ანხი
ამასწინათ, „ფეისბუქში“ გადავაწყდი განცხადებას ფოტოს დართვით: „ეგვიპტური ჯვარი ანხი ნაპოვნია საქართველოში, კერძოდ, რაჭაში, მიწის დამუშავების დროს. ამ ჯვარს აყოლებდნენ ფარაონებს, სავარაუდოდ, მამლუქების დროს არის შემოტანილი საქართველოში. ფასზე დავილაპარაკოთ. სიძველის დამადასტურებელი საბუთი გვაქვს.“
რას ყიდიდა ვიღაც, ძველ ეგვიპტურ ანხ-ს თუ ძველ სვანურ ანგ-ს, ჯერ კიდევ საკითხავია... უმთავრესი ის არის, ვინც მასზე სიძველის (ნეტავ, რამდენად ძველია?) დამადასტურებელი დოკუმენტი გასცა, რამდენად მართებულია, კანონი რას ამბობს ასეთ შემთხვევაში, პატრონი მართლა არ ჰყავს ამ ქვეყანას?
სვანურთან შედარება „ერთჯერადი წამოცდენა“ არ ყოფილა _ ძველეგვიპტური პაპირუსის ფოტოზე, სადაც გამოსახულია დედამიწა, ცა და „მარადიულობის ნავი“ (ღები და ნუტი), ბატის გამოსახულებისა და სხვა ნიშნების გარდა, გარკვევით ჩანს კიდევ ერთი „რაღაც“ იეროგლიფი, რასაც „ანგი“ ჰქვია სვანურად და „ანხი“ _ ეგვიპტურად.
ქართველი მკვლევარები ისე არიან დათრგუნვილები, პირდაპირ ვერ დაურქმევიათ სახელი იმისთვის, რაც ხელისგულზე დევს ცხადად, მხოლოდ მოკრძალებულ ვარაუდებს გამოთქვამენ. რატომ არ უნდა იყვიროს ქართველმა, როცა მას უხსოვარი დროიდან აქვს სვანურ საწესო რიტუალებში ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი „ანგ“-ი და აბსოლუტურად მისი სწორფერია ეგვიპტური იეროგლიფი „ანხ“-ი?
ელემენტარულად, საინტერესო მაინც უნდა იყოს იმის გარკვევა, რა კავშირშია ერთმანეთისგან ყოველმხრივ დაშორებული ქვეყანა ეგვიპტე, მისი ცივილიზაცია და საქართველოს ერთ-ერთი კუთხე, სვანეთი და სვანური აგრარული დღესასწაულები „აღბა-ლაღრალი“ და „ლიმურყვამალი“.
ორივე სვანური დღესასწაულის მთავარი საწესო მოქმედება კოშკის აგებაა. კოშკის შუაში, მაღალ ხეზე, რომელსაც სვანურად „ანგ“-ი ჰქვია, ხელმანდილიანი დროშაა აღმართული, თუმცა ზოგჯერ დამაგრებულია ადამიანის გამოსახულებაც „ლამარია“, რომელსაც ხელში დაშნა უკავია. წინ ხის ფალოსი აქვს ჩამოკიდებული, ხოლო სახის ადგილზე საცერი უკეთია.
აღნიშნული რიტუალის ცენტრალური ელემენტი, „ანგ“-ი, როგორც სიცოცხლის ხე მისტერიული დანიშნულებით, ფორმით და თვით სახელითაც, იდენტურია III დინასტიის ეგვიპტის სარიტუალო ნივთ „ანხ“-ისა, რომელიც დღემდე მრავალი ქვეყნის მკვლევართა დიდი დაინტერესების საგანია. ანხი, რომელიც ასევე იწოდება „კრუქს ანსატ-ედ“, ანუ ტარიან ჯვრად, ძველ ეგვიპტეში ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა და III დინასტიიდან მოყოლებული, ხშირად გვხვდება არქეოლოგიურ მასალებში. უამრავი ლითონის, თიხისა და ხის ანხია ნაპოვნი. მათი დიდი ნაწილი ამულეტია, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მფლობელის სიცოცხლის გახანგრძლივება, ხოლო გარდაცვალების შემდეგ იმქვეყნიური სიცოცხლე. ანხი მეტწილად ღმერთებსა და ფარაონებს უკავიათ, ასევე ხშირად არის ეგვიპტური აკლდამების, მათ შორის ტუტ-ანხ-ამონის (თუთ-ანგ-ამონი) აკლდამის წარწერებში. ხშირად, სარიტუალო ჭურჭელსაც ანხის ფორმა ჰქონდა და იგივე ფორმას იმეორებდა სისტრა, მალამოს კოვზი და სარკე. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, სარკესაც ანხს უწოდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთს ირეკლავს.
ვინაიდან ეგვიპტის მოსახლეობის უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო, ეს ნიშანი მათთვის გასაგები ვერსიით _ სანდლის ღვედები _ გამოისახებოდა. მდაბიოთა მიერ დამზადებულ ჭურჭელზე ხშირად იყო ანხის გამოსახულება. ის გაჰყვა ყველა დინასტიას და კოპტურ ქრისტიანულ ეკლესიაშიც კი, როგორც ჯვარცმამ, მისტიკური ძალის მქონე სიმბოლოს მნიშვნელობა შეინარჩუნა.
ანხის სავარაუდო ფუნქცია რთული სექსუალური სიმბოლიზმიდან უბრალო სანდლამდე მერყეობს. რადგან ანხი სიცოცხლის სიმბოლოა და მრავალგვარი გამოვლინებაც აქვს. ეგვიპტურ მითოლოგიაში, როდესაც ანხი ანუბისს უკავია, მიცვალებულთა სიცოცხლეს იცავს; სექმეთის, უარისა და ჰაპის ხელში _ მაცოცხლებელ წყალთან კავშირშია; ღვთაება ამენის ხელში _ სიცოცხლის შთაბერვას ემსახურება... ანხი ნილოსის არხის კედელზეც იყო გამოსახული, როგორც მისი დინების ადამიანთა სასიკეთოდ წარმმართველისა.
„ანხი“ ძველ კემიტურ ენაზე „სიცოცხლეს“ ნიშნავს და როგორც სიმბოლო, ასოცირდება არა მხოლოდ ღმერთებთან, არამედ ჰაერთან, მზესთან და წყალთან, რადგან ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ მათი მეშვეობით სიცოცხლის რეგენერაცია ხდებოდა. ანხი გამოსახულია გაბანვის რიტუალშიც: ორ ღმერთს შორის მდგომ ფარაონს, რომელთაგან ერთ-ერთი თოთია, ანხების ჯაჭვით გამოსახული წყალი ესხმება.
ანხი, როგორც სიმბოლო, იმ იეროგლიფების ჯგუფში შედის, რომელთა მნიშვნელობა ჯანმრთელობა და ბედნიერებაა. ახლო წარსულში ანხი გამოიყენებოდა ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ რიტუალებში. ამავე დროს, ანხი ოსირისისა და ისიდას, ცისა და მიწის კავშირს ასახავს. მისი მარყუჟი მდედრის, ხოლო დაბოლოება მამრის გამომხატველი სიმბოლოებია, ძირითადი მნიშვნელობა კი ნაყოფიერება და კვლავწარმოებაა (ახალი სამეფოს პერიოდის ზოგ ანხში მარყუჟი თითქმის სამკუთხედად იქცა და ბოქვენს დაემსგავსა, ზოგ მარყუჟში კი სულაც სამკუთხედია ჩახატული).
შუმერული მითოსის მიხედვით, „ანქი“ სამყაროა, ადამიანის სახის მქონე ღვთაებათა _ ცის ღვთაება „ან“-ის და მიწის ღვთაება „ქი“-ს კავშირი;
„ანოუკ“ _ ეგვიპტური სიცოცხლის ღვთაება, აქედან „ანკ“ _ სიცოცხლე (ებრაულად).
მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ „ანხი“ სიცოცხლის ხეა. რომ დავაზუსტოთ, შესაძლოა, ანხი მისი ერთ-ერთი გამოვლინებით, ფოთლით დაბოლოებული სტილიზებული ხის რტოა. ამარნას პერიოდის რელიეფზე რამდენიმე ანხი მზის სხივთა დაბოლოებებზე გამოხატულ ხელის მტევნებს უპყრია და ეხნათონისკენ არის გაწვდილი, თავის მხრივ, ეხნათონიც ანხს იწვდის მზისკენ.
ეხნათონის შემდგომ პერიოდში დიდი ძალისხმევა განხორციელდა რეფორმატორი ფარაონის ნაღვაწის ამოსაძირკვად, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ანხის მნიშვნელობასაც შეეხო, ანუ მზის როლმა კვლავ უკანა პლანზე გადაიწია. შედარებით უფრო ძველ ნიმუშებში ანხის ბოლო ორად გაიყო და სიმბოლო ადამიანის სტილიზებულ გამოსახულებას დაემგვანა. მთვარის სიმბოლოს ჰუმანიზაციამ ინდურში მიიღო სწორედ ანხის მსგავსი ნიშანი, რომელიც, თავის მხრივ, ჩამოჰგავს ნარამ-სუენას სტელაზე გამოსახულ მეფეს (სუენა-სინა-მთვარე), რადგან მას ხარისრქებიანი მუზარადი ახურავს (სხვათა შორის, ასეთივე მუზარადი ეხურა ალექსანდრე მაკედონელს).
რაც შეეხება სვანურ მასალას _ უპირველესად, აღსანიშნია, რომ სქესიდან გამომდინარე, ფალოსი ვერ ჩაითვლება „ლამარიას“ ნაწილად. ამდენად, სავარაუდოა, რომ საცერი (წრე) და ფალოსი ასახავს მდედრისა და მამრის ერთობას, როგორც სიცოცხლის გაგრძელების აუცილებელ პირობას.
რაც შეეხება დაშნას _ ის გვიანდელი ელემენტია თუნდაც იმიტომ, რომ რიტუალი რკინის ხანაზე უხნესია. სავარაუდოა, რომ თავდაპირველად ანგ-ის ელემენტი იყო არა დაშნა, არამედ უძველესი მცირე მახვილი, აკინაკი, რომელიც განზრახ ფალოსის ფორმის იყო და სახელად „ყელე“ ერქვა.
ბუნებრივია, რომ უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევი უცხო არ არის სვანეთისთვის, ვთქვათ, რამდენიმე ათასწლეულის წინანდელი შუმერული ღვთაებებისა და ტოპონიმების არსებობა: ენგური, ლახაში, ლახამულა, ლამარი და ა.შ (ცნობისათვის, „ანქ-იზე“ ერქვა ტროას სამეფოს; ლეგენდარული ენევსის მამას, „ანქ-იალე“ ერქვა ახ. წ. II საუკუნეში მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანებული სამეფოს მეფეს).
მსოფლიოს გასაგონად რატომ არ ყვირიან ქართველი მეცნიერები და მკვლევარები, რომ დღემდე უცვლელად შემორჩენილი სვანური რიტუალი შეიძლება დაითქვას ეგვიპტური „ანხ“-ის მნიშვნელობის გასაღებად, რომელიც ნათელს მოჰფენს ერთ-ერთ საიდუმლოს? მით უმეტეს, რომ სვანურ „ანგ“-სა და ეგვიპტურ „ანხ“-ს შორის კავშირის დადგენამ, შესაძლოა, სვანური „მურყვამის“ ასაკის განსაზღვრასაც შეუწყოს ხელი (მთავარანგელოზის მურყვამობა (მურყვამ-კოშკი) ტარდება ხორციელის ხუთშაბათს).
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში არქეოლოგებმა დიდი თავადაცვითი სისტემა გათხარეს, რომელიც ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის (2,2 ათასი წელი ჩვ. წ. აღ-მდე). აღმოჩენილ ნაქალაქარს ევროპის ყველაზე განვითარებული დასახლება უწოდეს, რომელიც კრეტა-მიკენის ცივილიზაციას შეიძლება შეედაროსო.
ნეტავ, რა უკვირთ _ რაჭაში არის სოფელი სევა, სადაც 1963 წელს რუსი გეოლოგები რაღაც მიწისქვეშა ნაგებობას წააწყდნენ გეოლოგიური სამუშაოების დროს _ უცნაური „ბლოკი“ მიწისქვეშეთში არსებული რაღაც ნაგებობის ნაწილი იყო. იმდენად მყარი აღმოჩნდა „ბლოკი“, რომ მუშებმა ძლივს მოამტვრიეს მცირე ფრაგმენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, მოსკოვში გაიგზავნა გამოსაკვლევად. როგორც იმხანად ითქვა, იმდენად აბსურდული აღმოჩნდა დასკვნა „ბეტონის ბლოკზე“, რომელიც ათასწლეულებს ითვლიდა, რომ აღარავინ დაინტერესებულა მისი რაობით. არც არავის აგონდება არა მხოლოდ სოფელ სევაში არსებული უცნაური ადგილი მიწისქვეშეთში, არამედ სრულიად რაჭა, „ედენას ტევრი“, ებრაული კი არა, ისტორიული კოლხეთის ნამდვილი ციური „საღვთო მამული“...
მაკა ჯაყელი

