ვენახი

ვენახი

ვენახთან ბავშვობიდან მაქვს შეხება. ადრე (2012 წლამდე), სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ის ტვირთი, რაც ვაზის მოვლა-პატრონობას სჭირდება, მე არ მაწვა მხრებზე - გასხვლა, შეყელვა, გაფურჩვნა, მოხვნა, კულტივაცია, შეწამლვა, ჩაწურვა, ღვინის დაყენება, - ამ ყველაფერს მამაჩემი აკეთებდა და მე მხოლოდ ხელის წამშველებლის როლში ვიყავი, ისიც მუდმივად არა, უფრო იშვიათად. არა, კი არ მეზარებოდა, კი არ ვყალთაბანდობდი, უბრალოდ, ჩემს მამულებს საიმედო პატრონი ჰყავდა და მე კიდევ ჩემ საქმეს ვაკეთებდი, დედაქალაქში ვმუშაობდი. 2012-ის მაისში წავიდა ჩემი საიმედო პატრონი, რომელიც სულ მიწას ჩასჩერებოდა და ვაზს დაჰფოფინებდა, 9 მაისს 91-სა გახდებოდა. ტვირთი, რომელიც მას აწვა მხრებზე, ნაწილობრივ დედაჩემის მხრებზე გადავიდა და ამიტომ მთელი სიმძიმე მე არ მიგრძვნია. შარშან თებერვალში დედაჩემიც წავიდა, ანდერძი დამიტოვა, სოფელში სახლ-კარი არ ააბალახო, თუ მოისურვებ, ვენახსაც მიხედეო. ვენახის მოვლა-პატრონობა მაინცდამაინც არ დაუვალდებულებია, მაგრამ მის თვალებში მაინც დავინახე თხოვნა - მიხედე, თუ არ გარგებს, არაფერს გაზნევსო. გადავწყვიტე, მივხედო, არაფერი მოვაკლო, ვნახოთ, როგორ დამიფასებს. 
ასეთი შესავალი იმიტომ დავწერე, რომ ამჯერად ვენახის, ვაზის, მევენახის პრობლემებზე უნდა გესაუბროთ და მინდა, იცოდეთ, ამ სფეროსგან შორს არ ვარ. არა, იმას არ ვამბობ, სახელგანთქმული მევენახე გახლავართ-მეთქი, მაგრამ ზოგიერთივით ვაზი მხოლოდ ფილმ „ჯარისკაცის მამა“-ში არ მაქვს ნანახი. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, სადაც სერგო ზაქარიაძე ვაზს ეფერება (აქ საიდან გაჩნდი, შე დალოცვილო, შენაო), ეს სრული სიმართლე ყოფილა და რატომ, ახლავე მოგახსენებთ: როდესაც ვენახის მოვლა-პატრონობა დავიწყე, ბუნებრივია, გარშემო მომიჯნეებიც გავიცანი (კახეთში ვენახის მეზობლებს მომიჯნეებს ეძახიან) და პირველი, რაც გავაკეთე, ვენახსა და მის მიმდებარედ გინება ავკრძალე. შევარდა ერთი თავის პლანებში და... ისაო, ამის დედაც, უკვე შესაყელიაო. შევარდა მეორე თავის პლანებში და... ისაო, ამის დედაც, უკვე ბალახი წამოსულაო. მე ვუთხარი კი არა და... გამოვაცხადე, ბრძანების ტონით ვთქვი, დღეის ამას იქით აქ ლანძღვა-გინება არ გავიგონო-მეთქი. რათაო? იმათა, რომე ვაზი ძალიან სათუთია, წმინდაა, გინებას ვერ იტანს, შეიძლება გაბრაზდეს და საერთოდ აღარ დაისხას-მეთქი. მაიცა, რააა, გვატყუებო, - თან ერთმანეთს გადახედეს. არ გატყუებთ, ვაზის ნაჟურით სადღეგრძელოებს ხომ ამბობთ-მეთქი? დედას, მამას, სამშობლოს, შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებსა და მეზობლებს ხომ ადღეგრძელებთ-მეთქი? ერთმა თავი იმართლა, მე ვაზს კი არა, ბალახს ვაგინებო. სულ ერთია, მაინც ბუნებას აგინებ და შეიძლება გალანძღულმა ბუნებამ ზემოდან სეტყვა დაგიშინოს-მეთქი. ჩემმა ლექციებმა და შეგონებებმა შედეგი გამოიღო, იმ თარგობაში, სადაც ჩემი ვენახია, ამ ეტაპზე არავინ იგინება. მე ვამბობ, ვენახში, თორემ თავიანთ სახლებში კი გაუდით გაგანია. აქ ჩემს მონათხრობს იუმორი კი გავურიე, მაგრამ ეს დოკუმენტური იუმორია, სინამდვილეს შეესაბამება.


რა უჭირთ დღეს კახელ მევენახეებს? რა პრობლემები აწუხებთ გლეხებს, რომელთა შემოსავალი მეტწილად ვენახზეა დამოკიდებული? მევენახეებს ვუწოდებ მათ, ვისაც ათეულობით და ასეულობით ჰექტარი ვენახი აქვთ, ასევე საკუთარი ღვინის ქარხნები გააჩნიათ, ხოლო დანარჩენებს ვუწოდებ გლეხებს, რომლებიც თითო-ოროლა ნორმაზე (25 მეასედი 1 ნორმა) ან თითო-ოროლა ჰექტარზე არიან დამოკიდებულნი. სხვათა შორის, ამჟამად მიდის არც თუ სასიამოვნო პროცესი - მსხვილი მევენახეები აქრობენ წვრილ მევენახეებს. ბოლო წლებში წამოვიდა ტალღა, რომელმაც მევენახეობა გადაიყვანა წმინდა წყლის ბიზნესში, გაჩნდნენ ფულიანი ადამიანები, რომლებმაც გლეხების ხელის შემყურეობას და ყურძნის მიღებას საკუთარ მარნებში, ასეულობით ჰექტარი ვენახების ყიდვა ამჯობინეს, ღვინის ჩამოსხმაც შეძლეს, გასაღების ბაზრებიც იპოვეს და რა ხდება ამ დროს? ჩვეულებრივი გლეხი იჭყლიტება, უფრო ღარიბდება და ქრება. იცით, ეს რა პროცესია? ალბათ, ყველას გახსოვთ, თბილისსა და სხვა ქალაქებში „ბუტკების“ ბუმი რომ იყო და მოგვიანებით ყველა მათგანი ქსელურმა მარკეტებმა „შეჭამეს“. თავიდან თითქოს მტკივნეული იყო, არაერთი გამოთქვამდა პრეტენზიას, არაერთმა იჩივლა კიდეც, მაგრამ კაპიტალიზმის ამ ერთ-ერთ მკაცრ ნიუანსს წინ მაინც ვერავინ აღუდგა. ახლა რომ გვკითხონ, „ბუტკა“ გვირჩევნია თუ ქსელური მარკეტი, რასაკვირველია, მეორეს ავირჩევთ. კი, ბატონო, „ბუტკომანიამ“ რაღაც ეტაპზე ჩვენ გადაგვარჩინა, მაგრამ შემდეგ უკვე თანამედროვე ცხოვრება ვარჩიეთ. შეიძლება ცუდი შედარებაა და არც მე მინდა, პატიოსანი გლეხი გაქრეს, მაგრამ ფაქტია, მის ადგილს ნელ-ნელა ტექნიკურად განვითარებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი ბიზნესმენი იკავებს, პატარ-პატარა ნაკვეთებზე გაშენებული ვენახებიც შესაბამისად მცირდება, ზოგან საზამთროს მოიყვანენ, ზოგან ნიორს, ზოგან ბადრიჯანს, ზოგან სხვა კულტურებს. მსჯელობაში ბოლომდე მომყვებიან კახელი მევენახეები, სანამ ამ სტატიის წერას დავიწყებდი, რამდენიმე მათგანს ვესაუბრე. მაგალითად, როგორც ვანო ნასყიდაშვილი ამბობს, სწორედ ის დრო დგება, როცა ძლიერი სუსტის ადგილს იკავებს, ეს გარდაუვალია:
„მე რამდენიმე წლის წინათ ერთ ჰექტარზე გავაშენე საფერავი, მაშინ ორ ლარად იბარებდნენ, წელს უკვე ლარ-ნახევრად ჩავაბარე. ფასები ნელ-ნელა ეცემა, როგორც ღვინის ქარხნების მეპატრონეებს აწყობთ, ისე წესდება. პარადოქსული სიტუაციაა, ყურძნის ფასი მცირდება, ვენახები შენდება. თითქოს პირიქით უნდა იყოს, ფართობები უნდა მცირდებოდეს, მაგრამ ასე არ ხდება. კი, ბატონო, მე მოვიყვან, მაგრამ სად წავიღო? სად გავასაღო? თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული ბაზარიც კი დაკავებულია, აღარაფერს ვამბობ რუსეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. ვის გააქვს, მაგალითად, რუსეთში ღვინო? მხოლოდ რამდენიმე რეგისტრირებულ კომპანიას, კერძო პირს, ანუ გლეხს იქ არავინ მიასუნინებს. როგორც მითხრეს, რუსეთის მხრიდან ნებართვა ოთხიოდე კომპანიას აქვს. ღვინის მოხმარება საქართველოშიც განახევრებულია და იცით, რატომ? ჯერ ერთი, მაღაზიებში ათასნაირი ლუდი, არაყი, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები იყიდება და მეორეც - ახალგაზრდებს ურჩევნიათ, ბალახი მოწიონ, ვიდრე ღვინო დალიონ. ეს უკვე ტრაგედიაა“.
სიმართლეს ლაპარაკობს ეს კაცი, ღვინის მოხმარება არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში შემცირდა - ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ღვინის მოხმარება განსაკუთრებით შემცირდა ბოლო 10 წელიწადში.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მევენახეებს ელოდებათ, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიის გაუქმება. სხვათა შორის, კი ითვლებოდა სუბსიდია წლების განმავლობაში მევენახეების დახმარებად, მაგრამ ეს იყო ფასების შემაფერხებელი ე. წ. ბერკეტიც. გამოვიდოდა სახელმწიფო მოხელე აგვისტოში, გამოაცხადებდა, რომ რქაწითელის ფასი იქნებოდა 1,20 ლარი, საფერავისა - 1,50 ლარი და მორჩა, ბაზარიც ამ გადაწყვეტილებას ექვემდებარებოდა. ახალი გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, ინოვაციურიც გახლავთ - აბა, ვნახოთ, რას იზამს ბაზარზე ყურძენი, როცა 1 კილო ალუჩა 20 ლარი ღირს, ხოლო ტყემალი 10 ლარი? 
სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის თქმით, რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო გამოსულია. თუმცა, სახელმწიფო მაინც რჩება ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტად, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთ მევენახეს არ ექნება პრობლემა თავისი მთელი წლის ნაშრომის რეალიზებისა და ჩაბარებისა:
„შარშან რთველის დროს სატესტოდ იყო ყურძნის ფასის ხარისხობრივი დაყოფა. წელს უკვე გაცხადებულად ვთქვით, რომ იქნება გრადაცია და ფასი იქნება ხარისხიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პოლიტიკას, რომ უნდა ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით. ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20 გრადუსს, ფასი 1,30 ლარია, 17-დან 20 გრადუსამდე შაქრიანობის შემთხვევაში – 0,80 ლარი, ხოლო 17 გრადუსზე ნაკლების შემთხვევაში – 0,30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22 გრადუსზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1,50 ლარია, 17-დან 22 გრადუსამდე – 0,90 ლარი, ხოლო 17-ზე ნაკლების შემთხვევაში – 0,30 ლარი.
ღვინის ქარხნებს აეკრძალათ ისეთი ვენახიდან ყურძნის ჩაბარება, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე გაშენდება. შესაბამისად, იმ მევენახეებს, რომლებიც არარეგისტრირებულ ვენახებში მოიყვანენ ყურძენს, ღვინის მწარმოებლებზე ყურძნის რეალიზაცია აღარ შეეძლებათ და ვერც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. ეს დადგენილება 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. 
მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ რეგიონებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია და დავით სონღულაშვილს შაჰ-აბასიც კი უწოდეს. მოდი, მივყვეთ გადაწყვეტილების შინაარსსა თუ მიზეზს და ვიკითხოთ, სჭირდება თუ არა სახელმწიფოს, იცოდეს, ვენახების რა ფართობები გააჩნია, რა ჯიშებს ფლობს და რამდენ მოსავალს იღებს ყოველწლიურად? რა თქმა უნდა, სჭირდება და სათანადო აღრიცხვა დაგვიანებულიც კი გახლავთ. თუ ვენახს შენი პირადი სარგებლობისთვის აშენებ, მაშინ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ თუ ბიზნესისთვის აშენებ და შემდეგ ჩემი დახმარება გჭირდება, ხან მავალდებულებ კიდევაც, დამეხმარეო, მაშინ ნება იბოძე და გამაგებინე, რამდენს აშენებ, რას აშენებ, რა ნერგს იყენებ და ასე შემდეგ. ზოგიერთი პროვოკატორი ავრცელებს ჭორებს, თითქოს ხელისუფლება ვენახების გაშენებას კრძალავს და აწი ნებართვის გარეშე თითს ვეღარ გაატოკებ, თითქოს ეს ფულის კეთების კიდევ ერთი ხერხია. ვენახის გაშენებაზე თანხმობის მისაღებად განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განაცხადი, მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, საკადასტრო რუკა, აგროტექნიკური კითხვარი და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. განაცხადის განხილვის ვადა არაუმეტეს 20 სამუშაო დღეა. სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა 3 წლის განმავლობაში მოქმედებს. ვენახის გაშენების დასრულების შემდეგ მევენახე ვალდებულია, ვენახი ერთიან კადასტრში დაარეგისტრიროს. დოკუმენტი ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმსაც - სააგენტო უფლებამოსილია, ადგილზე გადაამოწმოს, რამდენად სრულდება გაშენების პირობები. დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია ვენახის რეგისტრაციის გაუქმებაც. ეს ყველაფერი გახლავთ უფასო, არავინ არაფერს გახდევინებთ, მაგრამ თუ გინდათ, სახელმწიფო მხარში ამოგიდგეთ, დაარეგისტრირეთ ის, რასაც ამიერიდან გააშენებთ. 
მოდი, მე აქ გავჩუმდები და სიტყვას დავუთმობ დედოფლისწყაროელ ფერმერს, ბექა გონაშვილს:
„სათქმელი უნდა ითქვას, სრულიად ნორმალურად და სწორად მიმაჩნია ვაზის გაშენებაზე „შეზღუდვა“, მით უმეტეს, რომ ითქვა, „თუ სახელმწიფოსგან დახმარება გინდა მიიღო, კეთილი ინებე და შემითანხმე, რას აშენებ, სად აშენებ და რამდენსო“. მე რომ ვიყო, საერთოდ ამ კუთხით პირდაპირ არც დავეხმარებოდი არავის გაშენებაში და მერე რეალიზაციაში. რადგან სახელმწიფოს წინაშე ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა და საკითხი დგას, გაცილებით მეტია საფიქრალი და საკეთებელი, ვიდრე შაჰ-აბასს შეადაროთ მინისტრი, რომელმაც რაღაცნაირად გაბედა ეთქვა რაღაცაზე, მასე არ უნდა გავაკეთოთო. მიშამ ფული დაარიგა, ვენახები გაჩეხეთო, ადარებდით მიშას და შაჰ-აბასს? ახლა ამ მთავრობამ თქვა, უნდა გაკონტროლდეს ვენახის გაშენებაო და ის ხალხი, მიშას დროს რომ იძახოდა, ეგრეა სწორიო, ახლა ამათ ადარებს შაჰ-აბასს... შედარებებს ჯობია, გაიაზროთ წესიერად, რა არის საკითხი, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად სწორია ან არასწორია. ამაზე გამოთქვათ აზრი, ნუ აყვებით ჭორებს, ვიღაცამ რაღაც თქვა, მეც უნდა ვთქვა, ეგებ, საქმეში ჩამეთვალოსო. როცა სონღულაშვილი გურჯაანის დეპუტატი იყო, მცირე მარნების პროექტი რომ იყო, მგონი, მაგ პროექტების ნახევარი გურჯაანელებს მოაგებინა, ეხმარებოდა, ბევრს საოჯახო მარნები გააკეთებინა, ახალგაზრდებს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ნაღდად ვერ შევადარებ ამ კაცს შაჰ-აბასს, სრულიად საწინააღმდეგო მაქვს ნანახი საკუთარი თვალით. სხვა რა კულტურა შეიძლება გავაშენოთ, რომელსაც შეთანხმება არ სჭირდება და უფრო მომგებიანია, ეს ვინმეს გიკითხავთ“?
როგორც ხედავთ, ეს ვრცელი თემაა და, ბუნებრივია, სამსჯელოც ბევრია. ამიტომ, დანარჩენ გადაწყვეტილებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე მომდევნო გაზეთის ნომერშიც ვისაუბრებთ. 

გელა ზედელაშვილი