასხვა „დასჯებით“, ძალიან მომწონს, რადგან ჩემი საქართველოს შანსები გაიზარდა. კონკურენტებად, საშიშ მოწინააღმდეგეებად ჩანან თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და მარადიულად მერყევი კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი სომხეთიც კი, მაგრამ დროსთან მიმართებაში, ყველანი თანაბარ პირობებში ვართ.
ეს გადამწყვეტი დროის ფაქტორიც მომწონს _ ვინაიდან პატარა ვართ და ორ ზღვასშუა, ვფიქრობ, დროში ვიგებთ, რომ მეტოქეებზე გამტარუნარიანები ვიყოთ, შევამციროთ ბოთლნეკები - გავათანაბროთ წესები და სისტემა პროგნოზირებადი გავხადოთ, რისი შედეგიც ბაზრის წილის აღება იქნება. („ბოთლნეკი“ მოკლედ როგორ განიმარტება, არ ვიცი, მაგრამ აზრი საყველპურო ენაზე ვრცლად დაახლოებით ასეა _ ერთი ნაწილი იმდენად მძლავრია და მეორე იმდენად სუსტია, რომ ძლიერ ნაწილს უწევს ამ სუსტის დონეზე (სიმძლავრე, სიხშირე და ა. შ., რითაც იზომება კონკრეტული ნაწილის/სისტემის სიმძლავრე) მუშაობა). ვინც ვერ აიღებს ამ წილს, ტრანზიტულ დერეფნად დარჩება დაბალი მარჟითა და სხვაზე მაღალი დამოკიდებულებით.
მშვიდობა რომ არის და ყველას ყველაფერი დალაგებული აქვს, მაშინაც კი განიხილავენ სიტუაციას „რამე რომ მოხდეს“, ალტერნატიული გზა სად გადის, მით უმეტეს, ამ ბოლო წლებში, როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის რუსეთზე გამავალი სახმელეთო გზა სარისკო და უპროგნოზო გახდა, ხოლო გზა ზღვით, წითელი ზღვის კრიზისმა გააძვირა და დროში გაწელა. სხვების გასაჭირმა იდეალურად წამოწია საქართველო და „ჩემი!““ დერეფანი: ჩინეთი-ყაზახეთი-კასპისპირეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა. როგორც ვვარაუდობ, ვფიქრობ, ასეც იქნება _ ალტერნატიული მარშრუტი კი არა, სერიოზულ მესამე გზად დავრჩებით აზია-ევროპის დასაკავშირებლად, და ეს ლოგიკურია, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე ვართ და, ასეც უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე ის ხდება მთავარი, რომ ბოთლნეკების მართვა უმაღლეს დონეზე შევძლოთ!
დროს შესახებ პირველად მაშინ ვთქვი, როდესაც პირველად გაიარა საქართველოზე ჩინურმა ტვირთებმა და აღვნიშნე, რომ ლოგისტიკაში დრო ფულია. მარტივი შედარება:
რუსული გზით: 20–25 დღე;
ზღვით (სუეზით): 35–45 დღე;
შუა კორიდორით: 18 დღე, ხოლო ოპტიმიზაციის შემთხვევაში, პოტენციალი 14 დღემდე _ 4 დღე ზოგჯერ ფასზე მეტად მუშაობს. ამიტომ, თუ შუა კორიდორი დროში მყარად პროგნოზირებადი გახდება, ღრმაწყლოვანი პორტებით, სარკინიგზო გამტარუნარიანი, სწრაფი საბაჟო და ციფრული პროცედურებით, ის შეძლებს წაიღოს არა მხოლოდ „სათადარიგო“ ტვირთები, არამედ მაღალი ღირებულების კატეგორიები.
საქართველოს ამბიცია აქვს ჰაბობაზე, მაგრამ ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ გახდება ჰაბი _ გეოპოლიტიკა ქმნის მოთხოვნას, მაგრამ ინფრასტრუქტურა იძლევა მიწოდებას. ამ მხრივ თითქოს მოწესრიგებული ვართ, მაგრამ მთავარი ბოთლნეკი პორტია. ფოთისა და ბათუმის პორტების შეზღუდული სიღრმის გამო დიდი კონტეინერული გემები იქ ვერ შედიან, ეს კი ავტომატურად ზრდის ტრანსშიპმენტის (ტვირთის ტრანსშიპმენტი - ტვირთის მიღება ავტომანქანებითა და სარკინიგზო ვაგონებით, კონტეინერებში გადატვირთვა და ზღვით დანიშნულების პორტამდე გაგზავნა) საჭიროებას, ზრდის ხარჯს და ამცირებს კონკურენტუნარიანობას.
მე ვუწოდებ „ჩემს“ დერეფანს, რადგან მინდა, რომ მნიშვნელოვანები ვიყოთ, თორემ, რეალურად, „შუა დერეფანი“ არის ქსელი, სადაც თურქეთს ცალკე აქვს მცდელობა, რომ გახდეს ჰაბი - დიდი პორტებით, უფრო ფართო ბაზრითა და მრავალმხრივი ლოგისტიკური პლატფორმებით;
აზერბაიჯანი აკონტროლებს კასპიის მხარეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ერთ-ერთი მთავარი კარიბჭის მცველია ამ მარშრუტზე;
ყაზახეთი ჩინეთის კარიბჭეა ცენტრალურ აზიაში ტვირთის გენერირებისა და პირველადი გადამისამართების ბერკეტებით.
იგებს ის, ვინც კვანძებს აკონტროლებს!
აბა, როგორ გახდება საქართველო ამ ქსელში შეუცვლელი კვანძი?
არ ვიცი! მე მხოლოდ იმას ვხვდები, რომ თუ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს საშველი დროზე არ დაადგა, ისეთ ისტორიულ შანსს დავკარგავთ, როგორიც აღარ მოგვეცემა, მე კი მინდა, რომ „შავი ზღვის მთავარი კარიბჭე“ ვიყოთ და არა „ნახევრად ჰაბი“.
ასეთი არჩევანისთვის მე მინდა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის საჭიროება ჯერ არ დგას, მაგრამ ძალიან მალე აუცილებლად დადგება და ეს სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, _ დრო იგებს ყველაფერს, მათ შორის ციფრულ-საბაჟო სინქრონიზაციაშიც. დროზე თუ არ ვიქნებით კვანძი-კარიბჭე, ჩვენი გეოპოლიტიკა და მისით თავმოწონება ჩაილურის წყალს დალევს!
მაია ჭელიძე

