პოლიტიკაში აღრეული დარი და ავდარი
იდეა მაქვს 112-თან დაკავშირებით - როდესაც მოსალოდნელი ამინდის გამო შეტყობინებას გვიგზავნიან, როდესაც უხვი ნალექის ან გაუსაძლისი გვალვის გამო სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, ხომ შეიძლება, მობილურებზე ისიც მოგვწერონ, აღნიშნული საფრთხე ვისი ბრალია და ვინ უნდა გადადგეს? არა, თუ შეტყობინება თბილისს ეხება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ საკითხზე კალაძე უნდა გადადგეს და არა მხოლოდ გადადგეს, პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს. თუ შეტყობინება რეგიონებს ეხება, ანუ დანარჩენ საქართველოს, ამ შემთხვევაში იქვე უნდა მიეწეროს გადასადგომი პირის ვინაობა და ასევე, პასუხისმგებლობა მუხლობრივად. გარკვეული გამოკითხვების შემდეგ დავასკვენი, რომ თბილისის გარდა, დანარჩენ საქართველოზე პასუხს აგებს ირაკლი კობახიძე, თუ საკითხი გართულდა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, მიხვდით, რომ ვხუმრობ, ხომ? თუმცა ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა თქვეს, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარით, შიგ ცოტაოდენი სიმართლე რომ არ ერიოსო.
მოკლედ, დღევანდელი ქართული გაგება და სურათი ასეთია: თბილისში ჭარბი წვიმა მოსულა - კალაძის ბრალია! თბილისის აეროპორტში ჭერიდან წყალი ჩასულა - ესეც კალაძის ბრალია. მარადიული „პრეზიდენტი“, სალომე ზურაბიშვილი წერს, სააკაშვილის აშენებულ აეროპორტშიც წვიმა ჩადის, ივანიშვილის აშენებულშიცო. ან ერთმა როდის ააშენა აეროპორტი, ან მეორემ? ასეთი რამ გახსოვთ? ან კალაძისა რა ბრალია? ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებასა და მართვას 2006 წლიდან ახორციელებს კომპანია TAV Georgia, რომელიც თურქული TAV Airport-ისა და ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის გაერთიანებას ეკუთვნის. ესეც რომ არ იყოს, კარგად მახსოვს (ალბათ, თქვენც გეხსომებათ), ეგ აეროპორტი კომუნისტებმა ააშენეს, სულ „მაინდან“ დავფრინავდი, სხვა არ იყო, არც ახლაა. აი, რა შუაშია ან სააკაშვილი, ან ივანიშვილი, ან კიდევ კახა კალაძე? ისე, ეგ რომ თურქებს სააკაშვილმა გადასცა, კი უნდა იცოდე.
ვაკეში „ცენტრპოინტის“ ნაცოდვილარის დემონტაჟის შემდეგ ერთ-ერთი კორპუსის წინ მიწა ჩამოიშალა - ესეც კალაძის ბრალი ყოფილა! რათა? იმათა, ჩვენში ეგეთი წესია. ნაგავს რომ სანიაღვრეებში ვყრით და მერე გზები წყლით იფარება, ეს უკვე „ოცნების“ ოინებია და უნდა გადადგეს კალაძე.
მოკლედ, სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობ, მიდიმოვდივარ!
სინოპტიკოსები აცხადებენ, 9 რიცხვის მერე ძალიან დაცხებაო - იცოდეთ, ესეც კალაძის ბრალი იქნება! რაც შეეხება სალომე ბაბოს პოზიციას, სანამ მაგას მრჩევლად ოთარ ზურაბიშვილი ეყოლება, სულ ამ დღეში იქნება. ახლა არ მკითხოთ, ოთარ ზურაბიშვილი ვინ არისო... თუმცა მაინც გეტყვით: ოთარი სალომე ბაბოს ღვიძლი ძმა გახლავთ, რომელიც თავის ღვიძლ დას არ ელაპარაკებოდა, სანამ „პღეზიდანი“ არ გახდა. როცა გახდა, ეგრევე ჩამოვიდა პარიზიდან თბილისში და შეურიგდა. მანამდე სულ ამბობდა, ჩემი და კაგებეს აგენტიაო.
დავუბრუნდეთ კალაძის „ბრალეულობას“... ჩვენში, სამწუხაროდ, აღარ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და თავის მართლების ინსტიტუტი, დაწერეს და თქვეს შენზე, დამნაშავე ხარო, ესე იგი, დამნაშავე ხარ და ეგრევე უნდა გადადგე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაწერა, ვინ თქვა, ვინ დაგადანაშაულა, პროფესორმა თუ ვინმე ტლუმ, ეგ სულ ერთია. სხვათა შორის, ტლუთა სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე პროფესორისას. მიუხედავად ამისა, მოდი, კალაძეს მაინც მოვუსმინოთ, თვითონ რას ფიქრობს, ვათქმევინოთ:
„ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შეიქმნა აღნიშნული ამინდის გამო. არ დარჩენილა არცერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, ყველა პრობლემა მოგვარდება. აღნიშნულმა ამინდმა გარკვეული პრობლემა შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. რაც შეეხება მიზეზს, რატომ ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა, ორი პრობლემაა. პირველი: როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება, ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ასევე ნარჩენებით და მეორე - ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება. იმიტომ არის, როდესაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაა“.
საზოგადოების ერთი ნაწილი ისე ავრცელებს სიცრუეს, ოდნავადაც არ განიცდის სინდისის ქენჯნას. კახა კალაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავლაბრის მეტროსადგურში ორი დღის წინ წყალი ჩამოვიდა, არის ტყუილი:
„სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ასე უტიფრად ავრცელებდე ცრუ ინფორმაციას, არანაირი წყლის ჩამოსვლის ფაქტი არ ყოფილა ავლაბრის მეტროსადგურში“.
მერე რა, რომ არ ყოფილა? გამოვა ვიღაცა და იტყვის, რომ ყოფილა. თუ შეეკამათები, აქეთ შემოგიტევს, რომ შენ ხარ ბნელი „ქოცი“ და პოლიტიკურ მოვლენებში ვერ ერკვევი. დიახ, ამ ქვეყანაში წვიმაც კი პოლიტიკური მოვლენაა, მით უფრო მაშინ, როცა წვიმა ნორმაზე მეტი მოდის და სანიაღვრეებში აღარ ეტევა. თან მაშინ, როცა ამ სანიაღვრეებში ათასნაირი ნაგავი ჩადის (ცელოფანის პარკები და პლასტმასის ბოთლები) და იჭედება. ეგ რა არის, თქვენ ჩვენი გზისპირა ტყეები უნდა ნახოთ, როგორ არის გადატენილი პარკებით და ბოთლებით - გადადგეს კობახიძე! არა, თუ პარკები და ბოთლები თბილისის ზონაში ყრია - გადადგეს კალაძე!
რა ხდება ვაკეში, სადაც „ცენტრპოინტის“ ნაცოდვილარის გამოსწორებას ლამობენ და ბოლომდე მაინც ვერ გამოასწორეს? სადაც ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ მიწა ჩამოიშალა? ეს ის სამშენებლო კომპანია იყო, რომელიც გიგი უგულავას მერობის პერიოდში „გრიმიტობდა“ და რომლის მესვეურებიც (მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი) ციხეში აღმოჩნდნენ. საზოგადოების ერთმა მცირე ნაწილმა ეგრევე დაასკვნა, რომ ეს არის კალაძის მშენებლობა, ის რაღაცას აშენებდა და ჩამოენგრა. ახლა ვნახოთ, რას ამბობს კალაძე:
„მარიჯანის 4-ში, სადაც უხვი ნალექის შედეგად სამშენებლო მოედანზე ქვაბულის ფერდი ჩამოიშალა, წლების განმავლობაში „ცენტრპოინტის“ მიერ დაზარალებული ათასობით ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას ელოდა. აღნიშნულმა სამშენებლო კომპანიამ ათასობით ოჯახი გააუბედურა. დედაქალაქის მერიას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ ამ ოჯახებს და თუნდაც „ცენტრპოინტის“ მეპატრონეებს დავხმარებოდით. ჩვენი კეთილი ნება იყო, რომ გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს, ვინც წლების განმავლობაში საცხოვრებელ ფართს ელოდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ამ სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულება, დედაქალაქის მერიას არ მოუყვანია. ჩვენ დაზარალებულ ოჯახებს მივეცით იმის შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტათ, სამშენებლო ობიექტზე რომელი კომპანია მოეყვანათ. ეს თვითონ დაზარალებულმა ოჯახებმა გადაწყვიტეს. რაც შეეხება ავარიულ შენობას, განხორციელდა დემონტაჟი. ქვაბული შენობის დემონტაჟის შედეგად არის წარმოქმნილი, სადაც შემდგომ სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს“.
არა, „ნაცურ ელიტას“ ეს არ სჯერა, არც დაიჯერებს. კალაძე აშენებდა რაღაცას და ვინაიდან მას მშენებლობისა არაფერი გაეგება, მიწა ჩამოეშალა. ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, მიწა არ ჩამოიშლებოდა, გიგი უგულავა დაიჭერდა. განა სააკაშვილის დროს აეროპორტში წყალი ჩამოდიოდა? აბა, როდის? მაშინ საერთოდ წვიმდა? როგორც რომან გოცირიძე ამტკიცებს, არ წვიმდა და არც ქუხდა... უფრო სწორად, როგორც ქუხდა, ისე არ წვიმდა. ახლა საერთოდ აღარ ქუხს და მაინც მაგრად წვიმს. ასეთია ჩელიაბინსკური ცხოვრება. ალბათ, ხვდებით, რომ ვხუმრობ, ხომ? თქვენ კი ხვდებით, მაგრამ „ნაცებს“ რა ეშველებათ? არც არაფერი!
გელა ზედელაშვილი
