ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...

ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...

(გაგრძელება, დასაწყისი იხ. „სგ“ N15.)
ამასწინათ ქართულმა ფეისბუკმა დასცინა რუს სასულიერო პირს, რომელმაც თქვა, რომ ეკლესიას სწამს უცხოპლანეტელების _ მან იგულისხმა ანგელოზთა დასი, რომლებიც სადღაც სხვაგან, სხვა განზომილებაში ცხოვრობენ და იქ ადამიანი მიწიერი სახით ვერ მოხვდება.
ასევე, ერთ-ერთ ქართველ მღვდელს დასცინეს, რომელმაც მთვარე პლანეტად მოიხსენია. თანამედროვე ასტროფიზიკის შეხედულებით, მთვარე პლანეტა არ არის _ არ იცის ეს იმ მღვდელმა, მაგრამ ძველი კოსმოლოგიური სწავლებით, რომელიც საფუძვლად უდევს სამივე მონოთეისტური რელიგიის ღვთისმეტყველებას, მთვარე ნამდვილად პლანეტაა. უფრო მეტიც _ მზეც პლანეტაა. ეს კი იმ მღვდელმა იცის.
დავუბრუნდეთ იმ რუს სასულიერო პირს. მას არ უთქვამს არაფერი ისეთი, რაც ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას და კოსმოლოგიას ეწინააღმდეგება. ამ სწავლებით, ანგელოზთა დასი „ცაზე“ ცხოვრობს, ოღონდ ეს „ცა“ ის ცა არ არის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ. ისინი იმ „ცაზე“ ცხოვრობენ, სადაც ადამიანი ფიზიკური ფორმით ვერ მოხვდება. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თითქმის ყველა ეს „ცა“ მოიხილა, პავლე მოციქულია. იქ მხოლოდ სული ხვდება და არა ფიზიკური სხეული, ანუ მატერია.
რას გვეუბნება კვანტური ფიზიკა. გასაგები ენით რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ფიზიკა (აი, ის, რასაც ვხედავთ, ვეხებით, ვგრძნობთ), შეიძლება, ჩვენს სხეულს შევადაროთ. კვანტური ფიზიკა კი ის არის, რომელსაც ვერ ვხედავთ, ვერ ვეხებით, ვერ ვგრძნობთ, მხოლოდ ცდებით შეიძლება დავასკვნათ. ეს კი, ადამიანურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, სულს შეიძლება შევადაროთ.
აი, იმ კვანტურ ფიზიკაში არის ადრე თეორიულად გამოთქმული, შემდეგ კი ექსპერიმენტულად დადასტურებული ე. წ. „კვანტური ჩახლართულობა“, როცა სხვადასხვა და ერთმანეთისგან ძალიან დიდი მანძილებით დაშორებული და ხილულად დაუკავშირებელი კვანტები, ერთმანეთზე ზემოქმედებენ: აქ ვცლით ერთი კვანტის მდგომარეობას და ჩვენგან აუხსნელი მიზეზით, მაშინ იქ, სადღაც შორს და ჩვენს კვანტთან ხილულად დაუკავშირებელი კვანტი უმალ ანალოგიურ მდგომარეობაში იცვლება.
არ გაგონებთ ეს იმ მდგომარეობას, როცა გვაქვს შეგრძნება, რომ ამ, მანამდე ჩვენთვის უცნობ ადგილას, ოდესღაც ვყოფილვართ, ან ის, მანამდე უცნობი ადამიანი, სადღაც გვინახავს და ვიცნობდით კიდევაც?
ფიზიკოსებმა ანალოგიური მდგომარეობა უკვე ატომურ დონეზეც შენიშნეს. ეს მიანიშნებს, რომ ყველაფერი ერთმანეთთან, ჩვენთვის უხილავი რაღაც „ძალებით“ არის დაკავშირებული.
კვანტურმა ფიზიკამ ექსპერიმენტებით უკვე იცის, რომ ერთ კვანტს შეუძლია იმყოფებოდეს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ისე, რომ თავად მდებარეობას არ იცვლიდეს.
ფიზიკამ იცის, რომ არსებობს სამგანზომილებიანი სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, და ასევე იარსებებს სამზე მეტგანზომილებიანი სამყარო, რომელიც ჩვენი გონების აღქმისთვის წარმოუდგენელია. ამ სწავლებით, მრავალგანზომილებიან სამყაროში მცხოვრებთათვის დაფარული არაფერი არ არის: ისინი ერთდროულად ხედავენ წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
არ გაგონებთ ეს „ფსალმუნის“ ერთ ეპიზოდს: „რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა“?
მრავალგანზომილებიანი სისტემის თეორიული არსებობა მიანიშნებს, რომ სამყაროც მრავალია, რომლებიც სხვა განზომილებებია, ოღონდ, იქ სამგანზომილებიანი სამყაროს არსება ვერ მოხვდება, რადგან განზომილებებს შორის სხვაობა მათ შერწყმას გამორიცხავს. 
არ გაგონებთ ეს პავლე მოციქულის მიერ „ცების“ მოხილვას? 
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მეც ბევრი რამ არ ვიცი, არც ღვთისმეტყველებაში და არც კვანტურ ფიზიკაში, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია: რაც იმ რუსმა სასულიერო პირმა თქვა, სისულელე არ იყო. ეს იმ სწავლებიდან გამომდინარეობდა, რომელსაც ის ემსახურება. უბრალოდ, მან სცადა, ის ტერმინოლოგია გამოეყენებინა, რაც არაეკლესიურ საზოგადოებას უფრო ესმის.
კარგი იქნებოდა, რომ სასულიერო პირები, ღვთისმეტყველებასთან ერთად, საერო მეცნიერებებს (მათ შორის, ფიზიკას) ისწავლიდნენ; ასევე მეცნიერები ერკვეოდნენ ღვთისმეტყველებაში. მაშინ არ შეიქნებოდა ის „გაუგებრობა“, რაც მათ შორის არსებობს, არადა, პირიქით, ორივე ასპექტი სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. უბრალოდ, ამას დანახვა უნდა.
ღვთივგანსვენებული უწმიდესი და უნეტარესი ილია II ქადაგებებში ხშირად მიუთითებდა სასულიერო და საერო პირთა მიერ, შესაბამისად, საერო და სასულიერო მეცნიერებათა შესწავლის აუცილებლობას. საამისოდ მას ხშირად მოჰყავდა II საუკუნის სასულიერო პირის წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვები, რომელსაც მეც ხშირად ვიმეორებ: „მორწმუნე ადამიანი ღვთის მონაა, განათლებული მორწმუნე კი ღვთის მეგობარია“.
სხვათა შორის, ჯეი დი ვენსმაც ამდაგვარი პირადი აღქმა გადმოგვცა ინტერვიუში უცხოპლანეტელების შესახებ, ოღონდ, პირუკუ, სხვა სამყაროდან მოსული დემონები არიანო.
მეც ძალზე მაინტერესებს ამოუცნობი მოვლენები. როგორც ჩანს, ბარაკ ობამასაც აინტერესებდა, ტრამპსაც აინტერესებს და ჯეი დი ვენსსაც. ვენსმა განაცხადა, რომ კოსმოსში იმდენად უცნაური რამ ხდება, მათი ახსნა შეუძლებელია და დასძინა, რომ სურვილი აქვს, ულტრასაიდუმლო ნებართვით ხელში, ჩაუღრმავდეს „ზონა 51“-ს, ცხელ წერტილებს ნიუ-მექსიკოში და „ანგარ-18“-ს ოჰაიოში. თემა ამოუწურავია, გაზეთის ფორმატი კი ამის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ, შევეცდები, მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად გადმოგცეთ ჩემი თუ სხვათა ნააზრევი.
მას შემდეგ, რაც 1950-იანი წლების დასაწყისში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხის კვლევა სერიოზულ დონეზე დაიწყეს, არაერთი მკვლევარი გახდა შევიწროების, დევნისა და აუხსნელი მოვლენების მსხვერპლი, ზოგი მათგანი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა კიდეც. იყო ისეთი შემთხვევები, როცა მკვლევრებს ტელეფონით ურეკავდნენ, აშანტაჟებდნენ და მოუწოდებდნენ, კვლევისა და ძიების პროცესი შეეწყვიტათ. ზოგ უფოლოგს უცნობები სახლში აკითხავდნენ და აფრთხილებდნენ, ძიებას თუ არ შეწყვეტ, კარგი არაფერი გელისო. 
1953 წლის სექტემბერში, შავებში ჩაცმული სამი პირი უფოლოგ ალბერტ კ. ბენდერს ესტუმრა. ბენდერმა მფრინავი თეფშების საერთაშორისო ბიურო დააფუძნა. როგორც უფოლოგი გრეი ბარკერი გვიყვება, ბენდერმა გარკვეული სახის ინფორმაცია მოიპოვა, რაც, მისი აზრით, მფრინავი თეფშების წარმომავლობის საკითხს ჰფენდა ნათელს. ეს ყველაფერი მან თეზისის სახით დაწერა და იმ მეგობარს გადაუგზავნა, რომელსაც ძალიან ენდობოდა. როცა სამი უცნობი მამაკაცი ბენდერის სახლს ესტუმრა, ერთ-ერთ მათგანს ხელში სწორედ ეს თეზისი ეჭირა. უცნობებმა უფოლოგს უთხრეს, მფრინავი თეფშების საკითხის მკვლევრებიდან სწორედ შენ ხარ ის ერთადერთი, რომელიც სწორ კვალზე გავიდაო და დამატებით ძალიან ბევრი დეტალი გაუმხილეს. ამის შემდეგ ბენდერი ავად გახდა და სამი დღე საჭმელს ვერ ჭამდა.
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხის მკვლევრებმა, დომინიკ ლუჩეზმა და აუგუსტ რობერტსმა ბენდერი დაარწმუნეს, ამ ამბის შესახებ საჯაროდ აუცილებლად უნდა ისაუბროო.
უცნობებს უფოლოგისთვის უთქვამთ, თუ კაცობრიობა მფრინავი თეფშების შესახებ სიმართლეს შეიტყობს, მთელი სისტემა ჩამოიშლება, განსაკუთრებით მძიმე დარტყმას მეცნიერება და პოლიტიკური სტრუქტურები მიიღებენ, მასობრივი ქაოსი დაიწყება და ამ ყველაფერს ვეღარაფერი შეაჩერებსო.
რობერტსი და ლუჩეზი ყველანაირად ცდილობდნენ, ბენდერი აელაპარაკებინათ, თუმცა ის თითქმის არაფერს ყვებოდა, მეტწილად იმას ამბობდა, ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთო. 
1962 წელს ბენდერმა გადაწყვიტა, დუმილი დაერღვია და თავს გადამხდარი ამბავი გაესაჯაროებინა. ჰყვებოდა ასტრალურ პროექციაზე, ანტარქტიდაზე არსებულ საიდუმლო მიწისქვეშა ბაზაზე და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდათ, რომ თითქოს სიმართლეს კი არ ამბობდა, გზა-კვალს განზრახ გირევდათ. 
1967 წლის 24 ივნისს დომინიკ ლუჩეზმა განაცხადა: მას შემდეგ, რაც ბენდერს შავებში ჩაცმული სამი მამაკაცი ესტუმრა, ჩვენი მეგობარი საკუთარ თავს აღარ ჰგავს, თითქოს ლობოტომია გაუკეთესო. ძალიან შეშინებული იყო, თავის საშინელი ტკივილებისგან იტანჯებოდა და თითქოს ეს ტკივილი მას აკონტროლებდა. როგორც კი დუმილის დარღვევას შეეცდებოდა, თავის ისეთი გაუსაძლისი ტკივილი ეწყებოდა, ვეღარ აზროვნებდა. შავებში ჩაცმულმა სამმა მამაკაცმა ის გააჩუმა და სამუდამოდ გაჩუმებული დატოვა. დღეს ბენდერი კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთი პატარა სასტუმროს მენეჯერია. პერიოდულად ისევ გვაქვს კონტაქტი, მაგრამ მფრინავ თეფშებზე საუბრისგან კატეგორიულად იკავებს თავს.
უკვე გახმაურებული ამბავია, რომ 2022-2026 წლებში, უჩვეულო ვითარებაში გარდაიცვალა ან სულაც, გაუჩინარდა 11 ამერიკელი მეცნიერი, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ბირთვულ, აერონავტიკულ ან თავდაცვით სამუშაოებთან. თეთრი სახლი და FBI განიხილავენ საქმეებს, რათა დაადგინონ, არის თუ არა რაიმე კავშირი მათ საქმიანობასა და მომხდარს შორის. ამ ამბავს ვრცელი სიუჟეტი მიეძღვა, ამდენად, მე აღარ განვავრცობ. ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული კავშირი, შეთქმულება ან უცხოური ჩართულობა.
ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან, არამიწიერ არსებებთან და უცნაურ ქმნილებებთან დაკავშირებული გადმოცემები საქართველოს ტერიტორიაზეც საკმაოდ ხშირად გვხვდება. ჯერ კიდევ 24 წლის წინათ დაიბეჭდა რუსულ გაზეთ, „ვედომოსტი“-ში (სტატიის ავტორი - იური სიმონიანი) საქართველოში მომხდარი შემთხვევების შესახებ... პირადად რამდენი მომისმენია თვითმხილველებისგან... „ამო“-სთან დაკავშირებულ უამრავ ამბავს კი, რომელთა მომსწრეც მე თვითონ ვარ, რა მომაყოლებს...
როდესაც ამო-ს არსებობის არ გჯერა, იტყვი რომ არ გჯერა და ამოწურულია საკითხი, მაგრამ როდესაც გჯერა, სულ მცირედი დამამტკიცებელი მაინც უნდა გქონდეს _ ჰოდა, მსოფლიოს აქვს!
მე რაც მაქვს ჩემი თვალით ნანახი და განცდილი, ამას საჯაროდ არასდროს ვიტყვი, ქილიკის ატანის სურვილი არ მაქვს, სხვამხრივ კი, ვისაც ასეთი ამბები აინტერესებს, წაიკითხავს. 

მაკა ჯაყელი

(გაგრძელება იქნება)