შეაყვარეთ ბავშვებს წიგნის კითხვა!
ამასწინათ, სოცქსელში ამბავი წავიკითხე, რომელიც, ძალზე საგულისხმოდ მივიჩნიე, რადგან ერთ მხარეს დედა და მოზარდი წარმოადგენდნენ, მეორეს _ ახალგაზრდა მამაკაცი. სიტუაცია მეცნო. პირადად მეც არაერთხელ გადავწყდომივარ გასაზრდელ უზრდელ მოზარდსაც და უკვე ასაკობრივად გაზრდულ უზრდელსაც, ფაქტობრივად, გაუზრდელად გაზრდილს.
როგორც მონათხრობიდან ჩანდა, მოქმედი პირები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. გოგონამ გვიამბო: ჩემგან ორი სკამის დაშორებით ახალგაზრდა ქალი და პატარა ბავშვი ისხდნენ. არ გაჩერდა ეს ბავშვი, ხან ფეხები იქნია და მათ წინ მსხდომები შეაწუხა, ხან რა ქნა და ხან რა, შეგვაწუხა მთელი ავტობუსი. დედა იჯდა და მობილურს ჩაჰყურებდა, აზრად არ მოსვლია, შენიშვნა მიეცა ბავშისთვის. ასაკოვანი ქალი გამოეცნაურა ბავშვს ღიმილით და შენიშვნა მისცა. ბავშვმა საღეჭი რეზინი გამოიღო პირიდან და სხარტი მოძრაობით ამ ქალს მიაკრა შუბლზე. ქალი დაიბნა. როდესაც აღშფოთებულმა მგზავრებმა ბავშვის დედას შენიშვნა მისცეს, ამ გოგომ სასტიკად დატუქსა ყველანი და დაასრულა, „მე ჩემს შვილს თავისუფალ ადამიანად ვზრდი!“
ამასობაში ავტობუსი მომდევნო გაჩერებას მიუახლოვდა. მოულოდნელად, ჩასვლის წინ, ახალგაზრდა ყმაწვილმა საღეჭი რეზინა შუბლზე მიაკრა ბავშვის დედას. გოგომ აწივლება დააპირა, მაგრამ ბიჭმა დაასწრო _ მეც თავისუფალ ადამიანად გამზარდა დედამო და ჩავიდა. მთელი ავტობუსი იმ ბიჭს ლოცავდა და აქებდაო. კომენტარებში იგივე მეორდებოდა, მხოლოდ ერთ კომენტარში იყო შენიშვნა, არ მგონია, ბიჭის საქციელი მოსაწონი იყოსო და კომენტარის ავტორი ისეთ დღეში ჩააგდეს, სჯობდა, არაფერი ეთქვა.
კომენტარებში ჩანდა საქართველოს ზოგადი სურათი _ გაუზრდელი, ანუ „თავისუფალ მოქალაქეებად“ გადადებული მასალისგან თავმობეზრებული ხალხი! იმდენაც ჩამრჩა ეს ამბავი, გონებაში, რომ ამხელა ქალი მსგავს სიტუაციაში თუ კიდევ მოვხვდი, ნამდვილად იმ ბიჭივით მოვიქცევი _ არ მიყვარს უზნეობის ხელშემწყობი, წამქეზებელი და დამამკვიდრებელი მშობლები...
ფსიქიატრი ლუის როხას მარკოსი: „ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედია ვითარდება, რომელიც ჩვენს მთავარ ძვირფასეულობას _ ბავშვებს ეხება. ჩვენი ბავშვები გამანადგურებელ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების ანალიზის საფუძველზე, მკვლევარები საგანგაშო და ყურადსაღებ სტატისტიკურ მონაცემებს დებენ, რომლებიც ბავშვთა ასაკში ფსიქიკური აშლილობის ეპიდემიისკენ მიმავალი გამძაფრებული მონაცემებია. აღნიშნული კვლევების სტატისტიკა არ ტყუის:
5 ბავშვიდან ერთ ბავშვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
43%–ით გაიზარდა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის აშლილობის გამოვლენის სიხშირე.
მოზარდობის ასაკში დეპრესიის გამოვლენის სიხშირემ 37%–ით იმატა.
200%–ით გაიზარდა 10–ოდან 14 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალების სიხშირე.
რა ხდება და რას ვაკეთებთ არასწორად?
თანამედროვე ბავშვების ფსიქიკა მუდმივად გამღიზიანებლების ზემოქმედების გავლენას განიცდის. ისინი ხშირად ჯილდოვდებიან საგნებით და მატერიალური წამახალისებლებით, თუმცა, ბავშვებს ჯანმრთელი ბავშვობის ისეთი საძირკველი აკლიათ, როგორიც არის:
ემოციურად მისაწვდომი მშობლები;
მკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვები;
პასუხისმგებლობები;
შესაბამისი კვება და ჯანმრთელი ძილი;
მოძრაობა, ზოგადად, განსაკუთრებით ჰაერზე;
შემოქმედებითი თამაში, სოციალური ურთიერთობები, არა სტრუქტურირებული თამაშის შესაძლებლობა და მოწყენილობის სივრცე;
ამ ყველაფრის ნაცვლად, ბოლო წლების განმავლობაში ბავშვების ცხოვრება სავსეა:
მშობლებით, რომელთა ყურადღებასაც ტექნიკა იტაცებს;
წამქეზებელი და გამათამამებელი აღმზრდელებით, რომლებიც ბავშვებს უფლებას აძლევენ, „სამყარო მართონ“ და წესები მათ შემოიღონ;
უფლების განცდით, რომელიც გამომუშავების ან დამსახურების გარეშე რაიმეს მიღებას გულისხმობს;
არაჯანსაღი ძილითა და დაუბალანსებელი კვებით;
მჯდომარე ცხოვრების წესით.
გამღიზიანებლების ზემოქმედების დაუსრულებლობით, ტექნოლოგიური ძიძებით, დაუყოვნებელი წახალისებით და მოწყენილობის დროის არარსებობით.
რა უნდა გავაკეთოთ?
თუ ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები ბედნიერი და ჯანმრთელი ინდივიდები იყვნენ, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და საფუძვლებს დავუბრუნდეთ. ჯერჯერობით ეს შესაძლებელია. ბევრი ოჯახი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა რამდენიმე კვირაში უმჯობესდება მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვემოთ მითითებული რეკომენდაციების გამოყენებას იწყებენ:
დააწესეთ შეზღუდვები და გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი თქვენ ხართ. თქვენი შვილები უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს, თუ ეცოდინებათ, რომ შტურვალს თქვენ მართავთ;
შესთავაზეთ ბავშვებს გაწონასწორებული ცხოვრების სტილი, რომელიც სავსეა იმით, რაც ბავშვებს სჭირდებათ და არა მხოლოდ იმით, რაც მათ უნდათ. არ შეგეშინდეთ უარის თქმის იმაზე, რაც მათ მხოლოდ უნდათ და არ სჭირდებათ;
უზრუნველყავით ბავშვები ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვებით და შეუზღუდეთ სწრაფი კვება;
გარეთ, სულ მცირე, ერთი საათი მაინც გაატარეთ და დაკავდით ველოსიპედის ტარებით, სეირნობით, თევზაობით, ჩიტებსა და მწერებზე დაკვირვებით;
უზრუნველყავით ოჯახური სადილი ტექნიკაზე ყურადღების განაწილების გარეშე, აგრძნობინეთ ყველას თავი აღიარებულად;
მთელმა ოჯახმა ითამაშეთ სამაგიდო თამაშები. თუ ბავშვები მეტისმეტად პატარები არიან სამაგიდო თამაშებისთვის, მოიფიქრეთ სხვა, მსგავსი აქტივობა;
სთხოვეთ ბავშვებს სახლის საქმეებში მონაწილეობა მათი ასაკის შესაბამისად (ტანსაცმლის დაკეცვა, ტანსაცმლის განთავსება საკიდებზე, საკვები პროდუქტების ამოლაგება, მაგიდის მომზადება სადილისთვის, ძაღლის გამოკვება და ა. შ.);
დანერგეთ ასაკთან შესატყვისი ძილის განრიგი იმისთვის, რომ თქვენს პატარას ჯანმრთელი ძილი ჰქონდეს. ძილის განრიგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის;
ასწავლეთ პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა. ნუ ეცდებით მათ დაჟინებით დაცვას ყველა შეცდომისა და იმედგაცრუებისგან. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანი მათ ვერ გაუგებს, მათში მედგარ პიროვნებას და გამოწვევებისათვის მზაობას აღზრდის;
ნუ ატარებთ თქვენი შვილის ზურგჩანთას, არ მიუტანოთ საშინაო დავალება, რომელიც დაავიწყდა, არ გაუფცქვნათ ბანანი და ფორთოხალი, თუ მათ ამის გაკეთება თავად შეუძლია (4 – 5 წლის ასაკი);
ასწავლეთ მათ მოთმინება და ჯილდოს გადავადება;
უზრუნველყავით მათთვის „მოწყენილობის“ დრო, რადგან მოწყენილობის განცდის დროს შემოქმედებითობა იღვიძებს. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვები ყოველთვის უნდა გაართოთ;
არ გამოიყენოთ ტექნოლოგიები მოწყენილობისგან გათავისუფლების საშუალებად და არ შესთავაზოთ მათი გამოყენება უმოქმედობის პირველივე წამიდან;
თავი შეიკავეთ ტექნოლოგიების კვების დროს, მანქანაში, რესტორნებში და სავაჭრო ცენტრებში გამოყენებისგან. გამოიყენეთ ასეთი მომენტები სოციალიზაციისთვის, რითაც თავის ტვინს მოამზადებთ მოწყენილობის მდგომარეობაში ყოფნისთვის;
დაეხმარეთ ბავშვებს „მოწყენილობის ბოთლის“ შექმნაში, სადაც ისინი ისეთ აქტივობებს შეაგროვებენ, რომელთა განხორციელება მოწყენილობის დროს შეუძლიათ;
იყავით ემოციურად მისაწვდომი იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი შვილი ერთმანეთს დაუკავშირდეთ და მათ თვითრეგულაცია და სოციალური უნარების ათვისება შეძლონ;
გამორთეთ ტელეფონები ღამით, როდესაც ბავშვები დასაძინებლად ემზადებიან;
გახდით თქვენი შვილების მარეგულირებელი ან მათი ემოციების მწვრთნელი. ასწავლეთ მათ იმედგაცუებისა და ბრაზის მართვა;
ასწავლეთ მათ მისალმება, პასუხისმგებლობის მონაცვლეობით განაწილება, სხვებისთვის ისე გაზიარება, რომ თავად არ დაზარალდნენ, მადლობის გადახდა, თხოვნის თავაზიანად ჩამოყალიბება, ბოდიშის მოხდა (თუმცა, არ აიძულოთ, ბოდიში მოიხადონ). იყავით ამ ფასეულობების მატარებელი მოდელი;
დაუკავშირდით ერთმანეთს ემოციებით – იცინეთ, ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს, წაიკითხეთ, იცეკვეთ, იხტუნავეთ, ითამაშეთ და იხოხეთ ერთად...”
სამწუხაროდ, ამხელა ჩამონათვალში ვერსად ამოვიკითხე: შეაყვარეთ ბავშვებს წიგნის კითხვა!
მაკა ჯაყელი

